უკვე მეათე წელია, რაც მაღალმთიანი აჭარა, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტები, ყოველი წლის შემოდგომაზე, საფესტივალო ცხოვრებით ცხოვრობს. კულტურისა და ხელოვნების მოყვარულებს წინ სამდღიანი დღესასწაული გელოდებათ. არაჩვეულებრივი ბუნება, სუფთა ჰაერი, გულწრფელი ადამიანები, ლიტერატურა, კინო, ფოლკლორი, წიგნის ბაზრობა, შეხვედრები საყვარელ ავტორებთან და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო აქტივობა გაიმართება 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით. “ჟოლო” ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ ფესტივალის “ზე-კართან” სულისჩამდგმელთან და დირექტორთან ვახტანგ ბერიძესთან, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციასა და ტურისტულ კუთხედ ქცევაში.
-ვახტანგ, მოგვიყევით როგორ დაიწყეთ და საიდან გაგიჩნდათ ამ მეტად საჭირო ფესტივალის “ზე-კართან” დაარსების იდეა?
-ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც მე შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში რეჟისორად დავინიშნე. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. მთელი გუნდი ვცდილობდით რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები შეგვეთავაზებინა. ვცადეთ სხვადასხვა ჟანრი, გვქონდა კლასიკური და თანამედროვე მუსიკა, კინო, ლიტერატურა. ერთგვარ დაკვირვებასაც ვაწარმოებდით, რომელი ღონისძიების მიმართ რა ინტერესი იქნებოდა საზოგადოებაში. მთაში ყველაზე პოპულარული მაინც პოეზიაა, რადგან ეს მიმდინარეობა უფრო ახლოს არის იქაური ადამიანების სულიერ მდგომარეობასთან. ამავე წლის შემოდგომაზე დავიწყეთ სამდღიანი ლიტერატურული საღამოებით. მაშინ ამდენი მწერალი ამ რაიონს არასოდეს ენახა. გვქონდა გასვლები სოფლებში, ვხვდებოდით მოსახლეობას, მწერლებს ვაჩვენებდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და იქაურ ყოფას ვაცნობდით. სწორედ ეს პირველი წელი გახდა ერთგვარი ბიძგი იმისა, რომ ამ ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეღო და გარდაქმნილიყო ფესტივალად, უფრო მოგვიანებით კი საერთაშორისო ფესტივალად. ფესტივალის შექმნა მენეჯმენტური თვალსაზრისით, ხელს უწყობს კულტურისა და პოლიტიკის დეცენტრალიზაციას, რეგიონალურ განვითარებას კულტურის მიმართულებით და კულტურის ხელმისაწვდომობას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძირითადად დიდ ქალაქებში ტარდება და ამ მიმართულებით მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები დაჩაგრულები არიან. მე მიმაჩნია რომ რეგიონში, მითუმეტეს მთიან აჭარაში, სადაც ჯერ კიდევ დიდი რაოდენობის მოსახლეობაა შენარჩუნებული, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ყველა საჭირო სერვისის შეთავაზებას რომ ახალგაზრდები, შუა და უფროსი თაობის ადამიანები დარჩნენ იქ და ადგილზე მიიღონ ის სიამოვნება და სარგებელი, რასაც ქალაქში მაცხოვრებლები ვიღებთ სხვადასხვა ღონისძიებებით თუ აქტივობებით.
-აჭარის მთებში დაბადებულმა და გაზრდილმა გადაწყვიტეთ პოპულარული გაგეხადათ აჭარა და ამას ამ ფესტივალით მიაღწიეთ კიდეც. შეგხვდათ თუ არა სიძნელეები ამ გზაზე?
-პოპულარულზე მეტად მინდა რომ ადამიანები ამ ულამაზესი კუთხით დავაინტერესო. ყველას, ვინც ამ ფესტივალზე არის ნამყოფი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებები, შეხედულებები, სიყვარული და ემოცია გაუჩნდა. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. ჩვენს ფესტივალზე მყოფი ადამიანები თავიანთ საუბრებში, ამას ყოველდღიურად აფიქსირებენ. იგივეს გავაკეთებდი რაჭაში ან სამეგრელოში რომ ვცხოვრობდე. მე ადამიანების როლს და მისიას ასე ვხედავ. სადაც დაიბადე და ცხოვრობ, იქ უნდა დაიწყო, გააკეთო და შექმნა. პირველ რიგში შენს სოციუმს უნდა გაულამაზო და გაუხალისო ცხოვრება. სიძნელეები ამ გზაზე იყო რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ქვეყანას სამი ათას წელზე მეტი კულტურის ისტორია აქვს ჩვენ რაღაცეებს ახლა ვსწავლობთ, თუნდაც საფესტივალო კულტურას. პრობლემები იყო მხარდაჭერის, ცოდნის და ცნობიერების თვალსაზრისით. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემაა ის რომ რეგიონის მუნიციპალიტეტის მთავრობას, როგორც თვითმართველობას, არა აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, ძვირადღირებული ღონისძიებები დაგეგმოს, მას სჭირდება აჭარის მთავრობის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა. გარდა ამისა, იყო შურის ფაქტორი და სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოებები, კონკრეტული ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან. თუმცა ჩემდა გასახარად, ფესტივალის ირგვლივ, უფრო მეტი პოზიტივი და დადებითი გამოხმაურებაა და ეს ყოველივე სჯობნის იმას, რაც სასწორის მეორე მხარეს დევს.
-თქვენს ბავშობაზე, ზოგადად აჭარასა და მის ტრადიციებზე რას გვეტყვით?
-“რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?! იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო”. გახსოვთ ალბათ ეს ფრაზა ფილმიდან. მაგ ნაწილში გონებაჩლუნგი ვიყავი, იმიტომ რომ მე არ მქონდა სათამაშო. ჩემს ბავშვობასთან ერთად სამშობლოს ტრაგიკული ისტორია ვითარდებოდა. თუმცა მე მქონდა ძალიან დიდი სიყვარული და ემოციები. ძალიან კარგი გარემოცვა მყავდა, რომლებიც სამწუხაროდ დღეს აღარ მყავს, ბევრი მათგანი წავიდა ამქვეყნიდან. ბავშვობის ის ემოციები, გულწრფელობა, სიმართლე, ის, რომ საკუთარი თავის განვითარება შენვე შეგიძლია, და რომ პატიოსნებაზე და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული ნებისმიერი საქმე არის წარმატებული, მე ეს ჩემს ოჯახში და იმ გარემოცვაში ვისწავლე, სადაც გავიზარდე. ჩემს ბავშვობაში ყველაზე მეტად რასაც ვისურვებდი, თუნდაც ერთი ცოცხალი მწერალი, ხელოვანი რომ შემხვედროდა ქუჩაში, განცდა მაქვს რომ ჩემში უფრო მეტი სიყვარული, ჟინი და ემოცია იქნებოდა. ხშირად ვუყურებდი მწერლებისა და მსახიობების ინტერვიუებს, მურმან ლებანიძის გამოსვლებს, ვახუშტი კოტეტიშვილის საღამოებს. მსახიობების ინტერვიუები რომლებიც მომისმენია ეს იყო მთელი ჩემი ცნობიერების გარდასახვა, ძალიან მიყვარდა მათი მოსმენა. რაც შეეხება ტრადიციებს, აჭარაში როგორც მთელს საქართველოში არის ტრადიციების რამდენიმე ელემენტი, რომელიც ერთგვარი რიტუალია და ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მაგრამ არის ისეთი ეროვნული მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელსაც ჩემი მუშაობის პერიოდში არაერთი მეცნიერის და მკვლევარის ემოცია გამოუწვევია. აჭარას თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიმღერის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სამოსის, კულინარიის, ყოფითი და სოფლის მეურნეობის ტრადიციების მიმართულებით. ზუსტად ამ ტრადიციების ინტერესი, სიყვარული და სხვაზე გაზიარების ჟინი არის ერთ ერთი ინსპირაცია ჩვენი ფესტივალის დაფუძნების.
-სამსახიობოზე რატომ არ ჩააბარეთ მსახიობების მოსმენა და ყურება მიყვარდაო ამბობთ.
-ჩემს განათლებას უცნაური ისტორია აქვს. სამსახიობოზე ჩაბარების მცდელობა მქონდა, მაგრამ იმდენად დიდი კონკურენცია იყო რომ ვერ მოვხვდი ამ ფაკულტეტზე. მამაჩემმა იმის გამო რომ წელი არ გამეცდინა ჩემს დაუკითხავად ორასი დოლარი გადაიხადა ერთ-ერთ სასწავლებელში და ჟურნალისტიკაზე ჩამრიცხეს. ამის გამო მასთან დიდი წინააღმდეგობა მქონდა. ჟურნალისტიკას არაფერს ვერჩოდი, უბრალოდ ვფიქრობდი რომ თეატრალური საქმიანობა უფრო კარგად გამომივიდოდა. ამ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი თვე ვიარე, რადგან ოქტომბერში, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში გამოცხადდა მიღება სარეჟისორო ფაკულტეტზე, გასაუბრება გავიარე და ჩავირიცხე. მამაჩემს რომ ეგონა მთელი წელი ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, ერთხელაც აღმოაჩინა რომ სარეჟისოროზე მქონდა ჩაბარებული.
-როგორ აღნიშნავთ “ზე-კარის”წლევანდელ საიუბილეო თარიღს- ათი წლის იუბილეს, რა სიახლეებს გეგმავთ და რითი იქნება განსხვავებული წინა წლების ფესტივალებისგან?
-ფესტივალში მონაწილე მწერლების სია ყოველთვის განახლებადია. მათგან 90 % არ არის ნამყოფი ჩვენს ფესტივალზე. გვაქვს მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომელიც მოიცავს როგორც ლიტერატურულ საღამოებს, ასევე საჯარო ლექციებს, ფილმების ჩვენებას, ფოლკლორულ და შემეცნებით ღონისძიებებს, ექსკურსიებს… გვაქვს სიახლე, ფესტივალზე წელს პირველად გაიმართება წიგნის ბაზრობა. იმის გათვალისწინებით რომ ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში არ არის წიგნის მაღაზიები, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ განაახლონ და გაამდიდრონ თავიანთი ბიბლიოთეკები, მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასად. წლევანდელი ფესტივალის თემა იქნება “ომი და მშვიდობა”. დაგეგმილია ბესო სოლომონაშვილის ფილმის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” ჩვენება. ეს ის ნაწარმოებია, რომელიც ყველაზე კარგად გადმოსცემს 2008 წლის აგვისტოს ემოციებს და იმ განცდებს, რაც მაშინ გამოიარეს ადამიანებმა. ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რომელიც დღეს ხდება მსოფლიოში. ჩვენი მეზობელი ოთხი სახელმწიფოდან სამი საომარ სიტუაციაშია ჩაბმული. რა გავიარეთ წინა საუკუნეებში და რისი გავლა მოუწევთ მომავალ თაობებს ომების გამო, ჩვენ ამ თემატიკებზე ვისაუბრებთ. ეს არის ის მთავარი აქტუალური საკითხი, რომელზეც დღეს ყველა გონიერი ადამიანი უნდა საუბრობდეს. აგრეთვე, ჩვენი ფესტივალის ტრადიციების მიხედვით, წინა წლის საპატიო “ზე-კარელები” გამოარჩევენ ფესტივალის ორ აქტიურ წევრს ქალბატონსა და მამაკაცს, რომლებსაც სიმბოლურად აჭარული ყაბალახით დავაჯილდოვებთ.
-რაც შეეხება ფესტივალის სახელს “ზე-კართან”, როგორ განმარტავთ და რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას?
-“ზე-კართან” არის მეტაფორული სახელწოდება, რომელიც გარკვეულ მისტიკურ და ამავდროულად მიწაზე დაშვებულ ინფორმაციებს შეიცავს. ზე-კარი ეს არის უღელტეხილი, გადასასვლელი. მე დავარქვი ზე-კართან, ანუ მაღლა, სადღაც გასასვლელ კარიბჭეში, სადაც ადამიანი ყველაზე ახლოს არის ღმერთთან, სადაც თავის ფიქრებთან, იდეებთან, სათქმელთან და ინსპირაციასთან რჩება პირისპირ და საიდანაც ადამიანი იღებს ნიჭს, ენერგიას და ახალ ინფორმაციას. ასეთ ადგილად მეჩვენებოდა ყოველთვის მთიანი აჭარა. მე იქ გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემი სოფელი ფურტიო მთებშია ჩაფლული. როცა შებინდდებოდა, ეს მაღალი მთები რაღაცნაირ მისტიკური სამყაროს შთაბეჭდილებას ქმნიდა. ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა ამ მთების იქეთ. ახლაც, ამ ასაკშიც სულ მაინტერესებს რა ხდება მთების მიღმა, ეს არის ამ ფესტივალის სახელწოდების ინსპირაცია.
-ფესტივალის მთავარი იდეა და მიზანი რა არის?
-მთლიანობაში ფესტივალის იდეა და მიზანი არის ის, რომ ერთის მხრივ, ქართველ მწერლებს გავაცნოთ აჭარა და ის ინსპირაცია რომელსაც იქ მიიღებენ აქციონ ლიტერატურად. ამის შესახებ წერდეს თავის სოციალურ გვერდზე, შთაბეჭდილებებს უზიარებდეს ადამიანებს და ამაზე საუბრობდეს სხვადასხვა გადაცემაშიც. მეორეს მხრივ, მოხდეს ჩვენი ყოფა-ცხოვრებისა და კულტურული მემკვიდრების პოპულარიზაცია. ამ ფესტივალის მთავარი იდეაა, ხელი შევუწყოთ მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას და ტურიზმის განვითარებას. ჩვენი ღონისძიებები ემთხვევა შაბათ-კვირას და კულტურის მოყვარულები ცდილობენ დასვენების დღეები ამ ლამაზ ატმოსფეროში მწერლებთან ერთად გაატარონ. ეს საღამოები დამუხტულია ეროვნული სულისკვეთებით, რომლებიც ჩვენი საფესტივალო ღონისძიებების გეგმას წარმოადგენს. ვფიქრობ ეს შესაძლებლობები ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოიყენონ, რადგან ამის ფუფუნება მათ სხვა დროს არა აქვთ.
-როდესაც აარსებდით ფესტივალს “ზე-კართან” გქონდათ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა და ამდენი წელი იარსებებდა?
-როცა საქმე ეხება ხელოვნებას და შემოქმედებას მისი მომავალი ცოტა რთულად დასაგეგმია, რადგან არ იცი წინასწარ რა მოხდება. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, როგორ დაეხმარებიან მას ღმერთები განვითარებაში და სიცოცხლისუნარიანობაში. ეს მხოლოდ შენს მონდომებაზე არ არის დამოკიდებული. ეს კომპლექსური, მისტიკური პროცესია. მის სიცოცხლისუნარიანობას შევინარჩუნებთ მანამ, სანამ აჭარის მთებში ადამიანი იცხოვრებს. მადლობა ღმერთს რომ ჩემი ფესტივალის ირგვლივ ის გულწრფელი და პოზიტიური ადამიანები იყრიან თავს, რომელთა ჩართულობამაც მოგვცა შესაძლებლობა ათი წელი გვეარსება. ჩვენი ფესტივალი დაცლილია კინკლაობისგან, კონკურენციისგან და პოლიტიკური ინტერესებისგან. როცა ლიტერატურულ ფესტივალს აკეთებ და პრეტენზია გაქვს, რომ თავისუფალი და კრიტიკული აზრის განვითარებას შეუწყო ხელი, მაშინ არ შეიძლება რომ მწერალს მიუთითო რა თქვას და რა არა. ამას არასოდეს არ ვიკადრებ. როგორც რეჟისორმა, შემიძლია ვთქვა რომ ამ ფესტივალის ირგვლივ ისეთი ატმოსფერო შევქმენი, რომელიც შემოქმედებითი, საინტერესო და ემოციურია. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ იმ ეტაპამდე რომ ჩვენი ფესტივალი გახდეს იმ დონის საერთაშორისო ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მწერლები და გამომცემლები. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის და ამ მიმართულებით ვავითარებთ ჩვენს საქმიანობას, ამის საშუალებას კი ის ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა.
-რამდენად დიდია ინტერესი ცივილიზაციას მოწყვეტილ სოფლებში მსგავსი კულტურული ღონისძიებების მიმართ?
-როცა იქ ადიხარ გრძნობ რომ ქალაქში ძალიან ბევრ დროს ხარჯავ ფუჭ და უსაგნო ხმაურში. მსგავსი აქტივობები ნამდვილად სჭირდებათ ამ ადამიანებს, ეს ინტერესი მათგან მოდის. საოცრად გულწრფელები არიან იმის მიმართ რაც მიგაქვს, ყურადღებით ისმენენ და ყველაფერს იზიარებენ. მთას ერთი აუხსნელი თვისება აქვს, არაგულწრფელ, ხელოვნურ ადამიანს არ იღებს, გარიყავს ხოლმე. ამიტომ ვცდილობთ რომ ჩვენი ავტორების შემადგენლობა მართალი და გულწრფელი იყოს თავის ტექსტებთან, ლიტერატურასთან, რომელსაც ქმნიან, რომ ამ გულწრფელობით და სიმართლით წარვსდგეთ იმ აუდიტორიის წინაშე, სადაც ჩვენ ჩავდივართ. კულტურის თვალსაზრისით ჩვენს რეგიონებს ბევრი რამ აკლიათ, ამას ვამბობ როგორც კულტურის მენეჯერი. თუმცა ვიცი რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთი დინამიკით არ ვითარდება. მომწონს ის რომ უკვე აქტიურად იწყება ქალაქებში საფესტივალო კულტურის დამკვიდრება. ამ დროისათვის მაღალმთიან აჭარაში “ზე-კართან” ერთადერთი ფესტივალია. თუ რატომ არ მოჰბაძა ამ ფესტივალს სხვადასხვა რაიონებმა, პასუხი ის არის, რომ აქ ცოდნის და სხვა ტექნიკური საკითხების პრობლემა დგას. ზოგადად ფესტივალებისა და ღონისძიებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი ფინანსური რესურსი უნდა მივმართოთ მთებისკენ, სოფლებისკენ, დაბებისკენ, რეგიონებისკენ, რადგან რეგიონები არის ჩვენი ქვეყნის, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური გამოკვების მთავარი წყარო. თუ სოფელი გლეხებისგან დაიცლება და იქ მოსავალის მომყვანი არავინ დარჩება, მერე უკვე სხვა მიმართულებით შეგვექმნება პრობლემა. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ წარმატებული ქვეყანა უნდა გვყავდეს განათლებული, წიგნიერი თაობა.
-სწორედ ამასწინათ დაპოსტეთ სოციალურ ქსელში, რომ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნის რეცეპტი წიგნიერებააო.
-ნამდვილად ასეა. რა პრობლემაც დგას დღეს ქვეყანაში, რაშიც ერთმანეთს არ და ვერ ვეთანხმებით და გვაქვს ურთიერთობის დეფიციტი, ეს ყველაფერი არის შესაბამისი ცოდნის და განათლების არქონის შედეგი. ჩვენი ერი რაც უფრო მეტად დაკავდება წიგნის შინაარსიანად კითხვით, იმ სიღრმეებიდან ამბის ამოტანით, მით უფრო მეტი პოზიტივი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურობაში, ჩვენი შესაძლებლობებიც უფრო გაიზრდება და გამოიკვეთება. ვინც ჩათვლის რომ ბიბლიოთეკა, მწერალი, ლიტერატურა და მასზე საუბარი არ არის საჭირო, ასეთი ადამიანების გარემოცვა ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. მსგავსი კატეგორიის ადამიანების განმუხტვაზე დროულად უნდა ვიფიქროთ ყველამ.
-როგორ ფიქრობთ, წიგნიერი თაობა მოდის?
-ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ახლახანს სპექტაკლი დავდგი ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების მოტივებზე და მინდა გითხრათ რომ მთელი სპექტაკლის დადგმის პერიოდში ურთიერთობა მქონდა ძალიან განათლებულ და ღრმად ინფორმირებულ მოზარდებთან. მე მომწონს მათი აზროვნება და პატრიოტიზმი, საოცარი ლოგიკის უნარი აქვთ. ამ მომავალი თაობის დაკვირვებით შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ დიდი ახალი ენერგია მოდის მათი სახით და არაფრით არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს რომ უწიგნური თაობა მოდის. ყველა დროში და თაობაში არსებობს და იარსებებს ადამიანი, ვისაც ეყვარება წიგნის კითხვა და ვისაც არ ეყვარება. მე მოხარული ვარ და ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ქვეყნის ბედი უნდა გადაიბარონ.
-რამდენიმე თვის წინ თქვენ გადმოგეცათ ჯილდო “წიგნის ქომაგი 2022” აჭარაში წიგნიერების პოპულარიზაციაში განათლების გავრცელებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
-ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს არის პირველი და ერთადერთი ჯილდო რომელიც მე გადმომეცა. ამ თვალსაზრისით ძალიან ემოციური იყო. საქართველოში წიგნის ქომაგის ჯილდო ჩემამდე სულ ექვს ადამიანს აქვს მიღებული, მათი სახელები და გვარები იმდენად დიდია ქართული კულტურისთვის რომ მათ გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ეს ჯილდო ჩემთვის როგორც ფესტივალ “ზე-კარის” აღიარებას, ასევე ჩემი საქმიანობის შეფასებასაც ნიშნავს. უფრო მეტ ვალდებულებას მძენს და მაკისრებს პასუხისმგებლობას რომ შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნაზეც ვიფიქრო. ძალიან შთამბეჭდავი და სასიამოვნოა, როდესაც რეგიონში არსებულ საქმიანობას დედაქალაქში აფასებენ.
-პროფესიით ხართ დრამის რეჟისორი, რამდენი სპექტაკლი გაქვთ დადგმული და რამდენად აქტიური ხართ ამ მიმართულებით?
-ამ დრომდე ათი დრამატული სპექტაკლი მაქვს დადგმული, ერთი ოპერა და ერთიც ბავშვებთან გავაკეთე პლასტიკურ-ქორეოგრაფიული დადგმა, ასეთი ფორმით- ნაკლები სიტყვა, მეტი პლასტიკა. სპექტაკლები დამიდგამს ბათუმის, ხულოს, ახალციხისა და ფოთის დრამატულ თეატრებში. სამწუხაროდ თეატრთან ჩემი ურთიერთობა ისე არ განვითარდა, როგორც მე მინდა, რისი შესაძლებლობებიც მაქვს და როგორც მე ვხედავ ჩემს თავს თეატრში. ამას თავისი კომპლექსური მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის რომ მე იმ ოჯახის წარმომადგენელი ვარ, რომლის ტრადიცია არ არის თეატრალობა. ქართული თეატრი სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის მემკვიდრეობით გადაცემული ესტაფეტა და სანამ ეს მანკიერი პროცესი არ შეიცვლება, ნიჭიერ თაობას სხვა ქვეყანაში წასვლა ისე მოუწევს, რომ ამქვეყანაში ვერაფერს გააკეთებს. ეს პრობლემა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
-რა სჭირდება თეატრს განვითარებისთვის და რამდენად დიდია ინტერესი მის მიმართ?
-თეატრს სხვადასხვა ეპოქასა და პერიოდში სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. ანტიკურობიდან დღემდე ეს დანიშნულება მრავალჯერ შეიცვალა. თეატრი მეოცე საუკუნეში მიხვდა რომ მას სჭირდება რეჟისორი, ანუ ადამიანი, რომელიც შემოქმედებით პროცესს წარმართავს და მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. მეოცე საუკუნეს სრულიად ლეგიტიმურად უწოდებენ რეჟისორების საუკუნეს. ოცდამეერთე საუკუნე არის მენეჯმენტის საუკუნე. თეატრი მხოლოდ რეჟისორით აღარ კმაყოფილდება, მას სჭირდება ტექნიკური განვითარება. ქართულ თეატრებს დღემდე კუსტარულად მოწყობილი სცენა აქვთ. მენეჯმენტი არ განვითარდა თეატრში, ისევ საბჭოთა პერიოდის მართვის მოდელია. აბსოლუტურად ჩამოცილებულია ქართული თეატრის თემა და რეპერტუარი საზოგადოების მოთხოვნილებებს. ჩვენ გვაქვს ბევრი თეატრი, მაგრამ ამ თეატრებში გვაქვს მკვდარი პროცესი. ყველა პრობლემის მოგვარება იწყება აღიარებით. თუ არ ვაღიარეთ ეს პრობლემები, ვერ განვვითარედებით. არცერთი ხელისუფლების და მმართველობის დროს თეატრში არაფერი შეცვლილა. თეატრმა უნდა აგაღელვოს, თავი დაგაკარგვინოს, პრობლემებს მოგწყვიტოს, იგი ამას ვერ აკეთებს, ამიტომ ინტერესი დაბალია თეატრების მიმართ. პიტერ ბრუკი ამბობდა რომ თუ თეატრს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ახალი სისხლი არ გადაესხა ეს თეატრი ჭაობდება. ქართულ თეატრებში ოთხმოციანი წლების შემდეგ ახალი სისხლი არ გადასხმულა. ახალ სისხლში ვგულისხმობ- ახალ კონცეფციებს, სტრატეგიებს, ხედვებს, ფასეულობის, დამოკიდებულების შეცვლას, ღირებულების გადახედვას, გადაფასებას, სოციუმის აზრის შემოტანას, მაღალი ხელოვნების დამკვიდრებას, ეს თუ არ იქნა თეატრი არის მკვდარი. ამიტომ ეს პროცესები თუ არ გამოიცვალა და მიდგომები არ შეიცვალა, საქართველოში თეატრი აღარ გვექნება და ეს იქნება ყველას ბრალეულობა.
-ვახტანგ, წარმატებას გისურვებთ ამ მეტად საჭირო და სასარგებლო საქმეში. ინტერვიუს ბოლოს, თქვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამე.
-დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დატვირთული პერიოდი დგას ახლა ჩემს ცხოვრებაში. სამი წელია რაც აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვარ. სადაც ახალგაზრდებს მსახიობის ოსტატობასა და კულტურის მენეჯმენტს ვასწავლი. სასიხარულო სიახლეა ის, რომ პირველად აჭარაში სახელოვნებო სკოლების მიმართულებით ჩემმა სკოლამ ხუთი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის განხორციელებაზე მოიპოვა უფლება. რომელიც ეხება ხელოვნებას, დაწყებული მენეჯმენტიდან დასრულებული საშემსრულებლო ხელოვნებით, მსგავსი პროგრამა მანამდე არ არსებობდა. გარდა ამისა, მესამე წელია ვსწავლობ დოქტორანტურაში, სიღრმისეული თემა მაქვს აღებული. აქაც, ამ ნაწილში, არავის, არასდროს კვლევა არ ჩაუტარებია. ჩემი სადოქტორო თემა კულტურის ორგანიზაციების განვითარებას, მართვას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ეხება. ამავდროულად არ მინდა თეატრს ერთი წუთითაც მოვწყდე. თუ რამის მიმართ ჩემი სიყვარული არის გულწრფელი, ძლიერი და ნამდვილი ეს არის თეატრი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით ჩემი კარიერა არ აეწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაცეებს მაინც ვახერხებ. უახლოეს პერიოდში თანამშრომლობას ვაპირებ ხულოს დრამატულ თეატრთან, გეგმაში მაქვს ევგენი შვარცის საახალწლო სპექტაკლის “თოვლის დედოფალის” დადგმა.
ავტორი: ნინო გონგაძე