fbpx

„სანამ შენ არ გადაწყვეტ რომ შეიცვალო, ცვლილებები არ მოხდება“ – ლიკა ჩანქსელიანი

ავტორი ნინო გონგაძე
1007 ნახვა
0 კომენტარი
0

“მე გამიმართლა, რადგან ის საქმე ვიპოვე, რომელიც მიყვარს და მაბედნიერებს,” – მეუბნება ჩემი რესპონდენტი. ეს საქმე ქოუჩინგი გახლავთ – პროფესია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ეს ინტერვიუც საკმაოდ საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევებითაა დატვირთული. Jolo.ge-ს სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი, RPT- თერაპევტი და ტრანსფორმაციული ქოუჩი – ლიკა ჩანქსელიანი.

-ლიკა, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რომელიც ბოლო ხანებში ერთგვარად მოდურ პროფესიადაც კი იქცა?

-როდესაც ფსიქოლოგიის განხრით, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე, აბსოლუტურად სხვა სფეროში წავედი. მუშაობა დავიწყე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ოპერატორის პოზიციაზე, საკმაოდ კომფორტული და მაღალანაზღაურებადი სამსახური იყო, კარგი კოლეგებით. მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ ეს არ იყო ის საქმე, რაც მე სიამოვნებას მანიჭებდა. აი, მანდ დაიწყო უკვე საკუთარი თავის შეცნობის პროცესი…
სამყაროსა და ადამიანის შეცნობას რაც უკავშირდება ყველა სფერო და მიმდინარეობა მაინტერესებს, რადგან ფსიქოლოგი ვარ, რაც უფრო მეტი ინტეგრირებული მიდგომა მექნება ადამიანებთან სამუშაოდ მით უკეთესი. ფსიქოლოგიური ტექნიკები, ცოდნა, ცნობიერების ამაღლება, ყველაფერი პირველ რიგში საკუთარ თავზე გავიარე, დავაპრაქტიკე, ჩემი ჩავარდნილი სფეროები ამოვწიე, სასურველი შედეგები მივიღე და როცა მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემზე მუშაობს, მერე დავფიქრდი რატომ არ შეიძლება, რომ ეს გამოცდილება სხვა ადამიანებსაც გავუზიარო- მეთქი. გამიჩნდა სწავლის და განვითარების კიდევ უფრო მეტი სურვილი. შემდეგ ეს ყველაფერი უკვე პრაქტიკაში გამოვიყენე და დავიწყე ინდივიდუალურად კონსულტაციების ჩატარება.
-რა მომსახურებას სთავაზობთ და რა პრობლემებით უნდა მოგმართონ ადამიანებმა?
-მე ვმუშაობ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, ეს იქნება ბავშვობაში გადატანილი, თუ მიმდინარე ტრავმები. ასევე: შიშები, კომპლექსები, მოტივაციის არქონა, დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავთან გაურკვევლობა, მიზნების არქონა, ტოქსიკური და კონფლიქტური ურთიერთობები და სხვა …
-ყველაზე ხშირად რა დახმარებით მოგმართავენ? არსებობს თუ არა გადაუჭრელი პრობლემა, თუ ყველა პრობლემიდან არის გამოსავალი?

-მუშაობის პროცესში სიტყვა პრობლემას, ვანაცვლებ სიტყვა გამოწვევით, ცხოვრებისეული ამოცანით.
ყველა გამოწვევას ეშველება, მთავარია ცოცხლები და ჯანმრთელები ვიყოთ. ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, თუ რამე პრობლემა არსებობს, ყველაფერი ტვინიდან იწყება. ტვინს როგორც მოვმართავთ, რა პროგრამასაც ჩავწერთ იგივე შედეგს მივიღებთ, რადგან ჩვენი ტვინი იმახსოვრებს და შესაბამისად რეაგირებს. ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხსაც კი ეშველება და მოგვარებადია, როგორი დიაგნოზიც არ უნდა იყოს. ჩემს სამუშაო ქეისებს, რომ გადავხედე ყველაზე დიდი მომართვა ფსიქოსომატური გამოვლინების თვალსაზრისით გახლავთ, შემდეგ მოდის ტოქსიკური ურთიერთობები, დაბალი თვითშეფასება და ნეგატიური ფიქრები.
-რა განცდა გეუფლებათ, როდესაც კლიენტს ეხმარებით, ყველა შემთხვევაში დგება თუ არა სასურველი შედეგი და ხომ არ არის ეს შედეგი დროებითი ეფექტის?
-ის უკუკავშირები, რაც იმ ადამიანებისგან მომდის, ვისთანაც ვასრულებ სამუშაო პროცესს, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო. შედეგები და უკეთესობისკენ შეცვლილი თითოეულის ცხოვრება ჩემთვის ძალიან საამაყოა. სრული გულწრფელობით გეუბნებით ჯერჯერობით არ მქონია ისეთი შემთხვევა რომ ჩემთან მოსული ადამიანი უშედეგოდ წასულიყოს – ეს ჩემი გამარჯვებაა!
რაც შეეხება ეფექტს, თუ რამდენ ხნიანი იქნება, ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. განკურნების პასუხისმგებლობას ჩვენ თანაბრად ვინაწილებთ. მე ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, რესურსს და ყველაფერს ჩავდებ იმისთვის რომ შენი საკითხები მოგვარდეს და პროგრესირდეს, მაგრამ შენც უნდა გინდოდეს. არსებობს ასეთი ცნება, სანამ შენ არ გადაწყვეტ რომ შეიცვალო, ცვლილებები არ მოხდება როგორ ფსიქოლოგთან და ქოუჩთანაც არ უნდა მიხვიდე.
-პირადად თქვენ რა მოგცათ პიროვნული ზრდის ტრენინგებმა და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავსი სახის აქტივობები?
-მანამდე მეგონა რომ ჩემს თავს ვიცნობდი, თუმცა აღმოჩნდა, რომ რაც მეტს ვსწავლობ და ვიგებ, ბოლომდე თავი მაინც ვერ შევიცანი. ყველა სფერო, მიმდინარეობა, ტრენინგი, პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობაში მეხმარება, შემდეგ უკვე ამ გამოცდილებას კლიენტებთან ვიყენებ. როგორც ჩემზე მოახდინა ზეგავლენა და პიროვნული ტრანსფორმაცია განვიცადე, ზუსტად ასევე მინდა რომ ჩემთან მოსულმა ყოველმა ადამიანმა იგივე განიცადოს. მსგავსი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად იგებ და სწავლობ ახალს. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხით, პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მეტს შევიმეცნებთ, რაც მეტს გავიგებთ, მეტად გავნათლდებით. ცოდნა ხომ სინათლეა?!

-რას აკეთებთ მუდმივი პიროვნული ზრდისთვის, რას კითხულობთ, რას უსმენთ, რას უყურებთ?
-ისეთ პროფესიას მოვკიდე ხელი, რაც არ მაძლევს მოდუნების შესაძლებლობას. მუდმივად ვსწავლობ და ეს არის ჩემთვის უწყვეტი პროცესი. აქტიურად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებს. ჩართული ვარ რამდენიმე პროგრამაში. ახლა გავდივარ არტ თერაპიას და წლის ბოლოს ახალი ცოდნა მექნება, ისევ იმისთვის, რომ შემდეგ ჩემთან მოსულ ადამიანებს გამოცდილება ამ მხრივაც გავუზიარო. ასევე ჩართული ვარ სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში. ვკითხულობ ფსიქოლოგიურ წიგნებს. ეს ყველაფერი პირველ რიგში მე მჭირდება, რომ უფრო მეტად გავიზარდო და მერე ეს ყველაფერი აქტიურად გამოვიყენო ადამიანებთან, იმ საუკეთესო შედეგების დასადებად რაც გვინდა.
-რომელ საათზე უნდა იწყებოდეს წარმატებული ადამიანის დღე და როგორ იწყებთ პირადად თქვენ, გაქვთ თუ არა რაიმე აუცილებელი რიტუალი?
-როდესაც დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა, პიროვნული ზრდა, განვითარება და საკუთარი თავის შეცნობა, აღმოვაჩინე რომ დღე უფრო მეტად ორგანიზებული და გაწერილი უნდა იყოს პუნქტებად. მას შემდეგ დავიწყე დღის ჟურნალის წარმოება.
ჩემი დღე დილის რვა საათზე იწყება, საოჯახო საქმეების მოგვარების შემდეგ ვიწყებ ვარჯიშს. მარინა კვატაიას პროგრამაში ვიყავი ჩართული. დაინტერესებული ვარ კუნდალინი იოგით. რაც მე და იოგა გადავიკვეთეთ, მას შემდეგ ის ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა. აჩქარებული ცხოვრების ტემპი, რაშიც ვცხოვრობთ ქაოსურია, გინდა ყველაფერი მოასწრო, იყო კარგი მეუღლე, დედა, პროფესიაში წარმატებული. ეს რა თქმა უნდა ჩვენგან უამრავ რესურსს მოითხოვს, ასევე დროის მენეჯმენტსა და ყველაფრის განაწილებას. ცხოვრების ეს წესი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ძალიან არ მინდა რომ დღემ იოგას გარეშე ჩაიაროს. იოგა არამხოლოდ სხეულის ფიზიკური წრთვნაა, არამედ სულიერიც. იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ვიცხოვროთ ხანგრძლივად, გვქონდეს უფრო მეტი ენერგია, ვიყოთ აქტიურები და ენერგიულები, ამისათვის აუცილებელია სხეულს მოვუაროთ.
-წარმატების მისაღწევად მთავარი ფაქტორი რა არის? და თქვენ წარმატების რა ეტაპზე ხართ ახლა?
-ძალიან ბევრი ფაქტორია, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. ასევე მიზანმიმართულობა, პრინციპულობა, დისციპლინა. ჯიუტად უნდა გაიტანო შენი აზრი და იდეა, ის რაც შენ ყველაზე მეტად გაბედნიერებს. ათასმა კაცმაც რომ გითხრას შენ ეს არ გამოგივა, თუ შენ ეს იდეა მოგწონს, უნდა გააკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო და შემდეგ ბედნიერად იგრძნო თავი. უნდა გჯეროდეს რომ შენ შეგიძლია, სხვა შემთხვევაში ეს თვისებები ვერ დაგეხმარება. მე ვერ ვიტყვი რომ წარმატების მწვერვალზე ვარ. მე თავს წარმატებულზე უფრო, ბედნიერ ადამიანად ვთვლი. რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და რომელშიც ვდებ გულს და სულს. მე გამიმართლა, რადგან ვიპოვე ის საქმე, რომელიც მიყვარს და მაბედნიერებს.

-ბედნიერება როგორ მიიღწევა, მართლა წვრილმანებში იმალება იგი? როგორ შევძლოთ მისი დანახვა?
-ბედნიერების რეცეპტი არ არსებობს. ეს ისეთი ცნებაა რომ ძალიან ინდივიდუალურია. შეცდომაა, როცა ბედნიერებას ჩვენ გარეთ ვეძებთ, ზოგი საყვარელ მამაკაცში, ზოგი მატერიალურ სურვილებში, ეს იქნება მანქანა, თუ ლამაზი კაბა. გააჩნია ვისთვის რა არის ბედნიერება. თუკი წვრილმანებზე დავიწყებთ ყურადღების გამახვილებას, მე მგონია რომ არასოდეს დავკარგავთ ბედნიერების შეგრძნებას, ეს ბედნიერება ჩვენს შიგნით არის, მთავარია ვიპოვოთ და მაშინ ვიქნებით ჰარმონიულად საკუთარ თავთან.
-როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?
-ამისათვის საჭიროა უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და გადავაფასოთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. იდეალური ადამიანი არ არსებობს, უნდა ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები მაგრამ ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ მასზე. ყველა ადამიანში არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. ამის გამო არ უნდა დავითრგუნოთ. უნდა გვიყვარდეს და მივიღოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც ვართ. არ შევედაროთ სხვა ადამიანებს, მათ მიღწევებს, შესაძლებლობებს, რადგან თითოეული ჩვენთაგანი ინდივიდუალური და უნიკალური არსებაა. ყველას ჩვენ ჩვენი ნიჭები და ძლიერი მხარეები გვაქვს, მთავარია ვიპოვოთ, გავიცნოთ საკუთარი თავები, შევიყვაროთ და დავაფასოთ, ყოველთვის შევაქოთ, გავამხნევოთ კომპლიმენტებით, თბილი სიტყვებით, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ამ პროცესიდან გადავალთ მადლიერების განცდაში, რომელიც ყველაზე მაღალი ვიბრაციული ემოციაა. შემდეგ უფრო დავიწყებთ ყურადღების გამახვილებას იმაზე, რაც უკვე არის ჩვენს ცხოვრებაში და ამისი მადლობელი ვიქნებით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო უკეთესი მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში.
-როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოციები, რათა ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები არ “მოვწამლოთ”?
-ნეგატიური ემოციები იწყება ნეგატიური აზრებით. ნეგატიური ფიქრები ჩვენს დაუკითხავად ქმნის ნეგატიურ ემოციას. ეს ნეგატიური ემოცია შემდეგ უკვე გადადის იმ ფსიქოსომატურ სიმპტომატიკაზე, რითიც ადამიანები ყველაზე ხშირად მომმართავენ. ვინაიდან ყველაფერი ჩვენი გონებიდან და აზრებიდან იწყება, თუ გვინდა რომ ნეგატიურმა ემოციებმა არ მოგვიცვას, უნდა დავიწყოთ საკუთარი გონების დასუფთავებით და აზრების დალაგებით. აზრი ქმნის ემოციას, მერე უკვე ემოცია გვაძლევს ფიზიკურ შეგრძნებებს, სიმპტომატიკას და იმ არასასურველ მდგომარეობას, რაშიც შემდგომ ვვარდებით ხოლმე.

-როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს?
-მიზანი აუცილებლად უნდა გვქონდეს კონკრეტულად და ნათლად წარმოდგენილი, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმით, თავისი ნაბიჯებით, იქნება ეს მოკლე თუ გრძელვადიანი. რაც უფრო მეტად კონკტრეტულად ვხედავთ ამ ჩვენს მიზანს, მით უფრო მეტად მცირდება მასთან მისაახლოებელი მანძილი. იწყებ მარტივი ნაბიჯით და გადადიხარ რთულზე, ამგვარად მოტივაციაც თანდათან გემატება. ასე მიიღწევა ის დიდი მიზანი, რომელიც გგონია რომ ძნელია და სადღაც შორს არის. მთავარია დავიწყოთ მოქმედება და მისკენ სვლა სწორხაზოვნად. თუკი ამას გავითვალისწინებთ და გავაკეთებთ, სასურველ მიზანთან მალე მივალთ.
-ლიკა, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?

-ჩემს სამომავლო გეგმებში შედის ისევ და ისევ სწავლის გაგრძელება რამდენიმე მიმართულებით. ჩემს პროფესიაში ყოველთვის ვეძებ დამატებით რესურსს, გზას, თუ რა შეიძლება კიდევ ვისწავლო, გავაკეთო, რომ კიდევ უფრო მეტად სასურველი და მოთხოვნადი ვიყო. ცოტა შორეულ მომავალში, თავს ფსიქოკონსულტაციის სახლში ვხედავ, სადაც ადამიანებისთვის იქნება ძალიან მყუდრო, თბილი და სასიამოვნო გარემო, საიდანაც ადამიანი გავა გაბრწყინებული, დამშვიდებული, იმედით და დადებითი ემოციებით სავსე. აი ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი, რომ შევძლო და გავაკეთო პატარა, ულამაზესი სივრცე, რომელიც ჩემს წარმოდგენაში არის.

ავტორი: ნინო გონგაძე

ფსიქოლოგი ლიკა ჩანქსელიანი: https://bit.ly/3tT12SZ

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort