18 წელი ამერიკაში იცხოვრა, რამდენიმე წლის წინ კი უზრუნველი ამერიკული ცხოვრებიდან საქართველოს, ქმართან და შვილთან ერთად დაუბრუნდა…ამერიკელებმა კატრინად „მონათლეს“, თვითონაც მალევე აუღო ალღო იქაურ ცხოვრებას, – ამერიკა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომლის ახდენაშიც გაუცნობიერებლად გაკეთებული ვიზუალიზაცია დამეხმარაო, – ამბობს კატრინა და საოცარ ისტორიას ჰყვება.
თუმცა, ამ ისტორიაზე, ამერიკულ ცხოვრებასა და იმ განცდებზე, რაც საქართველოში დაბრუნებას მოჰყვა, ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ…
მანამდე მინდა, კატრინას შემოქმედება გაგაცნოთ. სწორედ მისმა ფერადმა ნახატებმა განაპირობა მასთან ჩემი სტუმრობა… მხატვრობაც ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც წლების შემდეგ აიხდინა…

კატრინა ბადურაშვილი: ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა, სულ ფლომასტერი და ფანქარი მეჭირა ხელში, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მაშინ გოგოებისთვის მუსიკალური განათლება “აუცილებელი” იყო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ შვიდწლედი დამემთავრებინა და ხატვის ნაცვლად ფორტეპიანოს გაკვეთილებზე მატარეს.
ასე დავამთავრე მუსიკალური სკოლა. მეუბნებოდნენ, რომ ტექნიკური მხარე ძლიერი მქონდა, ამიტომაც მეცხრე კლასის შემდეგ მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარება გადამაწყვეტინეს, აქ კი ფორტეპიანოს რეპეტიტორმა „მიხსნა“ და დედას უთხრა, – ძალიან კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ სასტიკად არ უყვარს მეცადინეობა და იქნებ სხვა რამე გეცადათო.
ისე გამიხარდა, მეგონა, ეს სხვა რამ ხატვა იქნებოდა, მაგრამ მითხრეს – ჩვენს ოჯახში არავინ ხატავს და ხატვის მიმართულებით განვითარება იქნებოდა რთული … რაღაცნაირი შიში გაჩნდა ჩემში. თუმცა, ჩემთვის მაინც ვხატავდი და რასაც ვხატავდი, ძალიან მომწონდა.
ამერიკაში ცხოვრების პერიოდში სულ გამოფენებსა და გალერეებში დავდიოდი. ცნობილი მხატვრების ნახატებს ვათვალიერებდი და ამით ვტკბებოდი. თავად კი ძალიან მეშინოდა თამამად ხატვის…
– ეს შიში იმის ბრალი იყო, რაც ბავშვობაში გონებაში ჩაგიბეჭდეს?
– რა თქმა უნდა. სულ მქონდა თავში, რომ ხატვას ნიჭი უნდა, რომ ოჯახში ვინმე მაინც უნდა ხატავდეს. ბავშვობის ეს ჩაგონება მთელი ცხოვრება გამყვა, რაც მერე ჩემს თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახა. ამიტომაც გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე ბავშვებთან. ის, რომ დღეს ასე თამამად ვხატავ, გამოფენებზე გავდივარ და ნახატებს ვყიდი, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევძელი და ესეც პიროვნული ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი პროექტის, „ზრდის ფაქტორის“ დამსახურებით მოხდა.
თუმცა, ხატვა ამერიკაშივე დავიწყე. სისტემატური სახე მშობიარობის შემდეგ კალიფორნიაში ცხოვრებისას მიეცა.

– ამერიკაში როდის და რატომ გაემგზავრეთ?
– ამერიკაში ერთწლიანი გაცვლითი სასწავლო პროგრამით შევარდნაძის პერიოდში წავედი. ძალიან რთული დრო იყო მაშინ საქართველოსთვის. მახსოვს, ჩემი გაცილების შემდეგ, დედას ნავთი უნდა ეყიდა ნავთქურისთვის.
ერთ დღეს ტელევიზორში განცხადებას მოვკარი თვალი, მორბენალ სტრიქონში ამოვიკითხე: გოგოებისთვის 18-დან 26 წლამდე სწავლა და მუშაობა ამერიკაში ამა და ამ პროგრამით. პროფესიით ქართულ-ინგლისურის ფილოლოგი ვარ.
გასაუბრებაზე მისულს უამრავი საბუთის მოგროვება დამავალეს, მართვის მოწმობაც კი დამჭირდა. ალბათ, კურსზე ერთადერთი ადამიანი ვიყავი მაშინ, ვინც მართვის მოწმობა ჩაწყობის გარეშე, გამოცდაზე გასვლით აიღო. ორთვიანი სკოლა ისე გავიარე და ამ ყველაფერს ისე ვაკეთებდი, არავინ არაფერი იცოდა. ხშირად ტრანსპორტის ფულიც კი არ მქონდა და ფეხით დავდიოდი. მაგრამ დიდად არ განვიცდიდი ამას, მინდოდა, სურვილი მალე ამესრულებინა.

როცა რაღაც მთელი გულით გინდა, თითქოს სამყაროც გეხმარება და ყველაფერი ძალიან ადვილად გამოგდის. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. წინ ვხედავდი გზას, გავივლიდი, მერე შემხვდებოდა მეორე გზა, ამ გზასაც გავივლიდი და აი, ასე შევედი საელჩოში… მახსოვს, მაშინ შიშისგან ვკანკალებდი, – კონსული მკაცრი ქალია და იქნებ იმასთან არ მოხვდე, ყველას უარს ეუბნებაო. იმასთან მოვხვდი და ისე ადვილად ჩამირტყა ვიზა, რომ, როცა გამოვედი, ყველა მეკითხებოდა, – როგორ, საიდან, რა გააკეთე ასეთიო. მე ჭკუაზე არ ვიყავი, ამერიკაში წასვლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ჩემდაუნებურად ბავშვობაში ვიზუალიზაციასაც ვაკეთებდი, თუმცა მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი…
– რა ვიზუალიზაციას აკეთებდით? დავინტერესდი…
– დაახლოებით VII-VIII კლასში ვიქნებოდი, ერთ-ერთ ჟურნალში ძალიან ლამაზი ფოტო ვნახე. ზუსტად არ მახსოვს, რომელი ჟურნალი იყო – „სარკე“ თუ „თბილისელები“, წინა ყდაზე სამი სტუდენტი გოგონას ფოტო იყო დაბეჭდილი. ვაკის პარკში ისხდნენ სკამზე. თურმე გაცვლითი პროგრამით იყვნენ ამერიკაში და როცა დაბრუნდნენ, ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალში. ისეთი ლამაზი იყო ეს ფერადი ჟურნალი, რომ ძალიან დიდხანს დავყურებდი, მერე ყდა მოვხიე და ხან წიგნის ქვეშ მქონდა და ხან რვეულის ქვეშ. დიდი ხნის მანძილზე ყოველდღე ვუყურებდი, ენერგიით ვივსებოდი და ვამბობდი, – მე წავალ ამერიკაში! მე აუცილებლად წავალ ამერიკაში, როგორც სტუდენტი. აი, ამას ვიმეორებდი გამუდმებით…
ამერიკაში ზუსტად იმ სასწავლო და სამუშაო პროგრამით წავედი. მერე იქ კოლეჯში ვისწავლე. ანუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. პლუს ოჯახიც უმაგრესი შემხვდა…
18 წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა გავიგე, რომ ეს იყო ვიზუალიზაცია. მაშინ ეს არ ვიცოდი. ამ სამმა გოგომ და ამ სტატიამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ოცნება „მაიძულა“.
„ზრდის ფაქტორი“ რომ გავიარე, მაშინ ქვეცნობიერმა გამახსენა, საიდან გამიჩნდა ამერიკაში წასვლის სურვილი.
მენატრება ამერიკა. 18 წელი ცოტა დრო არ არის. ხშირად მესიზმრება, ძალიან მიყვარს…
– თუმცა, მაინც საქართველოში დაბრუნდით.

– დიახ, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებით მოხდა. სანდრო მაშინ გავიცანი, როცა ამერიკაში ვცხოვრობდი. ის საქართველოში იყო, მე ამერიკაში. შეყვარებულობის პერიოდში ხან ის ჩამოდიოდა ჩემთან, ხან მე მოვემგზავრებოდი საქართველოში. მერე ხელიც მოვაწერეთ და დავქორწინდით.
სანდრო თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებში მსახურობს, არის პოლკოვნიკი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველოს უფროსი… ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მითხრა, – საკმაოდ რთულ პროგრამას შევეჭიდე, მაგრამ ვიცი მიზანს აუცილებლად მივაღწევო. მართლაც, 2016 წელს აშშ საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლის ბიზნესს ფაკულტეტზე, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე შეარჩიეს … აი, ეს იცის სიყვარულმა (ეღიმება).
ორი წელი კალიფორნიაში უზრუნველი ცხოვრებით ვიცხოვრეთ. მთლიანად ამერიკის სახელმწიფო გვაფინანსებდა. მაგრამ სანდრო ორი წლის შემდეგ უკან უნდა დაბრუნებულიყო. ასე დავბრუნდით საქართველოში მე, სანდრო და ბავშვი.
– როგორც მითხარით, ხატვა ამერიკამ დაგაწყებინათ, როგორ მოხდა ეს?
– კალიფორნიაში ჩვენს მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა, ახლა ჩემი მეგობარია, წარმოშობით გერმანელი. ერთხელაც სტუმრად მივედი, კარი გაიღო და რას ვხედავ, მხატვარია… დიდი ხანია, ხატავ? – ვიკითხე ამ ფაქტით ბედნიერმა. ბავშვობიდანო, – მიპასუხა. მეც ვხატავ-მეთქი, ვუთხარი… ოღონდ ვხატავ სიტყვით, ემოციით. ერთად ვხატოთო, შემომთავაზა. აი, იქ დაიწყო. ავიღე ფუნჯი და დავიცალე… იმ პერიოდში ბევრი ვხატე. თუმცა, არაპროფესიონალურად…

საქართველოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რომ ამ კუთხით განვითარება მჭირდებოდა, რაც ადრეულ ასაკში არ მოხდა. ჩემი მეგობრის დახმარებით მოვძებნე მხატვარი ნატა ჩაჩავა, თეატრალურში ასწავლიდა, ფერწერის ფაკულტეტზე. ავიღე ჩემი ნახატები, მივედი და ვუთხარი, – აი, ეს არის, რასაც ვგრძნობ და რაც გადმომაქვს, მაგრამ ახლა მინდა ვისწავლო ანბანი.
ასე დავიწყეთ. ძირითადად ვხატავ ზეთში იმპრესიონიზმის მიმართულებით. ასევე ვაკეთებ დეკორატიულ ფერწერას და ვიყენებ აკრილის საღებავებს.
ნატას მხარდაჭერით სამ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, გავიცანი საინტერესო მხატვრები. მარტშიც მაქვს ერთი გამოფენა, მერე ალბათ პერსონალურიც იქნება, ამას არ ვგეგმავ, ეს ისედაც მოხდება.

დღემდე დავდივარ ნატასთან და იმ პროგრამას გავდივარ, რასაც სამხატვრო აკადემიაში ასწავლიან. ცალკე ჩემეულ პროგრამასაც მივყვები, იმას, რაც ჩემს სულსა და ემოციას უნდა. ძიებაში ვარ. ახლა უკვე ამ ნასწავლ რაღაცებსაც ვანგრევ და ჩემს გზას ვპოულობ. ძალიან მაგარი პროცესია. ყოველდღე ვხატავ, არ არსებობს დღე, რაღაც მონახაზი მაინც არ გავაკეთო, მაგრამ სანამ აქამდე მოვიდოდი, ძალიან დიდი გზა გამოვიარე. უამრავი პროფესია გამოვიცვალე. ამერიკაში ბიზნესმენეჯმენტის კურსიც კი გავიარე. რაღაც პერიოდი მეგონა, რომ ამ ყველაფერში წლები დავკარგე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძიების პროცესიც ძალიან მაგარი იყო. ხატვაშიც ძიების პროცესია ყველაზე მაგარი, განა დამთავრებული ნახატი. როცა ვეძებ, მოდის ათასი გზა, მივყვები, ვიმუხტები და ამით ვივსები.
– წინასწარვე იცით, რაც უნდა დახატოთ?
– ხან ვიცი, ხან – არა და ესეც პროცესში მოდის. მივდივარ ტილოსთან, არ ვიცი, რა დავხატო, მაგრამ ვიცი, რომ უნდა დავხატო და იწყება… ყველაზე მაგარი პალიტრაზე საღებავების დასხმაა. ცხრა ფერის ლურჯი მაქვს ჯერჯერობით, რვა ფერის წითელი, იქ ვარდისფერიც შედის და რა მემართება, იცით? ძალიან რომ გშია და გემოს რომ უსინჯავ კერძს, შეიძლება თითით მოვხაზო რაღაც და ასე დაიწყოს პროცესი. მერე თვითონ ეს პროცესი მაჩვენებს, როგორ უნდა წავიდე. ეს არის ყველაზე მაგარი. არ იცი, სად მიდიხარ, რას დახატავ შემდეგ…
– ეს ალბათ ძალიან დიდი სიამოვნებაა.
– დიდი სიამოვნებაც არის და ხანდახან ძალიან დიდი გამოწვევაც. ზოგჯერ, როცა ძიების პროცესში და გაურკვეველ სიტუაციაში ხარ, იძაბები. ხანდახან ტვინი და ემოცია არ უკავშირდება ერთმანეთს. მანდ მაქვს ხოლმე ომი…
მთლიანობაში კი იცი, რომ ეს შენია, ეს არის ის, რაც გიყვარს და თან ფულსაც გიხდიან ამაში. როცა პირველად მკითხეს, ნახატი რა ღირსო. გავიკვირვე და გავიფიქრე, რა ვიცი, რა ღირს. დავიბენი, არადა მასწავლებელმა მითხრა, აუცილებლად უნდა გაყიდო ნახატი, სულ სხვა შეგრძნება დაგეუფლება მერეო. მართლაც, როცა იყიდეს, სიხარული იყო დიდი. ვფიქრობდი, ამხელა ქალაქში ამ ადამიანმა მე ამირჩია, ჩემი ნახატის ყიდვა მოუნდა, სახლში უნდა წაიღოს და უყუროს. ეს იყო ყველაფერი – სიამაყე, იმედი, სტიმული, ძალა, საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა და გაფიქრება – ვაგრძელებ.

თანხა ისევ სწავლაში ჩავდე. საღებავი და ტილოები ვიყიდე. მომწონს, როცა ფულს სწავლაში ვდებ.
ყველაზე მაგარია, როცა მეუბნებიან, – აუ, რა მაგარი ფერებია. შეიძლება განსაკუთრებული არც არაფერი იყოს, უბრალოდ, ჩემებურად დავსვა ფერი ფერთან, ჩემებურად დავმუხტო, მაგრამ იმას ხომ მოეწონა, დაინახა, იგრძნო და ამ შეგრძნებამ ათქმევინა ეს.
კუკუშკების სერია მაქვს, ეს არის კავშირი ბავშვობასთან. წარსულში მაბრუნებს, კუკუშკაში რომ ვისხედით, ვმღეროდით, ხელი რომ გარეთ გვქონდა გაყოფილი და ნაძვებს ვეხებოდით. ხატვის პროცესშიც იქ ვბრუნდები, ამას განვიცდი. ერთ-ერთმა, ვინც კუკუშკების სერიიდან ნახატი შეიძინა, მითხრა, რა მაგარია, ბავშვობაში მაბრუნებსო.
ძალიან მიყვარს სერიების ხატვა. კუკუშკების გარდა, მაქვს მიტოვებული სახლის სერია. „ზრდის ფაქტორის“ მერე ყვავილების ხატვა დავიწყე, ადრე არ ვხატავდი და ახლა ყვავილების სერიაც მაქვს.

– ძალიან ბევრჯერ ახსენეთ „ზრდის ფაქტორი“, რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებსა და ამ სახის კურსებს?
– პიროვნული ზრდა ყველა ადამიანს სჭირდება, პროფესიას არა აქვს მნიშვნელობა.
როცა საქართველოში დავბრუნდით, რაღაც პერიოდის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. იმდენად, რომ დეპრესია დამეწყო. შინაგანი ჰარმონია დავკარგე. ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. გაქცევა მინდოდა, თუმცა, ისიც კი არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი. ეს ჩემს ნახატებსაც დაეტყო. იმ პერიოდში მუქი ფერები ჭარბობდა.
სტრესს უშემოქმედებამდე მიჰყავს ადამიანი. სული არ გააჩნია იმას, რასაც აკეთებ.
და აი, შემთხვევით ვნახე „ზრდისფაქტორი“. თუ გაქვს სტრესი, შიშები, თავდაუჯერებლობა – ეს კურსი თქვენთვის არისო… წამებში მივიღე გადაწყვეტილება და დავიწყე.

რა მოხდა, იცით? რამდენიმე დღეში ყველაფერი ამოტრიალდა, ჩემში სიცოცხლისა და ნათელი ფერების შემოშვება დავიწყე.
მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო, როცა გავაცნობიერე, თუ რა ემოციურ მდგომარეობამდე მივყავდი ჩემს რწმუნებულებებსა და აზრფორმებს. ამ ყველაფრის გაზრების შემდეგ ტრანსფორმაცია დაიწყო საკუთარი თავის შეყვარებით. მოლოდინების გაშვება ვისწავლე, რაც ძალიან დამეხმარა. სტრესიდან ჰარმონიაში გადავხტი.
იმ წუთებით დავიწყე ცხოვრება და ტკბობა, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყო.
ფერები გაფერადდა. ნახატები გამოცოცხლდა. ყველაფერს დაეტყო პოზიტივი და კარგმა რაღაცებმაც დაიწყო შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში.
„ზრდის ფაქტორმა“ საკუთრ თავთან დამაბრუნა, ჩემს შიგნით ჩამახედა და მითხრა, აქ არის ის, რასაც სხვაგან და სხვებში ეძებო. ენერგია დამიბრუნდა და ამ ენერგიითა და მადლიერებით დაიმუხტა ყოველი ნახატი. “მადლობები” იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორ არა, მაგრამ ამ მადლობას არ მოჰქონდა არანაირი ემოცია. რამდენ მადლობას ვიხდით მადლიერების გარეშე. ახლა როცა ვამბობ ან გავიფიქრებ, მადლიერი ვარ, ვგრძნობ, ეს რა დიდ ენერგიას წარმოშობს ჩემს სამყაროში.
– როცა ეს გზა უკვე გაიარეთ, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაზე გაბრაზებულები არიან?
– ერთი კარგი რამ ვისწავლეთ „ზრდისფაქტორში“, – ჩემი ბედნიერება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მეორე ადამიანის ქცევაზე, ხასიათზე, შეხედულებაზე. ეს მე ვფლობ ჩემს სამყაროს, ჩემს თავს და არ შეიძლება სხვამ გამაბრაზოს. ანუ მე ვმართავ ჩემს ემოციას. ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ვიქნები. ბალანსია ჩემი ემოციებისა და ჩემი მენტალური მდგომარეობის და ამის მერე ვარ თავისუფალი.
უბრალოდ მიხარია, რომ ვარ. მე ვარ და მე ვქმნი ჩემს ბედნიერებას, ჩემს დღეს და ამას მივხვდი ამდენი წლის მერე.

თუ ადამიანი მიხვდა, რომ მადლიერია იმის, დილით რომ იღვიძებს, ცოცხალია და კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა გამოღვიძების, ყველაფერს შეძლებს.
ახლა ვიღაც იტყვის, – იმას რომ შია? იმას რომ უჭირს?! იმათაც გასავლელი აქვთ თავიანთი პროგრამები, როგორც მე გავიარე. სანამ გაცნობიერებამდე მიხვალ, ეს ასეც იქნება. მთავარია, ამ ყველაფრისგან გამოიღვიძო და მერე ყველაფერი თავისით მოხდება.
ოღონდ არ უნდა გაჩერდე. იმისთვის, რომ რეალური შედეგი დადო, ჩვევად უნდა გაიხადო ბევრი რამ და განსაკუთრებით ის სიახლე, რამაც ცხოვრება შეგიცვალა. ეს არ უნდა დაკარგო, ყოველდღიურმა რუტინამ არ უნდა დაგავიწყოს, უკან არ უნდა დაგაბრუნოს. ამიტომ ყველგან “ზრდისფაქტორის” სტიკერები მაქვს გაკრული. ეს შეხსენებები აუცილებელია. გონება ძალიან ძლიერია, სად წაგიყვანს, არ იცი. როცა რაღაცას ვაკეთებ და ფიქრები გამიტაცებს, თავს ვატრიალებ და ვამბობ, – აქ ხარ. ვბრუნდები. ძალიან მაგარია ამის დაჭერა. ოღონდ ამაზე რამდენი ვიმუშავე, იცით? ბევრს ცვლილება უნდა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა ეზარება. თუ ცვლილება გინდა, ამისთვის მზად უნდა იყო, ეს მართლა უნდა გინდოდეს, ეს მართლა უნდა გააკეთო!
ყოველ დილით ამ კითხვებით ვიღვიძებ – რა მინდა, რა გამახარებს, სად ვხედავ ჩემს თავს, რას სარგებელს მოვუტან დღეს მე სამყაროს ?! თქვენც დასვით ეს კითხვები და იმოქმედეთ.




1 კომენტარი
კატრინ, სამყაროს საჩუქარი ხარ, საოცარ ფერებად მოგაქვს მისი სათქმელი. უზომოდ მადლოებლი ვარ იმ ცხოვრების გზის რომელმაც მოგიყვანა და შენში არსებული უსაზღვრო შეაძლებლობების გაცნობიერებით და ფერთა პალიტრით გვაბედნიერებ. მადლობა რომ ხარ ისეთი როგორიც ხარ ნამდვილი, უშუალო, გახსნილი, თბილი და სასწაულიი. მადლობა