fbpx

„შენს ხმას უნდა მოუსმინო, ენდო, დაუჯერო და მერე სასწაულები ხდება“…

ავტორი ჟოლო
568 ნახვა

„შენს ხმას უნდა მოუსმინო, ენდო, დაუჯერო და მერე სასწაულები ხდება“, – ეს ნინო ძიძიგურის სიტყვებია ინტერვიუდან, რომელსაც ახლა თქვენც წაიკითხავთ… და ვინ იცის, იქნებ ამ ინტერვიუმ თქვენც გადაგაწყვეტინოთ შინაგანი ხმისთვის გულდასმით ყურის დაგდება და აღმოჩენების გაკეთება … მისი ისტორიები, ვფიქრობ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ის სიმართლე, რომელსაც გამუდმებით სხვაგან ვეძებთ, ჩვენშივეა.

ნინო ძიძიგური, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, 11 წელია, ავსტრიაში ცხოვრობს. ის დღეს ერთ-ერთ სასწავლებელში ქოუჩის თანამდებობას იკავებს და 15-დან 24 წლამდე გოგონებს პროფესიის შერჩევასა და სამსახურის მოძიებაში ეხმარება. ამზადებს მათ გასაუბრებისთვის, უტარებს ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებს და მათთან ერთად გადის რთულ გზას წარმატებამდე.

ქოუჩობამდე გზა გრძელი იყო – მუშაობდა „წითელ ჯვარში“ და მოხუცებსა და სოციალურად დაუცველებს ნებაყოფლობით ეხმარებოდა; ჰქონდა საავტორო რადიოგადაცემა „უცნობი საქართველო“, რომელიც სამი წლის განმავლობაში სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და გერმანულად – მიჰყავდა. მუშაობდა რესტორანშიც, ჯერ მზარეულის დამხმარედ, შემდეგ კი შეფ-მზარეულად. ახლა საკუთარ რესტორანზე ოცნებობს, სადაც საფირმო კერძებს თავად მოამზადებს… მანამდე კი ამ ოცნების რეალიზებას ქართული კერძების მულტიკულტურულ ფესტივალზე ახდენს, სადაც უცხოელ სტუმრებს ქართულ სამზარეულოს აგემოვნებინებს და ქებასაც უამრავს იღებს. ის ამ ფესტივალზე ქართული კუთხის წარდგენას უზრუნველყოფს და უცხოელებს, კერძებთან ერთად, ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სიმღერებს აცნობს.

ეს ნინოს საქმიანობების არასრული ჩამონათვალია ავსტრიული ცხოვრებიდან, დანარჩენს კი გზადაგზა ჩემს რესპონდენტთან ერთად მოგიყვებით.

ნინო ძიძიგური: ავსტრიაში 2009 წლის სექტემბერში წამოვედით. აგვისტოს ომის შემდეგ უსამსახუროდ დავრჩი, საქართველოს ბანკში ვმუშაობდი და შემცირებაში მოვყევი. მაშინ ბანკმა კრიზისის გამო ბევრი გაუშვა. ჩემი უმუშევრობა არ შეიძლებოდა. მარიამი ცერებრალური დამბლით დაიბადა და ინტენსიური თერაპია და ვარჯიშები სჭირდებოდა, ჩემს ქმარსაც ბონუსები მოუხსნეს და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამიტომაც დავიწყეთ ფიქრი უცხოეთში გამგზავრებაზე. ბოლოს ავსტრია ავირჩიეთ, რადგან ის მედიცინის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. წამოვედით, როგორც ლტოლვილები. მე აფხაზეთიდან ვარ…

– აფხაზეთი გახსოვთ?  

როგორ არა, 11 წლის ვიყავი მაშინ. კორპუსში ვცხოვრობდით, ზღვასთან ახლოს კი ულამაზესი სოფელი და აგარაკი გვქონდა. ზღაპრული გარემო იყო, რომელიც მერე დიდხანს მესიზმრებოდა. ახლაც მაქვს ხოლმე უცნაური სიზმრები, თითქოს ოჩამჩირეში ჩავდივარ და სახლში ვერ შევდივარ… ძალიან ბევრი მოგონება ცხოვრობს ჩემში… ამ მოგონებებშია ჩემი აფხაზი მეგობარი ასტამურიც, ჩემ ზემოთ რომ ცხოვრობდა. ორივეს ერთი ჰობი გვქონდა, მარკებს ვაგროვებდით, ერთმანეთში ვცვლიდით, ვხალისობდით. მერე ჩვენი ლაღი ბავშვობა დასრულდა, რასაც მოჰყვა შიში… გაქცევა… ბათუმი… მახსოვს, ბათუმში მამასთან მივედი და ვკითხე: მამა, აქაც დაიწყება ომი?! მეგონა, ყველგან ომი უნდა დაწყეულიყო.

– და წლების შემდეგ კიდევ ერთხელ მოგიხდათ სამშობლოს დატოვება… რთული იყო ეს გზა? 

იცით, როდის ვიყავი ყველაზე მეტად სასოწარკვეთილი? 2009 წლის სექტემბერში, როცა საქართველო დავტოვეთ და უცხო ქვეყანაში გამოვემგზავრეთ. მოვდივართ ორ ბავშვთან ერთად, ერთი ხუთი წლის არის, მეორე სამის. არ ვიცით, როგორ ჩავბარდებით, რას გავაკეთებთ. .. სად მიდიხართ? – უკვირდათ ახლობლებს. არ დავთმე და გავყევი ჩემს შინაგან ხმას, ხმას, რომელმაც დღეს აქ მომიყვანა. ამიტომ სასოწარკვეთილ ადამიანებს მინდა ვუთხრა, გამოსავალი არის, მთავარია, საკუთარ ხმას მოუსმინო, დაუჯერო და პატარ-პატარა ნაბიჯებით გაჰყვე.

წლების წინათ, როცა ექიმი ჩემი შვილის დიაგნოზს მეუბნებოდა, მაშინაც საკუთარი ხმა ჩამესმოდა – სიმართლეს შეხედე თვალებში, მიიღე ეს და გზა გააგრძელე. მაშინ მარი წლის და სამი თვის იყო, მე – 22-ის… ბავშვობაში სიარულთან დაკავშირებული პრობლემა მეც მქონდა და გვეგონა, მარიც ასე იქნებოდა, მოგვიანებით გაივლიდა. მაგრამ ასე არ მოხდა… მარის ამბავმა რადიკალურად შემცვალა, სხვანაირად დავბრძენდი. თითქოს ეს ახალი ათვლის წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში. მერე დაიწყო ექიმები, ისრაელში გამგზავრება, ოპერაცია…

მარიამი უკვე 16 წლისაა და ჩვენ ერთად ვაგრძელებთ გზას.

ყოველთვის, როცა რაღაც სირთულეს ვაწყდები, ჩემს თავს ვეუბნები: აი, კიდევ ერთი გაკვეთილი. ვაანალიზებ, ვაკვირდები, ვუსმენ, ვიღებ და რწმენით მივყვები. სირთულეა? კიდევ უფრო ვძლიერდები. ჩვენ, უბრალოდ, უნდა მივიღოთ ის, რასაც სირთულეს ვეძახით. ვაცადოთ მას არსებობა და ის „ერთი ცეკვიდან მეორეში გადაიცეკვებს“… მთავარია, ამ დროს ჩვენს შინაგან ხმას დავუგდოთ ყური…

ხშირად მიჰყვებით შინაგან ხმას?

– რაც საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლე, მას შემდეგ. დღევანდელი ჩემი პროფესიაც ამის დამსახურებაა.

დავტოვე რესტორანი, სადაც შეფ-მზარეულად ვმუშაობდი. არადა, მზარეულის დიპლომიც ავიღე, ანაზღაურებაც კარგი მქონდა და დიდი გამოცდილებაც მივიღე. პროცესიც სასიამოვნო იყო, უამრავი იდეა მოდიოდა, ახალ კერძებს ვიგონებდი, საოცარი იმპროვიზაციის უნარს ვავლენდი და ყოველი კერძი, ლამაზთან ერთად, უგემრიელესიც გამოდიოდა. ყველა კმაყოფილი იყო, მათ შორის მეც, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც სხვა მინდოდა…

და ჩემს თავს ვკითხე: ნინო, რა გინდა, რა არის ის, რაც აგავსებს ახლა, ამ მომენტში და გაგაბედნიერებს?

პასუხად მივიღე: მინდა, ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო. ისედაც ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და მავსებდა, მაგრამ ამ კუთხით პროფესიული განათლება არ მქონდა.

რა უნდა გავაკეთო ამისთვის? – დავუსვი ჩემს თავს მორიგი კითხვა. პასუხი იყო: დაველაპარაკო ოჯახის წევრებს.  „დავიბარე“ ჩემი შვილები, მეუღლე  და განვუცხადე: ვერ ვიმუშავებ შეფ-მზარეულად, მინდა ვისწავლო და სხვებს ასე დავეხმარო. ამის მისაღწევად შეიძლება რაღაც პერიოდი დამჭირდეს და თქვენი მხარდაჭერა ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია-მეთქი. „შენ გვერდით ვართო“,– მითხრეს.

მივიღე გადაწყვეტილება და რა დროც არ უნდა დამჭირვებოდა, მზად ვიყავი, ეს გზა გამევლო. ვაგზავნიდი რეზიუმეებს სოციალურ სფეროში მუშაობის დასაწყებად და პროფესიული განათლების მისაღებად, რამდენიმე დღეში სოციალურ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ორგანიზაციიდან  დამიკავშირდნენ: ძვირფასო ნინო, ჩვენ გვაქვს თქვენთვის შესაფერისი ადგილი, გასაუბრებაზე გელოდებით“.

აქ ერთი მორწმუნე მეგობარი გვყავს და იმ წამსვე მას დავურეკე: გთხოვ, მოდი, შენი დახმარება მჭირდება, უნდა ვილოცოთ-მეთქი. რობინი მოვიდა და მითხრა: ჩვენ ახლა იმაზე კი არ ვილოცებთ, რომ სამსახურში აგიყვანონ, არამედ იმაზე, რომ ეს ის სამსახური აღმოჩნდეს, რაც შენ გჭირდებაო… ვილოცეთ…

სანამ გასაუბრებაზე მივიდოდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა. მართლაც, ისეთი შემოთავაზება მივიღე, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სამსახური და სწავლის დაფინანსება ერთად. სულ რამდენიმე დღე იყო გასული გადაწყვეტილების მიღებიდან, იმ დროიდან, რაც საკუთარ თავს მოვუსმინე, ვენდე და ჩემს პასუხს მივყევი. არ ვიცოდი, როდის, როგორ, რანაირად, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი, რა მინდოდა. საკუთარი თავის მოსმენა და დაჯერება ძალიან ცვლის ცხოვრებას. ამ სამსახურში ვარ დღემდე და ძალიან  მაბედნიერებს იმის შეგრძნება, რომ მცირეოდენი წვლილი შემაქვს ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

თუმცა, როგორც ვიცი, მხოლოდ ამ სამსახურს არ დასჯერდით და უამრავი ტრენინგი გაიარეთ.

კი, ნამდვილად ასეა. ვისწავლე ქართველ და უცხოელ ტრენერებთან. ერთხელ, თინი ბასილაიას ვიდეოს გადავაწყდი, სადაც ის ბაირონ ქეითის მეთოდზე საუბრობდა. ეს მეთოდი გასწავლის იმ ფიქრების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომლებიც შენში ტკივილს იწვევს. უცებ თინი კითხულობს, –  მითხარით, ვინ იქნებოდით იმ ფიქრების გარეშე, რომლებიც ახლა გაქვთ, რას დაინახავდით?

წარმოვიდგინე და ბევრი ისეთი დეტალი აღმოვაჩინე, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. სიმშვიდით ავივსე, თითქოს რაღაც ტვირთი გადავაგორე. ამის შემდეგ თინის დავუკავშირდი და მისი პროგრამის მონაწილე გავხდი.

ჩემი გოგონა მაშინ 13 წლის იყო და ბაირონ ქეითის მეთოდით მასთან რამდენჯერმე ვიმუშავე. მუშაობის პროცესში ბევრი რამ გაათვითცნობიერა, სიღრმეებში ჩავედით და შედეგიც მივიღეთ. თუმცა, როგორც დედას, გარკვეულწილად მეშინოდა შეცდომის დაშვების და ამიტომაც, ჩემს შვილთან რომ სწორად მემუშავა, ბაირონ ქეითის მეთოდის პროფესიონალურად შესწავლა დავიწყე. შედეგად ბაირონ ქეითის სამუშაოს ფასილიტატორი გავხდი.

შემდეგ სხვადასხვა ტრენინგი და პროგრამა გავიარე ნიკოლაი ლატანსკისთან და დღეს ნიკოლაი ლატანსკის წარმატების აკადემიის სერტიფიცირებული ქოუჩი გახლავართ.

მარიამს, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰქონდა რთული პერიოდები, რის დაძლევაშიც ერთობლივი ქოუჩ-სესიები ძალიან დაეხმარა.  საოცარი ის არის, რომ სესიის დროს ჩვენ არ ვართ დედა – შვილი.

ასე ვეხმარები იმ გოგონებსაც, რომლებიც ჩვენს სასწავლებელში სწავლობენ… რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე მირეკავს და მეუბნება: „რა ბედნიერებაა, რომ გიცნობთ, რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან და როგორ მიყვარხართ“. მსგავსი შინაარსის წერილებს ხშირად ვიღებ. სჯერათ ჩემი, მისმენენ, მენდობიან. მავსებს და მიყვარს ჩემი საქმე. ჩემი უფროსი მეუბნება, – ზუსტად იცი, როდის, როგორ გაესაუბრო მოსწავლესო. რაღაც უხილავი კავშირი  მაქვს მათთან და ამ ურთიერთობას მიფასებენ…

რამდენად მნიშვნელოვანია, თინეიჯერებისთვის მსგავსი მოტივაცია და გქონდათ თუ არა საკუთარი თავის რწმენა თინეიჯერობის ასაკში?

ახლა გამახსენდა, როგორ ვითრგუნებოდი თინეიჯერობის პერიოდში დევნილობის გამო, როგორ მრცხვენოდა და როგორ ჩავკალი ჩემში თავისუფალი მე. რაკი სახლი არ გვქონდა და სასტუმროში ვცხოვრობდით, მეგონა, უკეთესს არ ვიმსახურებდი. ამის გამო ვიმალებოდი, უხერხულად ვგრძნობდი თავს და ვიტანჯებოდი, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი იყო. ამას გვიან მივხვდი, ტკივილიც დიდხანს გამყვა. წლების შემდეგ ამ მდგომარეობიდან ჩემი ქმრის სიყვარულმა და მისმა ჩემდამი რწმენამ გამომიყვანა. ამ სიყვარულმა და რწმენამ მერეც ბევრჯერ მომცა ძალა.

დღეს ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, – პირობები არ გქმნიან შენ, შენი თავის ნდობა, რწმენა და შენი თავის სიყვარულია მნიშვნელოვანი. მთავარია, მოუსმინო საკუთარ თავს, რადგან შენ ის ხარ, რაც შენშია.

მშობლებმაც ხშირად უნდა ვუთხრათ შვილებს, რომ ისინი კარგები არიან. მშობლების მთავარი მესიჯი იცით, რა არის? – შეიყვარონ ის, რაც უყვართ შვილებს. სწორი მესიჯი და სწორი მიდგომა ბევრ რამეს ცვლის. ბავშვებს სიყვარული და მიღება სჭირდებათ. ასე უფრო ლამაზ ფერებს შეარჩევენ ცხოვრებისთვის და სწორ ნახატებს დახატავენ…

თუმცა ამისთვის საჭიროა, ალბათ, ჯერ მშობელი გაიზარდოს

გაზრდა ყველა ასაკში და ცხოვრების ყოველ ეტაპზე გვჭირდება. შვილი მშობლის ანარეკლია. ძირითადად, ის, რასაც მშობელი შვილისგან მოითხოვს, თავად მას სჭირდება. ამის გაცნობიერება კი მშობლებს გვიჭირს.

რატომ, გაფანტულები ვართ?

კი, ბევრი მშობლის შემთხვევაში ასეა. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ იმ საქმეზე ვიყოთ ფოკუსირებულნი, რასაც ვაკეთებთ. ერთ-ერთ ტრენინგზე კარპატებში, გორაკზე ასვლისას ფეხი დამიცდა და ლატანსკიმ მკითხა: ნინო, ახლა ამ გზაზე იყავი ფოკუსირებული, თუ ფიქრებით სხვაგან დაქროდიო?

თუ იმ საქმეზე არ ხარ ფოკუსირებული, რასაც აკეთებ, მომენტს კარგავ და შედეგი არ არის ისეთი, როგორიც გინდა. მერე  ვაკრიტიკებთ საკუთარ თავს – „არ ვარ საკმარისად კარგი“, „ეს ვერ გავაკეთე“, „არ გამომივიდა“. არადა მიზეზი ფოკუსის დაკარგვაშია. თუ ვიქნებით აქ და ამჟამად, ის, რასაც ვაკეთებთ, საუკეთესოდ გამოგვივა. კარპატებში ტრენინგზე შევიგრძენი აქ და ამჟამად ყოფნის ფასი.

ამ ყოველივეს, როგორც ვიცი, ახლა საკუთარონლაინ ტრენინგკურსზე ასწავლით. თუ შეიძლება, ამ პროგრამის შესახებაც გვიამბეთ ორიოდ სიტყვით.

ჩემს პროგრამას „ცხოვრების არსის საიდუმლო“ დავარქვი… მედიტირებისას აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების არსის საიდუმლო ჩვენი შინაგანი ხმაა, რომელიც აბსოლუტურად ყველას გვესმის, მაგრამ არ ვუსმენთ, არ ვენდობით, არ ვიჯერებთ. სანამ აქამდე მოვიდოდი, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, პიროვნული ზრდა და განვითარებაც დამეხმარა და ჩემს პროგრამაში სწორედ ის გზაა ნაჩვენები, რაც მე გავიარე. ადამიანებს ვეხმარები იმაში, რომ საკუთარი თავის მოსმენა შეძლონ, ვასწავლი, როგორ გაჰყვნენ შინაგან ხმას და როგორ დაუჯერონ მას. ცხოვრება ბევრად ადვილი ხდება, როცა საკუთარი თავის მოსმენას ვსწავლობთ. 

დღეს, როცა მონაწილეთა გაცნობიერებებსა და შედეგებს ვკითხულობ, ვხვდები, რომ ამ პროგრამის შექმნა ნამდვილად ღირდა; რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომლის კეთებისას დროის ათვლას ვკარგავ და ბოლომდე ვივსები. რაც არ უნდა დიდი ოცნება გვქონდეს, მთავარია, არ დავკარგოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ მას. გვჯეროდეს საკუთარი თავის და სიყვარულით ვიმოქმედოთ.

დეა თავბერიძე

Nino Dzidziguri – ნინო ძიძიგური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment