fbpx

თუ თავს დააძალებ და დაიწყებ, შემდეგ ჯადოქრობა ხდება – ნათია ფანჯიკიძე

ავტორი ჟოლო
4.1K ნახვა

ხანგრძლივი მოწყენილობა ხშირად დეპრესიად აღიქმება, უფრო სწორად, დეპრესია მაქვსო, ადამიანები ასე ახასიათებენ თავიანთ მდგომარეობას, როცა დიდხანს უმოქმედოდ ყოფნის გამო დროთა განმავლობაში მათი ხალისი, ენთუზიაზმი, სიხარულის გრძნობა იკლებს. 

რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ კლინიკური დეპრესია და მითუმეტეს, არც თვითმკვლელობის იდეა ახლავს მას თან, მაგრამ სიცოცხლის უაზრობაზე ფიქრმა მაინც იცის ხოლმე ფსიქიკის ხვრელიდან გველივით ამოძრომა. სიცოცხლის უაზრობის განცდისას ადამიანებს ერთი მარტივი რამ ავიწყდებათ, რომ ისინი თავად არიან სიცოცხლის აზრიც და სიცოცხლის იდეაც.

რამდენიმე წლის წინ ფსიქოთერაპიის სახლში “კამარა” ნიუ იორკელი კლინიკური ფსიქოლოგი, მარგარეტ ბეკმანი გვესტუმრა, რომელიც გვიყვებოდა ნიუ იორკელთა სტრესის ტიპიური მიზეზის შესახებ, – მაღალი ტემპის და შეჯიბრობითობის დიდი ასპარეზის გამო ნიუ იორკელთა უმეტესობა, ტემპის დაბლა დაწევას, მოდუნებას და თავისივე ნაშრომით, მიღწევით ტკბობას ვეღარ ახერხებსო. ქართველმა გოგომ რეპლიკა დაურთო, – ჩვენთან პირიქითაა, ნიუ იორკელებს რაც ზედმეტი რეალიზების გამო ემართებათ, ქართველებს სრული არარეალიზებულობის გამო გვჭირსო.

რატომ აწუხებს ამდენ ადამიანს უსარგებლობის, უპერსპექტივობის განცდა? ცხადია, ადვილია დავაბრალოთ პოლიტიკურ და სოციალურ რეალობებს, რაც უდაოდ ობიექტური ფაქტორებია, მაგრამ ნებისმიერი რეალობისას, ის რასაც და ვისაც ჩვენ ნამდვილად ვფლობთ, ვიცნობთ და გაგვაჩნია, ჩვენივე თავია. ეს კი სულაც არ არის მცირე შეიარაღება. ერთი ადამიანი ძალიან ბევრის შემძლე არსებაა. თუმცა აქ სწორედ ბევრისა და მცირეს აღქმის საკითხია, ბარიერებს რომ ქმნის.

გერმანელი ფილოსოფოსი, მაქს ვებერი თავის ნაწარმოებში “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული”, აღწერს, როგორ ჩამოყალიბდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის და ნდობის მქონე “გერმანული ხარისხი”, – პროტესტანტულ სწავლებაში იგულისხმებოდა, რომ სადაც ხარ, რასაც ამჟამად აკეთებ, თუნდაც ის შენი საბოლოო და ყველაზე საყვარელი საქმე არ იყოს, ღმერთმა დღეს აქ მოგიწოდა ყოფნა, ეს საქმე უნდა რომ აკეთო ამ კონკრეტულ დროს, მთელი გულით, არა აქვს მნიშვნელობა მეწაღე ხარ, მიწათმოქმედი, თუ მეცნიერი. გერმანული სიტყვა “ბერუფ”, პირდაპი თარგმანში პროფესიას ნიშნავს, სემანტიკურად კი “მოწოდებას”. ქართველები მოწოდებას მხოლოდ გენიალურ შემთხვევებს ვუწოდებთ, როცა, დავუშვათ, ფიროსმანი მხატვარი იმიტომაა, რომ არ შეუძლია მხატვარი არ იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობაც გვასწავლის: “მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ” (მე-16 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან, სახარება მათესაგან), ეს სწავლება ნაკლებად შესიხლხორცდა ქართული ცნობიერების მიერ და თითქმის საერთოდ არ გადასულა ცხოვრების წესში.

ადამიანი, სულ რამდენიმე ძირითადი თვისებით განსხვავდება სხვა ცხოველებისგან: იუმორის გრძნობით, ფანტაზიის უნარით, შემოქმედებითობით, საიდუმლოს ქონით და შეკითხვით, – საიდან გავჩნდი და საით მივდივარ. კიდევ ერთი ადამიანური პრობლემა ის გახლავთ, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანს ბედნიერებას არ ანიჭებს მხოლოდ ჭამა და თვლემა, რაც არ უნდა კარგი და უდარდელი პირობები შეუქმნა მას საამისოდ. თუმცა მხოლოდ ჭამით და თვლემით, საკუთარ შინაურ ცხოველსაც ვერ გააბედნიერებ, ძაღლიც კი, რომელსაც გენეტიკურად დიდ სივრცეში უყვარს სირბილი ან ნადირობა, ხანდახან მაინც უნდა გაიყვანო მისთვის შესაფერ გარემოში.

ადამიანური გონების პლასტიკურობა მოწყენილობის დამარცხების, თავის გარშემო რეალობის შექმნის, გაჭირვებიდან თავის დახსნის უკეთეს უნარში გამოიხატება, ვიდრე ეს სხვა ცოცხალ არსებებს გააჩნიათ.

რა ვაკეთო? – ამ კითხვაზე პასუხია აუცილებლად მოსაძებნი, ოღონდ ამ კითხვის სწორი პასუხი არავითარ შემთხვევაში არ არის ის, რომ მთავრობაში ნაცნობი არ გვყავს და სამუშაოს არავინ გვთავაზობს. კეთება აუცილებელია მაშინაც, როცა მას არანაირი მატერიალური სარგებელი არ მოაქვს. კეთება გადარჩენისთვის, ადამიანად ყოფნისთვის ბევრად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე ის ობიექტური აუცილებლობა, რომ ელემენტარული კეთილდღეობა ყველას გვჭირდება. კეთებას არაფრისთვის, ერთი შეხედვით უმიზნოდ, ჩვენთვის მთავარი სარგებელი მოაქვს, – გვამყოფებს ქმედით ფორმაში, აღვივებს ფანტაზიის უნარს და საბოლოოდ გვაპოვნინებს მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამოსავალსაც. ნებისმიერ ჩვენგანს გამოუცდია, ხანდახან რა ძნელია დაიწყო საქმე, მაგრამ თუ თავს დააძალებ და დაიწყებ, შემდეგ ჯადოქრობა ხდება, ყველაფერი “თავისით” კეთდება. “თავისით” იწერება ტექსტი, “თავისით” ითხზვება მუსიკა, “თავისით” იღებება კედელი, “თავისით” ითოხნება ყანა… საქმის დასასრულს კი გვაქვს კმაყოფილების შეგრძნება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მომხდარიყოს.

რამდენიმე წლის წინ ინფორმაცია გავრცელდა, თბილისში სამი ჩინელი დააკავეს, სამოთახიან ბინაში ტარხუნის მოსავალი მოჰყავდათო. თუ ეს მართლა მოხდა და დააკავეს, ჩემი აზრით, კი არ უნდა დაესაჯათ, არამედ სამაგალითოდ უნდა ეტარებინათ სკოლებში და თუ გნებავთ, ქუჩა-ქუჩაც, რომ ადამიანებისთვის გონებამხვილობის, შრომის და ფანტაზიის სინთეზის უფასო გაკვეთილი ეჩვენებინათ.

არაფრის კეთება, უფრო სწორად, კეთება არაფერ განსაკუთრებულის გამო შეიძლება ლიმონის კურკების ჭიქებში დათესვით დაიწყოს ადამიანმა, ან ნებისმიერი რამით, რაც მას გაახალისებს, სიამოვნებას მიანიჭებს. ეს აუცილებელია სამუშაოს, როგორც არასასიამოვნოსა და იძულებითის მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად, რომელიც ჩამოგვიყალიბა ხშირად მშობლების მიერ მეცადინეობის დაძალებამ, იმ პროფესიის ათვისების იძულებამ, რისკენაც ნაკლებ სწრაფვას ვგრძნობდით და ბოლოს და ბოლოს საზოგადოებაში არსებულმა ცრუ წარმოდგენებმა პრესტიჟული და ნაკლებპრესტიჟული სამუშაოს შესახებ.

ერთი პერიოდი ნიუ იორკში მომიწია ცხოვრებამ, სადაც მეგობარმა ჩამომაკითხა. სამეგობროში იგი ცნობილია გათხოვების მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულებით. ერთ-ერთი მისი არგუმენტი, კაცების დაბალი აკადემიური მოსწრებაა და მას კი არ შეუძლია უვიც ადამიანთან ურთიერთობა. ამბობს, რომ მისთვის განათლებაა მთავარი, ოღონდ როგორი განათლება, იცით? ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა საკმარისი არ გეგონოთ. ხშირად გვიშაყირია, შენ გენაცვალე, ინტელექტუალური თემა სამეგობროში გავაღვივოთ, სანამ ჟრუანტელი დაგივლის და მერე ყავის დასალევად მასთან წადი, ვისაც იმის შემოთავაზება შეუძლია, რის შესაძლებლობაც ჩვენ არ გაგვაჩნიათქო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი განათლებისმოყვარე მეგობარი სად არ გავასეირნე, რა არ ვაჩვენე ნიუ იორკში და კი, ნამდვილად ყველაფერი დააფასა, მაგრამ მის დაუვიწყარ მოგონებად იქცა კადრი, რომელსაც წლების შემდეგაც იხსენებს: შუაღამისას სახლში ვბრუნდებოდით. ქუჩაში შავკანიანი ახალგაზრდა კაცი, ღმერთის სხეულით და მომნუსხველი მოძრაობებით, როგორი მოძრაობაც მხოლოდ შავკანიანებს ახასიათებთ, ქუჩის პირას დახვავებულ ნაგვის პარკებს ცალი ხელით იღებდა და გრაციოზულად ისროდა ნაგვის გადამზიდი მანქანის საბარგულში, თითქოს ცეკვავსო. ნაბიჯი არ შეგვიჩერებია, მაგრამ არც მზერა მოგვიშორებია ამ უცნაური ცეკვისთვის. ახლოს რომ ჩავუარეთ, აგვათვალიერა და ჩემს მეგობარს თავისი უმშვენიერესი ხმით უმშვენიერესობა მიაძახა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, წყალში ჩამეყარა ყველა პატივისცემა, რასაც ჩემი მეგობრის იქ ყოფნაში მისთვის ვეცადე. ეს რა იყო? – გაოგნებული კითხულობდა დიდხანს.

ამ მხიარული მოგონებით მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტულ მომენტში რას აკეთებს ადამიანი, მნიშვნელოვანია, როგორია ის, როცა რამეს აკეთებს. როგორი ღირსების გრძნობა აქვს, როგორი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. ადამიანს ნებისმიერ როლში შეუძლია იყოს განსაკუთრებული.

ჩვენთან კი რა ხდება? ადამიანების უმეტესობა გამოხატავს არა მხოლოდ უკმაყოფილებას, ერთგვარ უხერხულობასაც კი იმის გამო, რომ საერთოდ მუშაობს. სახუმარო თემად ქცეული ტაქსის მძღოლების ტექსტი განსაკუთრებით კარგად გამოხატავს ამას, როცა ნებისმიერ მგზავრს უხსნიან, რომ ეს მათი პროფესია არ არის.

როცა ვინმეს ეტყვიან, დიდი ბავშვი ხარო, ბედნიერებისგან გაუაზრებლად იბადრება, არადა ბავშვად ყოფნა ინფანტილურობის, განუვითარებლობის მხრივ, დიდი ვერაფერი კომპლიმენტია. ჩვენს თავში მარადიული ბავშვის გადარჩენაზე რომ საქმე მიდგება, მთავარი თვისებაა გადასარჩენი, – სიცოცხლის სიხარული, თამაშის სიხარული, ნებისმიერი ქმედების პროცესისგან სიამოვნების მიღების უნარი.

რამდენ პატარა ბიჭს ვიცნობდი, პიპიებზე რომ გიჟდებოდა და უზარმაზარი სატვირთო მანქანის მძღოლობაზე ოცნებობდა, რამდენ გოგოს ვიცნობდი, ქვიშის პასკების ცხობა რომ ბედნიერს ხდიდა, რამდენ მეცნიერ ბავშვს, მწერების თვალიერებით რომ საათობით იყო გატაცებული, რამდენ გვირაბმშენებელს, ქვიშის მთებში რომ გვირაბები გაჰყავდა.

ის, რისი კეთებაც სიტუაციურად გვიწევს, მთავარია სიმპატიით შევხედოთ. ყოველთვის როცა – “არა”, – უარყოფა ჩაიღვრება ჩვენს ცნობიერებაში, საწამლავივით ედება მთელ ჩვენს არსებას. ამიტომ მთავარი შინაგანი თანხმობის მიღება და სიამოვნების მარცვლის პოვნაა ყველაფერში, რაც კონკრეტულ დროს სასიცოცხლოდ გვჭირდება.

მოწყენილობის დასამარცხებელი ერთადერთი გზა რუტინის შექმნაა. თუნდაც ეს რუტინა კომბლების თლა და ჭერში შემოწყობა იყოს. ხუმრობა-ხუმრობაში, ერთ დღესაც კომბლების მაღაზიას გავხსნით.

ღიმილით ვაკეთოთ, მცირესა ზედა სარწმუნო ვიქმნეთ და მოვა მეტი, რის ზიდვასაც ასევე ღიმილით შევძლებთ”.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი

წყარო: iberali.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment