fbpx

როგორ იქცა 59 წლის მასწავლებლის ეზო მეკობრულ თავგადასავლად

ავტორი ჟოლო
1 ნახვა

დღეს მინდა გაგაცნოთ მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეების ბედნიერ ბავშვობაზე ზრუნავს. მისი დამსახურებით გეოგრაფიამ საკლასო ოთახიდან ველზე გადაინაცვლა.

თბილისიდან 40 კილომეტრში, სოფელ ქსოვრისში, ერთი უჩვეულო ეზოა. აქ ბავშვები ვერც კი ამჩნევენ, როგორ სწავლობენ –  ისინი უბრალოდ მეკობრეები არიან, რომლებიც განძს ეძებენ, თუმცა, ამ განძამდე მისასვლელად საჭიროა აზიმუტის გამოთვლა, რუკის კითხვა და  სივრცეში ორიენტირება.

„გეოგრაფის ეზო“ – ასე ჰქვია საგანმანათლებლო-ტურისტულ პროექტს, რომლის ავტორია პედაგოგი ნანა ბერიკიშვილი.

ნანა ბერიკიშვილ: „გეოგრაფის ეზოს“ იდეა ჩემმა მოსწავლეებმა შთამაგონეს… ბავშვების მიერ ხშირად დასმულმა შეკითხვამ -„მას, რაში გამოგვადგება ამის ცოდნა?“ – მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ თეორიული სწავლება საკმარისი აღარ არის, თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ დაინახონ საგნის პრაქტიკული გამოყენება. ამ კითხვის საპასუხოდ, გადავწყვიტე, შემექმნა საგანმანათლებლო-ტურისტული სივრცე – „გეოგრაფის ეზო“, სადაც გეოგრაფიის სწავლება საკლასო ოთახიდან ველზე გადმოდის.

რას სთავაზობთ ბავშვებს ამ სივრცეში?

ბავშვებს ვთავაზობ  საგანმანათლებლო თამაშს – „მეკობრეთა განძის ძიებას“. განძის საპოვნელად მათ უწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება. თამაშის პროცესში ბავშვები ვერც კი ამჩნევენ, როგორ სწავლობენ. ისინი დროის დიდ ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებენ, სადაც  მობილურ მოწყობილობებს  დროებით ანაცვლებს  კომპასი, რუკა და ცოცხალი გარემო.

პროექტი საწყის ეტაპზე გათვლილია 8-15 წლის ბავშვებზე, რომელიც მოიცავს გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის პრაქტიკულ დავალებებს.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

მინდა გეოგრაფია ისევ გახდეს ბავშვებისთვის საინტერესო საგანი, არა იმიტომ რომ გამოცდაა ჩასაბარებელი, არამედ იმიტომ რომ ეს არის ცოდნა ცხოვრებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბავშვებმა დაინახონ – სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო თავგადასავალი და აღმოჩენა.

სად მდებარეობს ეს სივრცე?

„გეოგრაფის ეზო“ მდებარეობს თბილისიდან 40 კილომეტრში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში. მისი გეოგრაფიული მდებარეობა ხელმისაწვდომია, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის სკოლებისთვის.

ძალიან მინდა ეს სივრცე ნამდვილ საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. იგეგმება ეკო-ლაბორატორიის შექმნა, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან მწვანე რევოლუცია 2-ის მიმართულებებს – განახლებად ენერგიას, ნიადაგის დაცვასა და მდგრად განვითარებას. მომავალში პროექტი გაფართოვდება და მოიცავს სტუდენტებს, სოფლად მცხოვრებ ქალებს  და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისად გაიზრდება მისი სოციალური სარგებლიანობაც.

რა გამოცდილება გაქვთ „მწვანე რევოლუცია 2“-ის მიმართულებით?

როგორც გეოგრაფიის პედაგოგს, მაქვს მყარი თეორიული ცოდნა, თუმცა ვთვლი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მუდმივ განვითარებას მოითხოვს, სწორედ ამიტომ ახლახან ჩავაბარე 3 სერტიფიცირების გამოცდა და ველოდები შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ 59 წლის ვარ,  ვაპირებ სწავლის გაგრძელებას IT Academy Step-ში და  BTU-ში. აგრეთვე დარეგისტრირებული ვარ AgriVet პლატფორმაზე. მინდა ჩემს საქმიანობასთან ერთად მუდმივად განვვითარდე და ეს ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო.

სხვა სოციალური სარგებლის გარდა, რას ნიშნავს ეს სოფლისთვის?

– ეს იქნება სივრცე, სადაც სოფლად მცხოვრები ქალები გაეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს, რაც მათ შრომას შეუმსუბუქებს. ამასთანავე, ტურისტული ნაკადების შემოდინება ნიშნავს სოფლის გამოცოცხლებას. ეს არის ინვესტიცია, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის, ისე მომავალი თაობის ცნობიერების განვითარებაში.

ქსოვრისი, თავისი მდებარეობით შეიძლება იქცეს რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბად თბილისის, მცხეთის, გორის, კასპისა და დუშეთის სკოლებისთვის.

რა ეტაპზეა ახლა პროექტი?

– იდეა დადებითად შეაფასა „აწარმოე საქართველომ“ და მხარი დამიჭირა სუბსიდირებულ სესხზე, თუმცა, სამწუხაროდ, ბანკებმა მხოლოდ ფინანსურ რისკებს შეხედეს და ვერ დაინახეს ამ პროექტის სოციალური მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა არ გავჩერებულვარ. გადავწყვიტე, მცირე მასშტაბით მაინც დავიწყო, თუნდაც მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისთვის.

კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

– ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა. მაგალითად, 450-მეტრიანი გზა, რომელიც აუცილებელია სკოლის ავტობუსებისთვის რომ ეზომდე მოვიდნენ. მესმის, რომ მუნიციპალიტეტს თავისი პრიორიტეტები აქვს, მაგრამ მჯერა, როცა დაინახავენ ამ სივრცეში ბედნიერ ბავშვებს, ეს საკითხიც მოგვარდება. მანამდე კი ვეძებ ალტერნატიულ გზებს, რომ პროექტი არ გაჩერდეს.

ბოლოს, რას ეტყოდით მშობლებსა და ბავშვებს?

მე მათ ვეტყოდი, რომ ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია „გეოგრაფის ეზოში“ გატარებული ბედნიერი დღე – ის გამოცდილება და ემოცია, რაც მათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment