ფიქრები წყენასა და პატიებაზე
ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა და უბედურს, გვიყალიბებს წარმოდგენებსა და პროგრამებს, რომლებითაც ვცხოვრობთ, გვაძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და სულიერი განვითარების შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომ დავფიქრდი ურთიერთობის ერთერთ შედეგზე — წყენაზე.
მაინც რა არის წყენა? ეს არის უარყოფითი ემოცია, რომელიც გვამახსოვრდება გარკვეული დროის განმავლობაში (შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზეც). ხშირად ეს ტვირთი თან გვდევს წლების განმავლობაში და ვერაფერი მოგვიხერხებია. ვგრძნობთ, რომ ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი ძველი გულის ტკივილია. წყენა არის უარყოფითი ემოციების ხსოვნა.
რას ვფიქრობთ, როდესაც ნაწყენი ვართ? ასე რატომ მომექცნენ? ეს უსამართლობაა, მომატყუეს, მიღალატეს, უხეშად და უპატივისმცემლოდ მომექცნენ, უმადურება გამოავლინეს, მიმატოვეს, ძალადობა იხმარეს. ჩემთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს, დამჩაგრეს……
რა დასკვნას ვაკეთებთ ადამიანზე, ვინც გვაწყენინა? ასეთი არ მეგონა, უზნეო, ბოროტი, ეგოისტი და მატყუარაა, უტაქტოა, უზრდელი, თავხედი და ფლიდია…… ესე იგი განვიკითხავთ. თუმცა შესაძლოა ზოგჯერ გავუგოთ კიდეც.
რა გრძნობებს იწვევს წყენა? გულისტკივილს, ბოღმას, გაბოროტებას, შურისძიების სურვილს, გაბრაზებას, თავმოყვარეობის და ღირსების შელახვისა და არასრულფასოვნების განცდას, დამცირებას, უსუსურებას, შიშს, იმედის გაცრუებას, უნდობლობას. ზოგჯერ ეს გრძნობები ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასია და დაავადებებსაც კი იწვევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიტანჯებით იმის გამო, რომ ჩვენი აზრით ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებთ, ან იმის გამო, რომ ჩვენი სტერეოტიპები იმსხვრევა.
რა შედეგი მოაქვს ადამიანისთვის წყენას? ბიოენერგოინფორმაციული კუთხით წყენა არის ენერგეტიკული დარტყმა, რომელიც აზიანებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს. დაზიანებული ველიდან ნეგატიურ აზრებთან ერთად სამყაროში გაედინება ნეგატიური ენერგია. სამყაროს კანონების მიხედვით კი ეს ენერგია უკან გვიბრუნდება. წარმოიქმნება ნეგატიური ენერგიების გენერირების ჯაჭვური რეაქცია, რაც დამანგრეველია პირველ რიგში ჩვენთვის. ირღვევა ადამიანის ენერგეტიკა, აზრები და მოქმედებები რეალობასთან შეუთავსებელი ხდება და ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე.
მაგრამ თუ ამ მოვლენას მეორე მხრიდან შევხედავთ და გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენც და ის ადამიანიც, ვინც გვაწყენინა ერთმანეთისთვის ვასრულებთ იმ სარკის როლს, სადაც შეგვიძლია საკუთარი სისუსტეების დანახვა და რომ ეს შემთხვევა ჩვენთვის გაკვეთილია და არა დასჯა. ერთი შეხედვით ნეგატიურმა მოვლენამ შესაძლოა ჩვენი ფარული სისუსტეები დაგვანახოს.
მაინც როგორ გავიქარვოთ წყენა? თუ გვეყოფა გამბედაობა და ზემოთ თქმულს კარგად გავიაზრებთ, მივიღებთ და შევურიგდებით რეალობას ისე, როგორც არის, მივხვდებით, რომ მომხდარში დამნაშავე არავინაა. როგორც გვირჩევენ, წყენის დასავიწყებლად საჭიროა, ადამიანს ვაპატიოთ. მაგრამ თუ წყენით გამოწვეული განცდები ჯერ თავს არ გვანებებს, პატიება ფარისევლობა გამოდის, ხოლო თუ მივხვდით, რომ დამნაშავე არავინაა და გულიც აღარ გვტკივა, მაშინ რაღაა საპატიებელი? იქნებ ის ადამიანი, ვისაც პატიება უნდა ვთხოვოთ, ჩვენ თვითონ ვართ? იქნებ საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ, რომ ჩვენს ინსტინქტებს გასაქანი და სხვას ჩვენი განაწყენების საშუალება მივეცით? იქნებ ჩვენს მტანჯველ აზრებსა და გრძნობებს უნდა ვაპატიოთ ჩვენზე გაბატონება?
დაიმეგობრეთ და მიიღეთ სიყვარულით თქვენი მტანჯველი განცდები, ისინი გიცავენ რეალური საფრთხისგან, ისინი თქვენი ნაწილია და მათი უარყოფა საკუთარი თავის უარყოფაა. აპატიეთ ზედმეტი „გარჯა“ (მათ ხომ თქვენი დაცვა უნდოდათ), მაგრამ არ მისცეთ მათ საშუალება აკონტროლონ თქვენი ცხოვრება. მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი, აპატიეთ მას არასწორი დასკვნები და შეხედულებები, რომელთა გამოც შეგექმნათ პრობლემები. სცადეთ და მიხვდებით, რომ ასეთი მიდგომით ბევრად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას.
კიდევ ერთი რამ: გათავისუფლდით პრეტენზიებისგან და დაამთავრეთ თქვენი მტკივნეული ურთიერთობები. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს, საკუთარ გრძნობებსა და ინსტინქტებს, საკუთარ თავსა და ადამიანებს მიღებული გაკვეთილისთვის, ყველა იმ სიკეთისთვის, რაც გაქვთ და პასუხად იგივე დაგიბრუნდებათ.
და ბოლოს ერთი ტექნიკა: თუ გიჭირთ ემოციებისგან თავის დაღწევა, აზრობრივად გაუგზავნეთ სიყვარული იმ ადამიანს, ვინც გაწყენინათ. თუ ამასაც ვერ შეძლებთ, წარმოიდგინეთ, რომ ჩადეთ იარაღში სიყვარულის ტყვია და ესროლეთ წყენის ობიექტს.
ავტორი: მარიკა ფიროსმანაშვილი