fbpx

„თუ გულით გვინდა და გვსიამოვნებს რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად გამოვა“

ავტორი ნინო გონგაძე
547 ნახვა
0 კომენტარი
2

ისტორია, რომელსაც ჩემი რესპონდენტი ეკა ბარამიშვილი მოგიყვებათ, კიდევ ერთი მაგალითია იმისი, თუ რა დიდი ძალა აქვს სურვილს, მაშინ როცა საყვარელი საქმის კეთება ძალიან გინდა.
საყვარელი საქმე კი რამდენიმე აქვს, ისევე როგორც პროფესია. ეკა გახლავთ – ფოტოგრაფი, დიზაინერი და დეკორატორი. მან მოახერხა და ყველაფერი ერთ სივრცეში გააერთიანა.
ფოტოგრაფიას პროფესიონალურ დონეზე შვიდი წლის წინ დაეუფლა, მერე სამსახური სადაც მუშაობდა მიატოვა და “Lile studio” დააარსა. ასე აიხდინა ის, რაც ყველაზე ძალიან სურდა. ახლა საკუთარ სტუდიაში ფოტოგრაფიც თავად არის, დიზაინერიც და დეკორატორიც. სიგიჟემდე უყვარს თავისი საქმე და აბედნიერებს ფოტოებით აღფრთოვანებული დამკვეთთა ზარები
.

-ეკა, რა პროფესიის ხართ, რა იყო თქვენი პირველი სამსახური და როდის გადაწყვიტეთ ფოტოგრაფიის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა?
-პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, მოგვიანებით ქორწილის დიზაინიც შევისწავლე. ფოტოგრაფიას პროფესიონალურ დონეზე შვიდი წლის წინ, ფოტოგრაფის ასოციაციაში, კახა ფხაკაძესთან დავეუფლე. ჩემი პირველი სამსახური პედაგოგობა იყო, შავნაბადას გიმნაზიაში ხელოვნების გაკვეთილს ვასწავლიდი. ეს იყო თორმეტი წლის წინ. ის ხელფასი, რაც მაშინ მქონდა (120 ლარი), არაფერში არ მყოფნიდა და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, იძულებული გავხდი სხვა სამსახური მომეძებნა. იმ დროს აქტუალური იყო მაღაზიებში კონსულტანტად მუშაობა. სამსახურს სწავლასაც ვუთავსებდი. ბოლოს, სწორედ მოლარე კონსულტანტად ვმუშაობდი, როცა დამებადა იდეა, მხოლოდ ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა.

-როგორ გაჩნდა ეს იდეა და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება? ბევრს აქვს სურვილი საყვარელი საქმის კეთების, მაგრამ ვერ ბედავენ…

-კი, ნამდვილად ასეა… მე გამიმართლა, ამ აზრამდე მისვლაში და თვითშეფასების ამაღლებაში ქოუჩთან ინდივიდუალური სესიები და ტრენინგები დამეხმარა.

-ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდის ტრენინგები ჩვენთვის და დეტალურათ რომ გვითხრათ პირადად თქვენ რა მოგცათ ამ კურსებმა?

-პირადად ჩემთვის ეს ტრენინგები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გამომადგა. ეს იყო თამარ საგინაშვილის ქოუჩ ტრენინგი სახელწოდებით- “24 ნაბიჯი წარმატებისკენ”. ჯგუფური ტრენინგის გარდა, თამართან პირადი კონსულტაციებიც გავიარე. ყველაფერი ზუსტად საჭირო დროს მოხდა. საერთოდ, ძალიან რთულია რუტინული ცხოვრებიდან და სამუშაოდან უცებ სხვა ეტაპზე გადართვა. როცა არ იცი როგორ იქნები, რამდენად გამოვა ის, რაც ჩაიფიქრე, თუნდაც რამდენი გექნება შემოსავალი. ეს სესიები მოტივაციას მაძლევდა, თვითშეფასებას მიმაღლებდა, რაც იყო ძირითადი ბიძგი. მე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი პიროვნულად რომ არ გავზრდილიყავი. არ მექნებოდა თვითრწმენა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პიროვნული ზრდის ტრენინგები ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აი, მაგალითად, ადრე მინდოდა ტანსაცმლის დიზაინერი გავმხდარიყავი, მაგრამ სულ ბარიერებს ვხედავდი. როცა უკვე სწორი აზროვნება ვისწავლე, მივხვდი რა იყო გამოსავალი. რომ აუცილებელია გარისკვა და თამამი ნაბიჯების გადადგმა. თუ გულით გვინდა და გვსიამოვნებს რასაც ვაკეთებთ, ის საქმე აუცილებლად გამოვა. პერიოდულად ტრენინგებს ისევ ვესწრები. ჩემთვის ეს ზრდის, შეცნობის, განტვირთვის და სიამოვნების მიღების საშუალებაა.

-ტანსაცმლის დიზაინერობა მინდოდაო ახსენეთ, ამ მიმართულებით თუ გაქვთ მუშაობის გამოცდილება?
-დიახ, ერთი პერიოდი, თეონა თავართქილაძის ატელიეში დამხმარე დიზაინერად ვმუშაობდი. პრაქტიკები იქ გავიარე. ინდივიდუალურ შეკვეთებზე დამოუკიდებლადაც მიმუშავია. შემდეგ უკვე ეს ცოდნა ჩემს ფოტოსტუდიაში გამოვიყენე, რადგან ძირითადად საბავშვო მიმართულება მაქვს, ვკერავ ბავშვის ტანსაცმელს, ბოდეებს, თმის სამაგრებს. ამ ყველაფერს ხელით ვაკეთებ, რაც ფოტოებში ძალიან საყვარელი და ეფექტური გამოდის.
-საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებაზე არ გიფიქრიათ?
-მიფიქრია… ეს ცოტა შორეული გეგმაა, თუმცა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მექნება საკუთარი ხაზი და კოლექცია. ასევე ძალიან მინდა დიდი ატელიე მქონდეს, სადაც სერიულ თუ ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვიმუშავებ.

-ფოტოგრაფიით როდის და რატომ დაინტერესდით?
-ფოტოგრაფიასთან ბავშვობიდან მქონდა შეხება. მამას ჰქონდა ფოტოაპარატი. მახსოვს, ღამით დედა და მამა საკუთარი ხელით ამჟღავნებდნენ ამ ფირებს. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ჯადოსნური იყო. ისინი სრულიად სამოყვარულო დონეზე იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში. ახლა რომ ვუყურებ მამას გადაღებულ ფოტოებს, ფოტოგრაფისთვის საჭირო ხედვა აშკარად ჰქონდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მამა მაინც მაძლევდა საშუალებას და უფლებას აპარატი დამეჭირა ხელში და მეც გადამეღო. ბავშვობაში მცენარეების და ყვავილების გადაღება მიყვარდა. სოფლის ჩვეულებრივ სახლში გავიზარდე, სადაც მჭიდრო კავშირი მქონდა გარესამყაროსთან, შესაბამისად, ყოველთვის მომწონდა ბუნების ფერადოვნება და მათი გადაღება. შემდეგ უკვე დიდობაში, როცა ეს აპარატი აღარ მუშაობდა და ახალი, სარკიანი ფოტოაპარატები შემოვიდა, ჩემმა უფროსმა ძმამ შეიძინა, რომელიც ასევე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ჩემი პირველი სტუდიური საქმიანობაც ამ აპარატით შედგა. ძმამ ფოტოაპარატი მათხოვა, მეგობარმა ფართი სტუდიისთვის… და როგორც იტყვიან ყველაფერი ნულიდან დავიწყე.

-როგორი ფოტოგრაფი ხართ თქვენ და ზოგადად როგორი უნდა იყოს კარგი ფოტოგრაფი, მთავარი და აუცილებელი პირობა რა არის ამისთვის?

-არ მიყვარს თავის ქება. ჩემს დამკვეთებს და სტუმრებს რომ ვუსმენ, მათი შეფასებით საუკეთესო ვარ. ისე პოზიტიურად, მაღალფარდოვნად და შინაარსიანად აღწერენ ხოლმე ამ ყველაფერს, მაშინ ვხვდები რომ კარგი ფოტოგრაფი ვარ და უფრო მეტად მომწონს მათი თვალით დანახული ჩემი თავი. კარგი ფოტოგრაფისთვის მთავარი რა თქმა უნდა ხედვაა, დიდი მნიშვნელობა არა აქვს რა აპარატი უჭირავს მას ხელში, ყველაზე დაბალი ხარისხის ფოტოაპარატითაც შეიძლება ყველაზე მაღალი ხარისხის, ხედვის და შინაარსის ფოტოს გადაღება. სხვათაშორის ხედვაც და ნებისმიერი სხვა ნიჭიც განვითარებადია. მთავარი შრომისმოყვარეობაა.
-“Lile studio”- რამდენი ხანია რაც დააარსეთ, რა ასაკზეა გათვლილი და რა სივრცეს და დეკორს სთავაზობთ დამკვეთებს?
-შვიდი წელია რაც “Lile studio” არსებობს. სტუდია პირველად მეგობრის ხელშეწყობით დელისის მეტროსთან გავხსენი, შემდეგ გადავედი ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, ბოლო ორი წელია კი სახლთან ახლოს, ვარკეთილში მაქვს. ერთი თვის წინ ჩემი სტუდიის ფეისბუქ გვერდს, სადაც თორმეტი ათასი გამომწერი მყავდა და ნაყოფიერად ვმუშაობდი, ბოროტი ადამიანების, ჰაკერების დამსახურებით, ძალიან ცუდი რამ დაემართა, შემოვიდნენ და გვერდი წამიშალეს. ვერაფრით ვერ აღვადგინე. სტრესი მქონდა, ერთი კვირა დავდიოდი და ვტიროდი, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. ბოლოს, თავს მოვერიე და გვერდი ისევ ნულიდან გავაკეთე.
ისევ გალამაზდა, ისევ გამრავალფეროვნდა.

თავიდან მხოლოდ ბავშვებს ვუღებდი, ახლა ყველა ასაკზე მაქვს ფოტოგადაღებები გათვლილი. ახალშობილების ფოტოსესიებიც დავამატე, რომელიც ძალიან მოსწონთ და აღნიშნავენ, რომ ჩემი სტუდია ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა. სტუდიაში ნებისმიერი თემატიკის დეკორი მაქვს. სეზონების მიხედვითაც მაქვს გადაღებები. ადრე ფონები იყო, არის სტუდიები, რომლებიც ახლაც იმ ფონებს იყენებენ. მე ასე ამბიციურად გადავწყვიტე, რომ ფონი აღარ მქონდეს, მექნება მხოლოდ რეალური დეკორაცია, რადგან ძალიან ლამაზია.

-მხოლოდ სტუდიური ფოტოგადაღება ხდება თქვენთან თუ გასვლითი გადაღებებიც გაქვთ ბუნებაში?
-მხოლოდ სტუდიაში არა, ბუნებაშიც ვაწყობ ფოტოსესიებს. მაქვს მზა პაკეტებიც, მაგრამ ვცდილობ, რომ დამკვეთის სურვილიც გავითვალისწინო. ბოლოს ძალიან საინტერესო ფოტოსესია მქონდა საბადურში, სადაც მამა და შვილები გადავიღე. მე მაინც სტუდიური ფოტოგრაფი ვარ, ქუჩის ფოტოგრაფია ჩემი მიმართულება ნაკლებად არის. მომწონს საოჯახო და პორტრეტული ფოტოების გადაღება.

-მოდის ახალი წელი და თქვენი სტუდიაც საახალწლო ფოტოსესიებისთვის ემზადება?
-დიახ, უკვე მოვრთეთ სტუდია სადღესასწაულოდ. განათებები გამოვცვალე, ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესე. ნაძვის ხეც მოვრთე, საახალწლო კოსტუმებიც შევკერე, დეკორი შევქმენი და ფოტოებსაც დიდი სიამოვნებით გადავიღებ.

-როგორია ბავშვებთან მუშაობა, რთული არ არის?
-თუ ბავშვები არ გიყვარს და მათი არ გესმის, ისე შეუძლებელია მათთან მუშაობა. ძალიან სენსიტიური და სპეციფიკურია ბავშვთან მუშაობა. მითუმეტეს ერთი წლის ბავშვთან. იმ დაგეგმილ 40 წუთში უნდა ველაპარაკო, ვეთამაშო, ვუმღერო, ვუცეკვო და თან ფოტოები ვუღო. აი ასეთ რეჟიმში ვმუშაობ ბავშვებთან და რაც მთავარია მე ეს მომწონს. მშობლები ამბობენ ბავშვები გრძნობენ რომ გიყვარს და კარგად შეგიძლია მათთან ურთიერთობაო. რადგან ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, ფსიქოლოგიური კუთხით ვუდგები, მათთან მუშაობა ერთი პრინციპით არ გამოვა. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ბავშვები და ყველანაირად ვცდილობ კარგი კონტაქტი დავამყარო მათთან.

-ფოტოგრაფია- არის თუ არა ის საქმე, რომლითაც დღეს თავის რჩენაა შესაძლებელი?
-მე ფოტოგრაფიის გარდა მეორე საქმიანობაც მაქვს, ბავშვების ივენთების და ქორწილების დიზაინერი ვარ. თუმცა ფოტოგრაფია ნამდვილად არის ის საქმე, რომლითაც თავის რჩენა შეიძლება, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით აუცილებელია კარგად გაარეკლამო შენი საქმე.

-რა არის ფოტოგრაფია თქვენთვის?
-ფოტოგრაფია ჩემთვის განტვირთვაა. მითუმეტეს ჩემს სტუდიაში რომ შემოვალ. გარეთ რაც ხდება ყველაფერს ვივიწყებ. შეიძლება დაღლილი ვიყო თვალს ვერ ვახელდე, მაგრამ მაინც ვიღიმი სამუშაო პროცესის შედეგით ნასიამოვნები. ყველაზე დიდი ჯილდო და სიამოვნებაა როცა თვითონ დამკვეთი მირეკავს აღფრთოვანებული და მადლობებს მიხდის, აქ მთელი დაღლა მავიწყდება. აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი საფასური. გაწეული შრომის და საქმის დაფასება.
-ეკა, თქვენ მიაღწიეთ იმ სასურველ მიზანს, რაც ძალიან გინდოდათ… რას ურჩევთ სხვებს, როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს, რა არის საჭირო ამისათვის?
-კი, ნაწილობრივ მივაღწიე ჩემს დასახულ მიზანს, თუმცა ალბათ ესეც ცხოვრების ეტაპია. ჩემი სტუდიის განვითარებაც მინდა, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო მიზანი. ვცდილობ უფრო დიდი მიზნები დავისახო, თუნდაც ტანსაცმლის მიმართულებით. ამ ეტაპზე რაც მაქვს იმით ძალიან კმაყოფილი ვარ.
მიზნის მისაღწევად პირველ რიგში შრომისმოყვარებაა საჭირო. ჯერ ჩვენს თავს უნდა მოვუსმინოთ, გავითავისოთ რა სურვილი გვაქვს და შემდეგ უკვე აუცილებელია ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. რასაც სიამოვნებით ვაკეთებთ და ვიცით რომ ეს ჩვენს მიერ დასახული მიზანია, რომელიც უფრო მეტ სიამოვნებას, შემოსავალს და რეალიზაციას მოგვიტანს, ვფიქრობ მაშინ ამ ნაბიჯების გადადგმაც ადვილია.

ავტორი: ნინო გონგაძე

“Lile studio”-ს სხვა ფოტოების სანახავად და ფოტოსესიაზე ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3TTtxKS

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort