fbpx

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ნახატიც მანჰეტენზე გაიყიდა

ავტორი ჟოლო
117 ნახვა

21 წლის  ქართველ ემიგრანტს ნანა ჩიხლაძეს, რომლის ნახატიც მანჰეტენზე,  Madatart-ის გამოფენის გახსნისთანავე გაიყიდა, ამერიკაში დავუკავშირდით. „მინდორი“ – The Field – ასე ერქვა ნახატს, რომელიც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა შეიძინა. უცხოელმა გალერისტებმა კი პატარა მხატვარს „ბეიბი ნანა“ შეარქვეს.

-ნანა, როგორი იყო რეაქცია, როცა ნახატის გაყიდვის შესახებ შეიტყვე?

-აღვფრთოვანდი სიხარულით, ამასთანავე ძალიან გამიჭირდა შევლეოდი ნახატს. ძალიან მიყვარს ბუნება და ეს ნამუშევარი ცენტრალური ნიუჯერსის ერთ-ერთ ფერმაში შევასრულე.

გამოფენა ძალიან პროდუქტიული იყო. Madatart-ის დამსახურებით, ბევრი საინტერესო ხელოვანი გავიცანი. მადლობა ქალბატონ მარიტას ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისათვის ამერიკაში. გამოფენის მერე ყველა პოზიტივით ვართ სავსე…

-ამერიკაში, ეს შენი პირველი გამოფენაა, თუ ადრეც მიგიღია მონაწილეობა?

– პირველად გასულ წელს მივიღე მონაწილეობა და ექვსი ნამუშევარი გავყიდე. პირველი გამოფენის სახელი იყო “Alexandria arts and crafts fair”, Alexandria VA.

შემდეგ მონაწილეობა მივიღე “The perfect gift art and design show”, Washington D.C.

მანჰეტენზე გამოფენის წინ კი მონაწილეობა მივიღე 2017 The Georgian Culture event in the Embassy of Georgia with the partnership of Georgian Center in Washington DC

ამ ღონისძიებაზე ჩემი ნამუშევარი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შეიძინა და რაც ყველაზე სასიხარულო იყო ჩემთვის ღონისძიება საქველმოქმედო იყო და მხარს უჭერდა საქართველოში უნარშეზღუდულ ბავშვებს, მე კი შესაძლებლობა მომეცა ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამაში.

რამდენი წლისამ დაიწყე ხატვა ?

-პატარამ, როგორც კი ფანქრის დაჭერა შევძელი ხელში, ხატვა კედლებზე დავიწყე. ჩემი მშობლები თვლიდნენ რომ გავლენის ქვეშ არ უნდა მოვქცეულიყავი და ბუნებრივად უნდა გამომეხატა ჩემი ემოციები, ჩემი ფერებით. ჩემს პირველ გამოფენასც რვა წლის ასაკში ასეთივე სახელი ერქვა “ჩემი თვალით დანახული სამყარო”… ჩვენი სახლის კედლები მუდამ ფერად-ფერადად იყო მოხატული, ექსპერიმენტებს ვატარებდი ფერებით, მშობლები არ მიშლიდნენ, ამით განებივრებული ვიყავი, შემეძლო სადაც მსურდა და რაც მსურდა ის მომეხატა.

ამ მოხატული კედლებიდან ყველაზე მეტად რომელი ნამუშევარი გახსოვს?

– გოგონა, რომელიც 10 წლისამ დავხატე. ფუფალა დაარქვეს ჩემმა ახლობლებმა. მისი ორიგინალი თბილისშია ჩემს მოხატულ სადარბაზოში.

8 წლის ასაკში დედაჩემის მეგობარმა უცხოელმა ქალბატონმა, ნატაშა დეილმა წამიყვანა სტუდიაში ეკა და ლევან გიგაურებთან და მათი სახელოსნო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. მე სტუდიის ყველაზე პატარა წევრი ვიყავი, ძირითადად იქ დიპლომატების მეუღლეები და აბიტურიენტები დადიოდნენ, მე ყვალა მეფერებოდა და მათამამებდა და დედაჩემის თხოვნით არავინ ერეოდა ჩემს ექსპერიმენტებში. სტუდიის გარემომ და ჩემმა მასწავლებლებმა ეკამ და ლევანმა დიდი გავლენა იქონია ჩემს შინაგან სამყაროზე.

მოგვიანებით გავიცანი ნინო ჯაში, მოდელირების და დიზაინის პროფესორი აკადემიაში, უზომოდ შემაყვარა თავი, მისგან უამრავი საინტერესო და უნიკალური ტექნიკა შევისწავლე. ჩემი მენტორები, ნინო, ეკა და ლევანი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.

რამდენი ხანია რაც ამერიკაში ხარ და ხატვის გარდა რას საქმიანობ?  

-ამერიკაში ხშირად ვმოგზაურობდი ჩემს ოჯახთან ერთად, 2014 წლის დეკემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი და 2016 წლის დეკემბერში Norten Virginia Community College დავამთავრე Business Administration A.S. და Fine Arts A.A.

ახლა ვიმყოფები სამუშაო პრაქტიკაზე ორივე მიმართულებით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უნდა გადავწყვიტოთ სწავლის გაგრძელება ან Rutgers University-ში სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის მიმართულებით ან Princeton University ხელოვნების მიმართულებით. ეს ორივე მიმართულება ძალიან მომწონს, მაინტერესებს და მიყვარს.

საქართველოში 2014 წლის შემდეგ არ ყოფილხარ?

-სამწუხაროდ არ მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი, მაგრამ  უახლოეს მომავალში ვგეგმავ ჩამოსვლას, ძალიან მენატრება ზედაზენიდან გადმოხედვა, ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობა და მოძრაობის და სამეფო უბნის თეატრები.

ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი ახლობლები და ჩემი სახლი.

 ანუ დაბრუნდები

-აუცილებლად, სწორედ ამიტომ მინდა სოფლის მეურნეობის საკვების მრეწველობის შესწავლა, რომ ჩემს ქვეყანაში შევქმნა საინტერესო პროექტები ამ მიმართულებით.

ვაპირებ ჩემი ფერმა მქონდეს და ფერმაში ხელოვნების სტუდია, ამერიკაში ასეთი პროექტები ბევრი ვნახე და ძალიან მოხიბლული ვარ.

საინტერესო პროექტია და საქართველოსთვის უცნაური, რისი ფერმა გექნება?

-სხვადასხვა სამკურნალო და კულინარიული მცენარეების როგორიცაა, ლავანდა, როზმარინი, პიტნა, გვირილა და ა.შ. ასევე მაინტერესებს მეღვინეობა და თაფლის წარმოება. ძირითადად მაინტერესებს ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა ამიტომ გავხდი NOFA(Northeast Organic Farming Associon)-ის წევრი და ხშირად ვესწრები მათ ღონისძიებებს

ხატვასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?

-ხატვა ჩემი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, ისევე როგორც სუნთქვა. რა საქმიანობაც არ უნდა ავირჩიო მომავალში, ჩემი ფერები ყოველთვის გამილამაზებენ ცხოვრებას. როდესაც ჩემი ემოციების გამოხატვა მინდა, ყოველთვის ვხატავ, რა დროც არ უნდა იყოს.

ძირითადად სიამოვნებას განვიცდი, დაძაბულობა მეხსნება და თავს ბედნიერად ვგრძნობ, განსაკუთრებით როცა მარტო ვხატავ ბუნებაში. ასეთ დროს სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებ და საოცარ ერთიანობას განვიცდი ბუნებასთან და ფერებთან…

დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment