🇬🇪 🇪🇺 🇺🇦 ქართველების კოლექტიური ტრავმა – დილემა რუსეთსა და ევროპას შორის.
დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს სამკვდრო სასიცოცხლო ომი, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური „რუსეთის არ გაღიზიანების პოზიცია“, შეიძლება ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის ლოგიკური და გამართლებულიც იყოს, ზოგიერთისთვის კი პირიქით – საგანგაშო ხასიათის.
ერთი შეხედვით ისე მოსჩანს, რომ თითქოს და ჩვენი ეს ოფიციალური პოზიცია მხოლოდ რაციონალური და ცივი გონების აზროვნების შედეგია, რაც ამ სიტუაციისთვის შეიძლება ყველაზე ძალიან გვჭირდებოდეს – ყოველ შემთხვევაში ჩვენს სახელმწიფოს ასეთი გეშტალტით უნდა რომ ეს პოზიცია შეფუთოს. ბევრს მოსწონს ეს პოზიციაც.
მეორეს მხრივ აშკარა და ცხადია, ქართველი ხალხის უმრავლესობის შინაგანი დამოკიდებულება და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მაგრამ, აქ ისმის კითხვა: არის თუ არ არის სახელმწიფო ხალხის წარმომადგენელი? მართლა შეგვიძლია რომ დღეს უკრაინელებს ის გავაგებინოთ, რომ ჩვენი ხალხი და მთავრობა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის? ვაცნობიერებთ კი რეალურად ამით რას ვაკეთებთ?
სინამდვილეში, როგორც ერთ მთლიან ერს, სახეზე ორი მასკა გვაქვს აფარებული. ერთი მასკით უკრაინელებს ვეუბნებით, რომ ჩვენ მთელი გულით თქვენთან ვართ, რომ მათი სიმპატია მოვიგოთ. მეორე მასკით რუსებს ვეუბნებით, რომ მთელი საღი გონებით თქვენთან ერთად ვართ, რომ მათ მიმართ ლოიალურობა გამოვაჩინოთ. ეს ორივე მიდგომა არის მთლიანად შიშზე დაფუძნებული. არც ერთი მათგანი არ არის სიმამაცის აქტი, რაზეც ჩვენ ისტორიულად მუდამ პრეტენზია გვქონდა – რომ ვართ მამაცი, ვაჟკაცი და ღირსეული ერი.
რატომ ხდება ეს და რა არის ამისი ძირეული და შეიძლება ნაკლებად ხილული მიზეზები?
ქართველ ერს დღეს არა აქვს უშუალო რეალობის მთლიანი ადეკვატური აღქმის უნარი (რაც აუცილებელია სიტუაციის რეფლექტირებისთვის). პირველ რიგში ეს კოლექტიური ტრავმებისგან გამომდინარეობს. ესენი როგორც შიდა, ასევე გარეთა ფაქტორებით არიან განპირობებული. ისტორიულად ჩვენ უფრო მეტი საუკუნეები რომელიღაცა მძლავრი იმპერიის ნაწილები ვიყავით, ვიდრე თავისუფალი და დამოუკიდებელი ერი. ეს ჩვენს კოლექტიურ ქვეცნობიერის სიღრმეშია დალექილი და როგორც კონდიცია და ბაიასი ისე მოგვყვება ოდითგანვე.
მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ჩვენში არის დაუზიანებელი, გადარჩენილი ნაწილები, და ასევე სრულიად ხელშეუხებელი ნაწილებიც. ესენი გამოიხატება ჩვენს კულტურაში, შენარჩუნებულ ტრადიციებში, ცნობილ სტუმართმოყვარეობაში და ასე შემდეგ (რა თქმა უნდა ასევე ბევრი არასახარბიელო რამ შევიძინეთ, რაც „კარგად“ მიგვაჩნია და იმათ აქ შეგნებულად აღარ ვასახელებ).
ისტორიული დროის სპირალზე, ქართველ ერს ხშირად მოგვიწია თავიდან დაბადება. უკვე არაერთი ცხოვრება როგორც ერი დისკარნირებულები და ისევ თავიდან ინკარნირებულები ვართ ათასწლეულების მანძილზე.
დღესაც ისევ ახალი კოლექტიური „საშინაო დავალება“ გვაქვს, რომელსაც ისევ “ახლიდან დაბადება” ეწოდება.
კი, ნაწილობრივ ეს უკვე მოვახერხეთ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, მაგრამ დღევანდელობა გვაჩვენებს, რომ რამდენადაც საბჭოთა კავშირი ისევ ცდოლობს, საიქიოდან თავის წამოყოფას, იმისდა პროპორციულად ჩვენც მასთან ისევ თავიდან ვჰიპნოზდებით და ტრანსში ვვარდებით…
სულხან საბადან მოყოლებული ისტორიული შოკი ასევე ევროპიდანაც გვაქვს საკმაო დოზით მიღებული, რადგან ის აქამდე მუდამ შორიდან გვეფლირტავებოდა და დღემდე ისე კარგადაც არ ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც რუსებს… როცა საქმე საქმეზე დგებოდა, ევროპას არა ერთხელ მიუტოვებივართ ან მუსულმანი დამპყრობლების, ან იმპერიალისტური თუ საბჭოთა რუსეთის პირისპირ. ასე იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ 2008 – შიც ომამდე ორი კვირით ადრე ბუხარესტის სამიტზეც. სწორედ ევროპის არაერთობლივმა სახემ განაპირობა ჩვენი დღევანდელი ტრავმული სიმპტომების დიდი ნაწილი და ეს ჩვენ მაშინდელი რუსეთთან მოკლევადიანი შოკური ომის შედეგად მივიღეთ.
ესენი მხოლოდ გარეთა ფაქტორებია. შიგნიდან ძლიერად დაგვასუსტა ბოლო წლების შიდა გახლეჩილობამ. ერთის მხრივ ამ გამუდმებულმა ნაც-ქოცობამ, რომელსაც არანაირი კონსტრუქციული ბოლო არ უჩანს და ასევე ბოლო წლებია კოვიდმაც, თავისი აუცრელ – აცრილებიანის დაპირისპირებული ბანაკებით.
ასეთ სიტუაციაში ძნელია, რომ საკუთარი ძალები მოვიკრიბოთ და იმ რეალობას შევხედოთ თვალებში, რაც ჩვენი ამ ტრანსული მდგომარეობის პარალელურად ხდება გარე სამყაროში, რეალურად განვიცადოთ ეს მოვლენები და ნამდვილად საღი და ღია გონებით შევაფასოთ.
დღეს უკრაინა გადის პარალელურ პროცესებს, რაც ჩვენც 2008 გვქონდა. მაგრამ მისი ჭრილობა დღეს ღიაა და ჩვენგან განსხვავებით ის ანესთეზიას არ უხმობს. არამედ მთელს მსოფლიოსთან ერთად აცნობიერებს, რომ როგორც ერი, ის თავიდან იბადება და ჭიპლარს იჭრის საბჭოეთის უპერსპექტივო ზომბობისგან…
რაც არ უნდა შევეცადოთ და ეს დღევანდელი მოვლენები მხოლოდ რაღაცა ძალების სტრატეგიული გათვლებს მივაწეროთ, შევცდებით, იმ მხივ, რომ ვერ დავინახავთ ამის მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვან, სულიერ მხარეს. ამ კონფლიქტების და მთლიანი სტრატეგიული გათვლების მიღმა უფრო დიდი ძალებია ჩარეული. ის ძალები, რომლებიც სიკეთის და სიბოროტის მიღმა არიან.
როგორც ჰერაკლიტე ამბობდა, ომი მშვიდობის მამააო. ჩვენ ამის დანახვა მხოლოდ იმ მხრივ შეგვიძლია, რომ რამდენი არადამიანური აქტიც ხდება, იმის პროპორციულად ხდება უაღრესად ადამიანური აქტებიც. ნებისმიერი ნაწარმოები ომი ყოველთვის დიდი ერთობლივი გაკვეთილია…
ფსიქოსომატური ასპექტიდან რომ შევხედოთ, ადამიანს გააჩნია ვაგუსის ნერვი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვაგუსის ნერვი კოორდინირებას უკეთებს ჩვენს შინაგან გადაწყვეტილებებს. ის აძლევს განკარგულებებს, თუ რა დოზით, რა ელემენტები და რა მიმართულებით გადანაწილდნენ ორგანიზმში. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სახიფათო სიტუაციების დროს, როდესაც მხოლოდ სამი ძირითადი არჩევანი არსებობს. გაქცევა, ბრძოლა, ან პარალიზება.
უკრაინამ გადაწყვიტა ბრძოლა. უდიდესი ცივილური დანაკარგების და ტრაგედიის მიუხედავად, ის თავის თავში უდიდეს ვიტალურ ენერგიას ბადებს, რაც რეალურად უკრაინის ისტორიული ტრავმებისგან განკურნებაა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ერის არსებობის ისტორიაში.
სამწუხაროდ ჩვენ, პარალიზებულები ვართ და ვგავართ ისეთ ადამიანს, რომელმაც გულით კარგად იცის სადაც არის სიმართლე და ისიც იცის, თუ რა არის ამისთვის გასაკეთებელი, მაგრამ ისეთი დოზით აქვს ნაჭამი შიში, რომ განძრევა არ შეუძლია. მას გარედან დამცავი მექანიზმის ჯავშანი აქვს. ამ ჯავშანს წამროადგენს დღევანდელი ოფიციალური მხარე. ამიტომ ვამბობ, რომ ხალხი და მთავრობა ერთმანეთისგან ორგანულად არ განსხვავდება. ის ერთი კოლექტიური ორგანიზმია.
თუ გვინდა რომ როგორც ერი ოდესმე დავიბადოთ უახლოეს ეპოქაში და წარმატების შეგრძნება გვქონდეს, მაშინ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ დღეს, ამ სიტუაციაში არც მხოლოდ რაციონალური გონებაა საკმარისი და არც ემპათიური ემოციური თანაგრძნობის განწყობილება.
დღეს უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ და ერთადერთი გზაა, რომ გულს ვუსმინოთ და არა გონებას. გულია გულადი და მხოლოდ მას შეუძლია ქმედება. გონება მხოლოდ უტილიტარული დანიშნულების ინსტრუმენტია და მისი გაბატონება სახიფათოა მთლიანი სისტემისთვის. მე არ ვამბობ რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები გადავდგათ. მე ვამბობ, რომ გულს თავისი ინტელიგენტობა გააჩნია, და ის ინტუიციურია. სამწუხაროდ ჩვენ დღეს მხოლოდ საკუთარ გადარჩენის ინსტიქტებს ვუსმენთ და ჩვენს ინტელექტს მის სასარგებლოდ ვიყენებთ. ინსტიქტისგან განსხვავებით, ინტუიცია არასოდეს არ არის შიშზე ორიენტირებული.
თუ დღეს ჩვენს ინტუიციას არ მოვუხმეთ, და ისე არ ვიმოქმედეთ, ვერ გადავრჩებით. ან, თუ გადავრჩებით, მაშინ ჩვენი დაბადება, როგორც ერის საკეისროთი იქნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას ევროპა გადაწყვეტს. მაგრამ მაშინ ჩვენ არ გვექნება იმ წარმატების შეგრძნება და გაცნობიერება, რომ დავიბადეთ და შეუძლებელი შევძელით. ასეთი ევროპული სახელმწიფო იქნება კასტრირებული და ისე გაუცხოებული და მიმაგრებული ევროპაზე, როგორც ადრე საბჭოეთზე იყო მიჯაჭვული.
რა, თქმა უნდა დღვანდელ ევროპას აქვს თავისი ბნელი კუთხე კუნჭულები, უდიდესი გამოძახილები და თავისივე უამრავი პრობლემები, როგორც დემოკრატიის ასევე მოძველებული ღირებულებების თვალსაზრისით. ისიც თავის მხრივ მსგავს დილემაშია ამერიკასა და რუსეთს შორის. ევროპამ იგემა ყოველთვის ომები და დღესაც ისევ ევროპაშ ხდება ომი და ისევ ქრისტიანები ვებრვით ერთმანეთს… მაგრამ ევროპა არის ცივილიზაციის ის ერთად ერთი გზა, რომელიც დღეს რეალურად ფუნქციონირებს.
ჩვენთვის, როგორც ერისთვის, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ის ფობიური მირაჟი, რომ რა ვიცით, იქნება ხვალ ისევ ძველი დრო დაბრუნდეს, მხოლოდ იმ ტრავმის გამოძახილია, რომელსაც არა აქვს უნარი დღევანდელი მოცემულობა კონსტრუქციულად შეაფასოს…
ავტორი: მოქშა ფეიქარი