fbpx

ვინ არის ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ პატარებს ასაჩუქრებს?

ავტორი ჟოლო
167 ნახვა

მიზნად დაისახა ყველა ქვეყანას ესტუმროს და უცხო მიწაზე გაფანტულ პატარა ქართველებს გული თავისივე ჯადოსნური წიგნებით გაუთბოს… შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი ამჯერად ბელგიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან შესახვედრად ემზადება.

მანამდე კი საბერძნეთი იყო. ათენის კულტურის ცენტრში შეკრებილ 80-მდე პატარას ფერადი და შთამბეჭდავი ლექსებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო კრებული გადასცა საჩუქრად. (ფოტოზე  – სოფო ფოცხვერაშვილი და ათენის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაბერიძე. )

„ჩემს ბედნიერებას ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ამ პატარების გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ მთელი სამყარო ჩემი მგონია, სავსე და უზომოდ ბედნიერი ვარ“ – განაცხადა ათენში გამართული ზეიმის მთავარმა გმირმა.

სანამ თავად გადაწყვეტდა მათთან მისვლას, 100 წიგნი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნა. სურვილი შემთხვევით ნანახამა გადაცემამ გაუჩინა. ამ გადაცემიდან შეიტყო, რომ ფერეიდანიდან საქართველოში ახალგაზრდები ჩამოჰყავდათ და ქართულ კულტურას აზიარებდნენ, ლექსებსა და ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ…  თვითონაც გადაწყვიტა პატარა წვლილი შეეტანა ამ კეთილ საქმეში და პროექტის ავტორს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა. ასე მოხვდა სოფოს წიგნები ფერეიდანში ქართველებთან. ასევე ნაჯაფაბადში ქართულის შემსწავლელ სკოლაში, სოსო მიქელაძესთან.

100 წიგნი საქართველოშივე სოციალურად დაუცველ პატარებს გადასცა. ასევე წიგნები დაურიგდათ „სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე“ მყოფებსაც…

მალე ბრიუსელს ესტუმრება და იქ მცხოვრებ ბავშვებსაც გაახარებს…. ბრიუსელის შემდეგ იტალიასა და გერმანიაში ელოდებიან…

 

***

თავად სამშობლოს დატოვება  22 წლის წინ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მოუხდა, დავითი 10 წლის იყო, რუსუდანი 8-ის.

„ისე როგორც სხვა ბევრი, ჩვენც გაჭირვებამ გვაიძულა წასვლა“ – ჰყვება სოფო ფოცხვერაშვილი.

„ჯერ ბელგიაში მოვხვდით როგორც ლტოლვილები, ბრიუსელში წელიწადი და სამი თვე დავყავით, მერე შვეიცარიაში გადავედით საცხოვრებლად…

ძალიან დიდი ხანი არ გვენახა სამშობლო, მაგრამ ჩემ შვილებს ქართული ენა და საქართველო ყოველთვის ახსოვდათ. ასევე არიან უცხოეთში მცხოვრები  ამ თაობის ბავშვები, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობაა … ვნახე პატარები, რომლებმაც ქართული წერა-კითხვა არ იციან, ეს მტკივა ძალიან, ამიტომაც გადავწყვიტე ყველა ქართველს მივაწვდინო ჩემი ხმა და ჩემი წიგნები… ფერადი წიგნია და მოსწონთ ბავშვებს… საბერძნეთიდან ერთმა მომწერა – შენი ლექსებით დავიწყეთო ქართული ანბანის შესწავლა. მზის სხივივით ჩამეღვარა სულში ეს სიტყვები, დავფრინავდი…

ეს უდიდესი საჩუქრია ჩემთვის. თუ კი ამ წიგნის დამსახურებით უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვების 1% მაინც ისწავლის მშობლიურ ენაზე კითხვასა და საუბარს, ვიტყვი რომ ტყუილად არ მოვსულვარ ამ ქვეყნად.

 

„ნოსტალგია“

საბავშვო  კრებულამდე იყო „ნოსტალგია“. ამ ლექსებს სამშობლოს მონატრებასთან ერთად ის დარდიც მაწერინებდა, რომელიც მეუღლის ავადმყოფობამ გამოიწვია. უცხოეთში, სამედიცინო შემოწმებას როდესაც გავდიოდით, გავიგეთ რომ სიმსივნე ჰქონდა … მეუღლეს ცრემლებს ვუმალავდი, განმარვტოვდებოდი და ჩემს ტკივილსა და დარდიან ფიქრებს ლექსებს ვანდობდი…

უამრავი ოპერაცია დასჭირდა, 10 წელი ებრძოლა ამ სენს  და ბოლოს უცხო მიწაზე გარდაიცვალა. ერთადერთი სურვილი ჰქონდა – სამშობლო სწყუროდა… სწყუროდა ყველა, ვინც კი თავის სამშობლოსა და ქვეყანას უკავშირდებოდა. ამიტომ რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო, მაინც აღმოჩნდებოდა იმ ქართველი მხატვრების გამოფენებზე უცხოეთში რომ ჩამოდიოდნენ.

ყველაფერი ენატრებოდა ქართული. გიტარითა და პიანინოთი იყო გატაცებული და მუსიკაში გადაჰქონდა დარდი. რამდენიმე კომპოზიცია დაწერა. ერთ-ერთს „საქართველოს მონატრება“ დაარქვა, ეს მუსიკა არის ძალიან მძიმე და ძალიან სასიამოვნოც…

განიცდიდა და დაბრუნებას ნატრობდა…

ბოლოს, როდესაც ძალიან ცუდად იყო, საქართველოში მყოფ მეგობარს სთხოვა, – ჩოხა-ახალუხი ჩამომიტანეო,  ჩოხოსნებს ტელევიზორში რომ ვუყურებდით გიჟს გავდა.  ჩამოუტანა მეგობარმა ჩოხა,  ვერ მოასწრო ჩაცმა.

სამშობლოში დაბრუნება 13 წლის შემდეგ მის გარეშე მომიხდა. ყველაზე მეტად მეუღლის მშობლებთან მისვლა გამიჭირდა. საქართველოდან მთელი ოჯახი ერთად წავედით და ჩამოვედი მე მარტო. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი…

შვეიცარიაშიც, მეუღლის გარეშე დარჩენილს ძალიან გამიჭირდა.

მეგობრებმა გადამატანინეს. შეძახილებმა გამამაგრეს…

მეტყვიან ხოლმე – ძლიერი ქალი ხარო, არადა მეგონა მართლა სუსტი და უსუსური ვიყავი, ეტყობა ადამიანს როდესაც ძალიან გაუჭირდება მერე უკვე მართლა პოულობს საკუთარ თავში უსაზღვრო ძალებს …

ლექსებმაც დიდი ძალა მომცეს.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე, შვეიცარიაში ჩამოსულმა ბაღათერ არაბულმა, რომელმაც ჩემი ლექსები მოისმინა, კრებულის გამოცემა გადამაწყვეტინა. ასე გამოვეცი „ნოსტალგია“, 2009 წელს. 500 ცალიანი ტირაჟით. წიგნი არ გაყიდულა,  ყველა გავაჩუქე.

შემდეგ, მია დაიბადა, ჩემი შვილიშვილი და გაჩნდა საბავშვო კრებულიც „დედამიწა რაზე დგას“. რომელიც უკვე ემიგრანტ ბავშვებთან ჩამაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, ვუყურებ ამ ბავშვების გაბადრულ სახეებს და ვხარობ, ვივსები დადებითი მუხტით.

ავტორი დეა თავბერიძე

P.S წიგნების დაბეჭვდვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დარიგება  მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული, ამიტომ, როცა საქართველოში ეს ამბავი გავახმაურე და სოფოს ისტორია აღტაცებით მოვყევი, ბევრმა მდიდარ ქალბატონად მიიჩნია ის… არადა, რეალობა სულ სხვაა. სოფო შვეიცარიაში, ხანდაზმულთა პანსიონატში მუშაობს და მოხუცს უვლის …

თუმცა, მდიდარი მართლაც არის… აი, ისეთი, გულით რომ დალოცავენ  – შენნაირი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმაო …

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=WKlEPtRXVPI&feature=youtu.be”]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment