fbpx

თეონა დოლენჯაშვილი, დრამატული მწერალი დამალული სენტიმენტებით

ავტორი ნინო გონგაძე
1.1K ნახვა

თეონა დოლენჯაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც ავირჩიე ის ჩემს რესპონდენტად (დანარჩენ მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ). პროფესიით კინორეჟისორი და ჟურნალისტია. ლიტერატურულ ასპარეზზე 2004 წლიდან გამოვიდა. არის რამდენიმე ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. მის ანგარიშზეა ორი რომანი და მოთხრობების ორი კრებული. წერა ლექსებით დაიწყო, მაშინ ხუთი წლის იყო. ახლაც მოსდის ლექსის წერის მუზა, ოღონდ იშვიათად. პოეზია ძალიან უყვარს, მაგრამ ამბების მოყოლა ურჩევნია. ამიტომ პოეზიას პროზა არჩია. დრამატული მწერალია, საოცრად მძაფრი და დაუნდობელი თავისი პერსონაჟების მიმართ. წერს აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე. ყველაზე დიდ სიამოვნებას წერისგან იღებს. წერს მხოლოდ თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის. ამ დროს მკითხველზე და მათი გულის დაპყრობაზე არ ფიქრობს. დღეს, ჩვენს ქვეყანაში, მწერლის პროფესიით ცხოვრება და თავის რჩენა თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნია. რამდენიმეგან მუშაობს. ამ რეჟიმის გამო, კონცენტრირების და განმარტოების პრობლემა აქვს, რის გამოც აქტიურად წერას ვერ ახერხებს.

-თეონა, წერის დროს აუცილებელი პირობა რა არის შენთვის?

-ადრე ნებისმიერ სიტუაციაში ვწერდი, ახლა გამირთულდა. უფრო ღამე ვწერ, მარტოობაში. მიყვარს მუსიკის ფონზე წერა, ყავის ან ცოტა წითელი ღვინის თანხლებით. ამ დროს ძირითადად კლასიკას ვუსმენ. წერის დროს მუსიკა სიტყვის ძალას მიძლიერებს, ერთგვარ რიტმს და რითმასაც მკარნახობს. ამიტომ ძალიან სიფრთხილით ვარჩევ მელოდიას, ყველაფერს ვერ ვუსმენ. ეს ჩვევა მამისგან გადმომედო, ხატვის დროს სულ ჩართული ჰქონდა ხოლმე მუსიკა.

-ხატვის ნიჭიც მამის დამსახურებაა ალბათ. რისი ხატვა გიყვარს და რამდენად ხშირად ხატავ?ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 468952_3659320673874_1197679451_o.jpg

-ხშირად არა, მაგრამ ხანდახან ვხატავ. ეს ერთგვარი თერაპიაა. ერთი პერიოდი ამოვიჩემე და სულ ქალებს ვხატავდი, რაღაც მოდილიანის სტილში. სახლში არ მაქვს ჩემი ნახატები, თითქმის ყველა გავაჩუქე. არ ვაგროვებ, არ ვფენ და არ ვატირაჟებ, უბრალოდ ჩემთვის ვხატავ. მამაჩემი ძალიან მკაცრი შემფასებელია, მაშინ როდესაც დრო მქონდა და აქტიურად ვხატავდი, მისგან კარგი შეფასებები მივიღე და მიხაროდა.

-წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე.

არ მავიწყდება “ტომ სოიერის თავგადასავალის” შთაბეჭდილების ქვეშ რომ ვიყავი, მსგავსი რამ შემდეგ იშვიათად დამმართვნია. რვა წლის ვიყავი, კითხვაში გავათენე. დიდი გადატრიალება მოახდინა და დილით ბავშვურად გადავწყვიტე, რომ რამე “ასეთი მაგარი” მეც უნდა დავწერო. როგორც ჩანს, ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ზუსტად დაემთხვა. წიგნებიც ხომ ადამიანებივით არიან. შემთხვევით არავინ და არაფერი შეგხვდება. სიგიჟეებს ვაკეთებდი. სარდაფში განძს ვეძებდი, პერსონაჟებთან შეხვედრა მსურდა, წარმოსახვის უნარი ისედაც მქონდა და ამ წიგნმა სულ გამაფრენინა. საერთოდ, წიგნებს მიმალავდნენ, ზედმეტი მოსდისო. ყველაფერს ვკითხულობდი განურჩევლად, რაც თეთრზე შავით ნაწერი იყო. დიდი არეულობა მქონდა თავში. როცა ბევრს კითხულობ, წერის სურვილიც თავისთავად გიჩნდება.

-ახლა რამდენად ხშირად კითხულობ?

-ისე ხშირად აღარ. ახლა ძალიან პრეტენზიული მკითხველი ვარ. თუ არ მომეწონა, გულს ვერ ვუდებ. თუმცა ახლა ისეთ პროფესიულ სამსახურში ვარ ზოგჯერ ძალითაც მიწევს კითხვა. ბოლოს რაც განსაკუთრებით მომეწონა, მიშელ უელბეკის “რუკა და ტერიტორია” იყო. ალბათ ისიც იმ ეტაპზე ჩემი სულიერი მდგომარეობის სიხშირეზე მოხვდა. როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, saba reader_ის საშუალებით ტელეფონში ვკითხულობ ხოლმე. ძირითადად მგზავრობის დროს თვითმფრინავში ან მატარებელში მიყვარს ელექტრონული წიგნების კითხვა.

-“თუ გარემომცველი რეალობა არ გაკმაყოფილებს, მისგან გაქცევას სჯობს ეს რეალობა შეცვალო. მე პირადად თუ  ამას ვერ ვახერხებ, ლიტერატურას ვაფარებ თავს. იქ კი ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა”, – ეს შენი სიტყვებია. ხშირად იყენებ ლიტერატურას თავშესაფრად?

გარემომცველი სამყარო რომ შეცვალო, ლიტერატურაც ამის ერთგვარი იარაღია. მე გამოვედი იმ იდეალისტური მდგომარეობიდან, როდესაც მჯეროდა, რომ წიგნის კითხვა ადამიანს უკეთესს ხდის. ეს  ასე არ არის. სტალინი და ჰიტლერიც კარგი მკითხველები იყვნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ კარგი ადამიანები. თუმცა, იმ იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ლიტერატურას შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო. “რეალობიდან გაქცევაც” სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ შემდეგ კარგად მომზადებული, სხვა სულიერი გამოცდილებითა და ცოდნით აღჭურვილი დაბრუნდე უკან, რომ შეძლო ამ რეალობასთან გამკლავება, მასში ცხოვრება და მისი შეცვლაც.

-ქალ და კაც მწერალს რა განასხვავებს ერთმანეთისგან?

-არაფერი. მწერლობა არის სული და ინტელექტი, მას არა აქვს სქესი და ასაკი. ბევრი საინტერესო ქალი მწერალია. მომწონს ვირჯინია ვულფი, მარგარეტ ეტვუდი, მარგარეტ იურსენარი… ყველას ვერც ჩამოთვლი. ახლახანს ჰერტა მიულერის “სუნთქვის საქანელა” წავიკითხე და მომეწონა.

შენი შვილი კითხულობს შენს ნაწერებს?

ლუკა უფრო სამეცნიერო-დოკუმენტური ლიტერატურის მოყვარულია. მხატვრული ტექსტები დიდად არ აინტერესებს. მითხრა, საინტერესოდ წერ, მაგრამ მე ნამდვილი ამბები მაინტერესებსო.

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 101085438_10219258193377870_926355988263469056_n.jpg-“ზემოთ მწერალი” მკაცრი ვინმე არისო, ერთ მოთხრობაში წერ. შენთვის როგორია “ზემოთ მწერალი?”

ჩვენი თავის მწერლები მაინც ჩვენ თვითონ ვართ. უფალმა მოგვცა სიცოცხლე და სამყარო. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ თავსაც თვითონ ვქმნით. ადამიანს იმის ძალა უნდა გქონდეს, რომ თავად აიღოს ხელში სადავეები და კალამი საკუთარი ცხოვრების დასაწერად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ამ ოხერი ბედის ბრალია.

მგონი იქ, “ზემოთ” ცხოველები უკეთესი გამოუვიდაო, ამბობს შენი პერსონაჟი. ეთანხმები?

ადამიანები ძალიან მიყვარს, თავიანთი სისუსტეებით, არანორმალურობებით, სიგიჟეებით, ცოდვებით, არასრულყოფილობებით და დაუსრულებლობით რაც არის ჩვენში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს პერსონაჟს ვეთანხმები. ცხოველები შეიძლება იმ გაგებით გამოუვიდა უფრო კარგი, რომ თავისი მოცემულობით და არსით მისი შექმნა დასრულებულია. ძალიან ლოგიკურად და ჰარმონიულად არის დედამიწაზე ყველა არსება განვითარებული. ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩნეული. ეს ჩვენ ვიტანჯებით ადამიანები, ჩვენ ვართ მუდმივ ქაოსში, მუდმივ ძიებაში, მუდმივ ომში საკუთარ თავთან და გარემომცველ ბუნებასთან. ჩვენთან წერტილი არ არის დასმული. ეს ასეც უნდა იყოს ალბათ. ძიებისა და განვითარების ეტაპზე ვართ. მუდმივად მივისწრაფვით სრულყოფისკენ. ცხოველებთან უფრო მარტივი, დალაგებული და კარგია ყველაფერი. ჩვენთან რთული, მოულოდნელი და ამით საინტერესო.

-მორწმუნე ხარ?

-მორწმუნე ვარ, მაგრამ ძალიან ეკლესიური არ ვარ. ალბათ ბევრი რამ გაუგებარია ჩემთვის და იმიტომ. აი, ჭეშმარიტი მორწმუნე იყო ბებია, რომელიც ცხოვრობდა სოფელში კომუნისტების დროს. ფეხშიშველი მიდიოდა უშორეს, მიტოვებულ ეკლესიაში და ლოცულობდა. იცავდა ყველა მარხვას, თან არ იცოდა როდის იყო მარხვები, საეკლესიო კალენდარი არ ჰქონდა. ამას თავისი კალენდრის, მთვარის ფაზების მიხედვით საზღვრავდა და ყოველთვის სწორი იყო.  ცხოვრების წესით იყო მორწმუნე და საოცრად კეთილი. რთულია თანამედროვე სამყაროში ღმერთთან ასეთი განმარტოება მოახერხო.

-“ყველა ლამაზი ქალი ჩერჩეტია”, ეს შენი პერსონაჟის სიტყვებია. თუმცა მსგავსი სტერეოტიპი მართლა არსებობს. შენც ასე ფიქრობ?

– რა თქმა უნდა ასე არ ვფიქრობ. შეიძლება სტერეოტიპი,  “ლამაზი ქალი ჩერჩეტია”, მოდის იქედან, რომ თუ ღმერთმა და ბუნებამ ადამიანს სილამაზე მიანიჭა, მისთვის ეს იმდენად საკმარისია, რომ სხვა აღარაფერი სჭირდება. ის ამით უკვე თვითკმარია. ძალიან ცუდია თუკი ამ სტერეოტიპს რომელიმე ლამაზი ქალი ამტკიცებს თავისი სიჩერჩეტით. სილამაზე არის ის, რაც ადამიანს თავიდანვე დაგყვა. ამ სილამაზეს შიგნიდან გამყარება თუ არ ექნება, თავისი ინტელექტით, ბუნებით, სულის სიძლიერით, თუკი მას არ ექნება შინაარსობრივი დატვირთვა, მაშინ ეს სილამაზე უბრალოდ ფუტლიარია. ჩარლზ ბუკოვსკის სიტყვების პერეფრაზირებას მოვახდენ, რომელიც ამბობს, რომ თქვენ არ იცით რა კარგია, როდესაც ლამაზი არ ხართ, რადგან სილამაზის გამო კი არ უყვარხართ, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცების გამოო.

“სინანულის სუნი იდგა”, როგორი სუნი აქვს სინანულს?

ვისაც უგრძვნია ნამდვილი, მტკივნეული სინანული მისი სუნიც ეცოდინება. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის უდარდელი დღეების სუნი, გაზაფხულის უკვე დამჭკნარი ყვავილების სუნი, ზღვის მლაშე ტალღების სუნი, შეყვარებულის თმის სუნი და ასე შემდეგ. რასაც უკვე ჩაუვლია, სადაც ისევ არის განმეორების შანსი, მაგრამ იმ დროში და იმ სივრცეში აღარ.

-რა არის სიყვარული? რა ფერისაა ის?ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 274530171_10223294823051089_1798137658840263188_n.jpg

-სულ ზემოდან თუ დავიწყებთ, სიყვარულია თავად ღმერთი. ამიტომ სიყვარულია ყველაფერი. რომ არა ეს გრძნობა კაცობრიობა სულ სხვანაირი იქნებოდა, არაფერი არ შეიქმნებოდა. სიყვარულს ერთი კონკრეტული ფერი არა აქვს. ბევრი მკვეთრი ფერია ერთად, დეპრესიულად შავიც და უმსუბუქესად თეთრიც. საერთოში კი ალბათ ჭრელია, სადაც ყველაზე მეტად წითელი სჭარბობს.

-სენტიმენტალური ვარო. რაზე გიჩუყდება ხოლმე გული?

წიგნებში ვცდილობ არ ვიყო ტკბილი და ვარდისფერი გოგო. ბევრ რამეზე მიჩუყდება გული, წიგნებზე, ფილმებზე, ქუჩაში დანახულზე, მეგობრის მონაყოლზე, მაგრამ არ ვიმჩნევ, რადგან სისუსტედ მიმაჩნია. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ დავმალო სენტიმენტები.

-ხშირად მოგზაურობ. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

-ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით მიყვარს. მაგალითად, რომი ისეთი ქალაქია, სადაც მე მუდმივად მინდება წერა. შთაგონების ქალაქია ჩემთვის. იქ ყველაფერი მომწონს. სიძველე, შენობები, არქიტექტურა, ჰაერი, ადამიანები, კაპუჩინო. პარიზზე ცალკე სიყვარული მაქვს. ისიც საოცარი განწყობების ქალაქია, ალბათ იმიტომ იყო მწერლების და მხატვრების მექა. ინგლისიც მომწონს, მაგრამ სხვა ხასიათი აქვს, არ არის ჩემი. ძალიან მიყვარს პატარა ქალაქები. სტრასბურგში ან ფლორენციაში ვიცხოვრებდი, ოღონდ დიდი ხნით ვერსად, მე აქაური ადამიანი ვარ.

-ვნება რა არის შენთვის?

-ვნება ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ვნება არის ყველაფერი, რაც გულს გიჩქარებს, ჩვეული რუტინიდნ გაგდებს. ვნებაა ცხოვრება, სიყვარული, ლიტერატურა… ის მუხტი, რაც მაწერინებს.

-ბედნიერი ხარ, თუ რამე გაკლია სრულყოფილი ბედნიერებისთვის?

-ბედნიერება არის მოუხელთებელი წამი, არასდროს არ იცი სად არის ბედნიერების კულმინაცია. დღე რომ თენდება, მზე რომ ამოდის და ბავშვი რომ ჩამეხუტება, უკვე ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის საკმარისია ბედნიერებისთვის. ბედნიერება არის ლურჯი ფრინველი, რომელსაც მოიხელთებ და მერე ლურჯი აღარ არის, მაგრამ ის მოხელთება ხომ უკვე ბედნიერებაა?!

როდისთვის ველოდოთ მკითხველები შენს ახალ წიგნს?

-მხოლოდ მოთხრობები რომ მქონდეს მიზნად დასახული, შეიძლება მალ-მალე გამომეშვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხრობებსაც ბლინებივით ვერ ვაცხობ. სამი რომანი მაქვს ერთდროულად დაწყებული, ერთ-ერთს მოვრჩები და იმედი მაქვს წლის ბოლომდე გამოვცემ.

ავტორი: ნინო გონგაძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment