fbpx

«ვინც იცის „რატომ“, მისთვის მარტივია, იცოდეს „როგორ“»

ავტორი ჟოლო
837 ნახვა

შენ გაქვს პასუხი კითხვაზე – რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ?

არა? მაშინ იქნებ დროა დაფიქრდე?!

ამ ერთ კითხვაზე გაცემული პასუხის უკან შეიძლება შენი/შენი კომპანიის დიდი წარმატება იმალებოდეს!
თუ იცი, რას ემსახურება შენი საქმიანობა, რა მიზეზით სთავაზობ მომხმარებელს  ამა თუ იმ სერვისს/პროდუქტს, მაშინ ეს აუცილებლად უთხარი  მასაც! ეს სწორედ ისაა, რაც მომხმარებელს აინტერესებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების  მიღებაში, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი/მომსახურება.
«ადამიანები არ „ყიდულობენ“ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ისინი „ყიდულობენ“ მიზეზს, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.»  საიმონ სინეკი;
მწერალი, სამოტივაციო სპიკერი და კომუნიკაციის გურუ საიმონ სინეკი, სწორედ ამას გვეუბნება თავისი «ოქროს წრის» თეორიით, რომლის თანახმადაც უმთავრესი კითხვა იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში, არის „რატომ“. ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ რთული (შეიძლება ფილოსოფიურიც კი) შეკითხვა, გვაპოვნინებს გზას, თუ როგორ მივიდეთ მიზნამდე, რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც გვსურს რომ ვიყოთ.
why motivation.JPG

ვიდრე მომხმარებელს იმას ვეტყოდეთ, რას ვთავაზობთ (რა?), როგორ ვქმნით, რითი არის გამორჩეული ჩვენი პროდუქტი (როგორ?), სანამ პროცესის შედეგად მიღებულ საბოლოო შედეგს გავაცნობდეთ, უმჯობესია დავიწყოთ იმით, თუ რა ღირებულებებს ემსახურება ჩვენი საქმიანობა, რისი გვწამს, რა არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა და რისი შეცვლა გვსურს ჩვენი ბიზნეს საქმიანობით (რატომ?). საიმონ სინეკის აზრით, სწორედ ეს არის ის სტრატეგია, რომელსაც ტვინის გავლით მომხმარებლის გულთან მივყავართ.

ბევრი ცნობილი ადამიანის არაერთი კომპანიის წარმატების ფორმულა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ პასუხი კითხვაზე „რატომ?“. სწორედ ამაზეა აგებული მათი სტრატეგიული კომუნიკაცია მომხმარებელთან, ეს არის ის მძლავრი მარკეტინგული იარაღი, რომელსაც ისინი მსოფლიოს გაჯერებულ ბაზარზე საკუთარი პოზიციის დასამკვიდრებლად ეფექტურად იყენებენ.

მოდით, დავუსვათ რამოდენიმე მათგანს ეს ჯადოსნური კითხვა.
რატომ? იმიტომ, რომ…

  • “ორგანიზება გაუწიოს მსოფლიოს ინფორმაციას და გახადოს ის ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასარგებლო” – Google
  • “ყველა ადამიანს, თითოეულ ორგანიზაციას ჩვენს პლანეტაზე მისცეს შესაძლებლობა, მიაღწიონ მეტს”-  Microsoft
  • “მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი  დააკავშიროს რეალურ ცხორებაში საზოგადოებრივი ბაზრის საშუალებით ისე, რომ ყველამ ყველგან თავი იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში” – Airbnb
  • “შთაგონება და ინოვაცია მოუტანოს მსოფლიოს ყველა სპორტსმენს” – Nike 
  • “ააწარმოოს კომერცია ჰუმანურად” – Etsy
  • “გაავრცელოს იდეები” – TED
  • “უკეთესი ყოველდღიური ცხოვრება შექმნას ხალხისთვის” – IKEA

არ გეგონოთ, მხოლოდ მსხვილ, ძლიერ და მაღალბიუჯეტიან ბრენდებზე ვსაუბრობდეთ. ამ კითხვაზე სწორი პასუხის პოვნა მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესებსაც, სტარტაპებსაც (ისევე როგორც ცალკეულ ინდივიდებს) ეხმარება თავიანთი ადგილის დამკვიდრებაში, ხელს უწყობს მათ, დაიპყრონ მომხმარებლის გული.

იმისთვის, რომ ლაკონურად, გასაგებ ენაზე, ლამაზად ფორმულირებული “რატომ?” მომხმარებლამდე მივიტანოთ, პირველ რიგში საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებს უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა კითხვაზე, რა გვაძლევს ინსპირაციას, რა არის ის მამოტივირებელი ძალა, რომელიც იმ საქმის კეთებისკენ გვიბიძგებს, რასაც ვაკეთებთ?! რა იყო მიზეზი, ან ის რწმენა, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ ზუსტად ეს სფერო აგვერჩია, ეს ნიშა დაგვეკავებინა, ეს პროდუქტი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის?! რა წამსაც გექნება პასუხი, ჩათვალე, წარმატების საიდუმლო ამოხსნილია და თუ სწორად გამოიყენებ ამ რესურსს, მაშინ არ გაგიჭირდება გაუმკლავდე გამოწვევებს, გადალახო პრობლემები, რადგან შენ ამ კითხვაზე პასუხთან ერთად ის შინაგანი ძალაც იპოვე, რომელიც ყველაზე ძლიერი მოტივაციის წყაროა. გაუზიარე ის თანამშრომლებს და ისინიც შენსავით შეიყვარებენ შენს საქმეს, ერთად გაუმხილეთ ეს მომხმარებელს და მათ გულებსაც დაიპყრობთ!

თუ ჯერ არ გიპოვია, თუ ახლა ეძებ „რატომ“-ზე პასუხს, მაშინ შესაძლოა ეს კითხვებიც დაგეხმაროს:

  • რამ განაპირობა თქვენს მიერ ამ  კონკრეტული ბიზნესის წამოწყება?
  • რა ისტორია – ამბავი იმალება თქვენი საქმიანობის უკან?
  • თქვენი ცხოვრების რომელი უმიშვნელოვანესი ისტორია გახსენდებათ?
  • რატომ არის ის, რასაც აკეთებთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი?
  • რა სახის გავლენა გსურთ მოახდინოთ თქვენი საქმიანობით გარემოზე?

«იპოვე შენი „რატომ“და იპოვი შენს გზას!»
ჯონ მაქსველი

ავტორი: მეგი მაისურაძე

წყარო: BPN Georgia

თუ მხარდაჭერა გჭირდება, BPN Georgia მზადაა ინდივიდუალური კონსულტაცია/ქოუჩინგის ფარგლებში მეგზურობა გაგიწიოს ამ პროცესში, დაუკავშირდით

მსგავსი სტატიები

Leave a Comment