ნიჰილიზმი მსოფლმხედველობაა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს. ნიჰილიზმს, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობას, ხშირად ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირებენ. ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა დადაიზმი, ფუტურიზმი, ასევე ნიჰილისტურ მოძრაობებად მიიჩნევიან.
ნიჰილიზმი, ფსიქოლოგიური ბერკეტებით გამოწვეული საზოგადოებრივი სასიკვდილო სენია. მისი განკურნება ისტორიციზმის დამცავი ფსიქობერკეტებითაა შესაძლებელი … ჩვენში ჩანერგეს ნიჰილიზმი, იმისი რწმენა, რომ ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება, რაც გინდა გააკეთე, ილაპარაკე, წერე და იკითხე, წინააღმდეგობას მაინც აზრი არა აქვს. გვაბნელებენ, გვითიშავენ ან ისეთ ფასს ადებენ ელექტროენერგიას, რომ ჩვენვე გვათიშინებენ სინათლეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჩვენც მორჩილად ვიძინებთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იმ მკრთალი იმედით, რომ ალბათ, ოდესმე ყველაფერი თავისით გამოსწორდება. რას იზამ, იმედი ყველაზე ბოლოს კვდება და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი იმედი რაც უფრო ადრე მოკვდება, მით უკეთესია, რადგან სწორედ მისი გაქრობა უდიდესი სტიმულია ადამიანში იმ უძლიერესი პოტენციალის ამუშავებისა, რასაც ნებისყოფა, თვითგადარჩენის მექანიზმი ჰქვია.
ნიჰილიზმი, როგორც სენი, საკმაოდ ცნობილია ნეურო – ფსიქიატრიისა და სოციალური ფსიქოლოგიისათვის. იგი კოტარდის სინდრომის სოციალური გამოვლინებაა. მეცნიერება იცნობს ტერმინს – “დასავლეთის ნიჰილისტური კომპლექსი”… როგორც ინდივიდუალურ ასევე მასობრივ გამოვლინებაში (მასების ნიჰილიზმი, ეროვნული ნიჰილიზმი…) – საწყისი მისი ჩვეულებრივ ნევრასთენიაში უნდა მოიძიოს, რომელიც შეიძლება (საქართველოს მაგალითზე) წინასწარი განზრახვით, ფსიქოლოგიური ტერორითა და სოციალური ექსპერიმენტებით იქნეს გამოწვეული, რომლის განვითარების პიკი რეალური სიტუაციის აღქმის დაკარგვაა და სრული ვიტალისტური გაცხოველებით, მძიმე დეპრესიით – ნიჰილიზმით მთავრდება. ამ საკითხზე მეცნიერება არ დავობს…
ცხოვრება აქტიურ მოქმედებას ითხოვს. უმოქმედობა სიკვდილია.
გაუაზრებელი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული საზოგადოება, ეკონომიკური ქაოსი, რომელიც გარს გვაკრავს, ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ქაოსმა. ვერ ხვდება, რომ ის თავისნაირ იმედდაკარგულ, გაბოროტებულ თანამოძმეთა შორის იმყოფება. ამრიგად, ყალიბდება საზოგადოება, სადაც კრიმინალის გარეშე, ვერავითარ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან და ყოველივე ეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. თუ ინდივიდმა ამ ძარცვის ორგიაში საკუთარი ადგილი ვერ მონახა, მას უჩნდება აზრი, რომ ის უხეიროა, რომ არაფერი შეუძლია. ეს აზრი არაცნობიერში დაბეჯითებით, მეთოდურად მყარდება. არაცნობიერში ჩნდება ფრაზა: ყველაფერი უაზრობაა! არავის ენდო! ქმედებას აზრი არა აქვს. – ეს უკვე ნიჰილიზმია, ცინიზმი აგრესიის გარეშე.
ნიჰილიზმი არის შეშინებული ადამიანის ცინიზმი და ეს მისი ილუზორული სამყაროს აღქმიდან მოდის. ეს ნათლად ჩანს, რადგან ნიჰილიზმის განმარტებიდან გამომდინარე, მას არაფერი უნდა სწამდეს; მაგრამ არა, მას მხოლოდ კეთილი წამოწყებისა არ სწამს. დაუკვირდით, როგორ იძაბება მისი ყურადღება, რა ინტერესით ისმენს ნებისმიერ ინფორმაციას უარყოფითი მოვლენების განვითარებაზე და ამით იმგვარ კმაყოფილებას განიცდის, რაც მხოლოდ სულით ლაჩარს ახასიათებს. სამწუხაროდ, პოლიტიკურ-კრიმინალურმა სისტემამ ლაჩართა პოპულაციის რიცხვის უსაშველოდ გაზრდა ეფექტურად შეძლო. სწორედ ამ სოციალურ ფენაში იბადება ტოტალური სახელმწიფოსადმი პათოლოგიური შიში, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილში ვირუსივით ვრცელდება.
ადამიანის შესაძლებლობისადმი ნიჰილიზმი სკეპტიციზმს ბადებს. და ის, რომ ადამიანებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, უკვე ჩამოყალიბებული, ცივი, ბეტონივით გამყარებული აზრია. სკეპტიკოსი ამის დამტკიცებას უკვე პრიმიტიულ გრძნობებს კი არა, მთელ თავის შემორჩენილ ინტელექტს ახმარს და როცა ესეც სწყინდება – უკვე გულგრილი ინდივიდი ჩამოყალიბდა, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში გულგრილობასაც თავისი ელფერი აქვს. ის გულგრილია ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა. მას ფული უნდა სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. ვერ ხვდება და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა გულგრილია, რაიმე მცდელობა ეკონომიკური აღმავლობისაკენ აზრს მოკლებულია.
ცნობილია რუსული ნიჰილიზმი, ევროპული ნიჰილიზმი, როგორც კულტურული მიმდინარეობები… პოლიტიკური ნიჰილიზმი ანარქიას ეთავსება და ამ შემთხვევაში მისი “საწინაარმდეგო ტერმინი” – მეორე უკიდურესობა ავტორიტარიზმია. ნებისმიერი სოციუმი, მიუხედავად მისი ეთნიკური გენეზისა, რომელსაც არა აქვს პასუხი მთავარ სახელმწიფოებრივ თემაზე: როდიდან აღსდგა მათ ქვეყანაში ეროვნული ანუ დემოკრატიული ხელისუფლება ანუ თუ არ იციან თარიღი დამოუკიდებლობისა საკუთარი ქვეყნისა – შესაძლოა, ეს ფაქტი, ეთნიკური ფსიქოლოგიის ნიჰილისტურ დათრგუნვად მივიჩნიოთ… ნიჰილისტურ – იმორალისტური მსოფლმხედველობა ცივილიზაციისათვის დამღუპველი დესტრუქციული საწყისების სახე – სიმბოლოა, რომელიც აიძულებს ადამიანს მორალური და ბუნებით – სამართლებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ იცხოვროს და იმოქმედოს, არღვევს მის შინაგან სამყაროს და ართმევს მას ადამიანურ სახეს.
თანამედროვე პოლიტიკურ ტენდენციების ფსიქოლოგიური წყობის, სტრუქტურის გარჩევა, საშუალებას იძლევა სწორი მეთოდების შერჩევისათვის… ქართული ისტორიციზმის უამრავი ბერკეტები არსებობს გადაგვარებული სოციუმის განკურნებისთვის. ი. ჭავჭავაზე (“ბედნიერი ერი”, “რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით”…) დიაგნოსტიურ ფსიქოლოგიურ რეზუმეს გვთავაზობს, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი ის სიმპტომები – ავტოდესტრუქციული ნიჰილიზმის საშინელი სენი რომ ხასიათდება…
ნიჰილიზმი ხელს უშლის ეროვნულ ფსიქოლოგიურ ერთობას. ხალხს, რომელიც პიროვნებებისაგან შედგება აქცევს ვიტალისტურ ნახირად, რადგან თითოეულ ინდივიდში ჰკლავს შეგნებულ პიროვნებას და მას აცხოველებს… ნიჰილიზმის განვითარების სიმწვავე მასის ინდიფერენტულობის ხარისხით განიზომება… უკიდურეს სიმწვავეს ასახავს ფსიქოლოგიური ეხეკუციის ის სტადია, როდესაც მასა თვინიერად იტანს დაცინვას და ეგუება მონობას, როცა კვდება როგორც სოციუმი და გარდაიქცევა უსულო ვიტალისტურ გვამად…
თათია ქვილითაია