fbpx

ამ ასაკში ისეთ აზარტში შევედი არასოდეს შევწყვეტ პიროვნულ ზრდას – ლალი ნიაზაშვილი

ავტორი ნინო გონგაძე
7058 ნახვა
0 კომენტარი
10

.”რას იტყვის ხალხის” ნუ შეგეშინდებათ, აუცილებლად გაბედეთ და გააკეთეთ ის, რაც გულით გინდათ” – მეუბნება ჩემი პოზიტიური და ენერგიული რესპონდენტი ლალი ნიაზაშვილი და საოცრად საინტერესო სამყაროში მიძღვება.

ლალი წლებია ემიგრანტია იტალიაში.

ლალი ნიაზაშვილ: როცა საკუთარი თავის ძიება დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან საინტერესო ყოფილა შიგნით ჩემი სამყარო, თავისი მთა-გორებით, გვირაბებით, უღრანი ტყეებით, მდელოებით. ყველაფერი შენს შიგნით არის, მთავარია ამის დანახვა შეგეძლოს.

– რაც ბევრს არ შეუძლია, თქვენთან როგორ მოხდა ამ კუთხით საკუთარი თავის გაცნობა და იმ სამყაროს აღმოჩენა რაც ასე გაბედნიერებთ?
– დავიწყებ იქედან, რომ ბავშვობიდანვე ფსიქოლოგიაზე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ დედამ ქიმიურზე ჩამაბარებინა. თუმცა, ფსიქოლოგიის მიმართ ჩემში არსებულმა სიყვარულმა და მისი შესწავლის სურვილმა, ბევრი წლის შემდეგ, თავისი მაინც გაიტანა. იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, ინტერნეტში სულ ვეძებდი ინფორმაციას როგორ შემეძლო ონლაინ შემესწავლა ეს დარგი. ამ ძიებაში მივაგენი სასწაულ ადამიანს, – ნატალია გოგიტაშვილს, რომელიც არის თბილისის არტთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. მან ძირფესვიანად შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება და გონება.

– რას ნიშნავს, – “ძირფესვიანად შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება და გონება”?
– საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი, მინდოდა გამეგო ვინ ვარ მე. ნატალიამ აღმომაჩენინა და შემაყვარა საკუთარი თავი. დამანახა ვინ ვარ. მისი არაჩვეულებრივი გაკვეთილებით საკუთარ თავში ჩამაბრუნა. იმდენი თვისება მქონია შიგნით, იმდენი რამე ამოვქექე. შენს თავში უნდა ეძებო ბედნიერებაო, რომ ამბობენ ზუსტად ეგრეა. გაოცებული ვარ ამ აღმოჩენებით. ახლა უკვე კარგად ვიცი ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ის უარყოფითი თვისებები, რომელიც არ მაწუხებს, ვიტოვებ ჩემთვის და ვმეგობრობ მასთან. ხოლო თვისებები, რომელიც არ მოსწონს ჩემს პიროვნებას, მაქვს უნარი გადავაქციო დადებით ენერგიად. სწორედ ეს უარყოფითი თვისებები აკეთებს სასწაულებს ჩემს ცხოვრებაში. მისი დადებით მუხტსა და კონტექსტში გადატანა ძალიან მეხმარება. ამ ტრენინგების გავლის შემდეგ თამამად და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ მე მიყვარს ჩემი თავი და ვიღებ ისეთს როგორიც არის. აღარ ვარ მასთან კონფლიქტში, არ ვაკრიტიკებ და არ განვიკითხავ. რაც არ მომწონს ამაზეც მუდმივად ვმუშაობ …

-ზოგადად რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებს, რამდენად მნიშვნელოვანია?
– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უდიდესი… 53 წლამდე არ დავინტერესებულვარ ვინ ვარ მე, ეს კითხვა საკუთარი თავისთვის არ დამისვამს. დიდი ოჯახი მყავს, რომელიც შედგება სამი შვილისა და შვიდი შვილიშვილისაგან, ყოველთვის ვიბრძოდი ყველას პრობლემისა და საქმის მოგვარებისთვის. ახლა მივხვდი რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ თავისი პასუხისმგებლობა ზიდოს. თავად იყოს თავის საქციელსა და მოქმედებაზე პასუხისმგებელი. აქამდე ბევრი რამ არასწორად მესმოდა. სიკეთე, ურთიერთობა, ზღვარი ადამიანებში. ყველაფერს სახელი დავარქვი. კარგს კარგი, ცუდს ცუდი. ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე საკუთარ თავში. უკვე აზარტში შევედი ისე მომწონს ეს ყველაფერი. ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ არ შეიძლება ადამიანმა შეწყვიტო პიროვნული ზრდა. არასოდეს არ არის გვიან- ეს ფრაზა მხოლოდ ტრაფარეტულად ვიცოდი და ახლა ჩემს თავზე გამოვცადე. ასაკი არაფერ შუაში არ ყოფილა. 57 წლის ასაკშიც შეიძლება ყველაფრის სწავლა. არასოდეს არ შევწყვეტ პიროვნულ ზრდას, მუდმივად ვაპირებ სხვადასხვა ტრენინგების გავლას. კარგია რომ გამოვიღვიძე. მინდა სტიმულის მიმცემი ვიყო იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოღვიძებულია, მაგრამ მაინც ეშინია გაბედვის, რაღაცის გაკეთების. აუცილებლად გაბედეთ და გააკეთეთ. შენს აზრებში თავისუფალი უნდა იყო, საკუთარი თავი არ უნდა მოატყუო. უნდა იყო გულწრფელი. ნუ შეგეშინდებათ “რას იტყვის ხალხის” და ნუ დააყენებთ წინა პლანზე მათ აზრს, თორემ ეს ძალიან დიდ დაბრკოლებას შეგიქმნით ცხოვრებაში. ამგვარად თქვენი ოცნებები და სურვილები აუხდენელი დარჩება.

-ძალიან პოზიტიური და ენერგიული ქალბატონი ხართ, ეს ადვილად იგრძნობა თქვენთან ურთიერთობის დროს. საიდან იღებთ ამდენ ენერგიას, მოტივაციას და როგორ ახერხებთ იყოთ მუდმივად პოზიტიურ განწყობაზე? ჩვენც რომ გვასწავლოთ.
– ბუნებით პოზიტიური და ოპტიმისტი ვარ. სულ ასე იყო. საქართველოშიც, როცა რუსთავის აზოტის ქარხანაში ვმუშაობდი სადაც ოთხი ცვლა იყო. თუკი ურთიერთობაში პრობლემა შეიქმნებოდა და ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ჩემს ცვლაში გადმოჰყავდათ. ვხუმრობდი, მე შრომაგამოსწორების კოლონიის თავმჯდომარე კი არა ვარ მეთქი. სიტუაციის დარეგულირებას ვახდენდი. მიყვარს როცა კომფორტს ვუქმნი ადამიანს.

ძალიან მინდა საქართველოში დავინახო ბედნიერი ადამიანების სახეები. გულიდან ამოსული გულწრფელი ღიმილით. სულ ვიძახი ღმერთო ამისრულე ეს თხოვნა- მეთქი. ყველა პრობლემას ეშველება. რასაც არ ეშველება ეს სიკვდილია და დრო, რომელსაც უაზროდ ვფლანგავთ. დროის ფასიც ვისწავლე. არასოდეს არ ვჩერდები. არცერთი წუთი არ მაქვს თავისუფალი. ვდგები ექვს საათზე. ჩემი ნებისმიერი დილა გინდ საქართველოში, გინდ აქ, იწყება პოზიტივით. დადებითის დანახვა უფრო მეტად მიყვარს. ვიკვებები და ვსაზრდოობ მხოლოდ კარგი ამბებით. რაშია ბედნიერებაო. ბედნიერება მართლა ყველაფერშია. რომ ვიღვიძებ უკვე ბედნიერი ვარ. გამარჯობა სამყაროვ- ასეთი ლამაზი სიტყვებით ვეგებები დილას. პირველი რასაც ვაკეთებ ვვარჯიშობ. რადგან ძირითადად სახლში ვარ და ჯდომითი სამუშაო მიწევს. ამ ზაფხულზე ავიყვანე მოსწავლეები არტთერაპიასა და იტალიურ ენაში. იმ ქართველებს, რომლებიც ახალი ჩამოსულები არიან, ვასწავლი წერა-კითხვას ელემენტარულ დონეზე. პრაქტიკასაც გავდივარ, ენის ცოდნასაც ვიმტკიცებ და მათაც ვეხმარები.

ფრაზა – მე ხვალიდან დავიწყებ, საერთოდ ამოვიღე ლექსიკონიდან. თუ რაიმე გინდა დაიწყო უნდა დაიწყო ახლა და ამ წუთიდან.
-თოჯინების კეთება როდის დაიწყეთ?
-შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ გამზარდა. ტრენინგების გავლა, თოჯინების დამზადება ყველაფერი ამ პერიოდში დაიწყო. ბებო, ვისთანაც ვმუშაობ ძალიან აქტიური ადამიანი იყო, ხშირად გავდიოდით გარეთ, ვსეირნობდით და უცებ სახლში ჩავიკეტეთ… დავიწყე ფიქრი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ვრთავდი ტელევიზორში ფილმებს, მერე ერთად ვარჩევდით. საკუთარი თეატრის შექმნა დავიწყე სახლში, ყოველდღე სხვადასხვა სცენებს ვდგამდი. მაგალითად ერთ დღეს ბებო შეიძლებოდა გამეღვიძებინა ლუჩანო პავაროტის “ავე მარია”-თი, რადგან ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა. იყო დღეები როცა ფანდურზე ვუკრავდი. თვითნასწავლი ვარ ყველაფერში. ოჯახის უფროსებმა რომ გაიგეს ქსოვა და ქარგვა ვიცოდი, დროის გასაყვანად ძალიან ბევრი ძაფი და მოსართავები მომიტანეს.
ახლა მოგიყვებით როგორ შეიქმნა თოჯინა. ცოტა ხანი ფლორენციის ქართულ ეკლესიაში გალობას ვსწავლობდი, ამ გუნდში იყო ერთი ფეხმძიმე გოგო. რადგან ბევრი ძაფი მქონდა დავიწყე მისი ბავშვისთვის ტანსაცმლის ქსოვა. ყველაფერი დავქსოვე რაც შეიძლება ბავშვმა ჩაიცვას. მოვქსოვე ქუდი, მაგრამ ძალიან არ მომეწონა. იმ დღეს ბებო მოწყენილ ხასიათზე იყო და დავიწყე ამ ქუდის თამაში ხელში, თან ენის მოჩლექით ველაპარაკებოდი, როგორა ხარ, რატომ ხარ მოწყენილი მეთქი. თითები რომ შევყავი ქუდში, ბარემ ფორმას მივცემ მეთქი და მივახატე თვალები, ამოვუკერე ხელი და ფეხი. ბავშვს დაემსგავსა. იმდენად მომეწონა და ისეთი პოზიტივი შემოიტანა ამ ქუდის თოჯინად გადაკეთებამ, ბებოც ისეთი ბედნიერი იყო, რომ ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა თოჯინის შეკერვის. ჩემი ქალბატონი მოდელიორი იყო, ცნობილ ხალხს კაბებს უქარგავდა და ზედ მძივებს უკერებდა. გამოვიტანე ყველა მასალა რაც სახლში იყო და გავპრანჭე. ჩემი პირველი თოჯინა ბებოს ვაჩუქე. სულ ხელში ჰქონდა, ძალიან საინტერესოდ გაატარა ის თვეები ამ თოჯინით. ამასობაში მეც დავიწყე და აღარ გავჩერდი. თავიდან მხოლოდ ნაქსოვი თოჯინები მქონდა, მერე მატერიებით დავიწყე კაბების შეკერვა.

-რა ხასიათი და ემოცია სჭირდება ამ ლამაზი და ფერადი გოგონების დამზადებას?
-სასწაული ემოციაა თოჯინების შექმნის პროცესი. სულ ვეტიტინები, თბილად ვესაუბრები, ვეკითხები კიდეც რაღაცეებს. აი მაგალითად, ჩემს თოჯინას თუ არ უნდა არ დაიჭერს ჩანთას და არ ჩაიცვამს იმ კონკრეტულ ლაბადას. შეიძლება სასწაულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. თითქოს გელაპარაკებიან. თუ არ უნდა ყოველთვის ვარდება, არ იცმევს. რატომ არ გინდა ვეკითხები. მერე ვიწყებ სხვა ჩანთის და ლაბადის მოქსოვას. რაც არ უნდათ იმას ძალით არ ვაცმევ. ვუჯერებ. ესენი ჩემთვის სულიერი არსებები არიან, ჩემი კარგი მეგობრები. მათ ყველაფერზე ველაპარაკები.
-ცნობილი ადამიანების, გმირების, პროტოტიპებს ქმნით. შეკვეთებს თუ იღებთ?
-პროტოტიპებს რაც შეეხება მაქვს- თამარ მეფის, ქეთევან წამებულის და ჯეინ ეარის თოჯინები. ასევე გულით მომინდა და გავაკეთე თამარ კვარაცხელიას თოჯინა. დავარქვი მზე გოგო, მზეც დავაჭერინე ხელში. ძალიან მომწონს თამარი, მზესავით ანათებს და ჩემში ასე შემოვიდა. ასე შევიგრძენი, აურა მოდის ასეთი თამარისგან.
შეკვეთით ვერ და არ ვაკეთებ, რადგან შემდეგ მისი ხასიათი გადმოდის ჩემზე. პირველად მეგონა რომ ეს მეჩვენებოდა. ერთადერთხელ გავაკეთე შეკვეთით. აქ ერთი ქართველი ქალია, სამოცდაათი წლის არის და ძალიან მთხოვა, დედაშვილობას გაფიცებ გამიკეთე, მინდა ჩემს სახელზე თოჯინა იყოსო. უარი ვერ ვუთხარი. გაკეთების დროს კი ასეთი რამ დამემართა. თოჯინების დასამზადებლად ბასრ ინსტრუმენტებსაც ვხმარობ ხოლმე. თავი რომ მოვქსოვე ვერ ჩამოვაცვი ტანზე, ხელი გამეჭრა, წამოვიდა სისხლი, ძლივს შევაჩერე, ვერც გადავიხვიე ისეთ ადგილას იყო. ამის მერე ნაქსოვი კაბა ვერაფრით ჩავაცვი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ არ ჩაიცვამდა. ამიტო თეატრში რომ მიდის ადამიანი და პირველ ლოჟაში რომ უნდა დაჯდეს აი ისეთი კაბა ჩავაცვი. შემდეგ როცა ეს ქალი ვნახე ვკითხე, თქვენ რომ დაიბადეთ ისეთი რამე ხომ არ მოხდა რაც ტკივილთან არის დაკავშირებული, ცუდად არ გამიგოთ უბრალოდ ჩემს შეგრძნებებს და ინტუიციას ვამოწმებ მეთქი. უცებ ეს ქალი ცუდად გახდა. თურმე მასზე მშობიარობას გადაჰყვა დედა. გარდა ამისა, მთელი თავისი ცხოვრება ამ ქალს თეატრი ჰყვარებია და ოცნებობდა რომ პირველ ლოჟაში მჯდარიყო და ასე ეყურებინა ოპერისთვის. მეორე მსგავსი უცნაური შემთხვევაც მქონდა, ჩვენს ჯგუფში არის ერთი ძალიან პოზიტიური გოგონა, მისი თოჯინის შექმნა მომინდა, რომელსაც მზესუმზირა დავარქვი. ამ თოჯინას ხელი წინ ვერაფრით ვერ დავუყენე უკან მიჰქონდა. ამ გოგოს ვუთხარი შენი თოჯინა ხელს წინ არ აჩერებს უკან მიაქვს მეთქი. მკითხა რომელი ხელიაო და მაშინ მითხრა, მარჯვენა ხელს წინ ვერ ვიჭერ და უკან მიმაქვსო. აი ასეც ხდება ხოლმე.

-ქალბატონო ლალი, არ გიფიქრიათ რომ ეს საქმე თქვენს ბიზნესად, შემოსავლის წყაროდ გექციათ?
-ახლა გეტყვით ჩემს თოჯინებთან დაკავშირებით რა სურვილი მაქვს. ძალიან მინდა გამოჩნდეს ვინმე მადლიანი ადამიანი, კოლექციონერი, ან გამოფენებს რომ აკეთებდეს ისეთი. წაიყვანონ ჩემი გოგონები სხვადასხვა ქვეყნებში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოატაროს გამოფენები. თუკი აქედან შემოსავალი იქნება დიდი სიამოვნებით. ასე პირდაპირ სიტყვა გაყიდვას ჩემს თოჯინებთან დაკავშირებით არ ვამბობ, ვერ ვაკადრებ მათ. მე თქვენ უნდა გაგათხოვოთ ბედნიერ ოჯახში მეთქი ასე ვეუბნები. ვისაც მიაქვს ყველას ვთხოვ, რომ უდიერად არ მოექცნენ. ამათ უყვართ სითბო და მოფერება. გეგმაში მაქვს გამოფენის გაკეთება ფლორენციაში. სპეციალურად ამ გამოფენისთვის მინდა მედიჩების დინასტია გავაკეთო. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვაკეთებ, ეტყობა არა ვარ მზად ამისთვის.
-თოჯინებისგან მორჩენილი მასალებით კომპოზიციებსაც აკეთებთ. ასევე ხატავთ მანდალებს…
-დიახ, არაფერს ვაგდებ, მენანება. რა წუწურაქი ვარ მეთქი ჩემს თავზე ვამბობ. პატარა ძაფები რომ მრჩება ვერ გადავაგდებ. მისგან პატარა ყვავილებს ვაკეთებ. ამ კომპოზიციაში ნაჭერიც არის, ნაქსოვიც, ქაღალდიც, ყველაფერი. რაც შეეხება ხატვას, პირველად ფანქარი ხელში ნატალიამ ამაღებინა. აქამდე შეხება არ მქონია ხატვასთან. ძალიან ისე გამიტაცა ამ პროცესმაც… მანდალები იქმნება პრობლემებზე ან რაღაც საკითხებზე ფიქრის დროს, რომელიც შემდეგ ფურცელზე უნდა ასახო. ვხატავ და თან ჩნდება პრობლემიდან გამოსვლის გზები.


-რამდენი ხანია რაც ემიგრაციაში ხართ და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
-ოთხი წელია რაც ემიგრაციაში ვარ. პირველ ხანებში ყველაფერი მენატრებოდა. ძნელად გადავიტანე ადაპტაციის პერიოდი. ისეთ ბებოსთან მოვხვდი ორი წელი დილიდან საღამომდე ხელში ჩემი ხელი ეჭირა და ასე ვიჯექი. ალბათ ნებისყოფაც მაშინ ჩამომიყალიბდა. იტალიაში აღმოვაჩინე რომ საქართველო ძალიან მყვარებია, მანდ ვერ ვგრძნობდი. მიყვარს და მტკივა ერთდროულად. ამდენი სოფელი, მთა-ბარი რომ არის მიტოვებული მტკივა. ძალიან ლამაზია ჩვენი საქართველო და მინდა რომ აყვავებული იყოს. თითოეული გოჯი მიწა მიყვარს, თითოეული ადამიანი მიყვარს და მტკივა. ყველა სიყვარულთან ტკივილია. კარგს გავიგებ ქართველზე მიხარია და შორიდან ვეფერები, ცუდს გავიგებ მტკივა. ჩემს გოგოებს ვეუბნები ხოლმე აქ, ჩვენ ხომ მოსიარულე საქართველო ვართ, ამ ხალხს ხომ საქართველო ჩვენით შეუყვარდება და ჩვენით შეეჯავრება მეთქი.
-მართლა ჰგვანან ქართველები და იტალიელები ერთმანეთს? ამ ერის რა თვისებებს გამოარჩევდით, რა მოგწონთ?
-ამბობენ რომ ჰგვანან, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ვამსგავსებ. მომწონს ამ ხალხის ცხოვრება. ძალიან კარგად იციან დროის განაწილება. კვირა დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებენ, შეკრული ოჯახები აქვთ. მომწონს მათი დამოკიდებულება დედის მიმართ, როგორ სცემენ პატივს, როგორ ცდილობენ გაახარონ. კიდევ რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ აქ, ყველა ოჯახში, თავს პიროვნებად ვგრძნობ. აბსოლუტურად ყველა ოჯახის წევრი მორგებულია ჩემზე. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. ოღონდ წამომცდეს რა მესიამოვნება, თვალები და ყურები დაცქვეტილი აქვთ. ჩემს ოთახში დაუკითხავად არ შედიან, არ გამოაღებენ მაცივარს. როცა მოვედი მითხრეს, შენ ხარ თავისუფალი ადამიანი და უნდა გააკეთო ის, რაც შენ გაგიხარდება. ადამიანები ყველაზე ძვირფას განძს, საკუთარ დედას გაბარებენ. მადლობელი ვარ მათი ამ ნდობისთვის. ვისი დედაც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება მას ისე არ მოუარო, როგორც საკუთარს. მე ადამიანს ისე ვექცევი, როგორც მე მინდა რომ მომექცნენ, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

-როდის გეგმავთ სამშობლოში დაბრუნებას და რას ეტყოდით სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ემიგრანტებს?
-ვფიქრობ, დავბრუნდები მაშინ, როცა პენსიონერი გავხდები. მანამდე ის მიზნები მინდა ავისრულო, რაც დავისახე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინდა ის საქმე გავაკეთო, რაც სიამოვნებას მომანიჭებს. ბედნიერი სიბერე მინდა მოვიწყო, ამისათვის კი აქ ნიადაგს ვამზადებ. მინდა ბოლომდე ვიყო ჩაფლული იმ საქმეში რაც მე ძალიან მიყვარს. რაც შეეხება რჩევას სხვა ემიგრანტების მიმართ. სულ უნდა წარმოიდგინო რომ ხარ უდაბნოში და არავინ არაფერში გეხმარება. უნდა ისწავლო საკუთარ თავზე მუშაობა და გაძლიერება. ყველა ხომ რაღაც მიზეზების გამო მოვიფანტეთ მთელს მსოფლიოში. ასეთი დევიზი და დანიშნულება მაქვს ჩემი თავისთვის: აკეთე რაც შეგიძლია, იმით რაც გაქვს და იქ სადაც ხარ. ყველამ თავისზე მორგებული დევიზი უნდა გამოიმუშავოს. ამ მხრივ მკაცრიც ვარ ჩემს თავთან: რახან წამოხვედი და გადადგი ეს ნაბიჯი, კეთილი ინებე და გააკეთე ყველაფერი ისე, როგორც ნამდვილ, ღირსეულ ადამიანს შეეფერება. უცხო ქვეყანაში ყველაზე უკეთ დაინახავ ვინ ხარ და რა შეგიძლია. ყველას ვუსურვებ შინ მშვიდობით დაბრუნებას.

ავტორი: ნინო გონგაძე

0 კომენტარი
10

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი