ბევრჯერ მიცდია გადადებული საქმის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ უშედეგოდ.
წარუმატებლობის მიზეზი მარტივი იყო – წლობით დაგროვილი საკითხების ერთი ხელის მოსმით მოშორებას ვცდილობდი, რასაც მალევე მობეზრება და იმედგაცრუება მოსდევდა.
გასულ წელს, ბრაიან თრეისის ,,შეჭამე ბაყაყი” წავიკითხე, რამაც მომცა შთაგონება ნებისმიერი დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა.

აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ყველაზე რთული საქმის გაკეთებით უნდა დაიწყო და რაც მთავარია უნდა დაანაწევრო რომ ადვილად გადაამუშავო.
არც ისე ადვილი აღმოჩნდა მიტოვებული წამოწყებების დამთავრება, ყოველთვის იყო რაღაც, რაც უფრო მნიშვნელოვანი საჩქარო და აუცილებელი მომეჩვენებოდა.
პრობლემის მოგვარება საქმის რუტინად ქცევით დავიწყე.
მაგ: ინგლისურს ვმეცადინეობ ყოველ დღე საღამოს 9-ზე, თუნდაც დაბალი დატვირთვით; დილით ვიღვიძებ 7-ზე და ლოგინს ადგომისთანავე ვალაგებ.
პირველი ორი კვირა ძალიან გამიჭირდა, მერე თანდათან გამიჯდა ჩვევაში.
ძველი საქმეების მოგვარება ფოტოსაქაღალდის დალაგებით დავიწყე, სადაც წლობით, უსისტემოდ ნაგროვები ფაილები მეყარა.
პროცესი სახალისოც კი აღმოჩნდა. უამრავმა ისტორიამ და თავგადასავალმა გაიარა ჩემ თვალწინ, თან სიამაყის და ერთგვარი სიმსუბუქის შეგრძნებაც ახლდა ამ ყველაფერს.
ეს მოთელვა იყო…
მერე მიტოვებული პროექტების, ჩანახატების თუ ურთიერთობების გადახედვის დროც დადგა.
ახლაც პროცესში ვარ და არ ვიცი როდის გავალ ბოლოში, ერთი ვიცი მხოლოდ – საქმის ბოლომდე მიყვანის ჩვევის კულტივირებით და ძველი, დაგროვილის თანდათანობით დასრულების წყალობით უამრავი თავისუფალი დრო გამიჩნდა.
წარმომიდგენია რა შედეგებს შეიძლება მიაღწიო სიზარმაცის და საქმის გადადების ჩვევის საბოლოოდ მოთვინიერების შემთხვევაში.💪