fbpx

ნებისმიერს შეუძლია სასურველის მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ …

ავტორი დეა თავბერიძე
3K ნახვა

ამ ინტერვიუში ბევრ საინტერესო კითხვაზე იპოვით პასუხს. ასევე გაეცნობით წარმატების მისაღწევად საჭირო და აუცილებელ, სამ მთავარ პირობას …

ჩვენი სტუმარი ბევრისთვის კარგად ცნობილი  ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია გახლავთ.

მაშ ასე:

რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ოცნება და დასახული მიზნები რეალობად ვაქციოთ?! 

რა გავლენას ახდენს დადებითი განწყობა ჩვენს ყოველდღიურობასა და მომავალზე?!  

რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ცუდ გუნებაზე ვართ?!

თამარ კვარაცხელია: განწყობა, ამინდის ცვლილებასავით არის, ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ წვიმს… არის მომენტები, როდესაც  განწყობაზე არ ხარ და ვერც ხელოვნურად ახერხებ პოზიტიურ აზროვნებაზე გადასვლას. ამ შემთხვევაში მთავარია იყო იმ წუთსა და იმ მომენტში, მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ, დააკვირდე, – რა ფიქრები მოგდის, რას გრძნობ და აქედან გამომდინარე მიიღო გაკვეთილები (გაცნობიერებები.)

გინდა ამ ემოციებში ყოფნა კიდევ ორი-სამი დღე? იყავი, დააკვირდი და როცა ნახავ, რომ  ამას შენთვის კარგი არაფერი მოაქვს, ნელ-ნელა დაიწყე ფიქრების და ემოციების შეცვლა.

– როგორ ხდება ფიქრების და ემოციების შეცვლა?

– პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, – რატომ ვართ ცუდ ხასიათზე, რა მიქმნის ამ ცუდ განწყობას? რა აზრები მომდის თავში და ეს ყოველივე რისგან გამომდინარეა? თუ ეს აზრები მეხება მე, ჩემი კომპეტენციის ზონაშია და სიტუაციის გაუმჯობესება ჩემს ქმედებებზეა დამოკიდებული, მაშინ მე ამას ვმართავ. მაგრამ აზრები, თუ ეხება მეუღლეს, ბავშვებს, სიტუაციებს და იქედან გამომდინარე მოხდა ანარეკლი, რაც ცუდ განწყობას მიქმნის, მაშინ ვცვლი დამოკიდებულებებს, ვხდები დამკვირებელი, – რამ გამაღიზიანა, რა მაშფოთებს და თითოეულ შეხედულებაზე, რომელიც იმ მომენტში მიფიქსირდება, ვმუშაობ… ვეკითხები ჩემს თავს  – რეალურია ის ფიქრები და აზრები, რომელიც ამ დროს მომდის?!

თუ დამკვირვებლის როლში ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ აზრების 99 %  ან წარსულშია ან მომავალში. კონცენტრირება არ ხდება დროზე. ჩვენ არ ვიმყოფებით აქ და ამ წუთში. ძირითადად ცუდ განწყობაზე მყოფი ადამიანები, მოწყვეტილნი არიან აწმყო დროს.

ხშირია, როდესაც ქოუჩ-სესიების დროს მეუბნებიან – „ვსუნთქავ, დავდივარ, მაგრამ თითქოს არ ვარ“, ან „სხვებისთვის ცხოვრება დუღს, გადმოდუღს და ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება“… ზუსტად მაშინ გვჭირდება ძალიან ელემენტარული ქმედებები – ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, სხეულზე შეხება, ემოციებსა და აზრებზე დაკვირვება …

როცა საკუთარ თავს გვერდიდან აკვირდები, როგორც მაგალითად სცენაზე მყოფ მსახიობს, რომელიც როლს ირგებს, ხვდები იმ სიტუაციაში რას ფიქრობს, რა ემოციებშია, რა განცდებშია და ამ დაკვირვების შედეგად აცნობიერებ, რომ ადამიანი საკუთარი ილუზიების ტყვეობაშია. წარსულიდან მოაქვს  შიშები და გამოცდილებები, რომელიც მერე მომავალში გადააქვს… ნეგატიური აზრების საშუალებით კი ხელოვნურად ქმნის იმ ცუდი რეალობის მისეულ ვერსიას და დღეს, როცა რეალობაში არაფერი ემუქრება, ნერვიულობს არარსებულზე. ამ დროს შფოთი, ფორიაქი იმდენად დიდია, რომ გარედან ხდება შესაბამისი სიტუაციების მოზიდვა და კოშმარი ექცევა რეალობად.

-ანუ დღევანდელი ჩვენი ფიქრებით  ხვალინდელ რეალობას ვქმნით?

– კი, ნამდვილად ასეა… დღეს რაც გვაქვს, ეს არის ბოლო 5 – 10 წლის ფიქრების შედეგი. თუნდაც ერთი წლის, თუ აქტიურად მუშაობდი ამ მხრივ… მთავარია რა ფიქრები დომინირებდა, რა ინფორმაცია გადიოდა სიტყვების, თუ ემოციების სახით. სწორედ ეს ქმნის რეალობას, ამიტომ აუცილებელია ამ ყოველივეზე პასუხისმგებლობის აღება და გაცნობიერება თუ რაში მჭირდება ფიქრებზე და ემოციებზე დაკვირვება. რადგან დესტრუქციულ ფიქრებს მივყავართ დესტრუქციულ ემოციებთან, რაც იწვევს შესაბამის ქმედებებს… ცუდი ქმედებები იწვევს ისევ დესტრუქციულ ფიქრებს, შესაბამის ემოციებს, ქმედებებს … და ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც არანაირად ხელს არ უწყობს ცხოვრების გაუმჯობესებას.

რომ ავიღოთ სუფთა, ანკარა წყლით სავსე ჭიქა და მასში ყოველ დღე ჩავასხათ წვეთის მეასედი წითელი სითხე, რა მოხდება ? ჭიქაში წყალი გაწითლდება. იგივეა, ჩვენს გონებას რა ფიქრებიც მიეწოდება, როგორ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, რას ვკითხულობთ, რას ვუსმენთ, როგორ ვმეტყველებთ – ეს ყველაფერი არსად არ მიდის… და თუ ენერგიების დონეზე განვიხილავთ, ეს ყველაფერი ენერგიებია, ენერგიას კი აქვს ვიბრირების უნარი, რის შედეგადაც რაზეც ვიბრირებთ, იმას მოვიზიდავთ. ამიტომ თავისუფლად  შეგვიძლია ეს ვიბრაციები შევცვალოთ ხელოვნურად.

-ანუ? 

– ანუ ტვინი ეს არის ფენომერნალური ინსტრუმენტი, რომელიც „ღილაკზე“ ხელის დაჭერით ზუსტად იმ რეალობას ქმნის რა რეალობაც გინდა… ეს შეგიძლია გააკეთო წარმოსახვით და ამ წარმოსახვაზე ჩნდება ემოციები, რა დროსაც ირთვება ბიო -ქიმიური პროცესები. ტვინს ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში შეუძლია გადასვლა. ეს არის ვიბრაციების ცვალებადობა. საკმარისია დღეში რამდენჯერმე გააკეთო ვიბრაციის ასაწევი ტექნიკები და შენი ტვინი მიხვდება, თუ როგორ უნდა გადავიდეს ახალზე….

– ვიბრაციის ასაწევ რა ტექნიკებზე საუბრობთ?

-ბევრია, ერთ-ერთია ვიზუალიზაცია, რომელიც ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია. ასევე შეიძლება გამოიწვიო ხელოვნურად სიტყვებით – აფირმაციას რასაც ვეძახით. სიტყვები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ბედსა და ყოველდღიურობაზე. მაგალითად ჯანმრთელმა და საღსალამათმა ადამიანმა, ხშირად რომ იმეოროს – ცუდად ვგრძნობ თავს, შეუძლოდ ვარ… ორგანიზმი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას, უკუკავშირს და რეალურად ცუდად გახდება.

ამიტომ ნეგატიური ფიქრები უნდა ჩაანაცვლოთ პოზიტიურით: კარგად ვარ, ჩემი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ. მე შევძლებ, მე გავაკეთებ! როდესაც ამ სიტყვებს, ფიქრებს და ამის შესაბამის ენერგიებს უშვებ შენს თავში, სხეულიც ამ ტალღაზე გადადის, მხრები გეშლება, ხერხემალი გისწორდება, ხელებს შლი, ეგებები სამყაროს… შიგნით მიდის ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები.

– ეს სიტყვები ყოველ დღე უნდა გაიმეოროს ადამიანმა?

– დღეში რამდენჯერმე. შეხსენების მიზნით შეიძლება ამ აფირმაციების კედელზე გაკვრაც, რომ თვალში მოგხვდეს და ხშირად იმეორო. ან აპლიკაციის გაკეთება, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე მოულოდნელად შეიძლება ამოგივარდეს. როდესაც მოულოდნელია, ის პირდაპირ ჯდება ცნობიერში.

ტვინის მკლევარებმა დაადგინეს ნეირონები, რომლებიც თავში შესაბამის ქსელს ქმნიან, ჯგუფდებიან, ერთმანეთს ბილიკებით უკავშირდებიან და რაღაც ჯგუფები, რაღაც მოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი. და როდესაც შენ არ გაქვს სიხარულის, სილაღის და ბედნიერად ყოფნის ნეირონები გაკვალულ-განვითარებული, ვერანაირად  ვერ მოიზიდავ სიხარულს და ბედნიერებას…. შეიძლება გქონდა ასეთი ნათებები ბავშვობაში განცდილი, მაგრამ წლების შემდეგ  „ატროფირდა“  , მოსუსტდა, გაქრა… და ისინი ხელახლა რომ გაჩნდნენ გიწევს ხელოვნურად გამოიწვიო, გაკვალო…  ეს გავს მომენტს, როცა პატარა ბავშვი სიარულს სწავლობს, ის ვარდება უამრავჯერ, სანამ მყარად გადადგამს ნაბიჯს. ზუსტად ასეა ჩვენი სიხარულის, ბედნიერების, ჰარმონიის ნეირონების ამუშავებაც. ყოველდიური  სისტემატიური, განმეორებადი ქცევების შედეგია.

– როგორც ვიცი ტვინისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რამე რეალურად ხდება თუ წარმოსახვით, მთავარია მას მიეწოდოს სასურველი ინფორმაცია…

– დიახ, ნამდვილად ასეა. ტვინისთვის მნიშვნელობა არა აქვს წარმოსახვით ხდება რამე თუ რეალურად, იმისათვის რომ წარმოსახული რეალობად იქცეს სისტემატიურობაა საჭირო.  ანუ ტვინში უნდა გაიკვალოს ახალი ნეირონული ბილიკები, ამ სისტემატიურმა განმეორებამ ახალი პროგრამა უნდა შექმნას. ამ პროცესში ხდება შინაგანი, ძველი დესტრუქციული პროგრამების ამოყრა. შინაგანი პროგრამები, ეს არის ის  წინააღმდეგობები, რომელიც რეალურად არ გაძლევს მიზანთან მისვლის საშუალებას.

ეს წინააღმდეგობები, პროგრამები, შეხედულებები, მტკიცებულება-რწმუნებულებების სახით უნდა იქნას ამოყრილი და მთლიანად სარეველებისგან განთავისუფლებული და როდესაც შენ სუფთა ხარ ენერგეტიკულად და მზად ხარ შენი მიზნის რეალურად მისაღებად, ის თავისით, ნაკადში მოდის.

-სარეველებისგან განთავისუფლებას რას ეძახით?

-იმ დესტრუქციულ ენერგიას, რომელიც დაბალ ვიბრაციებსა და სიხშირეზე გამყოფებს. წარუმატებელი ადამიანის ვიბრაციები და წარმატებული ადამიანის ვიბრაციები სხვადასხვაა. ვიზუალიზაციას რაზე აკეთებ? აკეთებ მიზანზე, ოცნებაზე. უკვე განხორციელებულ ოცნებას აქვს თავისი ვიბრაციები.  უნარ-ჩვევები, აზროვნების მოდელი, შეიძლება ახალი გარემო დასჭირდეს.  ეს ყოველივე ის გზაა, რომელიც  ადამიანს მიზნამდე მიიყვანს.

-ყველას შეუძლია მიაღწიოს სასურველ მიზანს ვინც ამისკენ ისწრაფვის?

-ნებისმიერს შეუძლია სასურველის მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მისი აზროვნება შესაბამისობაში იქნება იმ სასურველთან. ანუ თუ იმუშავებს საკუთარ თავზე, აზრებზე, ემოციებზე, და ფიზიკურ ქმედებებს განახორციელებს ამ სასურველის მიმართულებით.

-რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოცვას ამ შემთხვევაში?

-გარემოცვა მუშაობს ჩვენზე, როგორც იტყვიან, 24 საათი კვირაში 7 დღე და ერთ-ერთი გადამწყვეტია ჩვენი წარმატებისთვის. ძალიან ხშირად, როცა სურვილების ახდენის გზას ადგები, გარემოცვა რომელიც გყავს, ღუზასავითაა და ხელს არ გიწყობს წასვლაში. ეს ადამიანები თავისთავად მოგცილდებიან, თუ შენ არ იქნები ვიღაცის აზრებსა და შეხედულებებზე დამოკიდებული და მტკიცედ და მყარად გეცოდინება ვინ ხარ, რა გინდა და საით მიდიხარ. ძველი მიდის და შემოდის ახალი, წინ წამწევი გარემო, რომელსაც იძენ მიზნისკენ მსვლელობის გზაზე და გიადვილებს ამ გზას. ამიტომ შენ თუ დღეს იმ გარემოში ვერ იზრდები სადაც ხარ, აუცილებლად უნდა დასვა კითხვა – რა მინდა მე?!

გარემოცვა გიწყობს ხელს, მაგრამ არ უნდა იყო გულხელებდაკრეფილი, მოქმედება აუცილებელია.

თითოეული წარმატების უკან დგას დაუღალავი, მონოტონური ქმედებები, რომელიც შეიძლება თავის დროზე, ზოგჯერ არც უნდოდა იმ წარმატეულ ადამიანს, რომ განეხორციელებინა. გარკვეულ მიზანს, გარკვეული უნარები და ჩვევები სჭირდება,  რაც არის მონოტონური, ყოველდღიური სამუშაო. მონოტონურობა უნდა ჩაანაცვლოს საქმის სიყვარულმა, ანუ როცა შენს საქმეს აკეთებ არა ვალდებულებით ( უნდა, საჭიროა, ვალდებული ვარ), არამედ – მე მიყვარს ეს საქმე და ენერგიით მავსებს. მაძლევს ძალას და შთაგონებას. რაც მთავარია, ჯამში იქმნება ფასეულობა რაც სხვებსაც ეხმარება.

– და ბოლოს, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, იქნებ გამოვყოთ სამი მთავარი პირობა, რომელიც წარმატების მისაღწევად აუცილებელია

–  პირველ რიგში უნდა გავარკვიო,- რა მინდა და რამდენად მნიშვნელოვანია ის რაც მინდა.

მეორე, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. იმის გაცნობიერება, რომ ჩემს წარმატებას და სასურველ რეალობას სხვა ვერ მიაღწევს. ეს მე ვაყალიბებ ჩემი ცხოვრების რეალობას, ჩემი აზრებით, ჩემი ფიქრებით, ჩემი ემოციებით და ჩემი ქმედებებით.

და მესამე, – ყველაფრის მიუხედავად იმოქმედე! ფოფხვით, ბობღვით, ხოხვით, ხტომით, ფრენით … მაგრამ იმოქმედე!

ავტორი: დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment