fbpx

ქიზიყური ორნამენტებით გაცოცხლებული ტრადიციები და ტრენდად ქცეული “ფესვები”…

ავტორი დადუნა ნადარაია
713 ნახვა

ერთ ლამაზ დღეს, როდესაც სოფლის ბუხრიან ოთახში მდგარი ძველთაძველი სკივრი გახსნა, აღმოაჩინა არაჩვეულებრივი ქიზიყური ორნამენტის სამყარო:”დროსა და ჩრჩილს გაეცრიცა ფარდაგები, ხურჯინები, ნაქსოვი წინდები, რომელთაც მაინც შერჩენოდათ საუცხოოო მორთულობა და ფერთა შეხამება. “– სწორედ ეს წუთები გახდა პროფესიით არქიტექტორ ნინო  ბახუტაშვილის შთაგონება,  დედოფლისწყაროში დაეარსებინა არტ სახელოსნო “ფესვები”,  სადაც ქიზიყური  ორნამენტებით შესრულებულ ძველებურ ხელნაკეთ ქართულ ფარდაგებს, ხურჯინებსა და მაშრაფებს გამოაცოცხლებდა და თაობებს გადასცემდა.

ნინო  ბახუტაშვილი: ქიზიყური ფარდაგის აღდგენით დავიწყეთ და შემდეგ უკვე მთელი საქრთველოს მასშტაბით შევისწავლეთ ამ დარგის უნიკალური შესაძლებლობები. დღეს ჩვენ ვეწევით ქართული ფარდაგის აღდგენა -განვითარებას. აღვადგინეთ ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტექნოლოგია, ერთადერთია ეს სახელოსნო, რომელიც სრულად ბუნებრივ საღებავებით ღებავს შალის ძაფს, ასევე, ვქმნით აქსესუარებს ინტერიერისთვის, გამოყენებად ნივთებს, ჩანთებს, რომლის დიზაინსაც ჩვენ ვქმნით და ვასრულებთ ტყავით.

ბროწეულის ქერქი, კაკლის წენგო, ენდრო, კოწახურის ფესვები, თავშავა , ქრისტესისხლა, ხეშავის ნაყოფი – ბუნებრივი საღებავებია, რომელსაც სახელოსნოში იყენებენ.

როდესაც ამ სახელოსნოში შექმნილ ნამუშევრებს ფეისბუკის გვერდზე ვათვალიერებდი, თითქოს, ის გაზაფხულის სურნელი ვიგრძენი, რომელიც ქიზიყურ სოფლებში ტრიალებს, წარმოვიდგენე აივანზე გადაფენილი ბებოს ნაქონ-ნაქსოვი წინდები, ხელთათმანები, ხურჯინები…

და სწორედ მაშინ გადავწყვიტე “ჟოლოს” მკითხველისთვის გამეცნო ქალბატონი, რომელიც ოსტატებთან ერთად საოცარ ქიზიყურ ორნამენტებს ქმნის და თაობებისთვის მნიშვნელოვან საქმეს უდგას სათავეში.

ნინო  ბახუტაშვილი: პროფესიით მხატვარ-არქიტექტორი ვარ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამ პროფესიას შეველეოდი და სხვა მიმართულებას ავირჩევდი. დედოფლისწყაროში გათხოვების შემდეგ ჩემი არქიტექტურა სამწუხაროდ არავის დასჭირდა. შვიდი წელი შვილებს ვზრდიდი და  ამ პერიოდში სულ ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ის სასარგებლო საქმიანობა რაც მეც მომცემდა შთაგონებასა და სხვასაც გააბედნიერებდა . ვის არ გვყვარებია ბავშვობაში ძველი ნივთების თვალიერება… ბევრ ჩვენთაგანს ლამაზ მოგონებად გამოგვყვა ბებოს კარადა თუ ტახტი,  კომოდი თუ სოფლის ბუხარიან ოთახში მდგარი ძველთაძველი სკივრი… სწორედ ასეთ სკივრში  აღმოვაჩინე ის არაჩვეულებრივი სამყარო, რასაც ქიზიყური ორნამენტი ჰქვია . დროსა და ჩრჩილს გაეცრიცა ფარდაგები, ხურჯინები, ნაქსოვი წინდები, რომელთაც მაინც შერჩენოდათ საუცხოოო მორთულობა და ფერთა შეხამება.  ძალა, რომელმაც მიბიძგა, ერთ დროს ჰობის დონეზე ნასწავლი გობელენის ქსოვის ხელოვნება მიმემართა სრულიად დავიწყებული ამ უნკალური ტრადიციული ხელსაქმის აღდგენა- განვითარებისთვის, აღმოჩნდა ჩემთვის სრულიად ახალი და გამოწვევებით სავსე სამყარო, რომელიც დღემდე მაბედნიერებს და მუდმივად შთამაგონებს განვითარებასა და ახალი აღმოჩენებისკენ.

2006 წელს  დავაარსე სახელოსნო „ფესვები“ დედოფლისწყაროში, აქ დასაქმებილია 8 ადგილობრივი ქალბატონი. ვართ საუკეთესო ხალხური რეწვის პროდუქტის ავტორები ამიერკავკასიაში და გვაქვს სერთიფიკატი, ვმონაწილეობთ გამოფენებსა თუ ფესტივალებში , როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით ვატარებთ ექსპერიმენტებს ისეთი საღებავებით ღებვაზე , რომლებიც აღარ გამოიყენება. ამ სფეროში წარმატება მნიშვნელოვანია , რადგანაც ტრადიციული ფერადოვანი გამა მნიშვნელოვნად განაპირობებს ნამუშევრების მაღალ ხარისხს, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა გამოფენებზე ექსპერტების მიერ.

ამავე ტექნოლოგიით ვქმნით აქსესუარებსა და ჩანთებს.

– ეს საქმე დიდ ცოდნასა და ენერგიას მოითხოვს, იმ ქალბატონებზეც გვიამბეთ, რომლებიც თქვენთან, სახელოსნოში მუშაობენ და “ფესვების” უნიკალურ პროდუქციას ქმნიან.

– „ფესვები“ არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ სმუშაოდ მიდიხარ და იქ მთავრდება ყველაფერი, ეს არის ნავთსაყუდელი დედოფლისწყაროში  მცხოვრები ქალბატონებისა.  აქ მოღვაწეობა ხელს უწყობს მათ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თვითრეალიზაციის საშუალებით პიროვნული/ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, რეგიონში არსებული უძველესი ტრადიციების აღორძინებით ეროვნული იდენტობის დადებითი კუთხით თვითშეგრძნების გაძლიერებას.

ეს არის ადგილი სადაც ყველა ერთად ვქმნით უნიკალურ ხელოვნებას.

 ამ დიდებულ საქმეს აკეთებენ: დიზაინერი ნინო სეთურიძე, მხატვარი-შემსრულებელი მანანა ინაშვილი, მხატვარი-შემსრულებელი, ეკატერინე დევრისაშვილი, მხატვარი-შემსრულებელი მეგი ტუხაშვილი, შემსრულებელი ნინი იაკობიშვილი, შემსრულებელი ნონა ნაკვეთაური.

– თქვენს საქმიანობას რამდენად შეუშალა ხელი პანდემიამ და რა სამომავლო მიზნები გაქვთ დაბრკოლებების და სირთულეების გადასალახად?

– ფესვების ერთ-ერთი მიზანია აქციოს ტრადიციული ქართული ნაწარმი ტრენდულ აქსესუარად, როგორც ჩაცმულობაში, ისე ინტერიერში.

   პროდუქტის ერთეულის (ფარდაგი, ხურჯინი, პანო ,  ჩანთები და სხვა) შექმნას 2 კვირიდან 5 თვემდე დრო ესაჭიროება. აგრეთვე ხანგრძლივი პროცესია ბუნებრივი საღებავების პიგმენტების მოძიება/მოგროვება და მათი გამოყენებით ძაფების უძველესი მეთოდებით ღებვა. თითოეული ნაწარმი მაღალ მხატვრულ ღირებულებისაა, იქმნება ინდივიდუალური ესკიზით და იქსოვება ხელით – ნატურალური ძაფის გამოყენებით. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი „პროდუქტს“ მაღალ თვითღირებულებას და აქედან გამომდინარე საბაზრო  ღირებულებას სძენს, რაც ართულებს მის მასიურ გაყიდვებს. სამწუხაროა, რომ ქართული უძველესი კულტურის მატარებელი პროდუქტი ვერ იკავებს შესაფერის ადგილს  მსოფლიო ბაზარზე. პანდემიის პირობებში უფრო გაგვიჭირდა რეალიზაცია, არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ნათლად დაგვანახა ის გამოწვევები, რაც ჩვენნაირ პატარა საწარმოს უნდა გადაეჭრა სამომავლოდ.  გადავედით სრული დატვირთით ელექტრონულ სივრცეში, დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები , როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

სამომავლოდ დავსახეთ განვითარების ორი მიმართულება:

1.„ფესვების“ არსებული პროდუქტის გამრავალფეროვნება და გათანამედროვება, რაც გულისხმობს თანამედროვე ყოველდღიურობაში მოსახმარი ნივთების შექმნა:  ქალის ჩანთა,  ფეხსაცმელი, აქსესუარები, ინტერიერის დეკორატიული ნივთები და სხვა;

2. სერიული წარმოების დანერგვა, რაც გულისხმობს შევქმნათ მცირე სამკერვალო, სადაც   მაღალი საბაზრო  ღირებულების მქონე ხელნაკეთი ნივთების პარალელურად შეიქმნება უძველესი ქართული ორნამენტების  ვერსიებით დამშვენებული თანამედროვე ნივთები,ასევე  ტილოს ჩანთები ,აქსესუარები, მცირე ზომის საფულეები და სუვენირები, დეკორატიული ღვინის ბოთლის ჩასადებები.

ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, ქართული ტრადიციული დიზაინის შენარჩუნებით, შევამციროთ პროდუქტის თვითღირებულება და შესაბამისად, გავზარდოთ გაყიდვები.ასევე დავიწყებთ წარმოებას სუპერმარკეტების, ღვინის კომპანიების, დაცული ტერიტორიების და ტურისტულად აქტიური ადგილებისთვის თემატური ტილოს ჩანთების შექმნას ლოგოთი, სლოგანებითა და საფირმო ნიშნით.

  როდესაც „ფესვების“ ნივთი სხვა ქვეყანაში მოგზაურობს, მას მთელი ქართული ტრადიციული რეწვის სიამაყე თან მიჰყვება და ეს ყველა დეტალში იგრძნობა. აქედან გამომდინარე „ფესვები“ საკუთარ თავს აპოზიციონირებს ქვეყნის ამბასადორად და ამაყ წარმომადგენლად სხვა ქვეყნებში.

– სიყვარულით ქმნით ქართულ ხელნაკეთ პროდუქტს, აცოცხლებთ ძველ ტრადიციებს, გვიამბეთ, ბუნებრივი ღებვის ტექნიკას, როგორ იყენებთ და რა სირთულეებთან არის ეს პროცესი დაკავშირებული?

–  მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებამდე შალისა და აბრეშუმის ძაფს  სრულიად ბუნებრივ საღებავებში ღებავდნენ, შემდეგ შემოვიდა ქიმიური საღებავები საქართველოში და ბუნებრივი საღებავებით ღებვა სრულიად დავიწყებას მიეცა. გადავწყვიტეთ ორნამენტების აღდგენასთან ერთად ბუნებრივი საღებავებით ღებვაც აღგვედგინა. 

ეთნოგრაფილი მასალებიდან მოვიკვლიეთ  ბუნებრივი საღებავებით ღებვა , ასევე ზეპირსიტყვიერადაც. დღემდე ვატარებთ  ექსპერიმენტებს,  ისეთი საღებავი მცენარეებით ღებვაზე რაც ჩვენს გარშემო მოიპოვება, ისე რომ არ ვაზიანებთ ბუნებას, ანუ მდგრად გამოყენებას ვეწევით. ბუნებრივი საღებავებით ღებვა საკმაოდ რთულია, რადგანაც მოპოვება , დამუშავება , შემდეგ უკვე ღებვა აძვირებს პროდუქციას, თუმცა მისი სირთულიდან გამომდინარე ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია და კვლავ ვაპირებთ ბევრი ექსპერიმენტის ჩატარებას, იქნებ ოდესმე კატალოგიც გამოვცეთ.

– თითოეული ორნამენტი თავისი ამბის,თავისი ისტორიის და ძვირფასი ინფორმაციის მატარებელია, როგორ ფიქრობთ როგორი სახე, ფორმა, სურნელი აქვს ამ ინფორმაციას, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ?

– თავდაჯერებული,  თანამედროვე-ტრადიციული, ზომიერი და ამაყი, ქვეყნის საამაყო წარმომადგენელი უცხოეთში, ლაღი-მეგობრული/უშუალო, შეუზღუდავი შესაძლებლობების მატარებელი, სურნელი მათრობელა, აი რომ ჩაისუნთქავ და ეძებ რა სურნელია იდუმალი და ამოუცნობი…

Daduna Nadaraia

გადადით ლინკზე და გაეცანით ფესვები • Pesvebi

მსგავსი სტატიები