სიყვარული, სურვილი და მოტივაცია არის ის სამი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ნებისმიერი ქმედებისკენ გვიბიძგებს. სურვილი ნაკარნახევია სიყვარულით, მოტივაცია კი აძლიერებს სურვილს. ბევრი საინტერესო ბიზნესი წამოწყებულა საქმისადმი სიყვარულით და ძლიერი სურვილით, მაგრამ შეჩერებულა მოტივაციის დეფიციტით. ამიტომ დღეს ჩვენ შევეხებით მოტივაციის როლს ქართულ ბიზნეს გარემოში და ამ თემაზე BPN Georgia – ს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელს, ნინო მამადაშვილს გავესაუბრებით.
– რა მოტივაცია ედო საფუძვლად BPN – ის შექმნის ისტორიას?
– დახმარების მოტივაცია და წარმატებული შვეიცარიელი ბიზნესმენების ერთობლივი სურვილი, გაეზიარებინათ ბიზნესში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვა დამწყები თუ შემდგარი ბიზნესებისთვის. ამ სურვილმა გააჩინა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძლიერი მოტივაცია, შექმნილიყო ფონდი და აგერ უკვე 25 წელია ეს ორგანიზაცია მრავალ ქვეყანაში უამრავ ბიზნესს უდგას მხარში სწორი რჩევებით და მაგალითებით.
– ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში არაერთ მეწარმესთან გაქვთ შეხება. არიან ისინი საკმარისად მოტივირებულნი?
– ქართველი მეწარმეების ძლიერი მოტივაციის საუკეთესო დასტური არის ის, რომ ქვეყანაში არსებული უამრავი გამოწვევის მიუხედავად ისინი მაინც არ ნებდებიან. შეიძლება ითქვას, გამოწვევები კრეატივსაც კი ავითარებს მათში და მუდმივად ახალი იდეებით და გამოსავლებით ხვდებიან ყოველ მორიგ დაბრკოლებას, რაც შთამაგონებელია სხვა დამწყები ბიზნესებისთვისაც. ამას ალბათ ქართველის, როგორც პატარა ერის, მებრძოლი და თვითგადარჩენაზე ორიენტირებული ხასიათიც განაპირობებს.
– ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია მოტივირებული თანამშრომელი ბიზნესში?
– მოტივირებული მმართველი და თანამშრომელი ბიზნესის წარმატების პირველი და უალტერნატივო ინსტრუმენტია. გაიხსენეთ, როდის იყო თქვენი შედეგები საუკეთესო, როცა აკეთებდით საქმეს სიხარულით და შემართებით თუ როცა – ძალდატანებით, შიშით ან უხალისოდ. მოტივირებული გარემო ბადებს ენერგიას, ინიციატივებს, კრეატივს, ლოიალობას, მოთხოვნილზე მეტი ძალისხმევის გაღების მზაობას. ეს დასაქმებული კადრისთვის საუკეთესო უნარებია. საპირისპიროს ბადებს არამამოტივირებელი გარემო. გააანალიზეთ, როგორ გარემოში გიწევთ მუშაობა, ან როგორ გარემოს უქმნით თქვენს თანამშრომლებს, და მიხვდებით, რის ხარჯზე ხართ მეტად წარმატებული ან წარუმატებელი.
– როგორც ვიცი, BPN Georgia მსმენელს ამ თემაზეც სთავაზობს სემინარს, შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ სემინარის შესახებ?
– დიახ. იდეა დაიბადა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს. ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მრავალ ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვმართავთ მეწარმეებთან, რომლის დროსაც სხვა გამოწვევებს შორის ყველაზე მძაფრად თანამშრომლებში მოტივაციის დეფიციტი სახელდება. ამ თემას სერიოზული ყურადღება დავუთმეთ და ასე, საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა სემინარი «თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივირება”..
მოტივაცია არ არის მყარი მოცემულობა, რომელიც უცვლელად არის ადამიანში. ის სხვადასხვა გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების გავლენით ჩნდება ან ძლიერდება და პირიქით, იკლებს ან სულაც ქრება. ყველაფერს კი თავისი საფუძველი აქვს. სემინარზე სწორედ ამ მიზეზებს ვაანალიზებთ და საკუთარი თავის და თანამშრომლების მოტივირების მეთოდებს განვიხილავთ.
– უკუკავშირიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ, რამდენად აღწევთ მიზანს და ახერხებთ დამსწრე აუდიტორიის მოტივირებას?
– ჩვენს სემინარებს შორის ეს ერთ – ერთი ყველაზე მოთხოვნადი სემინარია, რადგან საქმე ეხება ისეთ კომპლექსურ თემას, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა. საკუთარი თავის და სხვების შემეცნება ადამიანის არსებობის ალბათ ყველაზე საინტერესო პროცესია. სწორედ ეს იწვევს ამ სემინარის აქტუალურობას და პოპულარობას.
ზოგადად ნებისმიერი წარმატების სათავე გაცნობიერებაა, მიზეზ – შედეგობრივი კავშირების დანახვაა. მიზანმიმართული მაგალითებით და ტესტებით ჩვენ ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას, ვქმნით დაფიქრების საფუძველს და შემდეგ სემინარის მონაწილეებსვე ვაძლევთ გონივრული და ეფექტური გამოსავლის პოვნის საშუალებას ჯგუფურ დისკუსიებში. გაცნობიერების და თვითრეფლექსიის ეს ცოცხალი პროცესი ყველა მონაწილეში საოცარ ცნობისმოყვარეობას და ჩართულობის სურვილს აღძრავს და ამით ჩვენი მიზანიც მიღწეულია. ჩვენ ვასწავლით მათ, საიდან უნდა დაიწყონ მოტივაციის დეფიციტის პრობლემის ძიება და შემდეგ როგორ უნდა შეინარჩუნონ საკუთარ თავშიც და სხვაშიც მოტივაცია. სემინარის მსვლელობის დროს ვაკვირდებით, როგორ იწყებენ მონაწილეები საკუთარი თავის, როგორც მმართველის და საკუთარი თანამშრომლების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვას, როგორ ხვდებიან საკუთარ შეცდომებს და მათი გამოსწორების გზებს, რაც საოცარ მოტივაციას აძლევთ მათ, ახალი ცოდნით და უნარებით დაბრუნდნენ სამუშაო მაგიდასთან და ყველაფერი დაიწყონ ახლებურად, სწორად.
– ზოგადად რას ფიქრობთ, სასემინარო ფორმატი რამდენად კარგი შესაძლებლობაა აუდიტორიის მოტივირებისათვის?
– ვიტყოდი, რომ ერთ – ერთი საუკეთესო ფორმატია. ზოგადად ნებისმიერი დაბრკოლება და პრობლემა უფრო ადვილად გადასალახია, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ, რომ სემინარის სხვა მონაწილეებსაც მოსვლიათ შეცდომა და გამოუსწორებიათ. „მარტო არყოფნის“ განცდა უკვე დიდი შვება და მოტივაციაა. სემინარზე უსმენ კომპაქტურად თავმოყრილ და საინტერესოდ დამუშავებულ ქართულ და საერთაშორისო კომპანიების მაგალითებს. რა მეთოდებით და მიდგომებით მიაღწიეს მათ თანამშრომლებში ლოიალურობას და მოტივაციას. ან რამ გამოიწვია ამ კომპანიებში მოტივაციის დაქვეითება. შემდეგ უსმენ სემინარზე დამსწრეთა პირად გამოცდილებებს და მათ ანალიზს ამა თუ იმ მაგალითზე და ნელ – ნელა აცნობიერებ, სად რა შეგეშალა, სად გაქვს გამოსწორების პოტენციალი და ეს გამოსავლის აღმოჩენის მომენტი უდიდესი მოტივაციით გავსებს. ამდენ ერთი თემის და პრობლემატიკის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანს მხოლოდ ამგვარ სასემინარო გარემოში თუ ნახავ. ზოგადად ჩვენი სხვა სემინარებიც იგივე მიზანს ემსახურება: პრობლემების ერთობლივად იდენტიფიცირებას და გამოსავლის პოვნას.
– კონკრეტული სემინარის მონაწილის მოტივაციის მაგალითს ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც თავად გახდა BPN Georgia – თვის მოტივაციის წყარო?
– BPN Georgia – ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის თითქმის ყოველი მონაწილე საუკეთესო მაგალითია ძლიერი შინაგანი მოტივაციის. მათი სახელების და ისტორიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
– თქვენი მოტივაციის წყაროც რომ გაგვიმხილოთ?
– ესაა მოტივირებული ადამიანების და ამ ადამიანების მოტივირებაში ჩემი და ჩემი კომპანიის წვლილის დანახვა!
თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,
დარეკეთ: 599 87 93 41