“შენ კი არ შეგეძლოო. როგორ არ შემეძლო, უბრალოდ, ისე არ დავმთვრალვარ ჩემი შესაძლებლობებით, რომ ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება დამეწყო.”
“ეს თავი, წარმოუდგენლად დიდი და, ალბათ, ბევრის დამტევი, სულ ერთიანად გაბურდულიყო თმაწვერში. სოფელში გითამაშიათ ბურთი? არასწორად დაჰკრავთ და იმგვარად გაეკვეხება ეკალბარდებში, რომ იქიდან გამოღება გაგიძნელდებათ, ხელები უეჭველად დაგეკაწრებათ. აი, ასეთი თავპირი ჰქონდა და, თითქოს ძველი ნახატიდან ამოჭრილ ხელმწიფეთა თვალები – სისასტიკით, ფიქრით, სიმშვიდითა და კეთილშობილებით სავსე.”
“”ვერა” იმედიანი სიტყვაა. იმას ნიშნავს, რომ ამის გამკეთებელი კი ხარ, მაგრამ რაღაც ერთი გაკავებს. “არა” სხვა საქმეა, “არა” მართლა “არაა”…
“სხვა ქვეყანაა – ხევ-სუ-რე-თი. არ-დო-ტი, მუ-ცო, შა-ტილ, დარ-თლო, ფარ-სმა, ჩინ-თი-ო, ისევ უღელტეხილი… არ მაგონდება… ხონი-ჩალ და მუ-ცო. შა-ტილ!.. აი, ასე ვარ ნამყოფი… ჩვენი მეგზური იყო თაზო. თაზო ერქვა. მოიცა, – ახლა სხვა მხრიდან მიუფორთხდა თავის ნახაზს, – ეს ხომ თბილისია? ეს არის დუ-შეთი, ასე… ბარის-ახო… მანდ პოეტი ცხოვრობდა… აი, კიდევ, აქეთ, გუ-ლან-ჰაჰ-მატ! სწორია? უღელტეხილი და ისევ შა-ტილ… ყველა გზა შატილში მიდისო…”
“ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს.”
“ასეა წესი, პირველი ვაჟი მეომარი უნდა დადგეს, მეორე ღმერთს აჩუქო, მესამემ სიბერეში მოგიაროს…
-და გოგოები?
-გოგოები კარგად უნდა გაათხოვო.”
აკა მორჩილაძე, “შენი თავგადასავალი“