აზრები მატერიალიზდებაო, ამბობენ. მე ვეთანხმები, მაგრამ..
არსებობს ერთი მაგრამ…
ცხოვრებაში არსებობენ „უჩინმაჩინები“, შინაგანი ღუზები, მუხრუჭები – ჩვენი პირადი შეხედულებების, მტკიცებულებების და რწმუნებულებების სახით.
სწორედ ისინი მართავენ ცხოვრების პროცესებს და არა აზრები, რომლებიც ერთჯერადად წარმოიქმნება ხოლმე თავში, ან სურვილები, თუნდაც რაღაც ძალიან გვინდოდეს.
მეტსაც გეტყვით, არც ყოველდღიური ვიზუალიზაცია, ლოცვა-ვედრება ან მედიტაცია არ უშველის აზრების მატერიად ფორმირებას და სასურველის მიღებას თუ არ გადაიხედება და არ შეიცვლება შეხედულებები….
თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ, ატრიალოთ თავში სასურველი სურათები, მაგრამ სანამ შიგნით, ღრმად გაქვთ თუნდაც, ერთი წინააღმდეგობა მაინც, იმასთან დაკავშირებით რაც გინდათ, არაფერი გამოვა.
„ეს არ მუშაობს!“
„არ გამომივა“
„რა სისულელეს ვაკეთებ“
„ყველა დიდი ფულის უკან, დიდი ცოდვები დგას“
„მე რამ მომცა, ამის ბედი“ და ა.შ.
დამერწმუნეთ, სანამ ეს წყლისქვეშა ლოდები სახლობენ თქვენს შინაგან სამყაროში, სურვილები რომლებიც ასე გინდათ ასრულდეს, – არ იმუშავებს! არ გამოგივათ!.. ქვეცნობიერს აქვს სხვა შეხედულება, რომელიც, სხვათა შორის, თქვენ მიაწოდეთ ერთ დროს ან ახლაც იგივეს ამტკიცებთ.
ცნობიერს კი უნდა, მაგ. „ბევრი ფული“, მაგრამ ქვეცნობიერმა იცის „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“(თქვენ ხომ ამ აზრს სიამოვნებით დაეთამხმეთ, ოდესღაც და ის პროგრამის სახით ჩაიწერა), ამიტომ ქვეცნობიერს აქვს თქვენი დაცვის ფუნქცია და სულაც არ უნდა მოხვდეთ ჯოჯოხეთში. შესაბამისად, სანამ ამ ლამაზ სიტყვებს არ შეცვლით სხვა შეხედულებად, მტკიცებულებად ბევრ ფულს კი არა, ცოტა ფულიც ნატვრად დარჩება… დაახლოებით ასე მუშაობს ჩვენი შეხედულებები, რომლებიც ღრმად, ლამაზ სიტყვებად და მყარ პროგრამებად არის ჩამჯდარი. ის აყალიბებს რეალობას და დაგვატარებს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე „თავის“ ჭკუაზე.
იმისათვის, რომ გადავიდეთ ახალ მასშტაბზე, საჭიროა „გადახალისება“ ყველაზე ღრმა, ხელის შემშლელ მტკიცებულებებში. აი, მაშინ კი ჯანსაღი, ყოველდღიური აზრები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაგაქროლებენ მიზნისკენ.
როგორ უნდა „დაგახალისდეს“?
პირველი:
იპოვეთ ის შეხედულება რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში. ამის გაკეთება დამოუკიდებლად ძალიან რთულია, ამიტომ მიმართავენ ქოუჩს ან სხვას.. დამოუკიდებლად რომ შეცვალოთ თქვენი ხელის შემშლელი პროგრამა ამისათვის საკუთარ თავთან უნდა იყოთ პირმართალი, გამოუტყდეთ თავს – „შეიძლება ეს აზრი სულაც არ შეესაბამება რეალობას?“
ახალა მიპასუხეთ, რამდენი ადამიანი იცით თქვენს გარშემო, ან პირველ რიგში, თქვენ თვითონ, ხართ თუ არა იმათ რიგში, ვინც საკუთარ შეხედულებას და აზრს ეჭვქვეშ დააყენებს?
მეორე:
თუ გადალახეთ პირველი ეტაპი დამოუკიდებლად, ამის მერე, აიღეთ თქვენი შეხედულება მაგ: მინუსი პროგრამა: „მე არ გამომივა“ – გადაიყვანეთ პლიუს პროგრამში: „მე გამომივა, გავაკეთებ“…
მესამე:
დროებით გამოეთიშეთ ყველაფერს. მოიგონეთ ან მოიძიეთ, რა სფეროშიც გაქვთ გადასახალისებელი შეხედულება, მისაბაძი მაგალითები: რეალური წარმატებული ისტორიები, იპოვეთ ისეთი ადამიანები, თუ გნებავთ რეალობაში, თუ გნებავთ ინტერნეტში, თუ გნებავთ წიგნებში, რომლებიც რეზონანსში მოდიან თქვენთან – აიღეთ მათი ტექნიკები, შეისწავლეთ „როგორ მიაღწიეს შედეგებს?“, იარეთ პიროვნული ზრდის და განვითარების ტრენინგებზე .
მეოთხე:
გადადით ქმედებაზე. არ მოცდეთ არაფერ სხვაზე – აკეთეთ, აკეთეთ, აკეთეთ (ის, რასაც წარმატებული ადამიანები ამბობენ და არა ის, რაც თქვენ გაწყობთ, რასაც ფიქრობთ). აკეთეთ, სანამ არ გამოგივათ, სანამ თქვენი ადრინდელი შეხედულება – „ამას ვერ შევძლებ“„ ეს არა რეალურია“„ფული მარტო ნაძირლებს აქვთ“… და მსგავსი შეხედულებები – არ დაკარგავს აზრს.
მოქმედება ყველაზე ეფექტური მეთოდია. მითუმეტეს, „გადასახალისებელი“ შეხედულებები, დევს კი არა და დახვავებულია ზედაპირზე.
გისურვებთ წარმატებებს,
თქვენს შესაძლებლობებში რწმენით, ქოუჩი თამარ კვარცხელია