fbpx

მონობიდან მბრძანებლობამდე… ანუ — რაშია წარმატების ჯადოქრობა?

ავტორი ჟოლო
107 ნახვა

კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი– ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი„ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“

მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და  მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.   

ამ ადგილიდან დაახლოებით ათას კილომეტრში, მექაში, ხალიფების განსასვენებელში კი განისვენებს დაუდ ფაშა,  ერაყის დიდი სულთანი და ბაღდადის ხალიფა, მუჰამედ წინასწარმეტყველის საფლავის ზედამხედველი, დიდი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომელსაც მუსულმანურმა სამყარომ სიცოცხლეშივე უწოდა„აღმოსავლეთის მზე“.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები თავიანთი ეპოქის ყველაზე გამორჩეული სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ, რომლებიც სიცოცხლეშივე ყავდათ გაღმერთებული თანამედროვეებს, მაგრამ მათგან ძალზე მცირემ, ალბათ ერთეულებმა თუ იცოდნენ რომ ალი ბეი ალ–ქაბირიც, ნაფისა–ხანუმიც და დაუდ–ფაშაც  ქართველები იყვნენ, თავის დროზე მშობლიურ მიწას უღვთოდ მოწყვეტილი და ტყვეთა ბაზარზე მონებად გაყიდული ბავშვები, რომლებიც შემდგომში  მბრძანებლებად მოევლინნენ უცხო სამყაროს.

ზოგიერთებისთვის ეს შეიძლება ახლაც სიახლეა, მაგრამ ბევრმა ისიც იცის, რომ ეს სამი ადამიანი ზღვაში წვეთია იმ ისტორიულ ფაქტებთან შედარებით, რომელთა საუკუნეების სიღრმიდან ათასობით მონად გაყიდული და შემდეგ უცხოობაში მბრძანებლად აღზევებული ქართველი გოგო–ბიჭების სევდიანი თვალები შემოგვცქერის.

ყოველთვის, როცა მათ ისტორიას ვკითხულობ, გაორებული გრძნობა მიპყრობს. პირველ რიგში გული მტკივა და რაღაცნაირი უმწეობის განცდა მეუფლება, როცა ვხედავ, თუ როგორ უღვთოდ წყვეტდნენ მშობლიურ მიწას ამ ნორჩ ყლორტებს და იმავდროულად გული სიამაყით მევსება, როცა ვხედავ თუ როგორ გაიდგეს მათ ფესვები უცხო მიწაში და გაიზარდნენ ისეთ მძლავრ გიგანტებად, რომელთა სიდიადეს საუკუნეების ქარტეხილებმაც ვერაფერი დააკლეს…

მაინც რა აძლევდა ძალას ამ ადამიანებს. როგორ ახერხებდნენ, მშლობლიურ გარემოს მოწყვეტილი და უცხოობაში დამამცირებელ, მონურ ყოფაში აღმოჩენილი გოგო–ბიჭები გაზრდილიყვნენ ნამდვილ მბრძანებლებად?

ბედი, იღბალი, გამართლება… გაიგებთ უამრავ ვერსიას პასუხად. დიახ, მაგრამ რა არის ეს ბედი, იღბალი და გამართლება და საიდან მოდიან ისინი?

ამას წინათ წავიკითხე ბორის ბერეზოვსკის ერთი ძალზე საინტერესო სტატია, რომელშიც ავტორი, ერთგან, ამბობს შემდეგ რამეს:

შეეკითხეთ ნებისმიერ რუსს: რა არის იღბალი? ის გიპასუხებთ: „გამართლება, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ებრაელები სხვანაირად არიან აღზრდილები. ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ იღბალი არის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი. რომ ერთი შეხედვით შემთხვევითი მოვლენები, სინამდვილეში მომზადებულია თვითონ ადამიანების მიერ, მათი რწმენის და ნებისყოფის შედეგად.

სამყარო არ არის ქაოსოს სტიქია და იღბალი არც თუ ისე ბრმაა, როგორც ეს უმრავლესობას წარმოუდგენია. ადამიანები დედამიწაზე აღწვენ განსხვავებულ შედეგებს იმიტომ, რომ განსხვავებულად აღიქვამენ იმ რეალობას, იმ სამყაროს რომელშიც ცხოვრობენ. იმისთვის, რომ გახდეთ უფრო წარმატებული, ცვლილებები უნდა მოხდეს თქვენში და არა თქვენს გარშემო.  ამაშია სწორედ წარმატების მთელი ჯადოქრობა.“

შეიძლება ბევრი თქვენთაგანი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა თვითონ შექმნეს თავინათი იღბალი და გამართლება. მათ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთთვის სრულიად არაბუნებრივ გარემოში და პირობებში აღმოჩნდნენ, ერთი წუთითაც კი არ დაუშვიათ, რომ შეგუებოდნენ მონის ხვედრს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ გაჩნდნენ თავისუფლებისთვის და უბრალოდ ფიქრითაც კი არ უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ მთელი ცხოვრება მონობაში მოუწევდათ  ყოფნა.

ამ გოგო–ბიჭების უზარმაზარი რწმენა, შინაგანი ძალა და ენერგია, რომელიც ალბათ მათ ყოველ გამოხედვაში, მიხვრა–მოხვრაში, სიტყვასა და ამოსუნთქვაშიც კი იგრძნობოდა და რომელიც ვერაფრით ვერ დათრგუნეს, იზიდავდა ისეთ გარემოებებს, მოვლენებს და ადამიანებს მათ ცხოვრებაში, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს არა თუ ახერხებდნენ მონობის დამამცირებელი მდგომარეობიდან თავის დაღწევას, არამედ თვითონ ხდებოდნენ მბრძანებლები.

ყოველთვის, როცა მათ ისტორიას ვკითხულობ და მახსენდება ჩემი დამოკიდბულებაპრობლემებისა და ზოგადად ცხოვრებისეული სიძნელეებისადმი ჩემი, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, საკუთარი თავის მრცხვენია.

რობერტ კიოსაკი ამბობს: „ადამიანები ყველაზე ხშირად იმიტომ ვერ აღწევენ წარმატებებს, რომ ეშინიათ წარუმატებლობებისო“.

დიახ, ადამიანთა წარუმატებლობების და უბედურების უმთავრესი მიზეზი შიშია.შიში დაცემის, მარცხის განცდის და ა.შ., მაგრამ, ცნობილია, რომ ნებისმიერი, თუნდაც სრულიად „უწყინარი“ შიშიც კი, მისი სიღრმისეულად გაანალიზების შემდეგ, დადის სიკვდილის შიშამდე. არა აქვს მნიშვნელობა ჭექა–ქუხილი შეგაშინებთ თუ ოთახში მოულოდნელად შემოფრენილი ღამურა, გასაუბრებაზე ჩაჭრის შეგეშინდებათ თუ წვიმაში დასველების, ყველაფერი, ბოლოს, მაინც სიკვდილის შიშამდე დადის.

როცა ჩვენ რამის გვეშინია, სინამდვილეში სიკვდილის გვეშინია.  ოღონდ იმ მომენტში ეს არ გვაქვს გაცნობიერებული.

ანუ, როცა ჩვენ გვეშინია წარუმატებლობის, მარცხის და ამის გამო უარს ვამბობთმოქმედებაზე, როცა გვეშინია საზოგადეობის მხრიდან გაკიცხვის, დაცინვის, არასწორად გაგების და ამის გამო უარს ვამბობთ ოცნებაზე, ჩვენ სინამდვილეში სწორედ სიკვდილის შიშის გამო ვიხევთ უკან და ვეგუებით არასასურველ რეალობას. ჩვენ სიკვდილის შიშით ვექცევით მონური აზროვნების ჩარჩოებში.

და თუ ადამიანი აზროვნებით არის მონა, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა სად და რა პირობებში აღმოჩნდება. გარემო ვერ მოხსნის მას შინაგან ბორკილებს და ვერ აქცევს თავისუფალ ადამიანად.

ამიტომ, თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი, ბედნიერი, მდიდარი, წარმატებული ადამიანები, მაშინ წარმოდგენაშიც კი არ უნდა დავუშვათ სხვა ალტერნატივა, რაც არ უნდა გაუსაძლისად გვეჩვენებოდეს ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებით.

ყოველთვის, როცა ვიტყვით ან გავიფიქრებთ, რომ ჩვენი პრობლემების, წარუმატებლობების მიზეზი არის ცუდი მთავრობა, მაღალი გადასახადები, დაბალი ხელფასები, ფასების სიძვირე, უმუშევრობა, კაპასი ცოლი, უვარგისი ქმარი, უჟმური მეზობელი, უგულო შეფი და ა.შ. შევეცადოთ ჩავიხედოთ ჩვენი ისტორიის სიღრმეებში და თვალი გავუსწოროთ იმ გოგო–ბიჭებს, რომლებიც სრულიად ნორჩები უღვთოდ ააგლიჯეს დედის მკერდს, მოწყვიტეს მშობლიურ მიწას, მეგობრებს, ნათესაობას, ჩვეულ გარემოს და გადახვეწეს უცხოეთში, სადაც აღმოჩნდნენ მტრულ გარემოცვაში, მონურ, დამამცირებელ მდგომარეობაში… შევეცადოთ ავუხსნათ მათ, თუ რა არის ტკივილი, ტანჯვა, პრობლემა და შევეცადოთ გავაგებინოთ, რომ ჩვენი წარუმატებლობების მიზეზი ის არახელსაყრელი გარემოებებია, რომელშიც ჩვენი „უბედობის„ გამო აღმოვჩნდით…

და თუ ისინი საერთოდ პასუხის ღირსად ჩაგვთლიან, დარწმუნებული ვარ გვიპასუხებენ, რომ ბედნიერებისათვის არც ფიზიკურად მონობაა შემაფერხებელი და არც ფიზიკური თავისუფლება საკმარისი. ადამიანი პირველ რიგში შინაგანად, სულიერად და აზროვნებით უნდა იყო თავისუფალი,  აღსავსე რწმენით, რომ შენ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებისთვის ხარ გაჩენილი და რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დანებდე და იბრძოლო ბოლომდე შენი ოცნებებისთვის, შენი მიზნებისათვის.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

საინტერესო ფაქტები: ძლევამოსილების ზენიტში მყოფი „ქარიშხლის დამაოკებლისა“ და „ორი ზღვის ყაენის“ ალი ბეი ალ–ქაბირის დამარცხება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ეგვიპტის მბრძანებელს საკუთარი სიძე, თავისივე გაზრდილი მამელუქი მუჰამედ ბეი  აბუზაჰაბი აუჯანყდა.

„აღმოსავლეთის მზედ“ წოდებული დაუდ–ფაშას დამარცხება კი თურქთა იმპერიის სახელგანთქმულმა მთავარსარდალმა ალი–რიზამ შეძლო.

საინტერესო კი ის არის, რომ ბედის ირონიით, უცხო ქვეყნებში მბრძანებლებად ქცეული  დიდი ქართველების დამმარცხებლები, მუჰამედ ბეი აბუზაჰაბიც და ალი–რიზაც ქართველები იყვენ…

მრავალნატანჯი საქართველოს  მრავალტანჯული, მაგრამ შეუდრეკელი სულის შვილები…

წყარო: http://mebonia.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment