fbpx

მასტერკლასების სერია მისტერ კორონასგან – აუცილებლად წასაკითხი

ავტორი ჟოლო
158 ნახვა

ვინ არის იმის ავტორი და შემოქმედი, რაც ახლა მთელს მსოფლიოში ხდება? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მხოლოდ თავად შემოქმედმა თუ იცის… დანარჩენებს კი ისღა დაგვრჩენია ვიმარჩიელოთ. ბევრი სწორედ ამას აკეთებს, რის გამოც ვხედავთ გარშემო ამ საინფორმაციო ნაგავს „შეთქმულების თეორიებისა“ და სხვა „საშინელებათა ჟანრის“ კონტენტის სახით.

ვფიქრობ, რომ პრობლემიდან გამოსავალი ამაში არაა, ხოლო „შესავალი“ კი ნამდვილად არის. ჰოდა, კიდევ შესვლა გვინდა?! ჯობია, უფრო ოპტიმალური გზა მოვნახოთ, რომ ვიყოთ მეტად რაციონალურები და მდგრადები.

ამისთვის კი, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს კონცენტრაციის გაძლიერება ჩვენი გავლენის ზონაზე, ანუ სივრცეზე, რომელზეც გვაქვს პირდაპირი გავლენა… „შეთქმულების თეორიები“ და „ხელოვნურად შექმნილი ვირუსი“ არის ჩვენი გავლენის ზონა? არა! ჰოდა, დაიკიდე მაშინ.

მოდი გავაანალიზოთ რამდენიმე გაკვეთილი, რომლებიც უკვე ფენომენალურად ჩაგვიტარა მისტერ კორონამ და შევეცადოთ გარკვეული სარგებელი მივიღოთ მათგან… დამიჯერე, საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა უკვე.

მასტერკლასი #1: დედამიწისა და დედამიწელების შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, თუ როგორი პატარაა დედამიწა. დიახ, დედამიწა პატარაა და ვერსად დაიმალები. არავითარი „ბიძია“ არ მოვა და არ დაგიცავს. პროცესი ძალიან მასშტაბურია, ჩვენი მედიცინის შესაძლებლობები კი ძალიან უსუსური.

გამოსავალი: ჩვენ კიდევ უფრო მკვეთრად შევიგრძენით, რამდენად ფაქიზია ჩვენი სიცოცხლე, როგორც გლობალურად, ისე ლოკალურად. ვერსად ჩაჯდები. დაიცავი სიცოცხლე და პლანეტა იქ, სადაც ხარ.

მასტერკლასი #2: სამშობლოს შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ დაგვანახა, თუ როგორი უცხო ხარ უცხო ქვეყანაში და როგორი შინაური საკუთარ სამშობლოში. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გაუფასურდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „მე მსოფლიო მოქალაქე ვარ“, „მე კოსმოპოლიტი ვარ“, „ვიცხოვრებ იქ, სადაც მომინდება“, „ჩემთვის საზღვრები არ არსებობს“ და ა.შ. დღეს ეს ყოველივე აღარ მუშაობს. ყველას „სახლში – შინ“ უნდა.

გამოსავალი: დროა სერიოზულად დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებსა და ღირსეულ მომავალზე. დადგა დრო გავხდეთ რეალურად აქტიური მოქალაქეები.

მასტერკლასი #3: სულიერების შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ დაგვანახა, რომ ღმერთი გაცილებით ახლოა, ვიდრე გვგონია… დღეს ალბათ ცოტა თუ დარჩა, ვინც თუნდაც თავისებურად არ ლოცულობს. როგორც ამბობენ: „ომში ათეისტები არ არსებობენ“.

გამოსავალი: ვირუსი ხელს უწყობს სულიერების გამოღვიძებას. რთულ მომენტში ვერავის დაეყრდნობი და ადამიანი უბრუნდება საწყისს, იწყებს შინაგანი საყრდენის, ღმერთის ძიებას. მხოლოდ მთელს შეუძლია მთელის შეცნობა!

მასტერკლასი #4: ფინანსური განათლების შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ დაგვანახა, რომ თუ არ გაქვს დანაზოგი, უსაფრთხოების ბალიში – ფინთადაა შენი საქმე.

გამოსავალი: მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება საშიშია. ინტუიციურად ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. და აი, მოგვიკაკუნა კიდეც… საჭიროა გავსუფთავდეთ ტოქსიკური ფინანსური რწმუნებულებებისგან და ავიმაღლოთ ფინანსური ინტელექტი. დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ვმართოთ საკუთარი ხარჯები, ბიუჯეტი, შემოსავლები და მოვახდინოთ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფორმირება.

მასტერკლასი #5: ჯანმრთელობის შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ დაგვანახა, რომ – რამდენიმე კვირაში შესაძლებელია მთელი დედამიწის დაპაუზება. შესაძლებელია მოხდეს ეკონომიკის სრული განულება, ქვეყნების იზოლირება, ბაზრების ჩაკეტვა, მატერიალური ფასეულობებისა და აქტივების გაუფასურება… ვირუსი ხდება საზოგადოებით მანიპულირების ნაწილი.

გამოსავალი: დიდი ალბათობით, ახლა ეს გახდება „ბოროტი ბიძიების“ საყვარელი ინსტრუმენტი. და ისინი ამით არ გაჩერდებიან… შესაბამისად, დროა იმდენად გავაძლიეროთ ჩვენი ჯანმრთელობა, რომ ვერავინ შეძლოს ვერც შენი და ვერც შენი ახლობლების დაავადებებით დაშინება. დადგა დრო, ჯანმრთელობა ვაქციოთ მამოძრავებელ ფასეულობად და სერიოზულად დავკავდეთ ამ თემით.

მასტერკლასი #6: პროფესიონალიზმის შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ შვა, უფრო სწორად, დააჩქარა ეკონომიკური კრიზისის დადგომა. შესაბამისად, წინ გვაქვს მასობრივი უმუშევრობა, შემოსავლების შემცირება და ა.შ.

გამოსავალი: დროა ახლავე დავფიქრდეთ სტრატეგიაზე სახელწოდებით: „ცხოვრება ვირუსის შემდეგ“. არ უნდა დავკარგოთ დრო. ჩვენი ამოცანაა მივიღოთ ვიწრო პროფესიული ცოდნა და უნარები საკვანძო და მოთხოვნად სფეროებში [ამის შესახებ დავდებ ინფორმაციას]. მაგრამ, რაც მთავარია, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარი ხასიათი, უფრო ზუსტად – ხასიათის ეთიკა. დიახ, ჩვენ უნდა გავხდეთ მეტად მოქნილები, მეტად სწრაფები და მეტად ეფექტურები, რათა დივანზე დეპრესიაში ჯდომის ნაცვლად, მეტად დისციპლინირებულად ჩავუჯდეთ სასწავლო მასალებს და ავითვისოთ საქმიანობის ახალი სფეროები. პროფესიონალი სანთლით საძებარი გახდება, არაპროფესიონალს კი ყველა სწრაფად მოიშორებს.

მასტერკლასი #7: შიშის შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონა არა მხოლოდ ჯანმრთელობას და ეკონომიკას შეეხო, არამედ მან ასევე დაარტყა ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც. შესაბამისად, ჩვენს წინაშეა სამმაგი კრიზისი. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა შიშმა შეიპყრო, სწორედ შიში აკონტროლებს ახლა მათ, რის გამოც ადამიანებმა დაკარგეს ადეკვატურობა.

გამოსავალი: ისწავლე საკუთარი თავის მართვა. იყავი გაწონასწორებული. იკვლიე შიში და ნუ მისცემ მას შენი დაპყრობის უფლებას. ნუ განახორციელებ მოქმედებებს შიშის მდგომარეობიდან. არ აყვე აგრესიას, ბრაზს, ზიზღს. პირიქით – ჩაანაცვლე შიში მისწრაფებით, რომ დაეხმარო და დაამშვიდო სხვები. იყავი აქტიური, შექმენი რამე, თანაც შექმენი კეთილგანწყობითა და გაწონასწორებულობით. იყავი მშვიდობისმყოფელი… შრომა, მსახურება, შრომა, მსახურება, შრომა, მსახურება… აი, რა შეგანარჩუნებინებს თავს ფორმაში.

მასტერკლასი #8: სიფრთხილის შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონასთან ერთად გაიძვერებიც გამოჩნდნენ. რთულ დროში ისინი ყოველთვის ძვრებიან სოროებიდან…

გამოსავალი: ყურადღებით იყავი და ნუ მიიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს მესამე პირების ზემოქმედებით. არაა საჭირო სწრაფი სარგებელისკენ სწრაფვა. ეს არის განსაკუთრებული ცდუნებებისა და მაქინაციების დრო. ფული აჯობებს თან გქონდეს.

მასტერკლასი #9: საკუთარ ჩრდილთან შეხვედრის შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ გაიძულა სახლში დაჯდომა. სახლში ჯდომით კარანტინში, შენ შეგიძლია შეხვდე საკუთარ ბნელ მხარეს, ე.წ. „ჩრდილს“, ანუ შენს ირაციონალურ „მე“-ს, რომლის გამოც იტანჯები. მოკლედ რომ ვთქვათ, შენ შეგიძლია შეხვდე – საკუთარ სიზარმაცეს, არაორგანიზებულობასა და ქაოსს თავში.

გამოსავალი: ისწავლე თვითორგანიზება. შეადგინე თვის, კვირის, დღის გეგმა. შეადგინე დღის განრიგი, გრაფიკი.
დილა: ვარჯიში, სუნთქვითი სავარჯიშოები და ა.შ.
შუადღე: თვითგანვითარება; პროექტზე მუშაობა; ოჯახის დრო; სახლის დრო.
საღამო: საღამოს ჰიგიენა; ოჯახი; ზღაპრები ბავშვებს; ლოცვა; მედიტაცია.
უნდა იყო „კონსტრუქციულად“, სასარგებლოდ დაკავებული. უსაქმურობა ხრწნის.

მასტერკლასი #10: დიდი პაუზის შესახებ.

პრობლემა: მისტერ კორონამ დააპაუზა მთელი შენი ქაოსი და სირბილი. მისტერ კორონამ დააპაუზა მთელი დედამიწა. შესაბამისად, დედამიწა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე. ფაქტია, რომ თამაშის წესები შეიცვლება, კიარადა – უკვე შეიცვალა.

გამოსავალი: გაჩერდი. დაფიქრდი, სად მიდიხარ და რისთვის. მოახდინე ყველაფრის გადაფასება – მიზნები, გეგმები, ფასეულობები. გახსოვდეს, რომ გადარჩება ის, ვინც ეთიკურია, სწრაფად ახდენს ადაპტირებას და არ არღვევს უზენაეს კანონს!

გიორგი თვალაძე

წყარო: Giorgi Tvaladze

მსგავსი სტატიები

Leave a Comment