ყველა თავისუფლებაში იბადება, მაგრამ მონობაში კვდება. ცხოვრების დასაწყისი აბსოლუტურად თავისუფალი და ბუნებრივია, მაგრამ შემდეგ ჩნდება საზოგადოება, ჩნდება წესები, მორალი, დისციპლინა, სხვადასხვა საქმიანობები, – და თავისუფლება, ბუნებრიობა, სპონტანური არსებობა იკარგება. ადამიანი ჯავშანს იზრდის: უფრო და უფრო ხისტი და მოწყვლადი ხდება. შინაგანი სირბილე უკვე აღარ ჩანს.
თავისი არსების საზღვარზე იგი რაღაც ციხესიმაგრის მსგავსს ქმნის, რათა თავი დაიცვას, რაღა მოწყვლადი არ იყოს, რათა გააპროტესტოს – და ყოფიერების თავისუფლება იკარგება. ადამიანი სხვებს უყურებს, მათი თანხმობით, უარყოფით ან განკითხვით ცხოვრობს.
სხვების შეფასება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სხვები ხდებიან კრიტერიუმები, და ადამიანი მათ მიბაძვას და მიყოლას იწყებს, რადგანაც იძულებულია მათ შორის იცხოვროს.
ბავშვი ძალიან რბილია, მისგან ნებისმიერი რამის გამოძერწვა შეიძლება. საზოგადოება მის ფორმირებას იწყებს – მშობლები, მასწავლებლები, სკოლა… თანდათან ის პიროვნება ხდება, არაბუნებრივი არსებით. იგი სწავლობს წესებს და ან კონფორმისტი ხდება – ეს კი მონობაა, ან მოჯანყე – მონობის კიდევ ერთი სახე. იყო კონფორმისტი, ობივატელი, კონსერვატორი – მონობის ერთი სახეა.
პროტესტი, ჰიპად თავის მოჩვენება, მეორე უკიდურესობაში გადავარდნა – მონობის მეორე სახეა, რადგანაც რეაქცია პროტესტის მიზეზთანაა დაკავშირებული. თქვენ შეგიძლიათ ყველაზე შორეულ რაიონში გაემგზავროთ, მაგრამ ღრმად, ცნობიერებაში თქვენ იგივე წესების წინააღმდეგ ილაშქრებთ. სხვები მიჰყვებიან მას, თქვენ კი აპროტესტებთ, მაგრამ ყურადღების ცენტრში იგივე წესები რჩება. რეაქციონერები და რევოლუციონერები – ყველა ერთ ნავშია. მათ შეუძლიათ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ან ზურგებით იდგნენ ერთმანეთთან, მაგრამ ნავი ერთი აქვთ.
რელიგიური ადამიანი არც რეაქციონერია და არც რევოლუციონერი. რელიგიური ადამიანი თავისუფალი და ბუნბრივია, იგი არც რაიმეს მომხრეა და არც რაიმეს წინააღმდეგი, იგი თავისთავადაა. მას არ გააჩნია წესები, რომ მიჰყვეს რაიმეს, და არ გააჩნია წესები, რომ უარყოს რაიმე. იგი საერთოდ არ მიჰყვება წესებს. რელიგიური ადამიანი თავისუფალია თავის ყოფიერებაში. იგი არ მიჰყვება ჩვევებისა და პირობითი რეფლექსების ტრაფარეტს. რელიგიურ ადამიანს ვერ უწოდებ „კულტურულ არსებას“ – არა იმიტომ, რომ იგი არაცივილიზებული და პრიმიტიულია: იგი ცივილიზაციის და კულტურის უმაღლესი შესაძლებლობაა – მაგრამ იგი არაა კულტივირებული, ხელოვნურად გამოყვანილი არსება.
ოშოს წიგნიდან: “ტანტრა – უმაღლესი შემეცნება”