fbpx

რისთვის ვარ აქ ? ვინ ვარ მე ? – ვილფრიდ ნელესის “ცხოვრების წრე”

ავტორი ჟოლო
1460 ნახვა
0 კომენტარი
5

სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესი (LIP) – ვილფრიდ ნელესის კონცეპტუალური განლაგების მეთოდი.

სისტემური განლაგების განვითარების შემდეგი საფეხური – რეპრეზენტატორებთან (წარმომადგენლებთან) მუშაობის ინდივიდუალური გზა

#კონცეპტუალურიგანლაგება

🙏❤️🌸 თუ მართლა გვესმის, რომ უკვე ზრდასრულები გავხდით, მაშინ ჩნდება კითხვა: რისთვის ვარ აქ? ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე ჩემს ოჯახში არსებული პირობებისა და მისი ისტორიის მიღმა?

ვილფრიდ ნელესი დაიბადა 1948 წელს და ფლობს მაგისტრის და დოქტორის ხარისხებს. პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სოციოლოგიაში, მკვლევარად და უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობის 12 წლიანი სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ოთხმოციან წლებში მუშაობა დაიწყო ბიოენერგეტიკის დარგში. 1996 წლიდან ის სრულ განაკვეთზე მუშაობს ოჯახური განლაგების მეთოდით და ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს მთელს ევროპაში და აღმოსავლეთ აზიაში. ჰაინრიხ ბრეიერთან ერთად მოაწყო და ხელმძღვანელობდა დიდ საერთაშორისო კონფერენციებს 2005 და 2007 წლებში კიოლნში და დააარსა EURASYS (სისტემური განლაგების ევროპული აკადემია), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო ინსტიტუტია ოჯახური განლაგებების განხრით. დაწერა მრავალი წიგნი, რომლებიც ათ ენაზე ითარგმნა. ბოლო წლებში ის აფართოებს ოჯახური განლაგებების ჩარჩოს და მიჰყავს ის ზოგადი ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიისკენ.

2009 წელს გამოიცა ვილფრიდ ნელესის წიგნი სათაურით „Das Leben hat keinen Rückwärtsgang. Spirituelles Wachstum, die Evolution des Bewusstseins und das Familienstellen“ (ცხოვრება უკან არ ბრუნდება. სულიერი ზრდა, ცნობიერების ევოლუცია და ოჯახური განლაგება). აქ ის აღწერს ადამიანის ცნობიერების ევოლუციის შვიდ საფეხურს, ჩვენი ბიოლოგიური ზრდის შვიდი საფეხურის შესაბამისად.

ბიოლოგიური ზრდის ნაბიჯები შემდეგია:

დედის საშვილოსნოში ყოფნის პერიოდი

ბავშვობა

ახალგაზრდობა

ზრდასრულობა (სანამ ბავშვები სახლიდან წავლენ, ან მენოპაუზის დაწყებამდე)

ადრეული სიბერე (პენსიაზე გასვლამდე)

სიბერე (პენსიაზე გასვლის შემდეგ)

სიკვდილი.

ადამიანის ცნობიერების შესაბამისი დონეებია:

ერთიანობა

ჯგუფური ცნობიერება (ჩვენ ცნობიერება)

თანამედროვე ცნობიერება (ეგოს ცნობიერება)

კავშირის ცნობიერება

ხედვა

მთლიანობა

არაფრობა (განზავება)

ოჯახური განლაგება ძირითადად მე-2 და მე-4 დონეზე მუშაობს. მიკუთვნებულობის მოთხოვნილება, ისევე როგორც სინდისი, ეკუთვნის ჯგუფურ ცნობიერებას, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვს. თუ ჩვენ ვსვამთ კითხვას „სად არის ჩემი ადგილი ჩემი წარმოშობის ოჯახში“, ვსვამთ ბავშვურ კითხვას. ხოლო თუ ვცდილობთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კლიენტისთვის, ვემსახურებით მის ბავშვურ ცნობიერებას. რეალურად ზრდასრული ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ადგილი აქვს, ან ჰქონდა მისი წარმოშობის ოჯახში, რადგან ეს წარსულია. მხოლოდ მასში მყოფ ბავშვს აქვს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ლტოლვა პასუხი გასცეს ამ კითხვაზე – ამის გარეშე დამშვიდება არ შეუძლია. იგივე ეხება შერიგების სურვილს, ის ჩვენში მყოფ ბავშვს ეკუთვნის.

დამშვიდება ზრდასრულის პერსპექტივიდან სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგალითად, ოჯახში არსებული კონფლიქტების მიღებას, ან ჰელინგერის სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის მიღებას რაც არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ის.

ზრდასრულთა ცნობიერება ნიშნავს ჩვენს გულებზე კონცენტრირებას და სიყვარულით ყურებას იმისკენ, რაც არის. ის ადგილი, რომელიც ადამიანს ეჭირა ოჯახში, ყოველთვის სწორი იყო, მაგრამ ბავშვი ამას ვერ ხედავს და გრძნობს და ყველაფერი მის არაცნობიერში რჩება. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, რომ გავაერთიანოთ ბავშვის (შინაგანი) და ზრდასრული ცნობიერებები.

ჰელინგერის სამუშაოს შედეგად ადამიანმა შეიძლება იმუშაოს და განვითარება დაინახოს მეორე დონიდან მეოთხეზე გადასვლით (ან უფრო შორს). მაგრამ ჩვეულებრივ არ არსებობს გარდამავალი ეტაპი, დიალოგი ბავშვსა და ზრდასრულ ცნობიერებას შორის. ფასილიტატორების უმეტესობამ არ იცის, რომელ დონეზე მუშაობენ. ჩვენ უნდა შევქმნათ ხიდი ზრდასრულ ადამიანსა და მის შინაგან ბავშვს შორის. ცნობიერების ევოლუციის მე-3 დონე, თანამედროვე ცნობიერება, თითქმის მთლიანად გამორიცხულია ჰელინგერის შრომიდან – ან, თუ ის მიმართავს მას, ამას უარყოფით კონტექსტში აკეთებს და ადანაშაულებს მის ყველა გამოხატულებას (როგორიცაა მეამბოხეობა, ან რევოლუციურობა, ან ინდივიდების ყველა შესაბამისი ქცევა), თერაპიული მიდგომების ჩათვლით, რომლებიც სათავეს თანამედროვე ცნობიერებიდან იღებენ. სწორედ ეს არის ის ფონი ან ნიადაგი, საიდანაც დაიწყო ნელესის ახლებული მუშაობა ოჯახურ განლაგებებთან და საფუძველი ჩაეყარა ახალ მიდგომას სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესს, Life Integration Process (LIP).

ოჯახური განლაგება თითქმის ყოველთვის ეხება ურთიერთობებს. აკადემიური დისციპლინების კუთხით, ის ფსიქოლოგიასთან ერთად გამოყენებითი სოციოლოგიაცაა. ეგრეთ წოდებული „სიყვარულის წესრიგი“ სინამდვილეში არა მარტო სიყვარულის, არამედ ასევე სოციალური ცხოვრების წესებია. ამიტომაც განლაგებებით მუშაობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა სოციალურ სისტემაზე და არა მხოლოდ ოჯახებზე. „დროის წესრიგი“ და „ბალანსის წესრიგიც“ ასევე სოციალური წესრიგებია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას არეგულირებენ, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებაზე მუშაობს დროის წესრიგი; ჩვენს ეკონომიკურ და სამართლის სისტემაში – ბალანსის წესრიგი. ჰელინგერმა აღმოაჩინა, რომ ეს წესრიგები არ შემოისაზღვრება მხოლოდ სიყვარულით, (როგორც თანამედროვე აზროვნებას სჯერა), არამედ მოქმედებს სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებშიც.

კლასიკური ოჯახური განლაგება წარმოაჩენს ოჯახის ფარულ სოციალურ დინამიკასა და წესრიგს. ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმად არის ეს წესრიგები ფესვგადგმული ჩვენს სულებში, რომ ისინი ადამიანის სულის ნაწილები ხდებიან და შესაბამისად ხდებიან ფსიქოლოგიის ობიექტები. მაგრამ მაშინაც კი, თუ ჩვენი ყურადღება უფრო მეტად არის სულზე, ვიდრე სოციალურ საკითხებზე, განლაგებებით მუშაობა ძირითადად ეხება სხვებთან ურთიერთობას – ჩვენს მშობლებთან, წინაპრებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან, შვილებთან ან სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან.

სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესში (LIP) – განსხვავებული ხედვაა. აქ არ ვეხებით ურთიერთობებს, არამედ საკუთარ თავს ვაკვირდებით. ამისთვის ვიყენებთ რეპრეზენტატორების მეთოდს, რათა დავინახოთ, რა ხდება ღრმად ჩვენს არაცნობიერ გონებაში, იმ ნაწილებში, რომლებიც წარმოადგენენ მუცლადმყოფობის პერიოდს, ბავშვობას და მოზარდობას. ჩვენ არ ვმუშაობთ არაფრის შეცვლაზე, უბრალოდ გულიდან ვაკვირდებით და ვიღებთ მათ. არ ვიციკლებით ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპების პრობლემებსა და ტკივილებზე, უბრალოდ არსი გვაინტერესებს. უსიამოვნებები ჩნდება, მათ ნათლად ხედავთ და უნდა აიღოთ და აღიაროთ ისინი, მაგრამ აქცენტი ყოველთვის არსზეა.

მაგალითად, ვინმეს საშოში ყოფნის დროს ტყუპი ნაყოფი ჰყავდა გვერდით, რომელიც ვერ დაიბადა, ჩვენ არ ავიყვანთ ამ ტყუპი ნაყოფის წარმომადგენელს (როგორც ეს ოჯახური განლაგების დროს მოხდებოდა). თუ მისი დაკარგვის ტკივილი ამოტივტივდება, ამას უბრალოდ ვხედავთ და ვაღიარებთ. მისი ტკივილის დანახვით, არდაბადებული ბავშვი თავს აღიარებულად და დაფასებულად გრძნობს და სულ ესაა, რაც მას სჭირდება. მაგრამ იმისათვის, რომ კლიენტმა ამ ყველაფერს გულიდან შეხედოს და აღიქვას, როგორც ჩანს, აუცილებელია, რომ მას ადრე უკვე ემუშავა ამ ტრავმულ საკითხებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრავმა არ აძლევს მას საშუალებას, ნამდვილად დაინახოს შინაგანი ბავშვი. ამიტომაც მე ვიღებ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე უმუშავიათ ოჯახური განლაგების, ან სხვა ღრმა ტრავმასთან მუშაობის მეთოდებით, თუ სულში ტრავმა აქვთ.

პროცესი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ არც ისე ადვილია. თუ, მაგალითად, ბავშვს რაღაც სტკივა, ზრდასრული ადამიანი (კლიენტი) ხშირად ძალიან სევდიანად უყურებს მას და შეიძლება გაიგივდეს ბავშვის ტკივილთან, რომელიც რეალურად მისი ბავშვობის ტკივილი იყო. მაგრამ ეს ვერ დაეხმარება. ბავშვს სურს და უნდა დაინახოს, რომ როგორც ზრდასრულმა ჩვენ დავძლიეთ ეს ტკივილი და უკან მოვიტოვეთ იგი. ის მას ეკუთვნის და არა ზრდასრულს და როცა მას სიყვარულით დავტოვებთ, ის იგრძნობს სიამაყეს, რომ დავინახეთ და განვათავისუფლეთ. ასე რომ, პროცესი რეალურად მოიცავს ყველაფრის დანახვას, აღიარებას და მიღებას, რაც ჩვენს ცხოვრებაში იყო, ზუსტად ისე, როგორც იყო, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ეს გამოწვევაა კლიენტისთვის და სწორედ მისი მიღებით ვხდებით ჭეშმარიტად ზრდასრულები.

რაც უფრო მეტად იღებს კლიენტი თავის ბავშვობას, მით უფრო ცხადი ხდება მისი ნამდვილი პოტენციალი და შინაგანი ხედვა. თუ ის ჯერ კიდევ ბავშვობაში ან დაბადებამდე პერიოდში გაინიცდიდა დანაკარგს, ან სიმძიმეს LIP-მა ესეც შეიძლება გამოააშკარავოს. თუმცა როგორც წესი, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე (დაბადებამდე), კლიენტის პოტენციალები იჩენს-ხოლმე თავს.

როგორღაც ჩვენი არსებობის პირველივე მომენტიდან ჩვენ თითქოს ვიცით, რისთვის მოგვეცა ცხოვრება, ან რა გველოდება. ,,ცოდნა” ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, არ არის გონებრივი, ანუ მხოლოდ ის რაც ჩვენს ცნობიერ გონებაში ხდება. ეს არის ცოდნა ცოდნის გარეშე. რეპრეზენტატორები უკავშირდებიან ამ არაცნობიერ ცოდნას და როდესაც ისინი გამოხატავენ მას, ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ ეს პოტენციალები ჩვენს საკუთრებად, თუ ზედმეტად არ ვართ დაკავებული ჩვენი პრობლემებით ან ტანჯვით. LIP-ში აშკარა ხდება, რომ ჩვენი მშობლები გვეხმარებიან ამ სამყაროში მოხვედრაში, მაგრამ არ არიან ჩვენი შემოქმედნი, ან ჩვენი წარმომშობნი. ისინი არიან კარიბჭე, რომლითაც ამ სამყაროში მოვდივართ, მაგრამ არ წარმოადგენენ ჩვენი წარმოშობის წყაროს. ხშირად ჩვენ თან ვატარებთ რაღაცას, რაც უცნაურია ჩვენი მშობლებისთვის, რაც სცილდება მათ გამოცდილებას, შესაძლებლობებს, ღირებულებებს და გაგებას. ბავშვის ღრმა სურვილი, გაიგონ მშობლებმა, ხშირად იმედგაცრუების საფუძველი ხდება, რადგან მისი შინაგანი ხედვა და ნიჭი მშობლებისთვის იმდენად უცნაურია, რომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მისი გაგება.

ჰელინგერის წინადადება „შენ შენი მშობლები ხარ“ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო იმის გასაგებად, რომ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ჩვენი ოჯახიდან, მაგრამ ის მაინც არასწორია. მშობლები და ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი. ჩვენი შინაგანი ხედვა, როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში სრულიად დამოუკიდებელია მათგან. ჩვენ მოვდივართ მიღმიერიდან და არა მათგან. მაგრამ ჩვენ მათი მეშვეობით ვიბადებით და სწორედ ამ ოჯახში შევდივართ. ჩვენი დედა არის პირველი კონტეინერი, რომელიც გვაწვდის ყველაფერს, რაც გვჭირდება, ჩვენი ოჯახი კი მეორე კონტეინერია, რომელშიც შეგვიძლია გავიზარდოთ და ვისწავლოთ როგორ ვიარსებოთ ამ სამყაროში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ჩვენს სამყაროს წარმოადგენენ. დედა (ან მისი საშვილოსნო) არის ჩვენი სამყარო დაბადებამდე, ოჯახი არის ჩვენი სამყარო ბავშვობაში. როცა სკოლაში შევდივართ სამყარო ფართოვდება, მაგრამ სკოლა უცხო ქვეყანას ჰგავს, ოჯახი კი ჩვენი სამშობლოა. როგორც მოზარდები, ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს (და ხშირად გვსურს) დავტოვოთ სამშობლო და მარტო გადავდგათ ნაბიჯები სამყაროში.

წყარო: სისტემური განლაგების ჯგუფი / Group of Systemic Constellations

მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი “კონცეპტუალური განლაგებები”

19 თებერვალი, 19:00 სთ

ღირებულება 55 ლ

რეგისტრაცია https://bit.ly/35oy1lI

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL

მიმღები შპს ჟოლო ;

დანიშნულება: კურსის საფასური.

0 კომენტარი
5

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი