4 და 5 ივლისს გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრში პრემიერაა. ერისთავის თეატრი მაყურებელს გიორგი ერისთავის უკვდავ კომედიას – „ძუნწს“ წარუდგენს.

სპექტაკლის რეჟისორია რეზო შატაკიშვილი. მასვე ეკუთვნის სპექტაკლის სცენოგრაფია, კოსტიუმები და მუსიკალური გაფორმება. რეჟისორის თანაშემწეა სოფი დრულევი.
რეზო შატაკიშვილს ამ სპექტაკლამდე გორის თეატრში წლების წინ დადგმული აქვს უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“, სერგეი კოზლოვის „ზღარბი ნისლში“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“.
სპექტაკლში მონაწილობენ გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობები:
ზვიად მაღალაშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, თორბიკე ბასიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკა ტურაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი, დალი ნათელაშვილი, კობა კოპაძე და ზურაბ პავლიაშვილი.

სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები მოლიერის კომედიიდან „ძუნწი“, ასევე ალოიზ მიზანდარის, ერეკლე ჯაბადარის, ჯონ კანდერის, არამ ხაჩატურიანის, შალვა მშველიძის, ილუშა ცინაძის და სხვათა მუსიკა. სპექტაკლში ასევე გამოყენებულია სიმღერები მედეა ძიძიგურისა და გიული ჩოხელის შესრულებით.



შეყვარებულ თავად არჩილსა და ძუნწი ვაჭრის ქალიშვილს – ხამფერას ერთმანეთი უყვართ. მამა, რა თქმა უნდა, უარზეა! ახალგაზრდები იძულებული ხდებიან დიდი თამაში წამოიწყონ. რას მოიმოქმედებს გაქნილი კარაპეტა? მოტყუვდება ძუნწი ვაჭარი, თუ იქით გააცურებს ახალგაზრდებს?
მათი შერკინება ესაა ომი, სადაც ყველა თან ერთმანეთს ატყუებს და ამარცხებს და თან ყველა გამარჯვებული რჩება – ყველა იმას იღებს და ინარჩუნებს, რის შესანარჩუნებლადაც იბრძოდნენ.
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა.



ნახეთ სპექტაკლი და მიხვდებით, რატომ უნდა გვეშინოდეს ძუნწი ადამიანების. რატომ არიან ისინი გაცილებით საშიშნი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
