“როდესაც ნიკო ფიროსმანს ჰკითხეს როგორ ხატავო, ასეთი პასუხი გასცა: ფუნჯის წვერზე ანგელოზი მიზის და ის ხატავსო. თუკი ვინმე რამეს ქმნის ცხოვრებაში, თუნდაც პატარა რაღაცას, რომელიც თავადაც აბედნიერებს და ხალხსაც მოსწონს, ეს ნიშნავს რომ ის ადამიანი არის გამტარი. ნიჭი ჩემთვის ნიშნავს რომ შენ შეძელი გამხდარიყავი გამტარი, რომელიც მოდის მხოლოდ ზემოდან”- ამბობს ჩემი რესპონდენტი ირმა კაპანაძე, თვითნასწავლი ხელოვანი მრავალფეროვანი ნამუშევრებით.
ირმა ხატავს, ქარგავს, ძერწავს, აქანდაკებს და თავისი ნამუშევრებით ბევრს აოცებს… აოცებთ ის ფაქტიც, რომ ამ ნამუშევრების ავტორი პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია და ამჟამად სკოლაში, უცხო ენის პედაგოგად მუშაობს.
თუმცა, მისი ცხოვრების შემოქმედებითი გზა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო.
ირმა კაპანაძე: ბავშვობიდან ვქარგავ და ვხატავ. პირველად ნემსი ბაღში დავიჭირე ხელში და მოვქარგე. მერე სახლში სუფრაზე ვაკეთებდი ნაქარგებს. მახსოვს, სადღაც მეექვსე კლასში, გლობუსი მოვქარგე მშვიდობის მტრედით. შემდეგ ამ ნაქარგმა სკოლების გამოფენაზე პირველი ადგილი აიღო და დაიბეჭდა საბავშვო გაზეთში “ნორჩი ლენინელი”. ამ გაზეთში მოხვედრა მაშინ ძალიან სასიხარულო და ემოციური იყო.
ბავშვობაში ძალიან მინდოდა ხატვის მასწავლებელთან სიარული, მაგრამ მამაჩემი იყო წინააღმდეგი. ხატვას, როგორც გასართობს ისე უყურებდა. მისთვის მთავარი იყო საგნების ძალიან კარგად სწავლა და მაღალი ნიშნები. გული ყოველთვის მწყდებოდა ხატვაზე რომ არ მივლია.
-“დიდი ხნის აუხდენელი ოცნება ტანჯავს სულს” უთქვამს შექსპირს. ამ ჩაკლული ოცნების გამო, დიდხანს ჩაგრჩათ გულში წყენა მამაზე?
-ძალიან ბევრი წელი. იქამდე, სანამ ერთხელაც სამხატვრო სახელოსნოში არ ამოვყავი თავი. პირველად სახელოსნოში რომ შევედი სასწაული დამემართა, მივხვდი რომ ჩემს სამყაროში მოვხვდი. მიუხედავად იმისა რომ სხვისი სახელოსნო იყო, იქაური ატმოსფერო ძალიან ჩემი აღმოჩნდა. აი, მაშინ უკვე ყველანაირი წყენა გაქრა. ზოგადად არავისზე არ უნდა იყო ნაწყენი, მითუფრო მშობელზე, ახლა ასე ვფიქრობ. მოგვიანებით, უკვე გვიან ასაკში, დედა ყველანაირად ხელს მიწყობდა და მიბიძგებდა ჩემი სურვილების ასრულებისკენ. და სწორედ ახლახანს, პანდემიის პერიოდში, შევისწავლე ხატვა გრაფიკულ დონეზე. სამ მხატვართან სახელოსნოებში გავიარე კურსი და ბავშვობის ოცნებაც გვიან, მაგრამ მაინც ავიხდინე. საკმაოდ კარგი გრაფიკული ნამუშევვრები გამომივიდა. სამივეს შექება დავიმსახურე.
ასევე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, თურქული კულტურის ცენტრში ტრადიციული თურქული რეწვის, მოვარაყების, ფაიფურის და წყალზე ხატვის კურსები გავიარე.
-როგორ გარემოში იქმნება თქვენი ნამუშევრები და რაზე ფიქრობთ მუშაობის დროს?
-მუშაობა ღამით მიყვარს, მაშინ როცა ყველას სძინავს. სიჩუმე ჩემი საუკეთესო მეგობარია. არ მიყვარს როცა ვინმე თავზე მადგას, დეტალებს ხელში იღებს და მეკითხება,- თუ რა არის ეს და რას ვაკეთებ… აი, ამიტომ არის მუშაობისთვის ღამე იდეალური.
მუშაობის პროცესში, მუდმივად ტრიალებს თავში კითხვა, – ნეტავ გამოვა ის, რაც მინდა? შუა გზაზე, როცა უკვე ვიგრძნობ რომ გამოდის იქედან მეუფლება სისავსის და შინაგანი სიხარულის გრძნობა. მუშაობის დასრულების შემდეგ კი რაღაც პერიოდი სრულ სიცარიელეს ვგრძნობ. ვჯდები და ჩემს ნამუშევარს დიდხანს ვუყურებ, ამ დროს ასეთი ფიქრები მომდის თავში, ნეტავ ეს დეტალი როგორ გავაკეთე-მეთქი. წლების შემდეგ კიდევ უფრო მიკვირს, ისე მომწონს, ჩემი გაკეთებული აღარ მგონია.
-თიხისგან მინიატურების კეთება როდის დაიწყეთ?
ბავშვობაში იყო პერიოდი როცა ვთამაშობდი ჩემი გამოძერწილი პლასტელინის ფიგურებით. გამოვძერწე ოჯახი – დედა მამა და შვილი, მათ ასევე გამოვუძერწე- მაგიდა, სკამები, დივანი, ოთახები. ასე დავატარებდი და ვაცხოვრებდი თავიანთ ოთახებში. ერთ ზაფხულს, დასასვენებლად რომ წავედით, ეს ფიგურები აივანზე შევინახეთ და როცა უკან დავბრუნდი დამდნარი და გაფუჭებული დამხვდა. აი, აქ დამთავრდა ჩემი ძერწვა.
ბევრი წლის შემდეგ თიხით გამოძერწვის სურვილმა გაიღვიძა ჩემში. ჩემი ბიჭის დამსახურებაა დღეს რომ თიხით ვძერწავ. მთხოვა თიხა მიყიდეო. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ვიფიქრე, იქნებ რა უნდა გააკეთოს და მასში ნიჭი არ ჩავკლა-მეთქი. ვიცი, როგორი ცუდი გრძნობაა როცა რაღაც გინდა და მშობელი უარს გეუბნება. იმ წამსვე მოვუტანე… დაჭყლიტა, დაყარა და მიატოვა. მისი თიხასთან ურთიერთობა ამით დასრულდა. ამ დაჭყლეტილ თიხას რომ შევხედე შემეცოდა, მოვკიდე ხელი და გავაკეთე პატარა ჩაიდანი, შემდეგი იყო ვაზა ყვავილებით. აი ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა და შეხება თიხასთან. ამის შემდეგ მომინდა რაღაც სერიოზულის, უფრო შინაარსით დატვირთული მინიატურის გაკეთება. ჩემს პირველ სერიოზულ ნამუშევრად ვთვლი ვიოლინოს, რომელიც დევს სკამზე. ჩემი ბიჭი უკრავს ვიოლინოზე, ამიტომ ეს ნამუშევარი მას მივუძღვენი. შემდეგი მიძღვნა გავუკეთე ჩემს გოგონას, რომელიც ნიჭიერთა ათწლედის სტუდენტია და ძალიან კარგად უკრავს, გამოვუძერწე პიანინოსთან მჯდომი გოგონა. ასევე მაქვს მინიატურა, სახელად “გაზაფხული”, რომელშიც მოვიაზრებით მე და ჩემი მეუღლე.
-თუ თქვენი ნამუშევრების მიხედვით ვიმსჯელებთ, თქვენი ინსპირაციის წყარო თქვენივე ოჯახია. მოსწონთ მათ თქვენი ნამუშევრები? რას გეუბნებიან?
-დიახ ასე გამოვიდა რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ინსპირაციაა. ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ. მეუღლესაც, თუმცა იყო პერიოდი, როცა სერიოზულად არ უყურებდა ჩემს ამ საქმიანობას. თიხით რომ ვძერწავდი, საქმე არა გაქვს და ერთობიო მეუბნებოდა. შემდეგ როცა ჩვენმა ნაცნობ-მეგობრებმა ნახეს და მოეწონათ, თავადაც დაინტერესდა, მათზე დაკვირვება და სერიოზულად აღქმა დაიწყო.
ამბობენ რომ სითბო და სიკეთე მოდის ჩემი ნამუშევრებიდან და ეს მახარებს. ერთი ნახატი მაქვს “სამოთხის ჩიტი”, მტრედი, რომელიც მიფრინავს სინათლისკენ, თავისუფლებაში, ჩემს ახლახანს გარდაცვლილ დედას მივუძღვენი. თითქოს შვებას ვეძებდი მასზე მუშაობის პროცესში. შერეული ტექნიკაა, აკრილითაა დახატული მუყაოზე, თვითონ ჩიტი გაკეთებულია ცივი ფაიფურით. ცივი ფაიფური ძალიან საინტერესო ტექნიკაა. სამომავლოდ გეგმაში მაქვს მისი აქტიურად გამოყენება. იმდენად სასიამოვნო მასალაა ხელს რომ ვკიდებ დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
-ქარგვა, ხატვა, ძერწვა, გამოქანდაკება – ამ ხელსაქმეებიდან დამამშვიდებელი და თერაპიული ეფექტი უფრო მეტად რომელს აქვს?
-პირადად მე ყველა ხელსაქმე მამშვიდებს. მუშაობის პროცესში სხვაგან ვარ… თუმცა, უფრო ძერწვას გამოვყოფდი, რადგან ძერწვა ძალიან ჩემია. ვფიქრობ, მოქანდაკე უნდა ვყოფილიყავი, ამის საშინელი განცდა მაქვს. თიხის უბრალოდ ხელში მოჭყლეტაც კი სიამოვნებას მანიჭებს. ქარგვაც ძალიან სასიამოვნო პროცესია.
-ყველაზე შრომატევადი საქმე რომელია აქედან, რომელსაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება ?
-ყველაზე შრომატევადი გობელენზე მუშაობა და ქანდაკების გამოთლაა. სწორედ რამდენიმე დღის წინ, ჩემს მასწავლებელთან ერთად, პირველად გავაკეთე ფერად კანიანი გოგონას ქანდაკება. ამ ქანდაკებაზე ორი კვირა ვიმუშავეთ, არ არის მარტივად გასაკეთებელი. ჩემთვის ეს პირველია და ვფიქრობ, თანდათან მუშაობაში ხელი გაიწაფება და შემდეგ უფრო სწრაფად გავაკეთებ. არ ვიცი, ვინ რა მასალისგან გაკეთებულს ეძახის ქანდაკებას, მაგრამ ჩემთვის როცა თლი ეს უკვე ქანდაკებაა. ეს გოგონა ცვილის მსგავსი ფაქტურისგან არის გაკეთებული.
-როგორც ვნახე თქვენი ნამუშევრების დიდი ნაწილი როგორც ოჯახის, ასევე რელიგიის თემატიკასაც ეხება.
-დიახ, ეს ორი წმინდა რამ ჩემი მთავარი ინსპირაციაა. ჩემი მინიატურული ნამუშევრებიდან გამოვყოფდი “ამაღლებას”, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე “შობის ღამეს”, სადაც ჩემი შვილები დგანან ფანჯარასთან. ასევე ოქრომკერდით ნაქარგ ჯვრებს, – ეს არის საქმე, რომლის კეთების დროსაც დრო ჩერდება. იყო დრო მათ კეთებაში ღამეებს ვათენებდი და ეს ენერგიას კი არ მაცლიდა, პირიქით მაძლევდა. დიდ შინაგან თვითსიხარულს განვიცდიდი…
სახარების სანიშნეებზე ნაქარგი ჯვრები მოძღვრებს ვაჩუქე. ერთი ბებიას გავატანე თავის მოძღვართან, მამა ლაზარესთან, რომელიც ახლა სამთავროშია წინამძღვარი. ისეთი მოწიწებით და სიხარულით მიჰქონდა ვერ აღგიწერთ.
საოცარი განცდაა, როცა საკურთხეველში, იქ, სადაც ქალის ფეხი ვერასოდეს მოხვდება, სახარებიდან ჩამოშვებულ სანიშნეზე შენს ნამუშევარს ხედავ…
-თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?
-ახლა შვებულება მაქვს და ვაპირებ ბევრი რამ გავაკეთო. ამ ეტაპზე ჩემი ორი სტიქია და მიზანი არის ფერწერა და ქანდაკება. ჯერჯერობით მხოლოდ გრაფიკული ნამუშევრებით შემოვიფარგლები და დიდი სურვილი მაქვს ფერწერის შესწავლის. გეგმაში მაქვს ქანდაკების მიმართულებითაც აქტიური მუშაობა, საინტერესო და ღირებული ნამუშევრების შექმნა და დაგროვება, რომ შემდეგ თავს უფლება მივცე, ვითხოვო გამოფენა.
გარდა ამისა, ძლიან მინდა სახელოსნო. შესაფერისი სივრცე მჭირდება ჩემი ნამუშევრებისთვის. სახლში როცა ვმუშაობ, გარეშე თვალი ამ დროს სახლს, როგორც არეულს, ისე აღიქვამს და დისკომფორტი ექმნებათ. მე კი, შუა პროცესის დროს რომ ავალაგო დიდი ალბათობით მერე შეიძლება აღარც მივუბრუნდე. აი ამიტომ არის სახელოსნო საჭირო. მოკლედ, ვფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი მელოდება.
-არ გიფიქრიათ რომ მსურველებს შეასწავლოთ და გაუზიაროთ თქვენი ცოდნა?
– თაობებთან ურთიერთობა და მათთვის ცოდნის გაზიარება და გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია. პირველ რიგში შენ უნდა იგრძნო, რომ უკვე იმდენი იცი, შეგიძლია სხვებსაც ასწავლო. ინგლისურს კი ვასწავლი, მაგრამ ამ ეტაპზე ხელოვნების სწავლის მზაობა არ მაქვს. თუმცა, მომავალში ვხედავ რომ მექნება სახელოსნო და აუცილებლად გავუზიარებ მომავალ თაობას ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც დროთა განმავლობაში დამიგროვდება.
-პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებს რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაშიდა და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანისთვის?
-პიროვნული ზრდა და განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ჩემთვის და მე ვფიქრობ ყველა ადამიანისთვის. ეს მოვალეობაც კია, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი 25 და 65 წლის ასაკში იყოს ერთნაირი. ფსიქოლოგიით ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან დავინტერესდი, მაგრამ მაშინ არ იყო ამდენი ტრენინგი, ინტერნეტსივრცე და ინფორმაცია ასე ადვილად ხელმისაწვდომი. ეს იყო პერიოდი, როცა ბევრს ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ლამის ერთიდაიგივე ეგონა და რომ ვიტყოდი “როგორ მინდა ფსიქოლოგთან საუბარითქო”, ისე შემომხედავდნენ ხოლმე, მეორედ ვეღარ ვბედავდი ხსენებას. ახლა ძალიან მიხარია, რომ ასე ხელმისაწვდომია ფსიქოლოგიური ტრენინგები, არჩევანიც დიდია. უფრო ინტენსიურად პიროვნული ზრდის ტრენინგებში ჩავერთე პანდემიის პერიოდში, ძირითადად ჯგუფურ ტრენინგებში, რაც ბევრის მომცემია ნამდვილად. გავიარე სხვადასხვა ქოუჩების და ფსიქოლოგების ტრენინგები და არ შემიძლია არ გამოვყო ორი, ჩემთვის განსაკუთრებული ტრენინგი, “365 დღე და 365 შანსი” და “ზრდისფაქტორი”. ორივე იყო დაუვიწყარი. ამ ტრენინგებმა მასწავლა გზები, როგორ უნდა ჩავუღრმავდე საკუთარ თავს. დამაკვალიანა როგორ უნდა მოვახერხო ყველაზე მთავარი – “შეიცან თავი შენი” და როგორ შეიძლება შეცვალო სამყარო შენს გარშემო. ცხადად დამანახა რომ მთელი ეს მრავალფეროვანი და უკიდეგანო სამყარო შენშია და იქ შეგიძლია მოძებნო ყველაფერი, ყველანაირი რესურსი და ოცნებების გასაღები. დაუვიწყარი იყო “365 დღის” ფინალური შეხვედრა ბაკურიანში, სადაც ჩვენ ყველამ, მონაწილეებმა ერთმანეთი გავაძლიერეთ და ავავსეთ პოზიტივით, ენთუზიაზმით, ენერგიით. ამის შემდეგ ყველას ცხოვრებაში დაიწყო იმ ოცნებების ასრულება, რაც ერთმანეთს გავუმხილეთ. ძალიან მიხარია ყველა მათგანის წარმატება, უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული მათგანის და რაც მთავარია ამ ტრენინგების სულისჩამდგმელის ქალბატონი თამარ კვარაცხელიასი, არაჩვეულებრივი ქალბატონის, რომელიც უშურველად და მთელი თავისი ენერგიით გასცემს დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას. საოცრად მადლიერი ვარ, რომ აღმოვაჩინე და მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება.
-ირმა, როგორც ვნახეთ თქვენ ოცნება აიხდინეთ და იმას აკეთებთ რაც ასე ძალიან გინდოდათ ბავშვობაში, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებსაც ოცნებები ბავშვობაში დარჩათ?
-ამ კითხვაზე გამახსენდა წლების წინანდელი ჩემი შინაგანი განწყობა, რომელიც ასეთი იყო – “უკვე ყველაფერი გვიანია”. მაშინ ვიყავი ასე 30-დან 35 წლამდე ( მე თავი ახლაც ძალიან ახალგაზრდად მიმაჩნია ) მე შვილები თავად გავზარდე, მთელი ენერგია მათში ჩავდე, რასაც არ ვნანობ რა თქმა უნდა და თანდათან შედეგებსაც ვიმკი, მაგრამ მე თავად ვერ მოვახერხე რეალიზება. და მაშინ ვთქვი “ჩემმა მატარებელმა ჩაიარა”, რაზეც ახლობელმა მიპასუხა – “რატო ირმა, იქნებ ჯერ არ ჩამომდგარაო?” და მე ძალიან გამიკვირდა, მე ხომ 30-ს გადავცდი და ეს რას მეუბნება-მეთქი… ასევე მახსენდება დედას ნათქვამი, ქალი 40 წლის მერე უფრო იხსნება და რეალიზდებაო. ამ ნათქვამსაც სკეპტიკურად შევხედე რა თქმა უნდა. მაგრამ ზუსტად ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ პროფესიით მუშაობაც 40 წლისამ დავიწყე და ჩემი ოცნებების ასრულებაც, ხატვა, ძერწვა, გობელენი… რასაც პარალელურად ვაკეთებ.
ახლა ვფიქრობ რომ გვიანი კი არა, ყველაფერი ახლა იწყება და იმდენი გეგმები და მიზნები მაქვს. აი ამას ვეტყოდი ყველას, არც 30 ან 40 და არც 50 წელი არანაირად არაა გვიან რომ გადადგა ნაბიჯი. პირიქით, ამ დროს ისეა ადამიანის გონება “დაღვინებული”, ბევრი რამ ცხოვრებაში უკვე გადაფასებული აქვს და ვფიქრობ შესანიშნავი დროა დაიწყო და აკეთო საყვარელი საქმე.
ავტორი: ნინო გონგაძე