fbpx

როგორ ვაქციოთ შიში ჩვენს მოკავშირედ

ავტორი ჟოლო
2.9K ნახვა

შიში ეს არის ერთგვარი გრძნობა, რომელიც ჩამონტაჟებულია ადამიანის ტვინში იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი საფრთხეებისგან. ის შეგვიძლია შევადაროთ კანს, რომელიც ფარავს მთელ სხეულს და იცავს მას სხვადასხვა გარეგანი ზემოქმედებისგან. ამიტომ, ადამიანისთვის შიშის მოშორება, მისი გატყავების ტოლფასია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. 

მოკლედ რომ ვთქვათ, შიშის მთავარი საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ სინამდვილეში, შიში არის ჩვენი დამცველი, ჩვენი მოკავშირე. ის არის აუცილებელი გრძნობა რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ელემნტარულად ვიცოცხლოთ და უსაფრთხოდ ვიყოთ. ამიტომ, როცა ჩვენ ვცდილობთ მისგან განთავისუფლებას, ტვინი მთელი ძალით გვეწინააღმდეგება.

ეს რომ კარგად გავაცნობიეროთ, მოდით, ვნახოთ როგორ იქცევა ორგანიზმი რაიმეს უკმარისობის დროს. მაგალითად, რა ხდება სიცხის დროს, როცა ჩვენ ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს?  ჩვენ გვიჩნდება წყურვილის შეგრძნება. და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით სიცხეში მით უფრო მეტ სითხეს დავკარგავთ და მით უფრო მეტად მოგვწყურდება. იმიტომ, რომ ორგანიზმი მთელი ძალებით ცდილობს აღადგინოს ბალანსი.

ფაქტიურად, იგივე ხდება შიშის დროსაც. რაც უფრო მეტად ვცდილობთ შიშის განდევნას ჩვენგან, მით უფრო მეტად გვეშინია. იმიტომ რომ ტვინი გრძნობს საფრთხეს. თუ ჩვენ შიშის გრძნობას გავაქრობთ, აღმოვჩნდებით პრობლემის წინაშე, იმიტომ რომ დავკარგავთ სიფრთხილის და საღად განსჯის უნარს.

ამიტომ, ტვინი მაშინვე გამალებით იწყებს მუშაობს ბალანსის აღსადგენად და რაც უფრო მეტად ვცდილობთ შიშის განდევნას მით უფრო მეტად და უფრო მეტი ძალით აბრუნებს მას ტვინი უკან.

მაგრამ საკმარისია, ჩვენ დავანებოთ თავი შიშთან ბრძოლას და უბრალოდ ვაღიაროთ ის, რომ, თუნდაც ამითაც კი, შიში იკლებს.

არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შიში, მაგრამ სავსებით მშვიდად აღიქვამენ ამას და არასდროს არ უშლით ეს შიში ხელს. საინტერესოა რას უწოდებენე ისინი შიშს. ისინი შიშს უწოდებენ აზარტს. და ეს მართალიც არის. რატომ? იმიტომ რომ შიში საერთოდ მუშაობს ძალიან საინტერესოდ. ის აძლიერებს ყურადღების კონცენტრაციას, კუნთების ტონუსს, აზროვნების სისწრაფეს, უფრო მეტი ინფორმაციის აღქმის შესაძლებლობას. ანუ, შიში მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ.

როცა ჩვენში ჩნდება შიში, მთელი ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ტვინი იწყებს მუშაობას ტურბორეჟიმში.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა მდგომარეობს არა შიშისგან საერთოდ განთავისუფლებაში, არამედ მის მოკავშირედ ქცევაში. და თუ ამას შევძლებთ, მაშინ ის, ხელისშემშლელი ფაქტორიდან, შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენს მფარველ ანგელოზად.

მოდით, დღეს განვიხილოთ შიშის ის სახეობა, როცა გვეშინია რაიმესი, რაც მომავალში უნდა მოხდეს ჩვენში. მაგალითად ვემზადებით საჯარო გამოსვლისთვის, გამოცდებისთვის, პირველი პაემანისთვის და ა.შ.

ჩვენი შეშფოთების მიზეზი, ამ შემთხვევაში, არის შიში იმისა, რომ რამე ისე არ გამოგვივა, როგორც გვინდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის შეცდომის დაშვების შიში. თავად ამ შიშის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორების განხილვა კიდევ ცალკე უზარმაზარი თემაა და ამაზე სხვა დროს.

ახლა, დავაკვირდეთ, რას გვეუბნება ასეთ დროს შიში?

ის გვეუბნება: „შენ არ ხარ საკმარისად მომზადებული“. თუ თქვენ ამას ყურს მიუგდებთ და ეტყვით: „დიახ, გასაგებია“ მაშინ შიში ჩერდება და პანიკაში არ გადადის, რადგან ტვინი ხვდება რომ თქვენ ადეკვატურად აღიქვამთ სიტუაციას.

მაგრამ თუ უარყოფას დაიწყებთ, მაშინ ტვინი, იმისთვის რომ „მოგაწვდინოთ“ ხმა დაიწყებს უფრო და უფრო მეტად „ხმის აწევას“ და ყველანაირი საშუალებების ამისთვის გამოყენებას ფიზიოლოგიური პროცესების ჩათვლით.

საიდან მოდის ასეთ დროს შიში?

სამქე იმაშია რომ შიში წარმოიქმენა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, ხვალ, 1 თვის, 1 წლის ან თუნდაც 10 წლის შემდეგ.

რა ხდება ამ დროს წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

შეხედთ, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ მხოლოდ აწმყოში. მხოლოდ აქ და ამჟამდ შეგვიძლია გადავდგათ რეალური ნაბიჯები და გავაკეთოთ რამე. როგორც კი ჩვენ აზრობრივად გადავდივართ მომავალში, თუნდაც 5 წუთით წინ, ჩვენ მაშინვე ვხდებით უმწეოები. იმიტომ, რომ ჩვენ, ახლა, არ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც შეიძლება გავაკეთოთ 5 წუთის შემდეგ, მით უმეტეს 1 დღის, 1 თვის და წლების შემდეგ.

ანუ, როგორც კი, ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, მაშინვე ჩნდება უმწეობის განცდა. და ასეთ დროს, რაც უფრო მეტად ვფიქრობთ ამაზე და თანაც, რაც უფრო უმოქმედოდ ვართ, მით უფრო მეტად ძლიერდება შიში, რომელიც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს პანიკაში.

ამიტომ, დაიმახსოვრეთ: იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება მოხდეს ცუდი მომავალში, აძლიერებს შიშს.

ახლა კი განვიხილოთ ის 5 პრაქტიკული ნაბიჯი, რომელთა დახმარებითაც შიში ასეთ დროს შეგვიძლია ვაქციოთ მოკავშირედ.

ნაბიჯი 1 — მიიღეთ თქვენი შიში.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ანუ დაეთანხმეთ იმას, რომ გეშინიათ, აღიარეთ ეს. იმიტომ, რომ ყველაზე საშინელი შიშში ხდება მაშინ, როცა უარყოფთ მას. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, შიშის უარყოფა იწვევს ახალ შიშს, იმიტომ რომ შიში ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს უკანასკნელი ყველანაირად ეცდება მის აღდგენას.

ასე იქმნება მოჯადოებული წრე. თქვენ იწყებთ ბრძოლას შიშთან, რომლის შემდეგაც ჩნდება თვითონ შიშის შიში, საიდანაც ვითარდება უკვე მეორე დონის შიში, ე.წ. „ფობია“.

ამიტომ, თუ გსურთ რომ საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად არ შეაშინოთ, მაშინ დაიმახსოვრეთ: შიშისგან გაქცევის მცდელობა, მხოლოდ აძლიერებს შიშს!

მართალია, ჩვენ ხშირად გვესმის სხვადასხხვა მასობრივი საშუალებების მხრიდან, რომ არსებობენ უშიშარი ადამიანები, მაგრამ ეს სიცრუეა. ყველა ადამიანს ეშინია და ეს ნორმალურია. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა საპარაშუტო სპორტში, ვალერი როზოვმა, რომელსაც ზედმეტსახელად ეძახიან „ადამიან-ექსტრიმს“, ერთხელ, შეკითხვაზე „კი მაგრამ არ გეშინიათო?“ უპასუხა:

„დიახ, მეშინია. შიშიც ისეთივე ჩვეულებრივი გრძნობაა, როგორც სხვა ნებისმიერი. მთავარია მას მშვიდად მოვეკიდოთ“.

წარმოიდგინეთ, თუ ეს ადამიანი, რომელიც, ყოველდღე, ფაქტიურად სიკვდილს ეთამაშება საკუთარი ნებით, აღიარებს, რომ ეშინია, თქვენ რატომ გინდათ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ არ გეშინიათ? თქვენი შიში — თქვენი მოკავშირეა. მას სურს თქვენი დახმარება, როცა ხედავს რომ თქვენ აღმოჩნდით უცხო ტერიტირიაზე.

მაშ ასე, პირველი ნაბიჯი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს შიშს. ის მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ან გველოდება აღმოვჩნდეთ ისეთ გარემოში, რომელიც ჩვენთვის უცხოა, ან სადაც  გაურკვეველია რა მოგველის.

ნაბიჯი 2თქვენ უნდა გაარკვიოთ, თუ რის თქმას ცდილობს თქვენთვის შიში.

იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში, შიშის გრძნობა, გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რაც უნდა მოხდეს.  ჩვენს ტვინს და ჩვენს ორგანიზმს ესმით, რომ ახლა არ ვართ მთლად იმ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროა ამ ახალი სიტუაციის გასავლელად.

თუ თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ: „დიახ, მე რეალურად ახალ ტერიტორიაზე ვარ და მე არ ვარ ბოლომდე მზად იმისთვის, რაც აქ მოხდება“, როგორც კი ამას აღიარებთ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მოვა სიმსუბუქის შეგრძნება.

ნაბიჯი 3ჩაატარეთ დაზვერვითი სამუშაოები.

როცა ჩვენ გვაქვს თუნდაც რაიმე მცირედი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, ეს გაცილებით ნაკლებად სახიფათოდ გვეჩვენება, ვიდრე მდგომარეობა როცა წარმოდგენა არ გვაქვს რა გველოდება.

ამიტომ დაზვერეთ სიტუაცია, მოიპოვეთ უფრო მეტი ინფორმაცია და თქვენი შიში სახეს იცვლის.

ნაბიჯი 4თქვენ იწყებთ მოქმედებას.

არ ელოდებით როდის გაივლის შიში. შეგახსენებთ ერთ ოქროს წესს: „გეშინოდეთ და გააკეთეთ.“

ჩვენ უბრალოდ გადაგვყავს შიში აზარტში, ხოლო აზარტულ მდგომარეობაში, ჩვენ, როგორც წესი, ბევრად უკეთ ვმოქმედებთ.

ჩვენი შეცდომა იმაშია რომ, ვფიქრობთ: „მე ახლა მეშინია, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთო“. მაგრამ სინამდვილეში შიში სულ სხვა რამეს გვეუბნება: „კი ბატონო, წადი, უბრალოდ ყურადღებით იყავი.“

ანუ, კონკრეტული ქმედებების დროს, შიში ჩვენთვის ერთგვარი ფარის როლს ასრულებს. რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე აგვარიდოს მოულოდნელი გაუთვალისწინებელი დარტყმები.

ამიტომ, იმოქმედეთ. უთხარით თქვენს თავს რომ „კი ბატონო, მე მეშინია, არ ვარ მთლად მზად ამ ახალი სიტუაციისთვის, მაგრამ თუ არ ვიმოქმედებ, მაშინ არასდროს არ ვიქნები. ამიტომ ახლავე უნდა ავდგე და ვიმოქმედო.“ და გააკეთეთ.

ნაბიჯი 5გაიმეორეთ!

ამ ნაბიჯის არსი მდგომარეობს იმაში, თუ რა უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც შიშის მიუხედავად, მაინც გადავდგით ნაბიჯი და განვახორციელეთ კონკრეტული ქმედება.

მაგალითად, გვეშინოდა საჯაროდ გამოსვლის, მაგრამ გამოვედით. თითქოსდა ამის შემდეგ, შიში უნდა გაქრეს, მაგრამ ასე არ ხდება.

რატომ? იმიტომ, რომ შიში გვეუბნება, კი შენ ეს გააკეთე, მაგრამ ჯერ არ ხარ კარგად ადაპტირებული ახალ გარემოში.

რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? უნდა გავიმეოროთ! დიახ, გავიმეოროთ და რაც უფრო მალე და რაც უფრო ხშირად, მით უკეთესი.

ადამიანთა უმრავლესობა იქცევა პირიქით.

მაგალითად, მიუხედავად იმის, რომ ძალიან ეშინოდა საჯარო გამოსვლის, მაინც გამოვიდა, მაგრამ ხედავს რომ შიში არ გაქრა და მას ისევ ეშინია გამოსვლის. გარკვეული პერიოდის მერე შეიძლება იგივე გამნეორდეს და ეს ადამიანი ამბობს: „ეტყობა საჩემო საქმე არ არის“ და თავს ანებებს ამ საქმიანობას.

არა და არა. ეს თქვენია, უბრალოდ თქვენ დრო და გამოცდილება გჭირდებათ ადაპტაციისთვის.

შიში ხომ სწორედ ახალ სიტუაციებთან, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის არის მოწოდებული. ყოველი განმეორების შემდეგ, შიში მცირდება და რაღაც მომენტში, როცა ის საქმე რომელიც ადრე თქვენთვის უჩვეულო იყო, როგორც უცხო, გაუკვალავი ჯუნგლები, ახლა გახდება უკვე საკმაოდ შინაურული, ნაცნობი ტერიტორია, რომელშიც ნავიგაცია თვენთვის იქნება ძალიან ადვილი.

როგორც კი ამ მდგომარეობას მიაღწევთ, შიში მაშინვე წავა. რადგან შემდგოში უკვე იწყება რუტინა, უკვე ტვინის მიერ კარგად შესწავლილი და ავტომატიზმამდე დასული ქცევები, და შიშის სახით რაიმე ფარის, საფრთხის, ერთგვარი მეხამრიდის საჭიროებას ტვინი ვეღარ ხედავს.

მოკლედ, ერთგვარი რეზიუმე რომ გავაკეთოთ, როცა რაიმე მომავალში მოსახდენი მოვლენის შიში დაგვეუფლება, შეგვიძლია გავიაროთ შემდეგი ხუთი ნაბიჯი:

ნაბიჯი 1 — მივიღოთ ჩვენი შიში.

ნაბიჯი 2 — გავარკვიოთ, თუ რის თქმას ცდილობს ჩვენთვის შიში.

ნაბიჯი 3 — ჩავატაროთ დაზვერვითი სამუშაოები.

ნაბიჯი 4 — დავიწყოთ მოქმედება.

ნაბიჯი 5 — გავიმეოროთ!

და რაც ყველაზე მთავარია, მუდამ გახსოვდეთ :

იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება მოხდეს ცუდი მომავალში, აძლიერებს შიშს.

შიშისგან გაქცევის მცდელობაც, მხოლოდ აძლიერებს შიშს!

ასე რომ, გეშინოდეთ, მაგრამ იმოქმედეთ!

 

 P.S. თქვენ გაქვთ შიში? რისი გეშინიათ? გიშლით  ეს შიში ხელს მიზნის მიღწევაში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში ან ნებისმიერი სხვა, თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით.

P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, იქნებ ზოგიერთ მათგანს ახლა როგორც ჰაერი, ისე სჭირდება მსგავსი სახის ინფორმაცია.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მომზადებულია კონსტანტინ შერემეტიევის სასწავლო მასალების მიხედვით

წყარო: http://mebonia.com/savarjishoebi-teqnikebi/shishi.html

მსგავსი სტატიები

Leave a Comment