ზოგჯერ სიზმრებს მართლაც შეუძლიათ რეალობად იქცნენ. შლომო ელჰარარის ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია. მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომლის გზაც საქართველოში ერთი განსაკუთრებული სიზმრით დაიწყო…
შლომო, უკვე რვა წელია რაც საქართველოში ცხოვრობს, ისრაელიდან ჩამოვიდა თუ არა ჩვენი ქვეყნით იმდენად მოიხიბლა, რომ აქ დასახლება გადაწყვიტა, საცხოვრებლად ბათუმი აირჩია. მერე საქართველოს ისტორიასაც გაეცნო, ქართული ენაც ისწავლა და ქართული მუსიკა და პოეზიაც შეიყვარა, – ძალიან ლამაზი და მისტიურია თქვენი ენაო ამბობს.
მოგვიანებით ქართულ ენაზე ამღერდა კიდეც და ქართული შოუებისა და ტელეგადაცემების სასურველი სტუმარიც გახდა. ქართულ თავგადასავალზე, ახდენილ ოცნებაზე, წარმატებულ ბიზნესზე და სამომავლო გეგმებზე ჩემი საინტერესო რესპონდენტი თავად მოგვიყვება.

შლომო ელჰარარი: საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ჩემს ყოფილ სამსახურში კონკურსში გავიმარჯვე და უცხოეთის საგზური მოვიგე. ან სერბეთში უნდა მემოგზაურა, ან საქართველოში. სერბეთში ფრენა არ იყო, ამიტომ საქართველოში წამოვედი და აღფრთოვანებული დავრჩი იმ მასპინძლობით და სილამაზით, რაც აქ დამხვდა. თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ აქ სიზმარმა მომიყვანა – სიზმარმა, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე ვნახე.
– და როგორი იყო სიზმარი, რომელმაც საქართველოში ჩამოგიყვანათ?
– ბათუმში, ერთ-ერთი ტურის დროს, მძღოლმა იკითხა, თუ რისი ნახვა მინდოდა და წამიყვანა ჩაქვში, ციხისძირში, რომ მენახა პანორამული ხედი, როგორც კი იქ აღმოვჩნდი, გავოგნდი, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სიზმარი, რომელსაც ცხადში ვხედავდი. რამდენიმე კვირა მესიზმრებოდა ეს ხედი. ზღვისა და მთის შერწყმა, რომელსაც მაღალი მთიდან გადმოვყურებდი და თავს სამოთხეში ვგრძნობდი. ეს იყო მიზეზი, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც მეორე სამშობლოში, მიმეღო გადაწყვეტილება და გადმოვსულიყავი აქ საცხოვრებლად.

– საცხოვრებლად ბათუმი რატომ შეარჩიეთ?
– ბათუმი არის პატარა, ლამაზი და მყუდრო ქალაქი, პატარა ევროპაა, თავისი ინტერნაციონალური მაცხოვრებლებით და სტუმართმოყვარე ხასიათით. ძალიან ფერადი და ხალისიანი ზაფხულში, ხოლო ზამთარში მშვიდი.
– ქართულ ენას როგორ შეეჩვიეთ და რა იყო სწავლის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა?
–. ქართული ენა მისტიური და ძალიან საინტერესოა. ჩემთვის არ იყო რთული მისი სწავლა, რადგან არის ბევრი ისეთი ასო-ბგერა, რასაც ებრაულ ენაში ვიყენებთ. ვფიქრობ, უნდა მცოდნოდა იმ ქვეყნის ენა, რომელიც ჩემთვის მეორე სამშობლოა. ამიტომაც ვისწავლე და ჯერ კიდევ ვსწავლობ.
თავისუფალ დროს ქართულ ლიტერატურას და პოეზიას ვეცნობი. გამოვარჩევ ილია ჭავჭავაძეს, გალაკტიონ ტაბიძეს, ვაჟა ფშაველას და შოთა რუსთაველს. ყველაფერი, რაც წავიკითხე, არის ჩემს სულთან და გულთან უზომოდ ახლოს.
– ყველაზე მეტად რა მოგწონთ ქართულ კულტურაში?
– ქართული კულტურა არის მრავალფეროვანი. ქართული სიმღერა, ქართული ტრადიციული ცეკვები, ქართული სამზარეულო. ეს არის სამი რამ, რაც დღემდე მაოგნებს და მხიბლავს.
– როგორც ვიცი ბათუმში ებრაული რესტორანი გახსენით და სტუმრებს ტრადიციული კერძებით მასპინძლობთ.
– დიახ, უკვე ბათუმში არის ქოშერული სამზარეულო, მიხარია, რომ ქართველებს გავაცანი ჩემი ქვეყნის ტრადიციული კერძები. უპირველეს ყოვლისა, ჰუმუსი და ფალაფელი. ყურადღების ცენტრში არის დუეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ხაჭაპური ჰუმუსი, ფალაფელით და ხაჭაპური შაკშუკა. ეს არის აჭარული ხაჭაპურის ტრადიციული ნავისებრი ფორმა, რომელშიც მოთავსებულია ებრაული ტრადიციული საკვები.
– ბევრი რამ განასხვავებს ებრაულ და ქართულ კულინარიას?
– ებრაულ სამზარეულოში იმაზე მეტი სანელებლები და წიწაკა გამოიყენება, ვიდრე ქართულში.
– როგორც ვიცი დღეს წარმატებულ ბიზნესს უძღვებით, რა არის საჭირო წარმატებისთვის?

– შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, იმ საქმის მიმართ სიყვარული, რასაც აკეთებ და პატივისცემა სტუმრების მიმართ.
– ახლა გაგვეცანით როგორც მომღერალი, როდის დაიწყეთ სიმღერა და რა ადგილი უჭირავს მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?
– როგორც კი ენა ამოვიდგი, იმ მომენტიდან ვმღერი. მამამ მიკროფონი რომ მიყიდა, 4 წლის ვიყავი… სცენაზე ჩემი დებიუტი 6-7 წლის ასაკში შედგა, ეს იყო გადაცემა, სადაც შევასრულე სოლო სიმღერა. დღეს სცენა ჩემი საყვარელი ადგილია.
– ქართულ სიმღერებს თუ მღერით?
– ძალიან მიყვარს აჭარული განდაგანა. ამ სიმღერით ვგრძნობ იმ კუთხის ტრადიციებს და სიყვარულს, სადაც ვცხოვრობ. რა თქმა უნდა მაქვს ჩემი რამდენიმე ქართული სიმღერა და ვმღერი სხვა ქართველი მომღერლების სიმღერებსაც.
ამჟამად ვმუშაობ ახალ სიმღერაზე და სამომავლოდ კონცერტსაც ვგეგმავ.
– რა იყო თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რომელიც აგიხდათ?
– ყოველთვის, როცა ვარ სცენაზე, როცა ვმღერი და ვქმნი ახალ სიმღერას, ვგრძნობ ოცნების ახდენას და ეს არ სრულდება არასდროს. მუსიკა – ჩემი ახდენილი და აუხდენელი ოცნებაა…
ძალიან მინდა წარვადგინო საქართველო ევროვიზიზე. მაგრამ ეს უფრო დიდი ოცნებაა, თუმცა თუ კი არ იქნება ოცნება, არც იქნება ის, რის ახდენაც გვენდომება.
– ბედისწერის გჯერათ?
– ჩემი სიზმარი იყო ჩემი ბედისწერა, ერთ – ერთი საუკეთესო რამ, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.
