ვის სჭირდება ფსიქოთერაპევტი, რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ კარგი სპეციალისტი და რამდენად ეფექტიანია ფსიქოთერაპია?! ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ინტერვიუში წაიკითხავთ.
სტუმრად მყავს ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი და არტთერაპევტი – ეკატერინე ხელაძე, რომელმაც ამ პროფესიების დაუფლება 38 წლის ასაკიდან დაიწყო. „როგორც თევზი წყალში, ისე ვარ ამ პროფესიებში. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმდენი ენერგია მაქვს, მგონია, დღეს თავიდან დავიწყებ“, – მეუბნება ჩემი რესპონდენტი.
ეკატერინე ხელაძე: თავიდან მეც საკუთარ თავზე მუშაობით დავიწყე. ფსიქოლოგია ყოველთვის მომწონდა, მაგრამ პროფესიად მაინც ის სპეციალობა ავირჩიე, რაც მშობლებს უნდოდათ. მოგვიანებით კი, როცა უკვე რაღაცების გადაფასება დავიწყე ისევ გაიღვიძა ჩემში ამ სურვილმა.
პირველ რიგში, ეს საკუთარი თავის დასახმარებლად გავაკეთე. შემთხვევით არაფერი ხდება. ოცდარვა წლის ასაკში ლეიკემია დამემართა, ჩემი მკურნალობა უცხოეთში სამ წელს გაგრძელდა. გადარჩენაზე ვფიქრობდი… აი, მანდ მივხვდი, რომ ჩემი თავისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა… საქართველოში დაბრუნებულმა კიდევ შვიდი წელი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებსა და სიცოცხლისთვის ბრძოლებში გავატარე. ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ კარგად დავფიქრებულიყავი, სინამდვილეში რა მინდოდა და რისი კეთება გამაბედნიერებდა.
ამაზე, როგორც მომავალ პროფესიაზე, არ მიფიქრია. მაგრამ სწავლის, ტრენინგებისა და სემინარების პროცესში იმდენად ღრმად შევედი, უკან რომ მოვიხედე, საერთოდ აღარ მომინდა საწყის წერტილში დაბრუნება. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, იმდენად კარგად გამომდიოდა, გადავწყვიტე, სხვებსაც დავხმარებოდი იმ დაგროვილი ცოდნით, რომელსაც ვეღარ ვიტევდი.
ვისწავლე დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში, დავამთავრე საქართველოს ეროვნული გეშტალტინსტიტუტი თეა გოგოტიშვილისა და დიმიტრი ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, შევიძინე სრულყოფილი ცოდნა. თეას და დიმიტრის დამსახურებით მომეცა საშუალება პროფესიული კუთხით განვითარების და მადლიერი ვარ ამისთვის. ყველანაირად ხელშემწყობი გარემო აქვთ შექმნილი. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, ეს გარემო რომ არ დამხვედროდა შეიძლება აქ არ ვყოფილიყავი სადაც ახლა ვარ.
პირველ ეტაპზე ინსტიტუტმა მომცა საშუალება, მოეძიათ „სტუმრები“ და გამევლო პრაქტიკა. სტუმრებს პაციენტებსა და კლიენტებს ვეძახი, ჩემთვის ასე უფრო მისაღებია. ეს ჩემი ტრენერის ტერმინია, რომელიც ისე მომეწონა, რომ ავიტაცე.
ვისწავლე ზოგადი ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, არტთერაპია, გეშტალტთერაპია და ახლა ვსწავლობ სისტემურ განლაგებას. გავდივარ საინტერესო კურსებს და ტრენინგებს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხან აქ ჩამოდიან ტრენერები, ან ჩვენ მივდივართ, იმართება სემინარები, სამუშაო შეხვედრები. ვცდილობ, ასეთი რაღაცებით გავიმდიდრო ცოდნა.
– რით არის საინტერესო ეს დარგი?
– აქ ხდება სრული ტრანსფორმაცია, თავადაც სრული მეტამორფოზი განვიცადე. ეს არის სამყაროს ახლებური აღქმა, მანამდე კი საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და მისი გაცნობის პროცესი. თავიდან აკეთებ აღმოჩენებს, რაც, მაგალითად, ბავშვობაში დაგავიწყდა, გქონდა სურვილები, ოცნებები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ განახორციელე, ამიტომ სადღაც ბნელ ოთახში გამოკეტე. ფსიქოლოგია ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველდღიურ განვითარებას მოითხოვს. მუდმივად რაღაცას ვსწავლობ. გეშტალტთერაპიის განმარტებაა აქ და ახლა, ამჟამად ყოფნა, დღეს ცხოვრება და არა წარსულსა და მომავალში, რაც ჩვენ გვახასიათებს.
– ვის სჭირდება ფსიქოთერაპევტი, ვინ უნდა მოგმართონ?
– აუცილებელი არ არის, რაღაც გჭირდეს და მხოლოდ მაშინ მიხვიდე ფსიქოლოგთან. ეს უბრალოდ პროცესია, სადაც შენს თავში, შენს შიგნით ატრიალებ ხედვას და რაღაც აღმოჩენებს აკეთებ. საკუთარ თავთან და გარემოსთან რომ ჰარმონიულ ურთიერთობაში იყო, შეიძლება მოძებნო ფსიქოთერაპევტი, რომელიც ამაში დაგეხმარება, შეიძლება ცეკვის კურსებზე, ან სპორტდარბაზში იარო, შეიძლება მეგობართან გაცვალო აზრები, ან სულიერ მამასთან მიხვიდე… არ ვფიქრობ, რომ ყველამ მაინცდამაინც ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოს.
მაგალითად, ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც აწუხებთ და არ იციან, რა აწუხებთ, ვერ ხვდებიან, მათ თავს რა ხდება და ფსიქოლოგი ურჩიეს. კითხვების დასმით ვცდილობ, დავეხმარო ცუდად ყოფნის რეალური მიზეზის დადგენაში. მოდიან დაღლილობით, პანიკური შეტევით, ეს ყველაფერი ძირითადად სომატურად ვლინდება – ან თავი სტკივათ, ხერხემალი, ან კუჭი. ეს პირდაპირპროპორციულია მისი სულიერი მდგომარეობისა, რადგან რაღაცაზე უარს ვერ ამბობს, სოციუმის გამო რაღაც შეზღუდვები აქვს. აქედან გავდივართ იმ ძირითად პრობლემაზე, რაც მას რეალურად აწუხებს. ასევე მომმართავენ თანადამოკიდებულებებით, ეგზისტენციალური თუ სხვადასხვა პრობლემური თემით.
ფსიქოთერაპიის დიდი მოთხოვნაა სკოლის ბავშვებშიც, მათი მომართვიანობის მიზეზებია: სიმორცხვე, კომპლექსები, მშობლებთან კონფლიქტი, ოჯახური ძალადობა. მოზარდებთან მუშაობას, აქვს თავისებური ასპექტები, იმ კუთხით, რომ ერთ ადამიანთან კი არ მუშაობ, არამედ ოჯახთან. ძირითად შემთხვევაში მშობელს უფრო სჭირდება თერაპია, ვიდრე ბავშვს.
– როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ კარგი ფსიქოთერაპევტი, რათა, განკურნების ნაცვლად, პირიქით, ფსიქიკის დაზიანება არ მოხდეს?
– ფსიქოთერაპევტი შენი ადამიანი უნდა იყოს, რომ ანდო შენი პირადი ცხოვრება, ისევე როგორც მეგობარს, ან სულიერ მამას. თერაპევტი რჩევებს არ იძლევა, უბრალოდ ის უნდა დაგეხმაროს რაღაცების გაცნობიერებაში. მე ჩემთან მოსული ადამიანის ფეხსაცმელში ვდგამ ფეხს რომ შევიგრძნო რა უჭირს მას. შეიძლება ერთხელ მოვიდეს ჩემთან და მეორედ აღარ მოუნდეს მოსვლა. თერაპევტისთვის ეს საწყენი არ უნდა იყოს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდი თერაპევტია, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ადამიანმა თავისი ადამიანი ვერ იპოვა და ალიანსი არ შედგა. ცვლილება რომ იგრძნო, სამი თერაპიული სეანსი მაინცაა საჭირო, მანამდე ცოტა რთულია თერაპევტის შეფასება და დასკვნების გამოტანა. იმდენად მძიმე მდგომარეობაში მოდიან ჩემთან, რომ ზოგჯერ ხუთი სეანსი სჭირდებათ ნდობაში შემოსასვლელად და პრობლემებზე სასაუბროდ. ყველა ადამიანი მარტივად არ და ვერ იხსნება.
– ეფექტიანია ფსიქოთერაპია?
– რა თქმა უნდა, ეფექტიანია. თუმცა ფსიქიკა ცვალებადი ხასიათისაა, დღეს რომ კარგად ვარ, ხვალ შეიძლება ცუდად ვიყო. მაგრამ, როცა ცუდად გავხდები, მე მასთან გამკლავების მეთოდი უკვე ვიცი. ვხვდები, რაც არის და პირდაპირ სახელს ვარქმევ. სახელის დარქმევა და იმის ცოდნა, რასთან მაქვს საქმე, წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ კარგად ვიქნები. მე პრობლემებთან და ტკივილებთან გამკლავების მეთოდებს ვასწავლი, თერაპიული პროცესი ამას ემსახურება. კვირაში ერთი ვიზიტი საკმარისია, მომდევნო ეტაპზე, შეთანხმებით, ორ კვირაში ერთხელ შეხვედრაზე გადავდივართ, შემდეგ – თვეში ერთხელ და ბოლოს, როცა თვითონ მოუნდებათ, ექვსი თვის ან ერთი წლის მერეც მოდიან ახალი პრობლემებით და არა იმავე, დამუშავებული საკითხებით.
– რა მეთოდებით კურნავთ, როგორია თქვენი მკურნალობის სტილი და რას მოიცავს ის?
– ჩემი განკურნების მეთოდი და დევიზია – არ იძალადო საკუთარ თავზე. ამ სიტყვებს ყველა მომსვლელს დასაწყისშივე ვეუბნები. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შედეგის მიღება ხვალ და ზეგ უნდათ. იმდენად გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, რომ ყველაფერი ეჩქარებათ. თუ საკუთარი თავისთვის არ გაქვს დრო, მაშინ სჯობს, თერაპია საერთოდ არ დაიწყო.
– სად იღებთ „განკურნების“ მსურველებს და ონლაინრეჟიმშიც ხომ არ მართავთ თერაპიულ სეანსებს?
– საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე მაქვს მისაღები პატარა სივრცე. ვმუშაობ ონლაინაც, დღევანდელი ცხოვრება ონლაინის გარეშე არ არსებობს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად პირისპირ შეხვედრას ავირჩევდი. საუბრის გარდა, ფოკუსირებული ვარ სხეულზეც – როგორ საუბრობს, როგორ სუნთქავს, ყველა დეტალს ვაკვირდები, რადგან სხეული ძალიან დიდ ინფორმაციას ინახავს.
– თქვენს სტუმართა შორის თუ ყოფილა ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე აღარ უნდა? როგორ ახერხებთ მისთვის სიცოცხლის ხალისის დაბრუნებას და ამ ქვეყნისკენ მის შემობრუნებას?
– კი, ყოფილა. ჩვენ ამას ეგზისტენციალურ პრობლემებს ვეძახით. მოდიან ისინი, ვისაც სუიციდური ფიქრები აქვთ, ცხოვრების ინტერესი დაკარგეს, ვერ იპოვეს თავისი ადგილი… მსგავსი პრობლემები ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ. როცა ასეთი ადამიანი თერაპევტთან მოდის, ესეიგი, მას უნდა, რომ თავის თავს დაეხმაროს, ამით ნახევარი საქმე გაკეთებულია. ვეხმარები იმის გაცნობიერებაში, რატომ აქვს ასეთი ფიქრები, რამ აიძულა ეს, მისგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი თუ ვინმემ გარედან მიაწოდა, მისი არჩევანია თუ არა… თუ მომყვება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი “ამ ქვეყნისკენ შემობრუნება”. ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მას ამის ულევი რესურსი აქვს.
– როგორც გეშტალტთერაპევტს, ძალიან დიდი მისია გაკისრიათ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მის მენტალურ გაჯანსაღებაში. რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ ეს?
– პასუხისმგებლობა 50/50-ზე ნაწილდება. იმაზე მეტს არ ვიღებ საკუთარ თავზე, ვიდრე მომეთხოვება. მე ჩემსას გავაკეთებ, მაგრამ აქ მთავარ როლში ჩემი სტუმარია. თუ მან არ მოინდომა, ვერაფერს გავხდები. გეშტალტთერაპიის შემქმნელმა, ფრიც პერლზმა, დაწერა გეშტალტის “ლოცვა”, სადაც ძალიან საინტერესო სიტყვებია – მე მე ვარ და შენ შენ ხარ, მე იმიტომ არ მოვსულვარ ამ ქვეყანაზე, რომ შენი მოლოდინები გავამართლო, ასევე შენც იმიტომ არ მოსულხარ ამ ქვეყანაზე, რომ ჩემი მოლოდინები გაამართლო და თუ ჩვენ ერთმანეთთან გადავიკვეთეთ, ეს სასიამოვნო და კარგია. და თუ არ გადავიკვეთეთ, ასე იყო საჭირო. ჩემთვის ეს სიტყვები იმდენად ჯანსაღია, რომ მე ჩემთან მოსული სტუმრის მოლოდინები არ უნდა გავამართლო და არც მან არ უნდა გაამართლოს ჩემი მოლოდინები. მე მას, უბრალოდ, ბიძგს ვაძლევ და გაცნობიერებაში ვეხმარები, თორემ ყველაფერ დანარჩენს ჩემთან მოსული სტუმარი თვითონ აკეთებს. როცა ადამიანი ნაბიჯს გადადგამს, რომ თერაპია გაიაროს, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია საკუთარი თავისთვის გადადგმული, შემდეგ ის ტრანსფორმაციასაც ნელ-ნელა განიცდის თერაპევტთან ერთად.
– როგორ მოვახერხოთ და ვიცხოვროთ სუფთა და ჯანსაღი სულითა და ფსიქიკით, რა არის ამისთვის საჭირო?
– ამისთვის საჭიროა საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა. ზოგი ახერხებს ამას, ზოგი – ვერა. პირველ რიგში, აუცილებელია, შენს თავს მოუსმინო და კითხვა დაუსვა – მინდა მე ეს თუ არა?! შენს თავში რომ გაერკვევი, არას თქმაც უფრო ადვილია. ფსიქიკისთვის კარგია საკუთარ თავზე ზრუნვა, რათა შენს თავში აღმოაჩინო, მივიწყებული, ფარული ნიჭები, სურვილები, მოუსმინო და გაჰყვე შენს სურვილს.
მე მომწონს სწავლა და მერე სხვისთვის გაზიარება. კარგი იქნება, თუ მოვახერხებ და ქალბატონებისთვის, ფსიქოლოგიური კუთხით, ჯგუფურ ტრენინგებს ჩავატარებ, ასევე ბავშვებთან არტთერაპიის კუთხით. ახლა უფასო პროგრამაში ვარ ჩართული, საპატრიარქოსთან არსებული ჯგუფი გვიგზავნის მათ, ვისაც თერაპიული სეანსების გავლის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ამას რამდენიმე ადამიანი უფასოდ ვაკეთებთ. ეს მაძლევს ძალას და მახსენებს, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭიროა და სადაც მინდა, რომ ვიყო.
ცოდნის მიღებას რომ ასაკი არ აქვს, ამაში თავად დავრწმუნდი. აქტიური სწავლა 38 წლის ასაკიდან დავიწყე, უცხოეთში ინტენსიური სიარული ტრენინგებსა და კონფერენციებზე. ზუსტად ამ კონფერენციებზე მინახავს ტრენერები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება 70-80 წლის ასაკში შეცვალეს, თერაპევტები გახდნენ და დღეს საოცრად ძლიერი სპეციალისტები არიან. ჩემთან მოდიან სტუმრები, რომლებიც მეუბნებიან, რასაც ვაკეთებ, ის არ მომწონს და პროფესიას ვიცვლიო. არაფერი გვიან არ არის… როდესაც თავს კარგად გრძნობ, ენერგიულად და ხალისიანად ხარ, ე.ი სწორად არის პროფესია არჩეული. მე როგორც თევზი წყალში, ისე ვარ ამ პროფესიაში. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმდენი ენერგია მაქვს, რომ მგონია, დღეს თავიდან დავიწყებ. რაჭველი ვარ, მშვიდი ვარ, ნელა ვსაუბრობ, მაგრამ ვგრძნობ ხოლმე, რომ შიგნიდან მზესავით დიდი ბურთი მაქვს განათებული, საიდანაც ენერგიის წყარო მოდის და არ ვიღლები. როცა ასეთ ენერგიას ვგრძნობ, ვხვდები, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
ავტორი: ნინო გონგაძე