„თუ თქვენ ენერგია არ გყოფნით მიზნების მისაღწევად, თუ არის თქვენს ცხოვრებაში მოუგვარებელი პრობლემები, თუ გრძნობთ, რომ სულ რაღაც გიშლით ხელს, დიდი ალბათობაა იმის, რომ ფესვებიდან თქვენამდე ენერგია ვერ აღწევს. ის დაბლოკილია პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ“ …
აუცილებლად წაიკითხეთ წარმატების ქოუჩის თამარ საგინაშვილის რჩევები, სტატიაში მოცემული სავარჯიშოები აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ გაძლიერდეთ.
თამარ საგინაშვილი:
გახსოვთ ზღაპარი, დევმა რომ სოფლის სასიცოცხლო წყარო „მიითვისა?“
რატომღაც ეს ზღაპარი გამახსენდა, როდესაც ამ პოსტის წერა დავამთავრე.
არ ვიცი, რას გულისხმობდნენ ზღაპრის შემქმნელები მაშინ წყაროში და რას – დევში, მაგრამ მე თავისუფალი ინტერპრეტაციის მომხრე ვარ და პირობითად, წყაროს დავარქმევ იმ ენერგიას, რომელიც აუცილებლად გვჭირდება სასიცოცხლოდ და დევს კი…
დევი ვინ არის და რა არის, ამას თავად მიხვდებით თუ გააგრძელებთ კითხვას.
პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა…
ეს ფრაზა ყველას გეცნობათ და ალბათ იშვიათია ადამიანი, ვინც არ დაეთანხმება იმას, რომ პატივი უნდა ვცეთ მშობლებს.
მათ ჩვენგან მხოლოდ პატივისცემა, სიყვარული და იმის დადასტურება სჭირდებათ, რომ მნიშვნელოვანი არიან ჩვენს ცხოვრებაში.
მიეცით მათ ეს მცირე რამ იმის სანაცვლოდ, რომ მათ მოგცეს თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი – სიცოცხლე. ამით მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ.
თითქოს რა მარტივია ყველაფერი…
თითქოს არავის უნდა გვჭირდებოდეს ამის თქმა.
თითქოს ეს ისედაც ასე უნდა იყოს…
მაგრამ…
ყველამ ვიცით რა იგულისხმება ამ მაგრამის უკან. რამდენი მიტოვებული მშობელი, რამდენი გულნატკენი, რამდენი უფუნქციოდ დარჩენილი, რამდენი ლოდინით დაღლილი, რამდენი წყლის მიმწოდებლის გარეშე დარჩენილი, რამდენი შვილებს და შვილიშვილებს დანატრებული< რამდენი… რამდენი… რამდენი…
ჩემი აზრით, ასეთები ჩვენთან შედარებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, აღმოსავლური ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა არ გვაძლევს იმის ნებას, რომ ასე მივყაროთ ჩვენი მოხუცი მშობლები უპატრონოდ. თუმცა არც მთლად უამისობაა…
უფრო ხშირია მეორე კატეგორია ადამიანების. როდესაც თითქოს კი უვლიან მშობლებს და საჭმელს აჭმევენ, მაგრამ ვაი იმ მოვლას.
რატომღაც ისე ხდება, რომ ხშირად ყველაზე მეტი გულისტკენა სწორედ იმ ადამიანებისგან გვახსოვს, ვისაც ყველაზე მეტად უნდათ ჩვენი სიკეთე. და ეს ვერ – ნაპატიები და ვერ – გაშვებული წყენები მართავენ შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს დამოკიდებულებას მშობლებისადმი, არამედ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი და სრულიად სამყაროსადმი.
მესამე ჯგუფი, არიან ის ადამიანები, ვინც გონებით იცის, რომ მშობლებს კარგად უნდა მოექცეს, იცის, რომ არ უნდა იყოს ნაწყენი მათზე, იცის, რომ უნდა მიიღოს ისინი ისეთები, როგორებიც არიან. და თითქოს კიდეც აკეთებს ამას, მაგრამ აკეთებენ მხოლოდ გონებით, მხოლოდ იმიტომ რომ ასეა საწირო, მხოლოდ იმიტომ, რომ რას იტყვის ხალხი, თუმცა შეიძლება ამას საკუთარ თავსაც არ ეუბნებოდეს.
საქმე ის არის, რომ თუ ჩვენ რაღაცას ღრმად, გულის სიღრმეში ვმალავთ, საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს „დამარხული“ პრობლემები თავის საქმეს არ აკეთებენ და არ აზიანებენ ჩვენს ფსიქიკას და ჯანმრთელობას.
და ბოლოს, არიან ადამიანები, ვისაც მართლა არავითარი წყენა და ტკივილი არ მიუღია მშობლებისგან, ან შეიძლება მიუღია კიდეც და საკმაოდ ბევრიც, მაგრამ გაცნობიერებულად აპატია მათ ყველაფერი და ახლა არის სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთნ და მშობლებთან, ანუ მთელ სამყაროსთან.
მშობლების მიმღებლობა გულისხმობს მათ უპირობოდ მიღებას ისეთებად, როგორებიც არიან, უფლების მიცემას მათთვის, რომ იცხოვრონ იმ ცხოვრებით, რომელიც თვითონ ამოირჩიეს.
ჩემი მსმენელების დიდი უმრავლესობა უკვე მეოთხე საფეხურზეა და ეს დიდი ბედნიერებაა, ეს მათ ცხოვრებას და მიზნების მიღწევას უადვილებს..
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი არის სისტემის ნაწილი – ეს შეიძლება იყოს ქვეყანა, ეროვნება, ადამიანების ჯგუფი, სამსახური, და ყველაზე მთავარი ამ სისტემებს შორის არის ჩვენი საგვარეულო სისტემა, ანუ ის, რამაც შეგვქმნა, აღგვზარდა, მოგვცა გარკვეული გენეტიკური გამოცდილება, ხასიათის თვისებები, გარეგნობა, ნიჭები, შიშები, ბლოკები, საგვარეულო სცენარები და კიდევ ბევრი რამ.
თუ თქვენ გადახედავთ თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების, ნათესავების ცხოვრებას და კიდევ უფრო ადრეულ წინაპრებსაც გაიხსენებთ, უამრავ საერთოს იპოვით. იპოვით სცენარებს, რომლებიც თაობიდან თაობაში მეორდება. და თუ გააკეთებთ გულწრფელ ანალიზს, მიხვდებით, რომ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში სწორედ ამ სცენარის მიხედვით მიმდინარეობს.
ამ სცენარებიდან ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეიძლება და თუ სწორ ანალიზს გააკეთებთ და სწორად იმუშავებთ ამ საკითხზე, ეს თაობებიდან გადმოსული პრობლემები ძალას დაკარგავენ და თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამ უიღბლობების ჯაჭვს გაწყვეტთ.
პირველი საფეხური ამ გზაზე არის სწორედ მშობლებთან ურთიერთობების მოგვარება. უფრო სწორად, საკუთარ თავში მოგვარება იმ პრობლემების, რომლებიც ამ ურთიერთობას ახლავს.
შეუძლებელია ადამიანი მუშაობდეს საკუთარ თავზე, სურდეს ჰარმონიული ცხოვრება – წარმატება, ბედნიერება, კარგი შემოსავალი, რეალიზებულობა და ეს მოახერხოს ჩვენს უშუალო წინაპრებთან – მშობლებთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე და უფრო მეტიც – მთელ საგვარეულოსთან კავშირის აღდგენის გარეშე.
არც ერთი სერიოზული ტრენინგი თუ ვებინარი არ გამივლია, სადაც ეს თემები არ იყო წამოწეული, თუნდაც ეს ყოფილიყო ფინასების ან საკუთარი დანიშნულების ძიებისადმი მიძღვნილი შეხვედრა.
იმიტომ, რომ აქ არის ჩვენი ძალა და ენერგია, ის ჩვენს სისტემაშია. ჩვენ ვიღებთ სასიცოცხლო ენერგიას ჩვენი ფესვებიდან, ისე როგორც ხე იკვებება თავისი ფესვებით. და თუ ნაყოფი ჭიანია, აზრი არ აქვს ნაყოფის მკურნალობას, პრობლემა ფესვებში ან მათთან კავშირშია.
ამ ენერგიის აღდგენისთვის ღრმა და სერიოზული მუშაობაა საჭირო.
მე ჩემი პროექტის „მარგალიტების მაძიებლების“ ჯგუფში დავდე ერთი ძალიან ძლიერი სავარჯიშო მშობლებთან ურთიერთობის აღსადგენად,. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასეთი ძვირფასი რამ მხოლოდ მათ უნდა მისცე, ვინც თვითონ მოინდომებს ამ ურთიერთობების დალაგებას. ვინც თავად მიიღბს გადაწყვეტილებას, რომ ეს სჭირდება.
ამიტომ ახლა მხოლოდ ზოგადი რჩევებით შემოვიფარგლები. ვისაც სურს, გამოიყენებს მათ, ყველა ადამიანი თვითო ირჩევს, როგორ იცხოვროს. ყველას აქვს მიცემული არჩევანის თავისუფლება.
გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება. იპოვეთ ის სფეროები, რომლებშიც განსაკუთრებით გიჭირთ. მერე გააანალიზეთ სად იკვეთება თქვენი ამ პრობლემის და რომელიმე საგვარეულო სცენარის ხაზები?
მიგანიშნებთ: მაგალითად, გვარში ქალების უმრავლესობა გაშორებულია ქმარს, მამაკაცებს ერთმანეთის მსგავსი პრობლემები აქვთ, მეორდება უბედური შემთხვევები, მსგავსია პრობლემები სიმდიდრესთან ან სიღარიბესთან დაკავშირებით, მეორდება დაავადებები და ასე შემდეგ. ეს სია შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს.
- თუ ასეთ მსგავსებებს აღმოაჩენთ, დაწერეთ რა არის ეს და რას გაძლევთ ეს აღმოჩენა?
- რეკომენდაცია: პატიება, პატიება და მხოლოდ პატიება! ეს არის პირველი საფეხური. ეს არის ის, რაც თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ.
აპატიეთ ამ ადამიანებს, თქვენს წინაპრებს, რომ ასეთი სცენარებით „ მოგამარაგეს“. ისინი ტყუილად არ იქმნება. ისინი რაღაცისთვის ჭირდება თქვენს საგვარეულო სისტემას.
მიიღეთ, შეიყვარეთ და გაანებივრეთ მშობლები.
მიეცით რაც სურთ – რაც შეიძლება მეტი ყურადღება, აღიარება და აჩვენეთ მათ, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან.
მაშინაც კი, როცა ჭკუას გასწავლიან, უთხარით მათ: მიყვარხარ, მესმის შენი, ვიცი, რომ მხოლოდ კარგი გინდა ჩემთვის. და თუ შეგიძლიათ, გაითვალისწინეთ მათი რჩევა. თუ არადა უთხარით: მე უკვე დიდი ვარ, შენ საკმაოდ ჭკვიანი გამზარდე და ბევრი ნიჭით დამაჯილდოვე, ამიტომ ამჯერად, მე ისე გავაკეთებ როგორც მე ვფიქრობ.
თუ თქვენ ენრგია არ გყოფნით მიზნების მისაღწევად, თუ არის თქვენს ცხოვრებაში მოუგვარებელი პრობლემები, თუ გრძნობთ, რომ სულ რაღაც გიშლით ხელს, თუ გეშინიათ კომფორტის ზონიდან გამოსვლის და ნაბიჯების გადადგმის, დიდი ალბათობაა იმის, რომ ფესვებიდან თქვენამდე ენერგია ვერ აღწევს. ის დაბლოკილია პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ დაბლოკილია თქვენი ურთიერთობა მშობლებთან.
ჩვენს მშობლებთან, ნათესავებთან, მთელ საგვარეულოსთან კავშირი გვკვებავს და გვაძლიერებს.
პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა… ეს არის ის, რაც არ ექვემდებარება განხილვას, კრიტიკას, განსჯას.
ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვავსებს.
და ეს არის გარანტი იმის, რომ თქვენი შვილებიც ასევე მოიქცევიან, და თქვენ მუდამ მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანები იქნებით მათთვის.
ავადხსენებული დევი კი, რომელიც ამ პოსტის დასაწყისში ვახსენე, იმ ყველაფრის ერთობლიობაა, რაც გვაიძულებს სიცოცხლის ეს წყარო – მშობლების სიყვარული თავად დავბლოკოთ.
ახლა თავად გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ,
დევებს დააპყრობინოთ თქვენი სიცოცხლის წყარო თუ სიყვარულით და პატიებით შეივსოთ საგვარეულოს ძალით და ენერგიით.
P>S და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: თუ შვილების თქვენდამი დამოკიდებულება არ მოგწონთ, ისევ და ისევ გადახედეთ, სად იქცევით თქვენ ზუსტად ისე, როგორც თქვენი შვილები გექცევიან თქვენ. შვილები – ჩვენი სარკეა. ისინი ძალიან ბევრ რამეს გაჩვენებენ;))))
- P. S. თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან?
- P. P. S. და შვილებთან?
სიყვარულით და თქვენი შესაძლებლობების რწმენით
თამარ საგინაშვილი