fbpx

“ქრისტიანებს თითქოს დაგვავიწყდა, სინამდვილეში რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე”…

ავტორი ჟოლო
205 ნახვა

მე დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარებით ვინმე დაინფიცირდეს. წლების განმავლობაში სტიქაროსნად ვმსახურობდი ეკლესიაში, ვიყავი მაზიარებელი, ესე იგი, ვზიარებულვარ არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე ტაძარში, არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე კოვზით, რომლითაც ჩემამდეც და ჩემს შემდეგაც უამრავი ადამიანი იღებდა ზიარებას (მათ შორის იყვნენ სხვა და სხვა სნეულებებით დაავადებულნიც), ლოგიკის თანახმად დღეს ცოცხალი და მითუმეტეს ჯანმრთელი არ უნდა ვიყო, მაგრამ ფაქტია ცოცხალი და საღსალამათი ვარ. ისიც ფაქტია, რომ ქრისტესთან ზიარებით უამრავი ადამიანი განკურნებულა, თუმცა ამას ურწმუნო ადამიანს ვერაფრით დავაჯერებ, საკუთარი თვალითაც რომ იხილონ მსგავსი რამ, მაინც გაუჭირდებათ გააზრება და ბოლომდე მიღება.

მთელი ჩემი ცხოვრება სასწაულებით არის სავსე. ზუსტად ვიცი, რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთი საზიზღარი ადამიანის ლოცვასაც კი. ზუსტად ვიცი, როგორ თავისუფლდება სული აღსარების შემდეგ. ვიცი, რამხელა ძალას გმატებს რწმენით მიღებული ზიარება და ასე შემდეგ. ვიცი ეს ყველაფერი და ისიც კარგად ვიცი, რომ ეს – თუ არ განიცადე, ყველაფერი პათეტიკური ზღაპრის სიტყვებად მოგეჩვენება. ვიცი, რომ ვერავის დავარწმუნებ იმაში, რასაც შიგნიდან ვგრძნობ და განვიცდი.

მიუხედავად იმისა, რომ განუწყევტლად ვღალატობ, რა ვქნა, მაინც მიყვარს იესო… ძალიან მიყვარს. მიყვარს ქრისტეს ეკლესია და მისი მართალი მღვდელმსახურები (არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ცხოვრების წესითაც რომ იესო ქრისტეს ბაძავენ), მიყვარს და მენატრება ჩემი ტაძრის ეზოში აყვავებული იასამნების სურნელი. მენატრება ის დრო, ის განცდები, ის სისუსფთავე… ასე, რომ ზუსტად მესმის თქვენი, ვისაც არ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება! ვისაც გშიათ და გწყურიათ ქრისტესთან ერთობა, მისი სიყვარული… მესმის, ზედმიწევნით კარგად მესმის, მაგრამ… მაგრამ… მაგრამ…

ქრისტიანებს თითქოს დაგვავიწყდა, სინამდვილეში რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე.
სიყვარულს და მხოლოდ სიყვარულს. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლიო გარკვევით გვითხრა. ისიც გვითხრა, რომ ჯერ ღმერთი უნდა შევიყვაროთ მთელი არსებით და მერე მოყვასი, როგორც საკუთარი თავები გვიყვარს. თუმცა, როგორ გვეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ვხედავთ, როდესაც არ გვეყვარება მოყვასი (ესე იგი ყველა ადამიანი, მორწმუნე თუ ურწმუნო), რომელსაც ვხედავთ?!

თუ გვსურს ღმერთს ვუჩვენოთ ჩვენი სიყვარული, ჩვენი ძმების და დების გამო სულის გაწირვაც კი უნდა შეგვეძლოს. ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა შეიტანოს სიყვარული იქ, სადაც უსიყვარულობაა, ასევე, შეიტანოს სიმშვიდე იქ, სადაც შფოთია, იმედი იქ, სადაც უიმედობაა, სინათლე იქ, სადაც სიბნელეა და არა პირიქით!

დღეს ვინმე ჩვენს რწმენასა და რელიგიას რომ ებრძოდეს, ერთ-ერთი პირველი მე ვიდგებოდი წინა რიგებში და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებდი, მაგრამ საბედნიეროდ მსგავსი არაფერი ხდება. ჰო, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც, რომ შეეძლოთ სამუდამოდ ამოგვიკეტავდნენ ტაძრის კარებებს და შიგაც გამოგვბუგავდნენ, მაგრამ მაგათ ყეფას ყურს ნუ ათხოვებთ… მოუსმინეთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ექიმებს, რომლებიც ასევე ქრისტეს საქმეს აკეთებენ, კურნავენ და აჯანმრთელებენ ადამიანებს.
ცოტა ხნით, როგორმე გავუძლოთ შინაგან, სულიერ შიმშილს… როგორმე ვძლიოთ ჩვენს ეგოიზმს… როგორმე საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ, თუ გნებავთ საკუთარ სულზე წინაც… ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ… რომლებსაც ჩვენსავით არ სწამთ მარადიული სიცოცხლის… ნუ ვიქნებით მათთვის საშიშროება… იმედი ვიყოთ… სიმშვიდე ვიყოთ… როგორც იესომ გვასწავლა.

სახლში დავრჩეთ. სახლში ვილოცოთ. სახლში ვეზიაროთ აღდგომის სიხარულს.
შესაძლოა იმ ადამიანებს, ვინც ამას ითხოვს ლანძღვით და მუქარით, არ ვუყვარდეთ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვიყვარდეს ისინი, სწორედ ეს მთავარი განსხვავებაა ქრისტიანსა და არაქრისტიანს შორის და არა ის, რომ ერთი მაზიარებელია და მეორე არა… გესმით, ალბათ, რასაც გეუბნებით?! სულ ცოტაც მოვითმინოთ… სულ ცოტაც… მით უმეტეს, რომ საშიშროება რეალურია, სანამ “ზიარების კოვზამდე” მივალთ, იქამდე გადავდოთ ერთმანეთეს ეს ვირუსი და მერე ნაცვლად სიმშვიდისა, ეკლესია შიშის სინონიმად ვაქციოთ. აი, სწორედ ეს იქნება ქრისტეს ღალატი და არა ის, რომ მოყვასის სიყვარულის გამო სახლში ილოცებ და ცოტა ხნით ტაძარში არ ივლი.

ეკლესიას ქრისტიანების ერთობა ქმნის, ჩვენი კავშირი კი სულიერია, კილომეტრებზეც არ წყდება. ჩვენი სხეულებია ის ტაძრები, რომლებშიც ღმერთი ცოხვრობს, ქვის ტაძრებს ადამიანების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ, არც ლოცვა შეუძლიათ და არც ვინმეს განკურნება. გადაივლის ეს შფოთი და მერე ერთად დავბრუნდეთ ტაძრებში, უფრო დიდი იმედით, რწმენითა და სიყვარულით.

თორნიკე ნაროზაული

მსგავსი სტატიები

Leave a Comment