fbpx

„ვხატავ იმას, რისი დახატვაც მინდა და ისე, როგორც მინდა“ – ნათია კიკნაძე

ავტორი დეა თავბერიძე
1.4K ნახვა

მასთან იმ საყვარელმა პერსონაჟმა „მიმიყვანა“, რომელიც თურმე გართობისას შემოეხატა… ასე დაუგეგმავად გაჩენილმა გმირმა თაყვანისმცემელთა ოვაციებით სოციალური ქსელი ისე აახმაურა, რომ მხატვრის ქვეცნობიერიდან სატრფოც გამოიხმო… მათ სხვა გმირებთან მიმიყვანეს, რასაც მხატვრის გაცნობა და მის ფერად სამყაროში მოგზაურობა მოჰყვა.

ეს მხატვარი ნათია კიკნაძეა, რომელიც 16 წელია, გერმანიაში ცხოვრობს. უყვარს თავისუფლება შემოქმედებაში და მისი მხატვრობაც რამდენიმე პერიოდად იყოფა. სიამოვნებას ანიჭებს სიახლეების მიგნება, ახალი სტილი და სხვადასხვა მიმართულება. ამიტომაც უამრავი ნამუშევარი აქვს როგორც ტილოზე, ისე ხეზე და ეპოქსიდზეც.

„ყველაზე დიდ სიამოვნებას ხატვის პროცესი მაშინ მანიჭებს, როცა ყოველგვარი ჩარჩოს, გაზომვისა და ფიქრის გარეშე ვხატავ იმას, რისი დახატვაც მინდა და ისე, როგორც მინდა“, – ამბობს ნათია. თავისუფალ სტილს გერმანიაში, სამხატვრო აკადემიაში სწავლისას დაეუფლა. თავისუფალი მხატვრობის განხრით 6 წელი ისწავლა…

ნათია კიკნაძე: ხატვა ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სუნთქვა, სიარული, მოძრაობა. ეს არის  მოთხოვნილება, რომელსაც, თუ არ ავისრულებ, ვერ მოვისვენებ. რა თქმა უნდა, სიამოვნებაც არის, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ, უბრალოდ, პროცესია, რის შემდეგაც კმაყოფილი და მსუბუქი ვარ.

– დიდი ხანია ხატავთ?

– როგორც დედისგან ვიცი, პირველი სახასიათო ნახატი 2 წლისას დამიხატავს და მას მერე არ გავჩერებულვარ. სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. თითქოს სულ მხატვარი ვიყავი, ბავშვობაშიც. ყოველ შემთხვევაში ასეთი შეგრძნება მქონდა. წარმოსახვაში ჩემს ნახატებზე ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი, ამას ინსტინქტურად, გაუაზრებლად ვაკეთებდი, თითქოსდა ამისთვის ვემზადებოდი.

სხვათა შორის, ჩემმა დამაც დაიწყო ახლახან ხატვა, 28 წლის ასაკში. ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, აბსტრაქტულ ნახატებს ხატავს… მამა ხატავს და მისგან გადმოგვეცა ალბათ მემკვიდრეობით.

ხატვისთვის მუზაა საჭირო თუ, უბრალოდ, სურვილი საკმარისია?

– უმეტესად სურვილი. მუზა ყოველთვის არის, მთავარია, დრო მქონდეს. რაც დედა გავხდი, მხოლოდ ღამით ვხატავ. როცა ბავშვები უფრო დამოუკიდებლები გახდებიან, დღისითაც შევძლებ ხატვას. უამრავი დაუსრულებელი ნახატი მაქვს, რომლებსაც აუცილებლად დავასრულებ. ახლა ვერ ვუბრუნდები, ამ ეტაპზე ახლის ხატვა უფრო მაინტერესებს.

– როგორ იქმნებიან თქვენი გმირები?

– ჩემს წარმოსახვაში სხვადასხვა ბუნების, ხასიათის ადამიანები რიგში დგანან და გარეთ გამოშვებას ან ტილოზე გადმოტანას მთხოვენ. ისინი ჩემში ცხოვრობენ და დროდადრო ვათავისუფლებ მათ გონებიდან. ამით მეც ვთავისუფლდები. ვაკვირდები, ხასიათის მიხედვით ვირჩევ და შემდეგ მათზე მორგებით ვქმნი კომპოზიციას. ერთი მიმართულებით არასოდეს მივდივარ. მბეზრდება ერთ სტილში, ან სულ ტილოზე ხატვა. სულ ძიების პროცესში ვარ.

თქვენს ნახატებში დიდი თავისუფლებაა…

– ხატვაში თავს არ ვიზღუდავ, პირიქით, მომწონს, როდესაც ზოგჯერ არაპროპორციულ, მაგრამ თავისუფალ ხაზებს ვუსვამ. კარიკატურის ხატვის დროსაც დიდ თავისუფლებას ვგრძნობ. მხატვრობაში შესაძლებელია, იყო თავისუფალი და ამავე დროს შენებური, მაგრამ საზოგადოების ნაწილი აქაც ცდილობს, ჩარჩოებში ჩაგსვას და თითოეული ხაზი და ფორმა გიკონტროლოს, რაც ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მიგითითოს შენი საკუთარი შეგრძნებებით შექმნილ ნამუშევარზე. ჯანსაღი რჩევა ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ჩემს ნახატებში მაინც ჩემებური ხედვა მირჩევნია. იმ მხატვრებისთვისაც მიკითხავს აზრი, ვისი ნახატებიც მომწონს, მაგრამ ერთს მივხვდი, მინდა ვხატო ის, რაც მსიამოვნებს და როგორც თვითონ ვხედავ.

– მოვიხიბლე იმ ნამუშევრებითაც, რომლებიც ეპოქსიდითა და ბუნებრივი ყვავილებით გაქვთ შექმნილი.

– დიახ, ეპოქსიდს ძალიან უხდება ბუნებრივი ყვავილები, მაგრამ მე უფრო ხატვა მომეწონა ეპოქსიდზე. როდესაც ბუნებრივი ყვავილებითა და ეპოქსიდით შევქმენი ხელნაკეთი ნივთები, თითქოს რაღაც აკლდა და ეს რაღაც ჩემი სახასიათო პერსონაჟები იყო, რომლებიც შემდეგ ეპოქსიდზეც გადმოვიტანე. ეპოქსიდის გამჭვირვალე კუბიკში ჩავხატე კარიკატურული კაცუნაც, რომელიც თითქოს შიგნით მოგზაურობს.

კიდევ რა ამბებს ჰყვებიან თქვენი პერსონაჟები?

– ზოგი ამ ცხოვრების სირთულეებზე საუბრობს და ზოგიც, კარიკატურის სახით, იუმორში ატარებს ამ სირთულეებს. ჩემს ერთ-ერთ კარიკატურულ ნახატზე კაცი ალმაცერად უყურებს ქალს, ქალი კი ეგოისტურად მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს. ეს ნამუშევარი ქალისა და კაცის იმ გაფერმკრთალებულ ურთიერთობაზე ჰყვება, რომელიც წლების შემდეგ დგება, როცა წყვილებში აღფრთოვანება და სიყვარულით სავსე თვალები იკარგება. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ყველასთან ასე არ ხდება.

ბევრი ნახატი ამსრულებია ცხოვრებაშიც, ამიტომ ახლა ცოტა სიფრთხილით ვუდგები კარიკატურებსაც.

ერთი ამბავი მაინც რომ გაგვიმხილოთ?

– ნახატი ყოველთვის ჰყვება რაღაც მნიშვნელოვანს. 2013 წელს სამხატვრო აკადემიაში უზარმაზარ ტილოზე ორსული ქალის ხატვა დავიწყე. მეკითხებოდნენ, ორსულად ხომ არ ხარო. ვფიქრობდი, რა შუაშია ორსულობა, უბრალოდ, ვხატავ-მეთქი. შემდეგ გავიგე, რომ ამ ნახატის დაწყების დროს მართლა ორსულად ვყოფილვარ.

– არის ის, რისი დახატვაც ყველაზე ძალიან გინდათ და ჯერ არ დაგიხატავთ?

– ძალიან მინდა ჩემი შვილების დახატვა და, ასევე, იმ ულამაზესი სურათების, რომლებიც მედიტაციების საშუალებით დავინახე პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებზე თამარ კვარაცხელიას #ზრდისფაქტორში და ანა არველაძის შექმენი ჰარმონია-ში დავინახე სიმშვიდითა და ჰარმონიით გაჯერებული ბუნება და საკუთარი მე, ენით აუწერელი ბედნიერება, რომელსაც აუცილებლად გადმოვიტან ტილოზე.  

– კიდევ რა მოგცათ პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებმა?

– ამ სახის ტრენინგები საკუთარი თავის ამოცნობაში გვეხმარება და ქვეცნობიერთან გვაახლოებს. რის შემდეგაც უკეთესად ვაცნობიერებთ, რა გვსურს სინამდვილეში და რა გეგმები უნდა შევიმუშაოთ, რომ სასურველს მივაღწიოთ. ზრდისფაქტორი დამეხმარა, გადამეფასებინა ჩემი შეხედულებები და სურვილებიც კი. ბევრი რამ ვისწავლე და შევცვალე ამ ტრენინგების დახმარებით, თუმცა კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო… ასევე, გავიარე არტთერაპია ნატალია გოგიტაშვილთან და ეს კიდევ უფრო მეტ აღმოჩენაში დამეხმარა. პროცესი, რომელიც  ხატვით მიმდინარეობს, ჩემთვის კიდევ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა. თუმცა, ვერავის მოუწოდებ იმავეს, რადგან ამ ტრენინგებამდე ადამიანი საკუთარი სურვილით უნდა მივიდეს, მზად უნდა იყოს, რომ საკუთარი თავი და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

ჩემში შეიცვალა ის, რომ ზუსტად მივხვდი, რა მინდა, ვაკეთო და რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, მივხვდი, როგორ უნდა ვაკეთო ეს. მადლიერება და სიყვარული უნდა დაგვყვებოდეს ადამიანებისა და სიტუაციების მიმართ, ისე არაფერი გამოვა.

როგორც ვნახე, თქვენი პატარა ბიჭიც ხატავს. ასაკის მიუხედავად, სტილი თითქოსდა შერჩეული აქვს.

– აქამდე ჩვეულებრივად ხატავდა, 6 წლის ასაკში კი უცებ დაიწყო უჩვეულო და სახასიათო ნახატების შექმნა. რამდენიმე წამში ისეთ ფიგურებსა და ადამიანებს ხატავს, რომ საბავშვო გასაფერადებელ რვეულს მაგონებს. დღე არ არის, არ დახატოს, ვამჩნევ, მასშიც მოთხოვნილების დონეზეა უკვე. ხატვის ნიჭი ალბათ ჩემგან გამოჰყვა, რადგან მამამისი არ ხატავს. ლექსებსაც წერს, გერმანულად, ოღონდ ჯერ წერა არ იცის და ფურცელზე მე გადამაქვს.

– ფეისბუზე თქვენი ლექსებიც აღმოვაჩინე…

– დიახ, ეს ნიჭი დედისგან მაქვს. ლექსების წერა 13 წლის ასაკში დავიწყე, უბნელ ბიჭზე ვიყავი ფანატიკურად შეყვარებული, რომელსაც არ ვიცნობდი. მას მივუძღვენი პირველი ლექსი. ლექსებს მაშინ ვწერ, როცა ხატვაში პაუზა მაქვს და რადგან ეს იშვიათად ხდება, ლექსებსაც იშვიათად ვწერ. წერის შემდეგ თითქმის იგივენაირად ვგრძნობ სიმსუბუქეს, როგორც ხატვის შემდეგ.

– მეუღლეც ხელოვანია?

–  ხელოსანია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ხელოვანიც არის. მუშაობს ხეზე და აქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც მამასთან ერთად ხისგან არაჩვეულებრივ ნივთებსა და ავეჯს აკეთებს. აგრეთვე, აქვს საკუთარი გამოგონებები, რომლებიც დამონტაჟებული აქვს მის მიერ აშენებულ დიდ საწყობში. მშრომელი ადამიანია. უხარია, ჩემმა ბიჭმაც რომ დაიწყო ხატვა და სულ ეუბნება, რომ მე მგავს.

– როდის და რატომ წახვედით საქართველოდან?

– მოსე თოიძის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ფინანსები არ მიწყობდა ხელს, რომ სახატავი საშუალებები მეყიდა. ამიტომ საქართველოში ეს ოცნება ვერ ავიხდინე. 21 წლის ასაკში კერამიკის პატარა საამქროში დავიწყე მუშაობა, სადაც წლის ზოდიაქოს ნიშნის კერამიკის ფიგურები მზადდებოდა. იმ წელს თხის წელი იყო და თხის ფიგურებზე ვხატავდი. ხელფასის აღების დრო რომ მოვიდა, უფროსმა გამოგვიცხადა, არ იყიდება და ხელფასს ვერ გადაგიხდითო. მახსოვს, ჩემი თანამშრომელი გოგო ავიყოლიე, სახლში ავაკითხეთ და მოვითხოვეთ, ფიგურები მოეცა ჩვენთვის. წამოვიღეთ, დეიდა დამეხმარა გაყიდვაში. ხელფასზე მეტი გამოვიდა თანხა და კიდევ უნდოდათ ყიდვა, ისეთი სილამაზეები იყო. შემდეგ კაფეში დავიწყე მუშაობა მიმტანად, დღეში 6 ლარს მიხდიდნენ და ერთ დღეს, როდესაც ჭიქა გამიტყდა, 2 ლარი გამომიკლეს ხელფასიდან. სამსახურიდან წამოვედი და მივხვდი, ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. სასწრაფოდ შევისწავლე გერმანული და 24 წლისა გერმანიაში ჩამოვედი გაცვლითი პროგრამით, ოპერად ვმუშაობდი ბავშვებთან, სამაგიეროდ ოჯახი გერმანული ენის კურსებს მიფინანსებდა.

ნოსტალგია დიდხანს გაგყვათ?

– თავიდან ნოსტალგიას ვერ ვგრძნობდი, გაბრუებული ვიყავი აქაური სილამაზითა და სისუფთავით. ქალაქ ფრაიბურგთან მდებარე პატარა რაიონში, ჰაითერზჰაიმში ვიყავი ოპერად. აქ უამრავი ნაკადული ჩამოედინება, რომლებსაც ზემოდან პატარა ხიდები დაჰყურებს.  განმაცვიფრა იმან, რომ ყველა ხიდი ულამაზესი ყვავილებით იყო მორთული. აქაური ქუჩების სისუფთავე მაოცებდა და დღემდე მათბობს აქაური მოვლილი ბუნება და ქუჩები.

2 წლის შემდეგ საქართველოში ჩავედი და მაშინ მივხვდი, რამხელა ნოსტალგია ყოფილა ჩემში, რომელსაც უბრალოდ ვაიგნორირებდი. მაშინ იმასაც მივხვდი, რომ საკუთარ სამშობლოში სხვანაირი ჰაერი, სიმშვიდეა. ეს ჰაერი იმდენად ახლობელია გეალერსება და გეჩურჩულება.

მეორედ როცა ვიყავი საქართველოში, ბავშვთან ერთად სვეტიცხოველში წასვლაც შევძელი. თან მაშინ წმინდა გაბრიელის ცხედარი ესვენა სვეტიცხოველში და უცხოეთიდან ჩამოსულისთვის ეს უდიდესი სიხარული იყო.

რა არის ის, რაც უცხოეთში ყველაზე ძალიან გენატრებოდათ და ახლაც გენატრებათ საქართველოდან?

– ყველაზე ძალიან ჩემი ახლობელი ადამიანები და თბილი მეზობლობა მენატრება დღემდე. ყავაზე რომ გამომძახებდნენ, ხან ამომძახებდნენ. მე ეს ჩვეულებრივი ურთიერთობა მეგონა, რომელიც მეზობლებს შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასეთი მეზობლობა მხოლოდ ქართველებმა ვიცით.

– გერმანიამ რა მოგცათ, რა გასწავლათ?

– გერმანიაში გავხდი დამოუკიდებელი და მივხვდი, რამდენი შემიძლია. მასწავლა, რომ მთავარია მიზანი და ამისთვის შრომა. მივხვდი, რატომ არის გერმანია სტაბილურად განვითარებული და როგორ შეძლეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე მალე აშენება და განვითარება. მოძრაობა აქ დილის 5 საათიდან იწყება, საღამოს ვერ ნახავთ ე.წ. „ბირჟას“ ან უბრალოდ გარეთ უსაქმურად მდგომ ადამიანს. უმეტესობა სახლში ისვენებს და შემდეგი დღისთვის ემზადება. სამაგიეროდ შაბათ-კვირას აქვთ საშუალება გართობისა და სასიამოვნო დასვენების. მივხვდი, რომ, მიზნის მისაღწევად საჭიროა, განვითარების საშუალებები ეძებო და, ამასთანავე, დიდი ენერგია ჩადო შრომაში. წინააღმდეგობის მიუხედავად, წინ უნდა იყურო და დასახული მიზანი არ უნდა დაივიწყო.

გერმანიაში ავიხდინე ოცნებები, ვიმოგზაურე ჩემს საოცნებო ქალაქ პარიზში. ფრაიბურგიდან, ქართველებთან ერთად, ხშირად ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში, რასაც საქართველოდან ვერ მოვახერხებდი. ფრაიბურგში ულამაზესი დრო მაქვს გატარებული.

აქ ვნახე პირველად ჩვენი პატრიარქიც. გერმანიაში იყო სამკურნალოდ ჩამოსული და ქართველებმა მოვინახულეთ. თავისი ხელით გაგვიკეთა „უფალო შეგვიწყალეს“ წარწერით ვერცხლის სამაჯურები. როცა ხელზე ვემთხვიე, ისეთი სისუფთავე და სიწმინდე გადმოდიოდა ამ ხელებიდან, ვერც კი აღვწერ, რა შეგრძნება იყო. ვუყურებდით ემიგრანტები და ვტიროდით, მერე ერთმანეთს ვეკითხებოდით, რა გვატირებდა? ეს არის ჩემთვის საუკეთესო მოგონება და დიდი ჯილდო ცხოვრებისგან.

სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე რას მეტყვით?

– ჩემი ფიქრები, პირველ რიგში, ჩემს შვილებთანაა, ძალიან მინდა ქართული კარგად ვასწავლო და რაც მთავარია, ბედნიერ ადამიანებად გავზარდო. ვფიქრობ, ბედნიერი ადამიანი სხვების მიმართაც ყოველთვის კეთილგანწყობილია. ბედნიერების საწყისი კი მშობლებიდან იღებს სათავეს.

შემდეგ მოდის ხელოვნებაზე ფიქრი. აუცილებლად მექნება ბევრი გამოფენა. ქალაქ ფრაიბურგში მქონდა გამოფენა, პატარა სივრცეში, მალე ისევ მექნება. ამავე გამოფენაზე გავიტან ხის ფიგურებს, რომლებიც ჩემი მეუღლის სახელოსნოში გამოიჭრა და აკრილის ფერებით მაქვს მოხატული. ჩემს ახლო გეგმებში შედის ონლაინმაღაზიაც, რომელიც მალე იფუნქციონირებს.

მერე კი ძალიან მინდა საქართველოში გამოფენის გაკეთება, ალბათ ასე 5 წლის შემდეგ. ძალიან მინდა ნიჭიერი ქართველი მხატვრები, რომლებიც ჩემი ფბ.მეგობრები არიან, ახლოსაც გავიცნო. მთავარია, მსოფლიო დამშვიდდეს და ნორმალურ, შეზღუდვების გარეშე ყოფას დავუბრუნდეთ. მშვიდობას და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს ხალხსა და მთელ მსოფლიოს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment