„შიშის პერიოდს რომ გაივლი, მერე ჟინიც გემატება. თუ არ გარისკავ, წარმატებასაც ვერ მიაღწევ“ – ეს, 20 წლის მარიამ გოგიაშვილის წარმატების ფორმულაა... როცა მიზანი გაქვს, თავდაჯერებაც მხარს გიბამს, მაგალითების და იდეალების საძებნელად შორს წასვლა არ გიწევს და სწორება შეგიძლია დედაზე გააკეთო, ან მარტივად რომ ვთქვათ – გინდა ცხოვრება საკუთარ წვენშივე ხარშვით თავად ისწავლო, მაშინ დაბრკოლება არც პირველ საფეხურზე ჩასაფრებული შიშია, არც მეორე კერძად შემოტანილი იმედგაცრუება და ცხელი ფიასკო, რადგან დესერტად იცი, რომ მაამებელი წარმატება გელის.
20 წლის გოგონამ სტარტაპი ბიზნესად ისე აქცია, რომ ორი წლის თავზე, ახალი საქმის წამოწყებაზე ფიქრს, ამბიციად რომ ვერ ჩაუთვლი. ეს უბრალოდ საქმის გაგრძელებაა.
მარიამ გოგიაშვილს ორი წელია რაც ზოომაღაზია აქვს. „ბობიტოს“ გახსნას წინ ტკივილიანი ისტორია უძღვის. გარდა იმისა, რომ სკოლის დამთავრებას, საკუთარი საქმის გაჩენის სურვილი მოჰყვა, საყვარელი ძაღლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მის მოსაგონრად, უკეთეს ამბავს ვერც მოიგონებდა.
ბობიტო
მარიამს, რომ ძაღლები ბავშვობიდან უყვარს, უბანში ეს თითქმის ყველამ იცის. ქუჩის მაწანწალა ოთხფეხებს ჯერ კიდევ პატრა კვებავდა და პატრონობდა. მარტივად არ შეხედოთ. იოლი სულაც არ არის, ასე გიყვარდეს ცხოველი. თუ სიყვარულით სავსე ოჯახში არ გაზრდილხართ, ჰუმანურობას არ გასწავლიდნენ, შენზე უსუსურის დაცვას არ გიჩიჩინებდნენ, სიკეთე და სიყვარული ყელში არ გებჯინება და თვალებიდან არ აფრქვევ, ქუჩაში შეუმჩნევლად ჩავლილ გაძვალტყავებულ ცუგას ვერ შეამჩნევ. მით უმეტეს, მისი გამოკვების სურვილი ასი წელი, არც გაგიჩნდება.
მოკლედ, ერთხელაც კავკასიური ნაგაზის პატრონი გახდა. 11 წლის იყო და როგორც ამბობს, ბობიტომ ასწავლა პასუხისგმებლობა და ზრუნვა ცხოველზე.
მარიამ გოგიაშვილი: – მშობლები დავარწმუნე, თუ ძაღლს მოვიყვან, თავიდან ბოლომდე მე მივხედავ-მეთქი. ასეც ვიქცეოდი. რახან ჩემი სურვილით შევიძინეთ, მისი რჩენაც საკუთარ თავზე ავიღე. ტყავის სამკაულებს ვამზადებდი და მინიმალურ ფასად ვყიდდი… ძაღლი ჩემზე დიდი იყო და სეირნობისას, ყველას უკვირდა, მე რომ ვიყავი მისი „პატრონი“.
ძალიან მალე შემიყვარდა. ჭკვიანი იყო და ძალიან საყვარელი. დასაძინებლად ისე არ წავიდოდა სანამ ტკბილ ძილს არ ვეტყოდი და არ მოვეფერებოდი… მელოდებოდა, აუცილებლად თავზე უნდა გადამესვა ხელი. ზედმეტად თბილი იყო და მეგობრული. ბედნიერები ვიყავით იმით რომ ერთმანეთი გვყავდა… მაგრამ?… სამი წლის ბობო ეზოში ვიღაცამ იარაღით მომიკლა, ვინ და რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად არვიცი… დიდი ტრავმა მივიღე. ვერაფრით ვიგებდი, როგორ შეიძლებოდა ადამიანს მსგავსი რამ ჩაედინა.
ბობოზე საუბარს ვწყვეტთ …
ამ მძიმე ისტორიას, საყვარელი მეგობრის, ბობიტოს სახელის უკვდავსაყოფად ზოომაღაზია Bobito – ბობიტო მოჰყვა.
ახლა ფრანგული ბულდოგი ჰყავს. თავისუფალ დროსაც მასთან ერთად ატარებს…
ზოომაღაზია და ვეტერინარობა
სტუდენტი გახდა თუ არა, ზოომაღაზიაც გახსნა. საქმე დედის დახმარებით დაიწყო, თუმცა მალევე აუღო ალღო და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავს დააკისრა.
„ძაღლის საკვებში გავერკვიე, შევისწავლე. დავინტერესდი ვეტერინარული კუთხითაც და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე. ჩემი მაღაზია ძაღლის საკვები ტომრებით ნელ-ნელა ივსებოდა და ივსებოდა. მივხვდი, რომ წინ მივიწევდი…“
მარიამმა სამომავლო პროფესია პირველი კურსის დასრულებისთანავე შეიცვალა. ტელეკომუნიკაციაზე სწავლობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მოწოდებით ვეტერინარია და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა.
ვეტერინარობის გზით წასვლასაც მისი მეორე ძაღლის, ასევე ტრაგიკული ისტორია უდევს სარჩულად. პიტბული დორიანი სიმსივნით დაავადდა და იძულებული გახდა, მისი დაძინების გადაწყვეტილება მიეღო.
მის ამ ისტორიებს რომ უსმენ, ფიქრობ, რომ ჟინიან მიზანდასახულობას, რაღაც მტკივნეული უდევს საფუძვლად. სხვაგვარად, კარიერისკენ მიმავალ ბილიკებზე, ასე თავგანწირული მწევარივით ვერ გაიქცევი.
“ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ ვეტერინარი გამოვსულიყავი. ძაღლი ოჯახში სრულფასოვან წევრად აღიქმება და აქედან გამომდინარე, მისი კეთილდღეობა პატრონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ძაღლების ექიმი მინდა გამოვიდე-მეთქი, ვამბობდი ბავშვობაშიც. მერე ჩემმა ისტორიებმა მიმახვედრა, რომ მართლა ეს საქმე უნდა მეკეთებინა.“
„ბობიტოს“ ორი მოლარე-კონსულტანტი ჰყავს, მარიამის მეგობრები, ისინიც მომავალი ვეტერინარები. მაღაზიაში შესულ კლიენტებს ძირფესვიანად აწვდიან ყველა ინფორმაციას საკვებზე, ძაღლზე, მის მოვლაზე… გლდანის მეხუთე მიკრო რაიონში ეს მაღაზია ყველამ იცის, ვისაც შინ ოთხფეხა მეგობარი ჰყავს.
„ეს არ არის უბრალოდ ზოომაღაზია. ჩვენთან მომხმარებელს ინფორმირებულს ვხდით, თუ როგორ უნდა კვებოს თავისი ძაღლი, რატომ უნდა მისცეს მას კონკრეტული საკვები და რა უნდა გაითვალისწინოს მოვლასთან დაკავშირებით.
მაღაზია გარშემო მყოფ მიუსაფარ ცხოველებსაც კვებავს და მკურნალობასაც უწევს. ინფორმაციას, ერთმანეთში თვითონ ავრცელებენ და მეგობრებთან ერთად გვსტუმრობენ .
ვიფარებთ ცხოველებს და „ბობიტოს“ სრულფასოვანი წევრები ხდებიან. ერთი წელი ძაღლი ცხოვრობდა ჩვენთან, მაღაზიაში. კატაც გვყოლია შეფარებული. მერე გაგვიჩუქებია. ყოფილა შემთხვევა, დაშავებული ძაღლებიც მოსულან და პირველადი დახმარება გაგვიწევია. ერთხელ დაგლეჯილი კატაც მოვიდა. ვეტერინართან მივიყვანეთ და მერე დავაბინავეთ.
ის, ვინც ძაღლს ან კატას ზიანს აყენებს, ადამიანსაც დაუფიქრებლად მიაყენებს ზიანს.
ამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ფსიქოპატის ბიოგრაფია იწყება იმით, რომ ბავშვობაში ცხოველს უშავებენ რამეს. როცა მათი ეგო ცხოველთან მიმართებაში კმაყოფილდება, მერე ადამიანზე გადადიან. მშობლებისგან ძალიან ყურადსაღებია, თუ ბავშვს მიდრეკილება აქვს ცხოველების დაზიანებისკენ. რეაგირება მაშინვე უნდა მოხდეს, რომ მერე ამას სხვა გამოხატულება არ მიეცეს. ბავშვი, რომელიც სიყვარულში იზრდება და სახლში ოთხფეხა მეგობარიც ჰყავს, ის ამას არ გააკეთებს, აზრადაც არ მოუვა.
ძაღლს რომ ვასეირნებ, მშობლებისგან მესმის, არ მიხვიდე, გიკბენს, ან ბეწვი არ გადაგეყლაპოსო. არასწორია. მშობელი აშინებს, არასწორ ინფორმაციას აწვდის. ეს ილექება ბავშვის გონებაში და მერე ასეა განწყობილი. ეს დიდი დაბრკოლებაა ბავშვსა და ცხოველს შორის. მერე ასეთ ბავშვს აღარ უყვარს ცხოველი. როცა არ გიყვას და არ გსიამოვნებს, ადვილადაც იმეტებ… უცხოეთში, პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რომ ოჯახში ბავშვთან ერთად იყოს ძაღლი, ან კატა. ცხოველთან ერთად გაზრდილი ბავშვის იმუნიტეტი ბევრად ძლიერია. სწავლობს სიყვარულს, ზრუნვას და ვალდებულების შეგრძნებას სულიერი არსების მიმართ.
მოტივაცია, თავდაჯერება, წარმატება –
მიზანდასახული გოგოს შინაგანი მზაობა ბიზნესისკენ მიმავალ გზაზე
„რომ ვთქვა, არ მეშინოდა-მეთქი, ტყუილი იქნება. 18 წლის ბავშვისთვის ამხელა საქმის წამოწყება, რთულია. მაგრამ სირთულის დაძლევასთან ერთად, მოვიდა გამოცდილება.
დისტრიბუცია, გაყიდვა, კონსულტაცია – ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი. დაძაბული ვიყავი, მაგრამ მინდოდა, რომ „ბობიტო“ უბრალო მაღაზია არ ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მერე მეც განვვითარდი და ზოომაღაზიის საქმეც ისე წავიდა, რომ უკვე ყველა საჭირო აპარატურით აღჭურვილი დიაგნოსტიკური კლინიკის გახსნაზე ფიქრიც დავიწყე. ცხოველების კლინიკა მინდა მაღაზიასთან ახლოს გავხსნა.“
აი, ასე. მარიამი, დიახ, 20 წლის მარიამი, საკუთარი საქმიანობის დაწყებიდან ორ წელიწადში, მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებას აპირებს.
„ჩემი ასაკის ბავშვებისთვის წარმოუდგენელიც კი არის, დამოუკიდებლად როგორ უნდა აკეთონ საქმე. თუ არ ცდი, ვერც გაიგებ, გამოგივა თუ – არა. უნდა ცადო, იმის მიუხედავად გეშინია, თუ – არა. შიშის პერიოდს რომ გაივლი, მერე ჟინიც გემატება. თუ არ გარისკავ, წარმატებასაც ვერ მიაღწევ. წარმატებული მაშინ ხარ, როცა შენთვის მიუწვდომელს ეჭიდები და მერე აანალიზებ, რომ ეს ოდესღაც მიუწვდომელი, ნელ-ნელა მისაწვდომი ხდება.
მშობლების როლსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალა მომცა იმან, რომ მშობლებს ჩემი სჯეროდათ. ალბათ, ამიტომაც ერთიორად უფრო ვინდომებდი, რომ ეს ნდობა გამემართლებინა.
მშობლები ცდილობდნენ დამოუკიდებლად გავეზარდე. მიხსნიდნენ, რომ გადაწყვეტილება ჩემით უნდა მიმეღო. ეს შენი ცხოვრებაა და ის თვითონ უნდა მართოო, დედა მეუბნებოდა.
თავდაჯერებულობა შინაგანადაც მქონდა, მშობლების მაგალითითაც ამას ვხედავდი.
დედას თავისი ბიზნესი აქვს. მამა სამხედრო სფეროში მუშაობდა და მისგან დისციპლინა ვისწავლე.
ბავშვობიდან მიყვარს დამოუკიდებელი წარმატებული ადამიანების შესახებ წიგნების კითხვა. მათგან ბევრს ვსწავლობ.
ჩემს თანატოლებსაც ვაძლევ მოტივაციას და დაინტერესებულებს დეტალურად ვუზიარებ გამოცდილებას. მე არ მყოლია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სფეროში დამაკვალიანებდა. ყველაფერს დამოუკიდებლად ვიაზრებდი და ვაკეთებდი.
მთავრია არ დანებდე! პრაქტიკაში იწაფები და ვითარდები. რისი გაკეთებაც გულით გინდა აუცილებლად უნდა გარისკო და გააკეთო.
ავტორი: თამარ გონგაძე