fbpx

ყავის წარმოშობის ისტორია

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

ყავის სამშობლოდ ეთიოპიაა აღიარებული. შემორჩენილია ლეგენდა ეთიოპიელ მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით გაუსინჯა გემო ყავას: დაკვირვებულმა მწყემსმა შეამჩნია, რომ ყოველთვის, როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ. მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი, რომელსაც უსიამოვნო გემო ჰქონდა, მაგრამ ერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა, ენერგიას მატებდა.

მწყემსის შემდეგ ამ უცნაური ნაყოფის გასინჯვა იქვე არსებული მონასტრის წინამძღვარმაც მოისურვა. მალე კი ამ ნაყოფისაგან მომზადებულ სითხეს ბერებს ასმევდა, რომ ხანგრძლივი წირვა-ლოცვისათვის გაეძლოთ და მსახურებაზე არ ჩასძინებოდათ. ლეგენდა გვამცნობს, რომ ცოტა ხანში ყავის ნახარშის გამოყენება ჩვეულებად ექცა მონასტრის ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც, სულ მალე კი ამბავი გამამხნევებელ სასმელზე მთელ იმ არემარეში გავრცელდა.

სასმელს, რომელსაც ყავის მარცვლებისაგან ამზადებდნენ, სახელად “კოფე” დაარქვეს, იმ ადგილის (“კაფას”) სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს მცენარე აღმოაჩინეს.

ყავა ეთიოპიიდან წითელი ზღვისგავლით შემოტანილი იქნა არაბეთში იგი განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა იემენში. ორი საუკუნის განმავლობაში იემენი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ყავა გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე.

ყავა სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ისლამურ ქვეყნებში.

აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრთა ყავისადმი სიყვარული სავსებით გასაგებია – კოფეინის აღმგზნები ეფექტის გამო ყავა მათთვის სპირტიანი სასმლის ალტერნატივად იქცა. როგორც ცნობილია, ყურანი სპირტიანი სასმლის დალევას კრძალავს, სწორედ ამიტომ XVI საუკუნის ბოლოს ყავამ არაბეთის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, ხოლო შემდეგ ევროპამდეც მიაღწია.

1652 წელს პირველი საჯარო ყავის სახლები გაიხსნა ლონდონში, 1672 წელს პარიზში, ხოლო მე-18 საუკუნეში დაიწყეს ყავის ხის მოყვანა ცენტრალურ ამერიკაში. ბრაზილიაში ყავა მოხვდა ცოტა მოგვიანებით, 200 წლის შემდეგ და 1834 წლიდან ყავა გახდა ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურა და შემოსავლის წყარო.

საინტერესოა, რომ ამ მაგიურ სასმელს სხვებთან შედარებით ხშირად მიირთმევენ შვედები, ფინელები და ნორვეგიელები. ერთ-ერთი პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ყავის სმის მიხედვით, სწორედ შვედებს უკავიათ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment