fbpx

იპოვეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი

ავტორი ჟოლო
51 ნახვა

ეს თითქმის სულ გვავიწყდება

მგონი ჟან-პოლ სარტრის ნათქვამია, რომ თუ მარტოსულად გრძნობ თავს, როცა მარტო ხარ, ესეიგი არ ხარ კარგ საზოგადოებაში.

პრინციპში, ასე მწარედ და ლაკონიურად სხვა ალბათ ვერ იტყოდა ამას, თუ არა უკომპრომისო ექზისტენციალისტი, თანაც ფრანგი,

საკუთარი თავი არის ის ადამიანი, ვინც ბუნებამ, სამყარომ, ღმერთმა (უზენაესი თქვენ აირჩიეთ) ექსკლუზიურად და პირველ რიგში ჩვენ ჩაგვაბარა, მოგვანდო.

ვიცი, ძალიან უცნაურად ჟღერს…

კი, არსებობენ მშობლები, ბებია-ბაბუა, და-ძმა… მაგრამ ყველაზე მეტ დროს ხომ ისევ ჩვენ ვატარებთ საკუთარ თავებთან?! თან სულ, ყველა გარემოებაში ერთად ვართ, ძილში და ტუალეტში, ლიფტში და შიშებში, ყლაპვისას და სუნთქვისას…

ასევე ჩვენ ვართ ერთადერთები ამ პლანეტაზე, ვისაც შიგნიდან გვაქვს წვდომა და შესაბამისად ინფორმაცია საკუთარ თავზე, სხვა ყველა გარედან გვხედავს, გვისმენს, ხანდახან სულის ან გულის რომელიმე ფანჯარაში შემოიხედავს და გაყოფს თავს. თუ ძალიან გაგვიმართლა, ეს თავი დიდხანს და ხშირად იქნება შემოყოფილი ჩვენს ფანჯრებში, კარებშიც. მაგრამ შიგნით მარტო ჩვენ ვცხოვრობთ!

მოკლედ, არავინ არ გვასწავლის ამის შესახებ და არც იმის, თუ როგორ გვქონდეს ცხოვრების ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჯანსაღი, ხარისხიანი, სამართლიანი.

რამდენიმე კითხვას დავსვამ:

ისე ექცევით საკუთარ თავს, როგორც ადამიანს, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვართ?

ეფერებით?

კომპლიმენტებს უკეთებთ?

საჩუქრებს ჩუქნით?

გვერდში უდგახართ?

ეხმარებით მიზნების მიღწევაში?

ოცნებების ასრულებაში?

განათლების მიღებაში?

საყვარელი პროფესიის შესწავლაში?

კარგ ადგილას მუშაობაში?

იცავთ უსამართლობისგან?

მუდმივი კრიტიკისგან?

დაუმთავრებელი უკმაყოფილებისგან?

ტოქსიკური ხალხისგან?

ძალადობისგან?

უთმობთ საკმარის დროს ძილს?

დასვენებას?

ფიზიკურ აქტივობას?

გარეგნობას?

საყვარელი საქმის კეთებას?

გართობას?

ახლის აღმოჩენას?

ზრუნავთ ჯანმრთელობაზე?

სულიერ სიმშვიდეზე?

გახსნილ გონებაზე?

ხარისხიან ურთიერთობებზე?

პასუხები ამ კითხვებზე ბევრს გაგაკვირვებთ, ბევრს დაგაფიქრებთ, დაგასევდიანებთ. ზოგს გაგეცინებათ, ზოგს – არა.

მე მეტს არ დავწერ, დაგტოვებთ ამ კითხვების და მათზე გაცემული თუ (ჯერ) ვერ გაცემული პასუხების გადაკვეთის დამუხტულ ველზე.

ველზე, რომელზეც ბევრი რამის წამოწყება შეიძლება, რადგან ამ ველს აქვს დიდი სივრცე, განუზომელი ძალა, ნაყოფიერი ნიადაგი და შორი ჰორიზონტი.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment