fbpx

„სწორი მიზანი სწორ გზაზე გაყენებს“

ავტორი დეა თავბერიძე
714 ნახვა

BPN Georgiaს პროგრამის მონაწილე ვივია გურგენიშვილი

ახალგაზრდა მეწარმე, კომპანიადინოსდამფუძნებელი.

„დინო“ – განმავითარებელი ავეჯი და სათამაშოები ბავშვებისთვის, რომელიც სერტიფიცირებული ნედლეულით მზადდება.

მოცეკვავე გოგონა, რომელმაც წლების წინ პროფესიად ქორეოგრაფობა აირჩია, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და საკუთარ ბიზნესს ჩაუდგებოდა სათავეში… და მეტიც, ძალიან მოკლე დროში ბევრი ბიზნესისთვის საოცნებო და სასურველ შედეგს დადებდა. „დინომთავისი არსებობის სამ წელიწადში იმდენი შეძლო, რომ ეს კომპანია ხალხს ათი წლის ჰგონია.

სამი შვილის დედას საკუთარი კომპანიის შექმნის იდეა შვილებმა შთააგონეს. „დინო“-ში ხისგან დამზადებული თითოეული პროდუქტი პატარების განვითარებაზეა ორიენტირებული. მათ შესაქმნელად „დინო“-ს დამფუძნებელი პიკლერის, ვალდორფის, მონტესორისა და სხვა ფსიქოლოგებისა თუ პედაგოგების კვლევებსა და აღზრდის მეთოდებს გაეცნო და საკუთარ საწარმოში და ზოგადად საქართველოში მათი დანერგვა გახდა მისი მიზანი.

ვივია გურგენიშვილი დღეს jolo.ge-ის სტუმარია და ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე თავად მოგვიყვება.

ვივია გურგენიშვილი: ბიზნეს იდეა პირველად 2019 წელს გაგვიჩნდა მე და ჩემს მეუღლეს. ძირითადად მე ვაქტიურობდი. სახლში ვიყავი ბავშვებთან და საკუთარი შემოსავლის გაჩენის მიზნით ბიზნესის დაწყების სურვილი გამიჩნდა, ხელნაკეთი საყურეებით დავიწყე. სამწუხაროდ, არ გაამართლა. შემდეგ, რადგან ბავშვები გვყავდა, გადავწყვიტეთ, სათამაშოების მაღაზია გაგვეხსნა. თავიდან მეორადი სათამაშოები შემოგვქონდა. პარალელურად დანადგარებიც შევიძინეთ. ადგილობრივი წარმოების ხაზის განვითარების მიზნით. პირველ ეტაპზე დანადგარებში ოჯახის ბიუჯეტიდან ათი ათას ლარამდე ინვესტიაცია გავაკეთეთ, მაგრამ პანდემია დაგვემთხვა და ეს საქმეც გაჭიანურდა. ამ დანადგარებს თავი ერთად მოვუყარე და ნაქირავებ გარაჟში დავალაგე. ბევრი ვიფიქრე, რა სარგებელი შეიძლება მიგვეღო ამ დანადგარებიდან, ძალების მობილიზიაცია მოვახდინე, დავისახე მკაფიო მიზნები და საქმიანობას ასე შევუდექი. გავეცანი ამერიკელ და ევროპელ ფსიქოლოგებს, შევისწავლე მათი ხედვები, თუ რა რჩევებს გასცემდნენ ხის ავეჯსა და სათამაშოებზე. პირველად უნგრელი პედიატრისა და პედაგოგის ემი პიკლერის მეთოდოლოგიით დავინტერესდი. ეს ქალბატონი წინა საუკუნეში მოღვაწეობდა, თუმცა მისი იდეები თანამედროვე სამყაროში უფრო პოპულარულია.

მან შექმნა ხის საცოცი სამკუთხედი, რომლის დახმარებითაც ბავშვი ცოცვით ივითარებს მსხვილ მოტორიკას. მოვიძიე ინფორმაცია, ფოტომასალა და კარგად შევისწავლე, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ბავშვს ეს ყველაფერი. გავეცანი სხვა ფსიქოლოგების რეკომენდაციებსაც. ამ ყველაფერის შემდეგ ჩემს სახელოსნოში  ზუსტად ისეთივე ავეჯი შევქმენით, როგორსაც ფსიქოლოგები და პედაგოგებიბაღებში ბავშვებთან იყენებდნენ.

– პანდემიას რეალიზაციაში ხელი არ შეუშლია?

– ამ საქმეს ონლაინ შევეჭიდეთ. ამ დროს ზოგი კომპანია საერთოდ დაიხურა, რადგან ონლაინ პლატფორმებზე გადართვა გაუჭირდათ. მაგრამ ჩვენ იმდენად კარგად ავითვისეთ, რომ დღესაც ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული.

თავიდან, საერთოდ არ ვიცოდი სოც. მედია მარკეტინგის მართვა. მაგრამ გავრისკე, ბრმად მივყევი. მერე უკვე ტრენინგები გავიარე და ჩემთვის სასურველ ცოდნას დავეუფლე.

2020 წლის დასაწყისში, მომხმარებლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით დავიწყე სტატიების მომზადება და მათი განთავსება Facebook და Instagram გვერდებზე. მშობლებისთვის შემეცნებით სტატიებს  ვურთავდი ფოტოებს, თუ რისთვის იყო საჭირო კონკრეტული ნივთი და ფსიქოლოგიურ განვითარებას როგორ უწყობდა ხელს. მშობლებმა საკმაოდ კარგად მიიღეს ეს ინფორმაცია, შეისწავლეს, აითვისეს და მათგან დიდი ინტერესი და გამოხმაურებაც წამოვიდა.

ჩემს სახელოსნოში დავნერგე ასევე ევროპული სტანდარტები. სერთიფიცირებული ნედლეულის გამოყენებასთან ერთად, თითოეული ნივთი სახელოსნოში მზადდება „იენ 71-ის“ სტანდარტის მიხედვით.

დღეს, გარდა სადურგლო ხელობისა, ჩემს საწარმოში ყველაფერს თავად ვმართავ. თუმცა ახლო მომავალში კომპანიის გაფართოებასა და თანამშრომლების აყვანას ვგეგმავ.

ყველაფრის მართვაში რას გულისხმობთ?

– მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკება, ნედლეულის შემოწმება. თუ პროდუქცია სერტიფიცირებული არ არის, კომპანიაში არ შემომაქვს, რადგან თითოეული ნივთის მომხმარებელი ბავშვია და ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანსაღი პროდუქციის შექმნა. შემდეგი ეტაპია ნედლეულის დასაწყობება სახელოსნოში, რაშიც, რა თქმა უნდა, ხელოსნებიც მეხმარებიან. ამის შემდეგ ჩემს ხელოსნებს ვუგზავნი გეგმას, რომელიც ყოველკვირეულად იწერება. ისინი ამზადებენ ნივთებს და რეალიზაციის დროც დგება. მოლაპარაკებებს ვმართავ, როგორც ინდივიდუალურ მომხმარებელთან, ასევე B2B კომპანიებთან. უკვე ძალიან ბევრი საბავშვო ბაღისა და ფსიქოლოგიური ცენტრისთვის გვაქვს ჩვენი პროდუქცია დამზადებული. ფინანსურ საკითხსაც თავად ვაგვარებ… და როცა დრო მაქვს, ხელოსნებს მონტაჟზეც დავყვები, რომ უფრო ახლოს გავიცნო ჩემი მომხმარებელი. აი, ეს არის ჩემი როლი ჩემსავე კომპანიაში.

გისმენთ და ცოტათი გაკვირვებულიც ვარ, როგორ ახერხებთ ყველაფერ ამას?

– ახლა ერთი ისტორია გამახსენდა…

გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2022 წლის ფინალისტი ვარ საქართველოდან. 12 ქვეყნიდან 1600 მეწარმე ქალი მონაწილეობდა კონკურსში, ფინალში მხოლოდ ოცდაოთხი გავიდა, მეც მათ შორის. საქართველოში სამასი ქალიდან ორნი გავედით. ფინალური შეხვედრები სტამბოლში შედგა და ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. საკმაოდ კარგი კონტაქტები წამოვიღე. სწორედ ამას მოჰყვა დაკვეთები და თანამშრომლობა მაგ. „ბაქსვუდის სკოლასთან“. ძალიან მინდოდა, ფინალში ჩვენი სათამაშოები მეჩვენებინა, მომეყოლა, რას ვამზადებთ. ხელოსნებს არ ეცალათ, დროში ვერ ვეტეოდით, მაგრამ ისე გულით მინდოდა მათი წაღება, რომ სათამაშოები დავაჭრევინე და მთელი დღის განმავლობაში ჩემი ხელით ვაკეთებდი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არაფერია.

სწორი მიზანი სწორ გზაზე გაყენებს და სწორ ადამიანებს გახვედრებს. ეს მოტივაციას გაძლევს უფრო მეტი გააკეთო, უფრო მეტი ისწავლო. კომპანიის განვითარებაში ძალიან დამეხმარა სხვადასხვა ტრენინგები და პროფესიონალთა რეკომენდაციებიც.

– როგორც ვიცი BPN Georgiaს პროგრამის მონაწილეც ხართ

– დიახ, აბსოლუტურად ყველა ტრენინგი, მარკეტინგის გარდა, BPN Georgia-ში მაქვს გავლილი. BPN Georgia ჩემი მეორე ოჯახია და ეს მათთან პირველივე სატელეფონო საუბრისას ვიგრძენი. იქ მისულს იმდენად თბილი გარემო დამხვდა, გაოცებული დავრჩი.

ჰყავთ არაჩვეულებრივი ექსპერტები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ. ყოველთვის, როდესაც მჭირდება, ვიღებ მათგან რჩევებს, კონსულტაციებს. ფინანსურ ნაწილშიც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე, როგორ უნდა ვმართო ფინანსურად ბიზნესი. სტამბოლშიც, ჩემი პრეზენტაციის წარმატებულად გაკეთებაში BPN Georgia-მ დიდი როლი ითამაშა. ამიტომაცაა, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის BPN Georgia.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიზნესის წამოწყება უნდათ, მაგრამ საკმარისი ცოდნა არა აქვთ ?

– ყველაზე მთავარი სურვილი და მონდომებაა, რასაც მოსდევს სწორი მიზანი, ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა.

ბიზნესს უყვარს სწორად გაანალიზებული რისკიც. როდესაც ახალბედა მეწარმეებს რაიმე დაბრკოლება ხვდებათ, ძალიან უჭირთ მისი გადალახვა და მერე ფეხზე დადგომა. მე გავრისკე, არაფერი ვიცოდი, არ მქონდა ბიზნეს განათლება. ბევრი დაბრკოლებაც შემხვდა, მაგრამ დავძლიე. წავიქეცი კიდეც, მაგრამ ადგომა ვცადე და ავდექი. ეს ყველაფერი გაძლიერებაში დამეხმარა, გავძლიერდი და ამიტომაც არის, რომ დღეს „დინო“ ფეხზე მყარად დგას და წარმატებულად აგრძელებს გზას.

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მომხმარებლის დადებითი უკუკავშირია. უარყოფითი უკუკავშირიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ “დინო” მომხმარებელთან ერთად იზრდება.

დღეს ჩემი და ჩემი კომპანიის მთავარი მიზანი ექსპორტი, ექსპორტთან ერთად სახელოსნოს გაფართოება, მუდმივი განვითარება და სწავლაა…

„დინო“-ს, როგორც პიროვნებას, ისე ვექცევი. ისევე როგორც ჩემს შვილებში, მასშიც მთელ ენერგიას ვდებ და მასაც, როგორც ჩემს სამ შვილს პიროვნულად ვზრდი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, „დინო“ „დიდ ადამიანად“ გავზარდო, რათა მწვერვალები დაიპყროს.

თუ გსურთ გახდეთ BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,

დარეკეთ:  599 87 93 41

მსგავსი სტატიები

Leave a Comment