fbpx

კრეს ჯაზ-ფესტივალი 2022

ავტორი ჟოლო
76 ნახვა
0 კომენტარი
0

ქალაქი კრე სამხრეთ საფრანგეთში, დრომის დეპარტამენტში, ვერკორის მთებსა და პროვანს შორის მდებარეობს. ესაა მთებითა და მდინარეებით გარემოცული ულამაზესი ქალაქი, მდიდარი ისტორიითა და კულტურით.

კრეს ჯაზ-ფესტივალი 40 წელია რაც იმართება. ქალაქის მთავარი საკონცერტო სივრცე ყოველწლიურად 1500-მდე მსმენელს იტევს. ფესტივალის ფარგლებში არა მხოლოდ კონცერტები, არამედ, ვოკალის კონკურსები, კონფერენციები და მასტერ-კლასები ტარდება.

პირველი ჯაზ-კონცერტი კრეში 1960-იან წლებში ჩატარდა. პირველი ჯაზ-ფესტივალი კი – 1971 წელს. ამ დროის განმავლობაში კრეს არაერთი შესანიშნავი მუსიკოსი სტუმრობდა.

მათ შორის: აიო (Ayo), იაელ ნაიმი (Yaël Naïm), სეზარია ევორა (Cesaria Evora), ნინა და შემდეგ ლიზა სიმონე (Nina, Lisa Simone), რეი ჩარლზი (Ray Charles), ლაქი პეტერსონი (Lucky Peterson), ერიკ ტრუფაზი (Erik Truffaz), აბდ ალ მალიკი (Abd Al Malik), ომარ სოსა (Omar Sosa), მანუ დიბანგო (Manu Dibango), ფემი და შემდეგ სეუნ კუტი (Femi, Seun Kuti), ჩუჩო ვალდესი (Chucho Valdes), თომას დუტრონი (Thomas Dutronc), ედი მიჩშელი (Eddy Mitchell), კლოდ ნუგარო (Claude Nougaro), ლუის ვინსბერგი (Louis Winsberg), ტიგრან ჰამასიანი (Tigran Hamasyan), როი ჰარგროვი (Roy Hargrove), რაბი აბუ-ხალილი (Rabih Abou-Khalil), მანუ კაჩე (Manu Katché), ემსი სოლარი (Mc Solaar), ფადა ფრედი (Faada Freddy), დი ალექსანდერი (Dee Alexander), დიდიე ლოკვუდი (Didier Lockwood)…და მრავალი სხვა.

2022 წელს ფესტივალი 31 ივლისს გაიხსნა და ექვს აგვისტოს დასრულდა. პირველ დღეს სცენაზე ლეილა მარსიალი (LEÏLA MARTIAL), ფრედერიკა (FREDERIKA) და ოლიფანტრი (OLIPHANTRE) წარსდგნენ.

ლეილა მარსიალმა წარმოადგინა რვა ხმაში გაშლილი, გენიალურად და შეუდარებელი ხმოვანებით შესრულებული საკუთარი რეპერტუარი, ლიოს ლე ვანის (Loïs Le Van) ორიგინალური არანჟირებით.

Joel Hierrezuelo, Felipe Cabrera

მეორე გამომსვლელი – ფრედერიკა, მუსიკოსი და მომღერალია. იგი კრეს 2021 წლის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახლავთ. მის მიერ შესრულებული მუსიკა ძლიერ ემოციური, ლირიკა კი – ვირტუოზულია.

მესამე გამომსვლევლი – ოლეფანტრი, იტალიელი გიტარისტის ფრანჩესკო დიოდანტის მიერ დაარსებული ჯგუფია, რომელიც სამ მუსიკოსს აერთიანებს. მათი მუსიკა არის შემოქმედებითი ჯაზი როკის ენერგიით.

პირველ აგივსტოს სცენა კუბურ და აფრიკულ ჰანგებს დაეთმო. საღამოს პირველი ნაწილი კუბელმა მომღერალმა, პერკუსიონისტმა და გიტარისტმა ჯოელ ჰიერესუელომ (Joel Hierrezuelo) გახსნა. მისი ჯაზი აფრო-კუბური ეთნო მუსიკითაა შთაგონებული, თუმცა მუსიკის მისეული ხედვა მის შემოქმედებას ახლებურ, შთამბეჭდავ ნიუანსებს სძენს.

კონცერტის მეორე ნაწილში სცენაზე წარსდგა რიჩარდ ბონა (Richard Bona ) შვიდი კუბელი მუსიკოსის თანხლებით, მათ შორის იყო პიანისტი ალფრედ როდრიგესი (Alfredo Rodriguez). კონცერტი ნათელი, მხიარული და საზეიმო განწყობით იყო გაჯერებული, სადაც კუბური და დასავლეთ-აფრიკული მუსიკა შეერწყა ერთმანეთს. აქ მკითხეველს, ალბათ, უნდა შევახსენოთ, რომ მომხიბლავი ხმის მქონე კამერუნელი ბასისტი, რიჩარდ ბონა, საქართველოშიც არაერთგზისაა ნამყოფია. იგი ბათუმისა და თბილისის ჯაზ-ფესტივალიების მონაწილე იყო გასულ წლებში.

ორ აგვისტოს სცენა დაეთმო პარიზული ჯაზის გამორჩეულ წარმომადგენლებს, 2021 წლის საფრანგეთის ეროვნული კონკურსის ReZZo Jazz ვიენის გამარჯვებულ ჯგუფს, იშკეროს (Ishkero). იშკერო ახალგაზრდა, თანამედროვე და ენერგიული ჯგუფია, საინტერესო და დინამიური მუსიკით.

კონცერტის მეორე ნაწილში სცენაზე სლაი ჯონსონი (Sly Johnson) გამოვიდა. ბიტბოქსერი, გამჭოლი ხმითა და ჰიპ-ჰოპით.

სამ აგვისტოს კონცერტი დანიელ ციმერმანმა (Daniel Zimmermann) გახსნა, წარმოდგენით “ადამიანი კომბოსტოს თავით ურუგვაიში”. ეს სერჟ გენსბურგის მუსიკის საკმაოდ თამამი ვარიაციაა. დანიელ ციმერმანი ტრომბონისტი გახლავთ, 20 წლიანი გამოცდილებით საფრანგეთის სცენაზე. მის შემოქმედებაში ენერგიული და უხეში როკი, ჯაზის შემოქმედებით თავისუფლებას ერწყმის, შედეგად ცოცხალი და ემოციური მუსიკა იქმნება.

კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმო ვინსენტ პეირანის (Vincent Peirani), აკორდეონი, და ემილ პარიზიენს (Émile Parisien), სოპრანო საქსოფონი. მათ მიერ შესრულდა “აბრაზო” – ელეგანტური, მელანქოლიური, რიტმული და მელოდიური ტანგო.

მესამე ნაწილში კი სცენაზე წარსდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვირტუოზი კონტრაბასი, რენო გარსია-ფორსი (Renaud Garcia-Fons), წარმოდგენით “სიმის სუნთქვა”. თავის ბოლო ალბომში იგი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კლასიკურ და ტრადიციულ სიმებიან ინსტრუმენტებს ეცნობა. მისი მუსიკა მსოფლიო მუსიკათა კვეთაა თითქოს. იგი ჯაზის, კლასიკური და ტრადიციული მუსიკების შერწყმის შედეგად იქმნება.

ოთხ აგვისტოს კონცერტი ჯაზ-პიანისტმა რაფაელ ლემონემ (Raphaël Lemonnier) გახსნა. მისი წარმოდგენა ტრადიცული კუბური სიმღერის ფონზე წარიმართა, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების ბლუზის ელემენტებით იყო გაჯერებული.

კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმო ნატალია კინგს (Natalia M. King), გამორჩეული ხმის მქონე მუსიკოსს, რომელიც კრეში ახალი მშვენიერი ალბომით ჩამოვიდა. ეს ბლუზითა და სოულით გაჯერებული მუსიკაა, რომელიც ამერიკის შავკანიანთა მუსიკის ამაღელვებელ სამყაროში გამოგზაურებთ.

ხუთ აგვისტოს კონცერტი გახსნა ჯგუფმა “იუსანმა” (Yusan), რომელიც ექვს ნიჭიერ მუსიკოსს აერთიანებს. მათ მიერ შესრულებული ჯაზი კარიბული და აფრიკული მუსიკის მხიარული ნაზავია; კონცერტის მეორე ნაწილი კი დაეთმო კლარნეტისტ დევიდ კრაკაუერს (David Krakauer) და მის ჯგუფს, მხიარული და საზეიმი მუსიკით.

ELLIAVIR

ექვს აგვისტოს, კონცერტის პირველ ნაწილში, მსმენელის წინაში ვოკალური ჯაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული წარსდგა. ეს საკმაოდ რთული კონკურსი გახლდათ, რომელმაც მრავალიცხოვან მონაწილეთაგან მხოლოდ რვა ფინალისტი გამოავლინა. ფესტივალის განმავლობაში ფინალისტებს საშუალება ჰქონდათ კრეს ცენტრში, ღია სცენაზე, პროფესიული ჟიურისა და მსმენელების წინაშე, საკუთრი შემოქმედება წარმოეჩინათ. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა ინუი (INUI),  მეორე ადგილზე გასული ჯგუფი ელიავირი (ELLIAVIR) კი მომავალი წლის ფესტივალს გახსნის.

კონცერტის მეორე ნაწილში სცენაზე როდა სკოტი (Rhoda Scott) და მისი ჯგუფი (Lady All Stars) იდგა. 84 წლის ბრწყინვალე ორღანისტმა – როდა სკოტმა, თავის ჯგუფთან ერთად, სადაც ფრიად ნიჭიერი ინსტრუმენტალისტები არიან თავმოყრილი, “პოპულარული” ჯაზის შესანიშნავი საღამო გამართეს.

გარდა კონცერტებისა ფესტივალის განმავლობაში ჩატარდა რიგი მასტერ-კლასებისა, სადაც მსმენელს შეეძლო მოესმინა გამორჩეულად საინტერესო ლექციების კურსი ჯაზ-ვოკალის, იმპროვიზაციის, პოლიფონიის, რიტმის, ჰარმონიისა და ინტერპრეტაცის შესახებ. დამსწრე საზოგადოებისთვის ეს იყო სრულიად უნიკალური შესაძლებლობა ვოკალური ჯაზის სამყაროში შეეღწია.

ავტორი: Gia Gogatishvili

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი