ორგანიზმი იმაზე მეტად მეტყველია, ვიდრე ბაგე. ორგანიზმი უფრო სწრაფად აღიქვამს მოვლენებს, გრძნობს განცდებს და გამოხატავს რეაქციას, ვიდრე ცნობიერი ჩვენ გვაწვდის ამ ყოველივეს.
გადის დრო და მოულოდნელად რაღაც გვემართება. მაგ.: გაციება, სიცხე, წნევა, ალერგია… გვტკივა ორგანოები და მთელი რიგი სიმპტომებისა აღმოგვაჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ექიმები ვერ გვეუბნებიან საიდან “მოვიდა” ჩვენი “სტუმარი”, ან რა ვიღონოთ გასამკლავებლად.
არის ხოლმე ვარაუდები, მცდელობები და მოლოდინები.
ჩვენი ორგანიზმი კი მეტყველებს.
– როდის იხედები სარკეში?
– არც ისე ხშირად. როდესაც სახლიდან გასვლას ვაპირებ და ვემზადები.
– და რას ხედავ?
– რა უცნაური კითხვაა. რა უნდა დავინახო? საკუთარ გამოსახულებას.
გამოსახულების მიღმა ინფორმაციაა, რომელის ამოკითხვაც ზოგჯერ გვიჭირს. არა იმიტომ რომ ვერ ვხედავთ, არამედ იმიტომ რომ ზოგჯერ გამკლავების გზებს ვერ ვაგნებთ.
ერთია “გაშიშვლდე” საკუთარი თავის წინაშე და მეორე, – რა უყო იმ ინფორმაციას, რომელსაც დაინახავ, გაიაზრებ… და ზოგჯერ არჩევანს ვაკეთებთ “თვალების დახუჭვაზე”.
– რამდენად ხშირად იხედები სარკეში?
– რამდენად ხშირად ხედავ საკუთარ თავში არსებულ შინაგან ბავშვს, რომელსაც შენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდება?