მე არ ვიცი, როგორი იყო ეს ადამიანი წლების წინ, იმ ქარიშხლიანი დღეების დროს, რომლის შესახებაც ინტერვიუში ყვება – როგორ ეშინოდა, როგორ ითრგუნებოდა, როგორ განიცდიდა ტკივილს და როგორ გამოხატავდა, მაგრამ ახლა მის ხმაში ისეთი სიმტკიცე და თავდაჯერებულობაა, რომ ენერგიით გავსებს…
დღეს, ამქვეყნად მოსვლის მისიად ადამიანების დახმარებას მიიჩნევს. მისი დიდი სურვილი ასეთია – დატოვოს ქველმოქმედის სახელი…

– ვინ არის თამუნა ქურდაძე?!
– თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ პასუხის გაცემა რთულია. ალბათ, ერთი ჩვეულებრივი გოგო; ადამიანი, რომელიც ძალიან ცდილობს ის გზა, რომელიც თვითონ გაიარა, უფრო მარტივი გასავლელი იყოს სხვისთვის.
დღეს ქოუჩი ვარ და ამ კუთხით ბევრს ვეხმარები, მაგრამ სანამ ქოუჩინგ განათლებას მივიღებდი მქონდა სხვა პროფესია, – იურისტიც ვარ. გენეტიკური კოდი გვაქვს ისეთი რომ ჩვენი გვარის წარმომადგენელს ეს პროფესია უნდა ჰქონდეს. მომწონს იურისტობა, ვმუშაობდი და საკმაოდ ნორმალური ნაბიჯები მქონდა გადადგმული კარიერაში. პატარა ტურისტული კომპანიის მფლობელიც ვიყავი. შემდეგ გავთხოვდი და ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა. უარი ვთქვი ჩემს წარმატებულ კარიერასა და ბიზნესზე…
– რატომ?
– შემიყვარდა…
– ანუ სიყვარულის გამო თქვით უარი ბიზნესსა და კარიერაზე?
– დიახ, ცოლად არაბს გავყევი და წინასწარვე ვიცოდი, რომ გათხოვების შემდეგ ვერ ვიმუშავებდი. თუმცა, ამის გამო სინანულის გრძნობა არ მქონია. მიყვარდა და სხვა არაფერზე ვფიქრობდი.
მე და მუჰამედმა საქართველოში სამი წელი ვიცხოვრეთ. აქ მყავდა ნათესავები, მეგობრები, კლასელები და ნებისმიერ დროს შეგვეძლო გულის გადასაყოლებლად შეგვერბინა ერთმანეთთან. შემდეგ მეუღლე ბელგიაში გაემგზავრა და უკან როცა ბრუნდებოდა საქართველოს საზღვარი ვეღარ გადმოკვეთა. მივიღეთ გადაწყვეტილება საცხოვრებლად ისეთ ქვეყანაში გადავსულიყავით, საიდანაც მარტივად შევძლებდით საქართველოში მიმოსვლას. ბაქო ავარჩიეთ.
აქედან დაიწყო ჩემი შინაგანი არეულობა… ხომ არის ხოლმე, აი რაღაცნაირი დღეები, რომლებიც უნდა გადაიარო, გადაიტანო… უნდა გადარჩე… მეც მქონდა ასეთი დღეები… კვირეები… თვეები… ვიყავი უძრავი, უმოქმედო, მდუმარე, მივყვებოდი ცხოვრების დინებას, გარეგნულად მშვიდი და შინაგანად ქარიშხლიანი…
– რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა?
– ძალიან რთული ორი წელი მქონდა ბაქოში. არ გაქვს სამსახური, არ აკეთებ არაფერს. იღვიძებ და დაღამებაზე ფიქრობ, არ გაქვს მიზანი. მერე დღე და ღამეც ამერია. ჩემს უფუნქციო მდგომარეობას მუჰამედის ეჭვიანობაც დაემატა. რის გამოც ვერავისთან ვკონტაქტობდი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ თავიდან ეს ეჭვიანობები მომწონდა კიდეც, ჩვენს თაობაში რატომღაც, ეჭვიანობა გარომანტიზირებული იყო. მეც ასე დამემართა მანამ, სანამ ამ უსაფუძვლო ეჭვიანობის და უნდობლობის მსხვერპლად არ ვიქეცი.
ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ერთ დროს მაბედნიერებდა, ტკივილად მექცა.

– განქორწინებაზე არ გიფიქრიათ?
-არა, თავიდან ვფიქრობდი – რატომ უნდა დავანგრიო ოჯახი?! ადამიანი არ გღალატობს, არ გცემს, არ ლოთობს… ეს ეჭვიანობაც გადაუვლის… მაგრამ არ გადაუარა. პირიქით… შედეგად სახლში ჯდომისა და დეპრესიების ფონზე 18 კილოგრამი მოვიმატე… იყო პერიოდები, როდესაც ზემოდან დავყურებდი ჩემს თავს და ვფიქრობდი, რომ აი, ეს ქალი მე არ ვარ.. მქონდა შეგრძნება რომ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. სულ ვამბობ – რაღაც პერიოდი მოვკვდი და მერე თავიდან დავიბადე – მეთქი.
– ვისი, ან რისი დახმარებით გამოხვედით ამ მდგომარეობიდან?
– ერთხელ, მუჰამედის მორიგი ეჭვიანობის შემდეგ, “გუგლში” ჩავწერე- ეჭვიანობის ფსიქოლოგიური მიზეზები. ბევრი ინტერვიუ მოიძებნა. აქედან ერთ-ერთმა მიიქცია ჩემი ყურადღება ნინო ბარათაშვილთან იყო ინგა ბლესსის ინტერვიუ. აქიდან გავიგე, რომ არსებობს რაღაც აკადემია და გამოვიწერე ამ აკადემიის გვერდი… მალევე რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოვედი, სწორედ ამ დროს დაიწყო კორონა პანდემია და უკან ვეღარ დავბრუნდი. აი, ამ დროს მოვიდა აკადემიიდან ერთ-ერთი სასწავლო კურსის შესახებ შეტყობინება. ვიფიქრე, მოდი, მოვსინჯავ … ასე დავიწყე სწავლა და … ისეთი რამეები აღმოვაჩინე, მანამდე მათი არსებობის შესახებ რომ არაფერი ვიცოდი. პარალელურად დამეწყო პრაქტიკებიც და საბოლოოდ იმდენი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, გადავწყვიტე სხვებსაც დავხმარებოდი. ჯერ ახლო წრეში სესიების გაჩუქებით დავიწყე. რასაც იმდენად კარგი უკუკავშირები მოჰყვა რომ სხვებიც დამიკავშირდნენ…
თემები, რომელზეც მე ვმუშაობ საკმაოდ მძიმე და რთულია. ეს არის ღრმა შიშები, პანიკური შეტევები, ღალატი და შიგადაშიგ ფინანსური საკითხები. როდესაც სესიას ვატარებ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ბოლომდე ვარ იქ, იმ კონკრეტულ ადამიანთან.
-რა განცდა გიპყრობთ, როდესაც ადამიანს ეხმარებით ?
-ერთი თვის შემდეგ, როდესაც ვამთავრებ ამ პაკეტს და ვხვდები, რომ შედეგი აშკარად სახეზეა ისეთი რესურსული და ბედნიერი ვხდები, რომ პატარა ბავშვივით ხტუნვა მინდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან შეშინებულები მოდიან ჩემთან და ამბობენ, რომ ყველაფერი დამთავრდა. 3-4 სესიის შემდეგ კი მოდის პომადით, გაპრანჭული, წელში გამართული და უკვე სხვანაირად საუბრობს. თვალებშიც სხვანაირი სხივი აქვს. ეს მაბედნიერებს.
მაბედნიერებს ის ფაქტიც, რომ ვაკეთებ იმას, რაც ძალიან კარგად გამომდის და ძალიან მსიამოვნებს (შესაბამისად ვარ რესურსული, ჩემთვის სიტყვა დავიღალე არ არსებობს). ვაკეთებ იმას, რასაც ასევე მოაქვს კარგი მატერიალური შემოსავალი (ამას არასოდეს არ ვუარყოფ, თუმცა აქ ყოველთვის ვიცავ ბალანსს. თვის განმავლობაში ცამეტ კლიენტზე მეტი არასოდეს არ მყავს, აქედან კი 3-4 აუცილებლად საფასურის გარეშეა). რასაც ვაკეთებ ყველაფერი არის ეკოლოგიური. როდესაც RPT – თერაპევტის როლს ვირგებ, ზუსტად ვიცი, უპირობო განზრახვით, რომ ის ადამიანი, ვინც ჩემს პირდაპირ ზის, მზადაა, საოცარი მოგზაურობისათვის და ის, მიიღებს კურნებას, რადგან ეს ჩემი მაგიაა… ჩემი პირადი მაგია…

მე ადამიანებს ვუზიარებ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ გაიმარტივონ და გაიფერადონ ცხოვრება. ეს ყველაზე მაგარი ცოდნაა დედამიწაზე.
მე თუ მკითხავთ, ცხოვრება უნდა იყოს: სიამოვნება, ჰარმონია, სიყვარული, ტკბობა ყოველი დღით, საათით, წუთით, წამით…
ეს არ ნიშნავს იმას, რომ 24/7 ზე “ნირვანაში” ხარ. თუ კარგად გაიაზრებ იმას, რომ აქ, ამ კონკრეტულ ცხოვრებაში მოვედით იმიტომ, რომ შევიცნოთ საკუთარი თავი და კარგად გავაცნობიეროთ როგორ უნდა გავიაროთ ცვლილებები, – ეს შესაძლებელია! მოხდა რაღაცა ნეგატიური? მიიღე, განიცადე ემოცია და გადადგი ახალი ნაბიჯი. დარჩე იქ, სადაც არ გინდა, ზუსტად ეს არის ის, რაც ახანგრძლივებს ცუდად ყოფნას. მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდა გავიარო ცვლილებები, იმიტომ რომ ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ყოველთვის ვამბობ, ცხოვრება არც ადვილია და არც რთული, ისეთია, როგორსაც ქმნი და როგორსაც ხედავ. არ ვიცი ვისი ფრაზაა ეს, მაგრამ იმდენად მომწონს და ჩემია, ავიტაცე – “ცხოვრება ფოტოს ჰგავს, როცა იღიმი უკეთესი გამოდის”. ცხოვრებაში მთავარი მაინც შინაგანი ღიმილია.
– როგორია თქვენი დილა? რაიმე ისეთი რიტუალი ხომ არ გაქვთ რაც სხვასაც გაულამაზებს დღეს?
– ვიღვიძებ დილის ექვს საათზე. აბსოლუტურად მოწესრიგებული მაქვს ძილის რეჟიმი. დილას აუცილებლად ღიმილით ვიწყებ და ამას ვასწავლი ჩემს კლიენტებსაც. გაახელ თუ არა თვალს, უნდა გაიღიმო. შემდეგ არის მადლიერება. უბრალოდ იხსენებ რა მოგცა წინა დღემ და რითი ხარ მადლიერი წინა დღის. ეს არის საოცარი პრაქტიკა. როცა დღეს ასე პოზიტივით იწყებ საოცრებები ხდება. ამის შემდეგ მოდის მედიტაცია, შხაპი, სიახლეების გაცნობა. სამუშაო საათები ათიდან მეწყება…
-ვის ან რას უმადლით თქვენს წარმატებას?
-ჩემს წარმატებას ვუმადლი ინგა ბლესსის აკადემიას, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის ამაში. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო პოზიტიურ თუ ნეგატიურ ჭრილში. ყველფერმა ერთად, მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ, ხოლო ახლა სადაც ვარ და როგორც ვარ ეს ძალიან მომწონს.
-თქვენ ასევე შექმენით ჯგუფი “სინთეზი”, მოგვიყევით რა იდეას ემსახურება ეს ჯგუფი და რა სამომავლო გეგმები გაქვთ მასთან დაკავშირებით?

-“სინთეზის” შექმნის იდეა, მას შემდეგ გამიჩნდა, რაც დამიგროვდა გარკვეული ცოდნა, რომლის გამოყენებითაც შემიძლია, დახმარება გავუწიო სხვა ადამიანებს. იდეის განხორციელებაში შემომიერთდა ჩემი მეგობარი ეთო ნასყიდაშვილი. დეკემბერში კიდევ ორი გოგონა შემოგვიერთდება. “სინთეზი” ესაა თავისუფალი სივრცე, სადაც ადამიანები საერთო მიზნის მისაღწევად ვერთიანდებით, რაც გულისხმობს, ჩვენი ცნობადობის გაზრდას, საინტერესო პროექტებსა და ქველმოქმედებას. ნოემბერში, პოსტის გაზიარების პრინციპით ცამეტ ადამიანზე გავაჩუქე ორ-ორი სესია. დეკემბერში კიდევ ვგეგმავ სესიების გაჩუქებას. სამომავლოდ მინდა შევკრა კარგი ჯგუფი, გავიცნოთ ადამიანები, სხვასაც გავაცნოთ. მათაც გააჩუქონ თავიანთი სესიები. მაქვს გეგმა მონახაზი, მინდა საქველმოქმედო ცენტრი გავაკეთო, სადაც ჯგუფური თერაპია და სულიერი პრაქტიკები იქნება სრულიად უფასო. რამდენადაც გავარკვიე საქართველოში ნაკლებად ხდება უფასო მომსახურება. ეს საქველმოქმედო ცენტრი, ამ ეტაპზე გეგმაშია რომ იყოს ერთი. სამომავლოდ კი მინდა შეიქმნას ისეთი სინთეზური და მასშტაბური, რომელიც იქნება მსოფლიო ცნობადობის და არ იქნება მხოლოდ ერთ ქალაქზე მორგებული.
– თქვენი ბედნიერების რეცეპტი როგორია?
-მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ბედნიერების რეცეპტი, ჰარმონიის რეცეპტი ყველასთვის ინდივიდუალურია. პირველ რიგში, თითოეულმა ადამიანმა ჯერ კარგად უნდა ჩაისუნთქოს, ამოისუნთქოს და ჰკითხოს საკუთარ თავს რა არის ბედნიერება. როდესაც სახელებს და გვარებს დავარქმევთ ყველა იმ მოცემულობას, ყველა იმ ემოციას, თუ რა არის ბედნიერება, რეცეპტიც მზად გვექნება. პირადად მე სინთეზური ბედნიერება მომწონს. ჩემთვის ბედნიერებაა ახლა რასაც ვაკეთებ, აი ამ სივრცეში დადებული და მიღებული შედეგი. ჩემთვის ახლა უკვე ბედნიერებაა ყოველი ახალი გათენებული დღე ჩემი ახალი გეგმით. შინაგანად თუ სავსე არ ხარ და არ მოგწონს შენ თვითონ შენი თავი და ის ისეთი არ გაბედნიერებს როგორიც არის, მაშინ გარეშე რაღაცეებიდან მიღებული ბედნიერება ეს არის დროებითი.
-თამუნა, რისთვის ღირდა დაბადება?
-დღეს თუნდაც ერთი ადამიანი მაინც რომ იღვიძებს ღიმილიანი და ბედნიერი, ჩემი დამსახურებით, ჩემი პატარა წვლილით, აი ამისთვის ღირდა დაბადება.
ავტორი: ნინო გონგაძე