fbpx

თუ თქვენ არ გაქვთ პატიების უნარი, ვერც წარმატების მიღწევას ვერ შეძლებთ

ავტორი ჟოლო
2482 ნახვა
0 კომენტარი
6

«…მოულოდნელად, თითქოს ცხადად, თვალწინ წარმომიდგა დედაჩემის სახე. ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. მისი ნაკვთები ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი ჩანდა, რომ მე მისი საყვარელი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი. ის მიყურებდა ისე, როგორც წლების წინ, თუმცა ხმას არ იღებდა, თითქოს და რაღაცას ელისო.

მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, თუ როგორ იტანჯებოდა ის ავადმყოფობისგან თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში  და გული სიბრალულით შემეკუმშა.

– დედა, როგორ ვწუხვარ, რომ იტანჯებოდი იმ საშინელინ სენისგან, მაპატიე, რომ ბოლო წუთებში შენს გვერდით არ ვიყავი. პატიების უნარი მან თავი ოდნავ გვერდულად დახარა, თითქოს მანიშნა, რომ გაიგო რასაც ვეუბნებოდი. შემდეგ კი გამიღიმა თავისი შეუდარებელი ღიმილით, როგორითაც მხოლოდ დედას შეუძლია გაგიღიმოს, რაღაც საოცარი სითბოთი, სიყვარულით… და წყნარად, მაგრამ ძალზე გასაგებად მითხრა:

– კი მაგრამ, ყველაფერი, რაც მე ახლა მახსოვს, მხოლოდ სიყვარულია.

და ისევე უცებ გაქრა, როგორც გაჩნდა.

რაღაც საოცრად სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, გული უსაზღვრო მადლიერების და სიყვარულის გრძნობით აივსო და მაშინ ვიგრძენი მთელი ჩემი არსებით, რომ ყველაზე მთავარი, სწორედ სიყვარულია. ის სიყვარული, რომელსაც გავცემთ და რომელსაც ვღებულობთ. ტანჯვა, წყენა, ბრაზი, სიძულვილი, ყველაფერი წარმავალია – სიყვარული კი რჩება…

და მე მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც კი ოდესმე მომისმენია ცხოვრებაში და ისინი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გულსა და გონებაში…»

და რა ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში?

სამწუხაროდ ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ წყენის, ბრაზის და სხვა ნეგატიური გრძნობების ტვირთით დამძიმებულნი ნელა, მძიმედ მივუყვებით ცხოვრების გზას, უფლებას ვაძლევთ რა წარსულს გვდიოს კუდში და დაგვირღვიოს სიმშვიდე, ვინაიდან სხვისი, თუ საკუთარი შეცდომების მუდმივად გახსენება იწვევს ნეგატიურ აზრებს, რომლებიც ქმნიან ნეგატიურ ენერგიას, ეს ენერგია, თავის მხრივ, იზიდავს სხვა უამრავ ნეგატიურ მოვლენას და ასე თანდათანობით ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კი პატიების უნარშია. მხოლოდ პატიებას შეუძლია გაგვანთავისუფლოს. ის წმენდს ჩვენს გონებას წარსულის ნეგატიური ნარჩენებისგან და გვაძლევს შესაძლებლობას ვისიამოვნოთ აწმყოთი.

მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით პრობლემებს, რადგან თავს იჩენს უამრავი მიზეზი, რომელიც ხელს გვიშლის პატიებაში და მათ შორის ერთ–ერთი მთავარი – სიამაყეა. ჩვენ გვესმის რომ შევცდით, რომ არ ვართ მართალი, მაგრამ სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას ეს ვაღიაროთ.

ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი, ნატალია ხოლოდენკო ამბობს:

„თუ თქვენ არ ითხოვთ პატიებას, ესე იგი თქვენ არ ხართ მზად აღიაროთ თქვენი შეცდომები, ხოლო თუ თქვენ არ ხართ მზად აღიაროთ შეცდომები, ეს მიუთითებს თქვენს უზომოდ დიდ სიამაყეზე, ასეთი სიამაყე კი ადამიანის, როგორც პიროვნების მოუმწიფებელობის ნიშანია.“

მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, თანატოლებში ბოდიშის მოხდა ლაჩრობად ითვლებოდა. „კაცები ბოდიშს არ იხდიან“ ასეთი იყო დაუწერელი კანონი. ამიტომ ყველა ვცდილობდით არ ჩაგვედინა ისეთი რამ, რომ ბოდიშის მოხდა დაგვჭირვებოდა, მაგრამ თუ რამე მაინც შეგვეშლებოდა, და ეს გარდაუვალი იყო, ვინაიდან უშეცდომო ადამიანი, მითუმეტეს მოზარდი, არ არსებობს, მაშინ არაფრით არ ვაღიარებდით შეცდომას და «სისხლის უკანასკნელ წვეთამდე» ვიცავდით ჩვენს „სიმართლეს.“

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, მთელი ცხოვრება, სამწუხაროდ სწორედ ამ პრინციპით ვცხოვრობთ…

ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეუძლიათ დაივიწყონ წყენა და ვერ ხვდებიან რომ ამით იწამლავენ საკუთარ თავს. ბოღმა, ბრაზი, წყენა დამანგრეველი ენერგიებია, რომლებიც თანდათანობით, ნაწილ–ნაწილ შლიან ჩვენს სულს, გონებას და სხეულს. მათგან განთავისუფლება ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი ავადმყოფობისგან.

ხშირად, კი ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ წყენა, მაგრამ ძალზე დიდი როლს თამაშობს შიში იმასთან დაკავშირებით, თუ რას იფიქრებენ სხვები. ჩვენ  შინაგანად ვპატიობთ ადამიანს, მაგრამ გვეშინია ამის გამოხატვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სისუსტედ ჩაგვითვალონ, გაგვკიცხონ, გაგვჭორონ ამისთვის, ან სულაც გაგვრიყონ კიდეც საზოგადოებიდან.

მაგრამ ყველაზე ვერაგი და საშიში მაინც შურისძიების გრძნობაა. ის სრულიად აბრმავებს ადამიანს და წყვეტს მას რეალობას.

პირადად მე დიდხანს ვიწამლავდი თავს შურისძიების გრძნობით. ჩემი ყოველი დილა იწყებოდა და ყოველი დღე მთავრდებოდა ამაზე ფიქრით, ჩემს ყოველ საქციელს, ყოველ სიტყვას ის ედო საფუძვლად, ამით იყო გამსჭვალული ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი, ჩემი ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არავინ არ უნდა მიმხვდარიყო, თუ რას ვგრძნობდი…

მე ვერ ვხვდებოდი რომ თანდათანობით ვიქეცი შურისძიების, ბრაზის, სიძულვილის, ბოღმის ბუდედ და რომ მივუახლოვდი იმ უფსკრულს საიდანაც გადაჩეხვა სრულ მორალურ და ფიზიკურ განაგდურებას მიქადდა.

ღვთის წყალობით, დროზე მოხდა ჩემი გამოღვიძება…

ტრაგედიის ამსახველი კადრების ყოველდღიური ყურება შეიცვალა ჩვენი ბავშვობის, მოზარდობის, სტუდენტობის თუ ბოლო წლების ბედნიერი კადრების ყოველდღიური გახსენებით. ყოველღიური საყვედურებით სავსე კითხვები: „რატომ?“ „ვინ?“  შეიცვალა მადლირების გრძნობით იმისთვის რაც იყო ტრაგედიამდე.  შურისძიების გრძნობა შეცვალა სიყვარულმა და ვალდებულებებმა მის შემდეგ დარჩენილი სიცოცხლის წინაშე, შეგრძნებამ იმისა, რომ ყველაზე დიდი შურისძიება იქნება სწორედ იმ ღირებულებებისთვის ცხოვრება, რომელზეც ბავშვობიდანვე ერთად გვიოცნებია და რომელსაც ის შეეწირა…

და აქ პატიების აქტიც თავისთავად შედგა. მე არც მაშინ ვიცოდი კონკრეტულად ვისზე უნდა მეძია შური და არც ახლა ვიცი ვის ვაპატიე, მაგრამ მთავრი აქ ის არის რომ მე განვთავისუფლდი ამ დამანგრეველი გრძნობისგან და შესაბამისად მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე…

ზოგადად, პატიება ორგვარია, შინაგანი – სულიერი და გარეგანი – ქცევითი.

შეიძლება აპატიო გარეგნულად, ქცევით, მაგრამ არა სულიერად. „კარგი, დავივიწყოთ“ ამბობთ თქვენ და შემდეგ არასოდეს არ იმჩნევთ ურთიერთობაში, რომ ოდესღაც ნაწყენი იყავით, მაგრამ სინამდვილეში წყენა გულში რჩება.მეორეს მხრივ, შეიძლება აპატიო შინაგანად, სულიერად, მაგრამ არა ქცევით. მაგალითად: „დიახ, მე მესმის შენი, ახლა ვხვდები, რომ სხვანაირად არ შეგეძლო და ამიტომ არ ვბრაზობ შენზე, მაგრამ ამავე დროს ვხვდები, რომ მე ასეთი ურთიერთობა არ მაწყობს და ამიტომ ჩვენ უნდა დავშორდეთ.“

სრული ჰარმონია კი მაშინ მიიღწევა როცა პატიებაც და პატიების თხოვნაც ჭეშმარიტად გულწრფელია და თავისთავში შეიცავს როგორც გარეგან, ანუ ქცევით, ისე შინაგან, ანუ სულიერ ბუნებას.

ამერიკელი მილიონერი, ქსელური მარკეტინგის ეგრეთწოდებული „გურუ“ და მრავალი ბესტსელერის ავტორი – რენდი გეიჯი გვირჩევს:

«თუ თქვენ არ გაქვთ პატიების უნარი, ვერც წარმატების მიღწევას ვერ შეძლებთ. მაგრამ თუ თქვენ განახორციელებთ შემდეგ სამ ნაბიჯს, მაშინ გაგეხსნებათ ყველა გზა წარმატების მწვერვალებისკენ:

1.გონებაში აპატიეთ ყველას ვისზეც ნაწყენი ხართ.

2.გონებაში თხოვეთ პატიება ყველას, ვითვისაც კი რამე გიწყენინებიათ ან ზიანი მიგიყენებიათ ოდესმე, ყველას ვისზეც გიჭორავიათ, გიჩივლიათ, ვისთანაც გიკამათიათ თუ გქონიათ რამე სახის კონფლიქტი.

3.თუ თქვენ კიცხავთ ან კიცხავდით საკუთარ თავს შეცდომებისა და წარუმატებლობებისათვის – აპატიეთ თქვენს თავს.»

დიახ თქვენს თავს! ვინაიდან საკუთარი თავისადმი მიმართული ნეგატიური ენერგია არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი წყარო თქვენი სულიერი სიმშვიდის რღვევისა. ყველაზე ხშირად საკუთარი თავისადმი არპატიების განცდა დევს ქვეცნობიერში და არ არის აღქმადი, მაგრამ მისგან აუცილებელია გნწმენდა.  ამიტომ მანამ, სანამ ვისწავლით, სხვების პატიებას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვაპატიოთ საკუთარ თავს.

იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ გვინდა პატიება გვთხოვონ იმისთვის, რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი პატივმოყვარეობა, იმისთვის, რომ ვაგრძნობინოთ ადამიანს თავისი დანაშაული და გავხადოთ ერთგვარად ჩვენი მევალე, მითუმეტეს, ჩვენ უნდა ვაპატიოთ პირველ რიგში სწორედ საკუთარ თავს ამის გამო.

ჩაუღრმავდით თქვენს თავს, გამართეთ დიალოგი მასთან და აქციეთ ეს დიალოგი თქვენი გონებრივი პროცესების განუყოფელ ნაწილად: „რაც იყო, იყო. აზრი არა აქვს უკვე ჩავლილზე სიბრაზეს, ის უკვე წარსულია და მას ვერ შევცლი, მაგრამ მე შემიძლია შევცვალო დამოკიდებულება მის მიმართ და შესაბამისად შევცვალო ჩემი „დღეს“ და „ხვალ“

როგორც კი აპატიებთ თქვენს თავს წარსულის შეცდომებს, თქვენ მზად იქნებით იმისთვის, რომ აპატიოთ სხვებს. შეადგინეთ იმ ადამიანთა სია, ვისზეც გაბრაზებული ან/და ნაწყენი ხართ და შემდეგ სათითაოდ დაუკავშირდით მათ. უთხარით მათ რომ პატიობთ ყველაფერს და თავადაც თხოვეთ პატიება. ეს უდიდეს შვებას მოგგვრით.

საერთოდ კი, მართალია პატიება – კეთილშიბილური საქციელია, მაგრამ კიდევ უკეთესია, არ მოვხვდეთ სიტუაციაში, სადაც მოგვიწევს პატიება, რამდენადაც პატიება გულისხმობს რომ ადამიანი ჩვენთან დამნაშავეა.

მაგრამ რაში ვდებთ მას ბრალს? მოდი გავერკვეთ: სიტუაცია, მოვლენა  თავისთავად ნეიტრალურია. ცუდი ან კარგი ის შეიძლება იყოს მხოლოდ იმისთვის, ვინც მას აფასებს, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენთვის.

ჩვენ ვრეაგირებთ არა სიტუაციაზე, რომელიც მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად, არამედ მის პროექციაზე, მის სურათზე, რომელიც მრავალნაირად გაფერადებული და დამძიმებული აღიბეჭდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს სურათი არის ჩვენი გაბრაზების მიზეზი და არა მისი პირველწყარო.

ერთხელ სოკრატემ  ერთ–ერთ ნაცნობს, რომელიც მეტისმეტად გამწყრალი იყო იმის გამო, რომ მას დიდი ხნის უნახავმა ბავშვობის მეგობარმა  და აწ უკვე დიდი თანამდებობის კაცმა, ქუჩაში სალამზე არ უპასუხა, ჰკითხა:

– რას იტყოდი შენ რომ შეგხვედროდა ეს ადამიანი ქუჩაში დაინვალიდებული? გაბრაზდებოდი მასზე?

– რა თქმა უნდა არა, ეს ხომ უაზრობა იქნებოდა?!

– ხოდა რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ფიზიკურად არის ხეიბარი თუ სულიერად, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეგეცოდოს და მასზე გაბრაზება უაზრობაა!

როდესაც ჩვენ ვინმეს ვადანაშაულებთ, ესეიგი ამით ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ ვართ საკუთარი ცხოვრების პატრონი, რომ მას, ვისაც ვადანაშაულებთ, აქვს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, ესე იგი მას აქვს ძალაუფლება ჩვენზე.

წმინდა მამები გვასწავლიან:„დანაშაული ყოველთვის სისუსტეა, დამნაშავე მხდალია და არა გმირი, ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს. როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურვის მიაგებ სანაცვლოს, რამეთუ იგი ბოროტისგან კი არა, სისუსტისგან იბადება, ასე შეინარჩუნე ძალა და მიემსგავსე წყნარ ზღვას, რომელიც არასდროს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.“

დიახ, უფრო ბრძნულია იცხოვრო პრინციპით დადანაშაულების გარეშე, მიიღო ადამიანები და მოვლენები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან, მიიღო საჭირო გადაწყვეტილებები, შეიძლება ხანდახან მკაცრიც, მაგრამ ყოველგვარი წყენისა და ბრალდებების გარეშე.

ხოლო თუ თქვენ მაინც აღმოჩნდებით ნეგატიური გრძნობების გავლენის ქვეშ, მიეცით თავს უფლება აივსოს პატიების გრძნობით, იგრძენით სითბო და მზრუნველობა. გააცნობიერეთ, რომ პატიება ელოდება თქვენს დაბრუნებას საკუთარ წიაღში.

განთავისუფლდით ყოველგვარი შეზღუდვისგან, ყოველგვარი სტერეოტიპებისგან და შეეცადეთ იგრძნოთ თუნდაც ერთი წუთით მთელი სიღრმე და სიდიადე პატიებისა.

და როცა ის შედგება, მოვა  დიდი სიმსუბუქე და თავისუფლება. ყოფიერების სიხარული გახდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი და ჩვენ დავიწყებთ ცხოვრებას  საკუთარ თავთან და სხვებთან სრულ ჰარმონიაში.

 

ხვიჩა მებონია

0 კომენტარი
6

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort