„ის არაფერი არ ღირს, მაგრამ ქმნის ბევრ რამეს.
ის ამდიდრებს იმათ, ვინც მას ღებულობს და არ აღარიბებს იმათ, ვინც მას გასცემს.
ის გრძელდება წამიერად, მაგრამ ხსოვნა მასზე რჩება სამუდამოდ…
არ არსებობს ისე მდიდარი ადამიანი, ვისაც შეუძლია მის გარეშე ცხოვრება და არც ისეთი ღარიბი, რომელიც არ გახდებოდა უფრო მდიდარი მისი მეშვეობით. ის ქმნის ბედნიერებას ოჯახში, კეთილგანწყობას საქმეებში და გვევლინება ერთგვარ პაროლად მეგობრებისთვის.
ის არის შთაგონება დაღლილთათვის, რწმენა სასოწარკვეთილთათვის, მზის სხივი დეპრესიაში მყოფთათვის და საუკეთესო ბუნებრივი საშუალება მწუხარების საწინააღმდეგოდ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეუძლებელია მისი ყიდვა ან გაყიდვა, თხოვნა ან გათხოვება, მოპარვა ან წართმევა, რადგან ის წარმოადგენს ისეთ ღირებულებას, რომელიც არავის არ მოუტანს თუნდაც სულ უმნიშვნელო სარგებელსაც კი, თუ არ არის გაცემული საკუთარი სურვილით და სუფთა გულით.
როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, მიმოიხედეთ გარშემო და თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანები ისე არიან ყოველდღიური პრობლემებით გადატვირთულნი და გადაღლილნი, რომ იმის ძალა არა აქვთ გაგიღიმონ, მაშინ ადექით და აჩუქეთ მათ თქვენი ღიმილი!»
დიახ, ღიმილი ერთ–ერთი ყველაზე უბრალო, მაგრამ სასიამოვნო და ამავე დროს უფასო საჩუქარია, რომელიც კი შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს მივართვათ, თუმცა ყოველდღიურ ყოფაში ჩვენ ეს რატომღაც გვავიწყდება…
არადა, ღიმილი ბედნიერების უნივერსალური ნიშანია. მაგალითად, ხელის ჩამორთმევას და ჩახუტებას სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ღიმილი მთელ მსოფლიოში აღიქმება როგორც სიხარულის, ურთიერთგაგების, ბედნიერების გამოხატულება.
ღიმილის დროს სახის კუნთების მოძრაობა ააქტიურებს მათში მდებარე ნერვიულ სისტემას, რომლის შედეგადაც ტვინს მიეწოდება პოზიტიური სიგნალები…
ამასთანავე, გაღიმების დროს, თუნდაც ამას ძალდატანებით ვაკეთებდეთ, ჩვენი ორგანიზმი მაშინვე იწყებს ენდორფინების გამოყოფას. ეს უეცარი ცვლილება კი იწვევს შეგრძნებების გაუმჯობებსებას და სტრესის მოხსნას.
მეცნიერები თვლიან რომ არსებობს ღიმილის მრავალი ტიპი, რომლებიც იყოფა ორ კატეგორიად: გულწრფელი, „გრძნობიერი“ ღიმილი, რომლის დროსაც მოქმედებაში მოდის 50–ზე მეტი კუნთი სახის ორივე მხარეს და პატივისცემის გამომხატველი „სოციალური“ ღიმილი, რომლის დროსაც მოქმედებაში მოდის ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის სახის კუნთი.
გულწრფელი ღიმილი დადებითად განაწყობს ადამიანის მიმართ თანამოსაუბრეს. ასეთ დროს ხდება პოზიტიური ენერგიის, სიყვარულისა და სიკეთის ერთგვარი გამოსხივება. მას გააჩნია გამაჯანსაღებელი ძალა, რომელიც ჰარმონიულად გადაეცემა მთელს ორგანიზმს და ამავე დროს სხვა ადამიანებს. ამიტომ თანამოსაუბრის ღიმილის გულწრფელობა პოზიტიურად განაწყობს ადამიანს, ხოლო ცრუ, ნაძალადევ ღიმილს მაშინვე გრძნობს ქვეცნობიერი.
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და მწერალი დეილ კარნეგი თვლის, რომ გულწრფელად გაღიმების უნარი ერთგვარი ხელოვნებაა. მისი აზრით, ერთია სახეზე გეკეროს „მორიგე“ ღიმილი და მეორე ასხივებდე სიხარულს, ბედნიერებას, როგორც იტყვიან ანათებდე მთელი გულით.
ასეთ დროს ადამიანებს შორის იბმება ერთგვარი უხილავი ძაფი, რომელიც აახლოებს მათ გულებს და მომართავს მათ ქვეცნობიერს ერთ სიხშირეზე. ამიტომაც არის, რომ გამოცდილ მენეჯერებს მაღაზიებში ურჩევნიათ გამყიდველად აიყვანონ გოგონები მომხიბვლელი ღიმილით და თუნდაც განათლების გარეშე, ვიდრე სპეციალურ განათლება მიღებულები, მაგრამ მკაცრი სახეებით.
შვედმა პროფესორმა ულფ დიმბერგმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც გამოავლინა, რომ ადამიანის სახის კუნთებს მართავს ქვეცნობიერი. მოხალისეების თვალწინ, ეკრანზე, ხდებოდა დემონსტრირება ადამიანების სახეებისა, რომელთაც ქონდათ ხან ბედნიერი და ხან კი მოღუშული გამომეტყველება. პარალელურად, მეცნიერები, სპეციალური დანადგარების მეშვეობით, აფიქსირებდნენ სახის კუნთების აქტივობას.
მონაწილეებს თავაზობდნენ, გამოეხატათ სრულიად საწინააღმდეგო გამომეტყველება იმისგან, რასაც ხედავდნენ ეკრანზე – გაეღიმათ, როცა ხედავდნენ, დაღვრემილ სახეს და პირიქით – დაბღვერილიყვნენ, როცა ხედავდნენ გაღიმებულ, ბედნიერ სახეს.
120 მოხალისეზე ჩატარებულმა ცდებმა გამოავლინა რომ ისინი ბოლომდე ვერ ფლობდნენ საკის კუნთებს. მათ ძალიან უჭირდათ გაღიმება დაღვრემილი სახეების ყურებისას და პირიქით – მოღუშული სახის გამომეტყველების მიღება მომღიმარი სახეების დანახვისას.
ისინი მთელი ძალების დაძაბვით ცდილობდნენ ბუნებრივი რეაქციის გაკონტროლებას, მაგრამ სპეციალუი დანადგარის მიერ დაფიქსირებული მათი სახის კუნთების აქტიურობა საპირისპიროს მიუთითებდა. კუნთები ძალაუნებურად იმეორებდნენ ეკრანზე დანახულ გამომეტყველებას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ცდილობდნენ სულ სხვას რამეს.
მეცნიერების ვარაუდით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ტვინში არსებობს ე.წ. „სარკისებური ნეირონი“, რომელიც ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია სახეებისა და გამომეტყველების ამოცნობაზე და რომელიც იწვევს სარკისებურ რეაქციას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ახდენს იმ გამოსახულების ავტომატურად კოპირებას, რომელსაც ხედავს მოცემულ მომენტში.
აი რატომ არის აუცილებელი, რომ ღიმილი იქცეს ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ყველაფერი, რასაც გავცემთ სამყაროში, გვიბრუნდება დროთა განმავლობაში, ასევეა ღიმილის შემთხვევაშიც. ამ ეფექტს შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ბედნიერებაზე, ასევე თითოეული იმ ადამიანის გრძნობებზე, ვისთანაც გიხდებათ ურთიერთობა. როცა ხშირად იღიმით, თქვენ გადასცემთ დადებით ენერგიას სხვებს და ამით ეს ეფექტი მოგყავთ ტალღისებურ მოძრაობაში.
ამიტომ, გაიღიმეთ მაშინაც კი, როცა ამის ხასიათზე არ ხართ. ღიმილი უშუალოდ ზემოქმედებს ადამიანებზე და მათ დამოკიდებულებაზე თქვენდამი.
გაიღიმეთ მაშინაც კი, როცა არავინ გხედავთ, მაგალითად როცა ტელეფონის ზარს პასუხობთ, მერწმუნეთ, ამას მაშინვე იგრძნობს თანამოსაუბრე.
გაიღიმეთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვთქვათ წერთ წერილს, რადგან, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ თქვენს განწყობას, რომელიც გაგაჩნიათ წერილის წერის პროცესში, აუცილებლად იგრძნობს წერილის მიმღები.
„გაიღიმეთ ყოველთვის, თუნდაც მაშინ, როცა მოწყენილი ხართ, შეიძლება ვიღაცას შეუყვარდეს თქვენი ღიმილი“ (გაბრიელ გარსია მარკესი)
ღიმილი ახდენს სასწაულებს, ამიტომ – გაიღიმეთ ხშირად და იყავით ბედნიერი!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო: https://mebonia.com/saavtoro-statiebi/gimili-sicocxlis-musik