“რა ბედნიერებაა ხატვის უნარი რომ მომეცა, ამით საკუთარ თავსაც ვაბედნიერებ და სხვასაც “- ამბობს თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული მხატვარი ირმა არჩვაძე. მისი ნახატები საოცარ ფერებთან ერთად პოზიტივითაც გამოირჩევა.
- “დადებითი ენერგია შემოაქვს ირმას ნახატს სახლში, სხვანაირად გმუხტავს, სხვა ტალღაზე გადაყავხარო“ – მეუბნება ადამიანი, რომლის ოთახსაც ჩემი რესპონდენტის მიერ დახატული პორტრეტი ამშვენებს.
თავად ირმა კი მუდმივად ხატავს, არ ჩერდება, არც მუზის მოსვლას ელოდება და არც კარგ განწყობას. ტიპიური მხატვარია, – მშვიდი, ბავშვური და ცოტაც არეული.

ირმა არჩვაძე: რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ, დაახლოებით ხუთი წლის ასაკიდან. თვითონ ამ პროცესიდან ისეთ სიამოვნებას ვიღებდი, რომ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა რას დავხატავდი, ოღონდ მეხატა.
პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, მშობლებისგან მსუბუქი წინააღმდეგობა შემხვდა, – იქნებ სხვა პროფესია აგერჩიაო. თვლიდნენ რომ გამიჭირდებოდა ამ გზით სიარული, რადგან ძირითადად მხატვრის შვილები ხდებოდნენ ხოლმე მხატვრები. მაგრამ იმდენად მტკიცე იყო ჩემი გადაწყვეტილება სხვა პროფესიაზე ფიქრიც არ დამიშვია. შედეგად ჯერ იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმში ჩავაბარე, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში.
ყოველთვის ვამბობ, კიდევ კარგი რომ ეს პროფესია ავირჩიე-მეთქი.
დიდი ბედნიერებაა ხატვის უნარი რომ მომეცა და ჩემი ნახატებით ბევრს ვულამაზებ ყოფას და ცხოვრებას.
-ქალბატონო ირმა, როგორი გარემო და პირობები გჭირდებათ ხატვისთვის?
– რადგან მუსიკა ჩემი ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, ყოველთვის ფონად მუსიკა დამყვება. ერთი პერიოდი ქართულ ფოლკლორს ვუსმენდი, ძალიან დიდი ენერგია მოაქვს. მიყვარს კლასიკაც. ჩემთან ყველაზე ახლოს ვივალდის მუსიკაა.
რაც შეეხება გარემოს, მე არ მაქვს იმის პირობები რომ ცალკე სახელოსნო მქონდეს, ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა როგორ მოვახდინო კონცენტრირება იმაზე, რასაც ვაკეთებ. იყო შემთხვევები, როცა ჩემი შვილები დაჭერობანას თამაშობდნენ ჩემს ირგვლივ და მე ამ დროს მუშაობაში ხელი არ მეშლებოდა. ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარს და რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა.

მუშაობას დილით ადრე ვიწყებ, რომელიც შეიძლება ღამის პირველ საათამდე გაგრძელდეს. ამ დროს ჩემს საქმეში იმდენად ვარ თავიდან ბოლომდე ჩაფლული რომ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ. როცა ხატვას ვასრულებ და ჩემი ნამუშევრის შესაფასებლად ვჯდები, მერე ვხვდები რომ განძრევის უნარი აღარ მაქვს.
-რა განცდა მოდის ხატვის დროს? რამდენად კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის? როგორც ამბობენ მას საკმაოდ თერაპიული ეფექტი აქვს.
-კი, ნამდვილად ასეა. იცით როგორი განცდაა, მხატვარი მხოლოდ იმ მომენტში კი არ ხარ როცა ტილოსთან ან ქაღალდთან მუშაობ, მუდმივად მხატვარი ხარ. ხშირად როცა სულ სხვა საქმეს ვაკეთებ და ფიზიკურად სხვაგან ვარ, ჩემი გონებით და ფიქრებით ისევ ჩემს ნამუშევარს დავსტრიალებ თავს. ეს არ არის გაწყვეტილი პროცესი, მუდმივად რჩები მხატვარი შენს ნამუშევართან მის დასრულებამდე. შემდეგ უკვე შეფასების მომენტი გეწყება, რამდენად კმაყოფილი ხარ, გამოგივიდა, არ გამოგივიდა?!
-ხშირად გამოგდით? რამდენად თვითკრიტიკული და მკაცრი შემფასებელი ხართ თქვენი ნამუშევრების და ვისი შეფასებაა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
-საკმაოდ მკაცრი შემფასებელი ვარ და ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მიდგომა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ შემოქმედს რომ პროფესიულად კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. არასოდეს არ მიმიტოვებია ნახატი და არ მითქვამს რომ არ გამოდის. ეს პროცესი ბრძოლა კი არ არის ძიებაა და ამ ძიებაში მიდიხარ შედეგამდე. მხატვარმა მუდმივად უნდა ხატოს რომ საინტერესო შედეგზე გავიდეს. თუ არ იმუშავე მუზა არსაიდან არ მოვა.
ნებისმიერი ადამიანის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე პედაგოგი ვარ, არტ სტუდიაში ხატვას ვასწავლი და ამ ბავშვების შეფასება ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვთვლი რომ ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან. აღფრთოვანებას რომ გამოხატავენ მომწონს და მიხარია. ასევე სიამოვნებით ვღებულობ იმ მადლიერებას, რომელსაც ის ხალხი მეუბნება, ვისაც სახლში ჩემი ნამუშევრები აქვს. მე იმ მხატვართა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ხალხის აზრი აინტერესებს, იმიტომ რომ ჩემი ხელოვნება მათთვისაა. ჩემი უმცროსი ბიჭი ყოველჯერზე როცა ხედავს როგორ ვქმნი ნამუშევარს, დედა როგორ შეგიძლია ამის დახატვაო მეკითხება და ამ კითხვითაც ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე.

-რა როლი აქვს განწყობას ხატვის დროს?
-როგორც კი ტილოსთან მივდივარ და ვიწყებ მუშაობას, იქ ჩემი ხასიათი უკვე საერთოდ აღარ ჩანს, ისეთ ჰარმონიაში შევდივარ მასთან. ამ დროს გარშემო რა ხდება, ვის უჭირს, ვის ულხინს ეს უკვე აღარ მაინტერესებს. ჩემი ყველა ნამუშევარი პოზიტივს ასხივებს. ერთხელ მიზნად დავისახე, ცოტა სევდიანი ნახატი დამეხატა, მაგრამ არ გამომივიდა, საბოლოოდ მაინც პოზიტიურ ნახატამდე მივედი. ვფიქრობ. ჩემთან თემაც და ფერებიც პოზიტიურია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი პირობაა, შიგნით მშვიდობა მქონდეს, მართალი ვიყო ჩემს თავთან და მიყვარდეს გარშემო ყველა.
-თქვენი საყვარელი თემა რა არის? რისი ხატვა განიჭებთ სიამოვნებას?
-რატომღაც ჰგონიათ რომ ყვავილების ხატვა მარტივია, რეალურად ასე არ არის. ბევრჯერ დამიხატავს და მიყვარს მათი ხატვა. პანდემიამდე საფრანგეთში ყოფნა მომიწია და იქედან ემოციებით ისეთი დატვირთული ჩამოვედი, ბევრი კარგი რამ ვნახე და მინდოდა უფრო საინტერესო ეტაპზე გადავსულიყავი, ვიდრე ყვავილების თემაა. თუმცა ყვავილები ყოველთვის მეყვარება და დავხატავ. ნატურმორტიც მაინტერესებს, პეიზაჟიც, ადამიანის ფიგურა, პორტრეტი. მთავარია ემოციურად მომეწონოს და მასში სილამაზე დავინახო, მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება უბრალოდ ქალის ფეხსაცმელი დავხატო, ჩემთვის საინტერესო იყოს. ვცდილობ ვხატო ის, რაც მე მინდა.
-თქვენს ნამუშევრებში სჭარბობს შიშველი ქალების ნახატები. ბევრი არ გვყავს ისეთი მხატვარი, ვინც ეროტიკულ თემაზე მუშაობს. რა შეფასება აქვს მიღებული ამ თქვენს თამამ ნამუშევრებს?
-მე არ ვთვლი რომ სიშიშვლე სირცხვილია, მთავარია რომ დადებითი და ესთეტიკური კუთხით იყოს ეს წარმოჩენილი. ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე მამაო მოვიდა და სანამ ნამუშევრების სანახავად შევიდოდა წინასწარ გავაფრთხილე, – უკაცრავად იქ შიშველი ფიგურებია მეთქი. მოგვიანებით მითხრა, მე იქ შიშველი ფიგურა ვერ დავინახეო. რამდენიმე წლის წინ ჩემთან ერთი მხატვარი მოხვდა, რომელმაც ნახა ეს ნახატები და მითხრა, რაც შენ ოცდახუთი წლის წინ გაქვს დახატული, ვიღაცებმა დღეს დახატეს და დიდ გამბედაობად ითვლებაო… იმ ასაკში ზედმეტად თავმდაბალი ვიყავი, ახლა ვისწავლე რომ ასე არ შეიძლება. აქაც შუალედია საჭირო იმისთვის რომ არ “გააფუჭო” საკუთარი თავი.
-თქვენს ნახატებში ასევე მრავლად შეინიშნება ლამაზი, ფერადი ჩიტების სურათები, რა დატვირთვა აქვს მათ თქვენთვის, გარდა იმისა რომ ისინი თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენენ?

– ძალიან მიყვარს ბუნებაში ყოფნა და ფონად ჩიტების ჭიკჭიკი კარგ განწყობას მიქმნის. ვთვლი რომ ჩიტი აუცილებლად უნდა იყოს თავისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ ჩიტთან შეხება მიჭირს, ვერ ვიჭერ ხელში, მგონია რომ თავისუფალი არსებები არიან და არ უნდა შეეხო.
მე თვითონ არ მიყვარს როცა მზღუდავენ. სადმე რომ მივდივარ და რომელ საათზე მოხვალო, ამაზე ვირევი. რაც არ უნდა ვალდებულებები გქონდეს ოჯახთან, შენ შენი პირადი სივრცე უნდა გქონდეს და არაფერი უნდა გკითხონ ისეთი, რაც შენს შეზღუდვას და კონტროლს გამოიწვევს. ერთი შეხედვით მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ შიგნით ტიპიური მხატვარი ვარ, ცოტა არეული.
-ფერწერა თუ გრაფიკა, რომელია უფრო თქვენი?
-მე ფერწერა რომ დავამთავრე მინდოდა ქანდაკებაზე ჩამებარებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძალიან მიყვარს ქანდაკება. ჩემს მოსწავლეებთან მიწევს თიხაზე მუშაობა და ეს ძალიან მსიამოვნებს. ფერწერაში უფრო მეტი თავისუფლება გაქვს ადამიანს ვიდრე გრაფიკაში. თუ ფერწერას ვერ ვახერხებ და ხატვა მინდა, ვჯდები და გრაფიკას ვაკეთებ. ადრე აბრეშუმზე ვმუშაობდი, დავიწყე ბატიკით, ოღონდ მერე ბატიკა გადავიყვანე ფერწერაში და აბრეშუმზე ვაკეთებდი ფერწერას. ჩემი ტექნიკა მქონდა აბრეშუმთან. ყველაფერზე დახატვა მიცდია, ტანსაცმელზე, შარფებზე, კედლებზე. უამრავი ავეჯი მაქვს მოხატული.

-რისი ხატვა არ გიყვართ, ან გეძნელებათ?
-არ არსებობს ისეთი თემა რომ მე ვთქვა ვერ დავხატავ ან არ გამომივა. არ მიყვარს უკვე დახატული ნახატის მეორედ დახატვა. როცა ორიგინალი გაიყიდება და ვიღაცას ისევ ისეთი ნახატი უნდა. ძალიან კარგ ასლებს ვაკეთებ, მაგრამ ის დამოკიდებულება და ის ემოცია, რომელიც პირველ ნამუშევარში ჩავდე, იმის გამეორება ძალიან მიჭირს და ამ შემთხვევაში ცოტას ვწვალობ. არა აქვს მნიშვნელობა რას გიხდიან, როცა ადამიანი შეკვეთას გაძლევს, იწყებ იმაზე ფიქრს, როგორ უნდა გააკეთო და შეძლებ თუ არა ისე გაკეთებას როგორიც მას წარმოუდგენია. ყოველთვის ორიენტირებული ვარ საბოლოო შედეგზე. შეკვეთის დროს შეზღუდული ვარ და იმხელა სიამოვნებას ვერ ვიღებ, როგორც თავისუფლად ხატვის დროს. მაგრამ მაინც მიყვარს შეკვეთის შესრულება, მსიამოვნებს ადამიანს სურვილს რომ ვუსრულებ.
-რა ემოცია გრჩებათ ნახატის გაყიდვის შემდეგ? ზოგს ენანება და ცრემლებით აცილებს მას. 🙂
-ჩემი პირველი ნამუშევარი რომ გაიყიდა აკადემიაში ვსწავლობდი. ვერაზე, ახალგახსნილ კერძო სამხატვრო სალონში მივიტანე ჯერ კიდევ სველი ნახატი. მაშინ არ მქონდა იმის ფუფუნება რომ ფოტო გადამეღო, ამიტომ მათ დავუბარე, თუ ვინმე შეიძენს, ან ტელეფონის ნომერი გამოართვით ან მისამართი და როცა მექნება საშუალება მივალ და ფოტოს გადავუღებმეთქი. ჩემი ყვავილების ნახატი ზუსტად მეორე დღეს გაიყიდა, თან იმ დროისათვის ისე ძვირად რომ მე იმ თანხით დაგომისში წავედი დასასვენებლად. გულის დაწყვეტის მომენტი მქონდა, რადგან ვთვლიდი რომ კარგი გამომივიდა. სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს გონებაში დარჩა, მისი ფოტოც არ მაქვს, სალონში დაავიწყდათ რომ მყიდველისთვის მისამართი ან ნომერი გამოერთმიათ. სულ მაინტერესებს ნეტავ სად კიდია და ვისთან. ჩემს ნახატს ჩემს რაღაც ნაწილს თან ყოველთვის ვაყოლებ სადაც არ უნდა იყოს. ჩემი ბევრი ნამუშევარი უცხოეთშია. დღესდღეობით უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ნახატი როცა იყიდება, რადგან არჩევანი ძალიან დიდია და თუ შენი ნამუშევარი აირჩიეს, ესეიგი ამ ძალიან დიდ კონკურენციაში შენ რაღაცით გამოგარჩიეს. ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს კიდევ ბევრი ნამუშევარი რომ შევქმნა.

-განსაკუთრებით საყვარელი ნახატი თუ გაქვთ, ისეთი, რომელსაც არაფრის დიდებით არანაირ თანხად არ გაიმეტებთ გასაყიდათ?
-დიახ, მაქვს ასეთი ნახატი. რომელიც ნატურის გარეშე გავაკეთე დიდ ტილოზე. ნახატს ჰქვია “ცეკვა”, სადაც ქალისა და მამაკაცის ცეკვაა გამოსახული. ეს სურათი ჩემმა პედაგოგმა, მხატვარმა ავთო კობიაშვილმა რომ ნახა გაკვირვებულმა მკითხა, ნატურის გარეშე როგორ გააკეთეო, მახსოვს როგორი აღფრთოვანებული თვალებით უყურებდა. ბოლოს ვკითხე, ბატონო ავთო, როგორ ფიქრობთ უნდა გავაგრძელო მხატვრობა მეთქი? მარტივად მიპასუხა, შენ ამ საქმემ პური უნდა გაჭამოსო. განსაკუთრებული ფერწერა გაქვს, აუცილებლად გააგრძელე მხატვრობაო. ეს ნათქვამი სულ მახსენდება. რეალურად ასეა, ჩემი საქმე მე პურს მაჭმევს.
-ქალბატონო ირმა, როგორც ვიცი, ამ დღეებში, თქვენი ნამუშევრების გამოფენას გეგმავთ. უფრო ვრცლად რომ გვითხრათ როდის და რა სივრცეში გაიმართება თქვენი რიგით მეორე პერსონალური გამოფენა და ეს მხოლოდ გამოფენა იქნება თუ გაყიდვაც?
-ჩემი გამოფენა გაიმართება ცამეტ ოქტომბერს, საღამოს შვიდ საათზე, რუსთაველის შვიდ ნომერში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩემი ოცდაჩვიდმეტი ნახატი, როგორც ახალი ასევე ძველი. თავიდან ვფიქრობდი რომ ძველი ნახატები არ გამეტანა, მაგრამ იმ ძველებში უფრო მეტად ვარ დარწმუნებული რომ კარგი გამომივიდა. დღეს კიდევ უფრო მეტად მომწონს ისინი, ვიდრე წლების წინ.

ეს საღამო უფრო გამოფენის ხასიათს ატარებს, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში ნახატის შეძენასაც შეძლებს მსურველი. არ მინდა რომ ამ გამოფენამ ყიდვა-გაყიდვის ხასიათი მიიღოს და სავაჭრო თემა გახდეს ჩემი ნამუშევრები. მხატვარს ფულზე საუბარი ყოველთვის ერიდება.
-თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?
-ჩემს სამომავლო გეგმებში შედის ხატვა, ხატვა და ისევ ხატვა. ძალიან მინდა მქონდეს დიდი და კარგი სამხატვრო სახელოსნო, მაგრამ უფრო მეტად მინდა შევძლო და გავაკეთო ისეთი ხელოვნების სკოლა, სადაც არამხოლოდ მხატვრობა, თეატრიც იქნება, ესტრადაც და კინოს გადაღებასაც ასწავლიან. რაც მთავარია, მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს უფასოდ, იმ ნიჭიერი ბავშვებისთვის, ვისაც სწავლა უნდა და საშუალება არა აქვთ… ვიცი რომ ეს სურვილი შეიძლება მხოლოდ სურვილად დარჩეს და არ განხორციელდეს. თუმცა, არც მთლად შეუძლებლად გამოიყურება. ხომ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მსგავსი სკოლებია. იქნებ როგორმე ჩვენთანაც მოხერხდეს. ძალიან მინდა.
ირმა არჩვაძის სხვა ნამუშევრების სანახავად გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/irmaarchvadzeART7/photos
ავტორი: ნინო გონგაძე