fbpx

როგორ დავზოგოთ თანხა წამლის შეძენისას?

ავტორი ჟოლო
73 ნახვა

საქართველოში წამლის საკითხი მედიცინის სფეროს, დიდი ხანია, გასცდა. მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მაღალია, რაც მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით, გასაკვირი სრულებით არაა. როცა საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები. მოქალაქეებს აქვთ უფლება წამლები ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ.

იცოდით, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებისათვის გაწეული მთლიანი დანახარჯის მესამედზე მეტი (36%), მედიკამენტებზე მოდის? საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დღეს ვისაუბრებთ, როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა მედიკამენტების შეძენისას. როცა მომხმარებელი ინფორმირებულია, მას უკეთ შეუძლია მიიღოს ის, რაც ეკუთვნის.

გენერიკული და ორიგინალი წამლები

წამლების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთსა და იმავე ნივთიერების შემცველ მედიკამენტებს შესაძლოა, განსხვავებული დასახელება და ფასი ჰქონდეთ. ახალი მედიკამენტის შექმნა ყოველთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ბრენდული  წამლები, როგორც წესი, უფრო ძვირია. ორიგინალი მედიკამენტისგან განსხვავებით, გენერიკული უფრო იაფი ღირს, რადგან მისი მწარმოებელი კომპანია უკვე არსებული, გამოცდილი და ნაკვლევი ფორმულით ხელმძღვანელობს.

გენერიკული წამლების გამოყენება უსაფრთხოა და არანაირ რისკებთან არაა დაკავშირებული. გენერიკული და ორიგინალი  მედიკამენტი ერთმანეთისგან შეფუთვით, დასახელებითა და ფასით განსხვავდება, ამის მიუხედავად, მოქმედი ნივთიერების შემცველობა, რომელსაც უშუალოდ სამკურნალო ეფექტი აქვს, იდენტურია.  ანალოგიურია მათი მიღების ფორმა, დოზირება და ხარისხიც.

მოიძიეთ ძვირადღირებული მედიკამენტის გენერიკული ანალოგი

ასე რომ, შემდგომში, როცა აფთიაქში მიხვალთ, შეგიძლიათ, ძვირადღირებული, ბრენდული მედიკამენტის გენერიკული ანალოგი მოიძიოთ, რომელსაც იდენტური სამკურნალო თვისებები და მასთან შედარებით, დაბალი ფასი ექნება. გახსოვდეთ, მედიკამენტის ჩანაცვლებამდე, სასურველია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, რათა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულებით იყოს გათვალისწინებული. ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელიცაა. მაგალითად, ანტიეპილეფსიური მედიკამენტის დანიშვნა მაღალ სიზუსტეს მოითხოვს, ამიტომ, თვითნებურად, ექიმს მონიტორინგის გარეშე მისი ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული.

გადაამოწმეთ ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულება

გაითვალისწინეთ, რომ ექიმის დანიშნულებაში მედიკამენტი გენერიკული დასახელებით უნდა იყოს მოხსენიებული, რაც მოქმედი ნივთიერების საყოველთაოდ მიღებულ, შემოკლებულ სახელწოდებას გულისხმობს და არა კონკრეტული ბრენდის მითითებას. აღნიშნული წესი ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილიდან მოქმედებს. დანიშნულებაში გენერიკული სახელწოდების მითითება პაციენტს საშუალებას აძლევს, მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე ხელმისაწვდომი აირჩიოს.

თქვენ უფლება გაქვთ, უარი უთხრათ ექიმს ძვირადღირებული ბრენდული მედიკამენტის დანიშვნაზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული, შედარებით იაფი და მსგავსად ეფექტური ვერსიები. მსგავსი პრინციპი მოქმედებს აფთიაქშიც. გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, ფარმაცევტი ვალდებულია, მომხმარებელს ამ შემადგენლობის სამი ყველაზე დაბალფასიანი და, ამავე დროს, ხარისხიანი მედიკამენტი შესთავაზოს.

ისარგებლეთ ჯანდაცვის პროგრამებით

დღესდღეობით, საყოველთაო ჯანდაცვით განსაზღვრული სერვისების გარდა, არსებობს არაერთი მიზნობრივი და მუნიციპალური პროგრამა, რომლებიც კონკრეტული დიაგნოზის მქონე ადამიანების, მათი საცხოვრებელი ადგილის, სოციალური სტატუსისა და ასაკის შესაბამისად, ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას სთავაზობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ, არის თუ არა თქვენთვის შესაბამისი პროგრამა და მისი არსებობის შემთხვევაში, ისარგებლოთ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სერვისით.

იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი კრიტერიუმების შესაბამისი პროგრამა არ არსებობს, ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარებისათვის შეგიძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართოთ.

წინასწარ მოიძიეთ ფასებზე ინფორმაცია

სანამ წამლის შესაძენად რომელიმე კონკრეტულ აფთიაქს მიაკითხავთ, გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ფარმაცევტულ ქსელს, ერთსა და იმავე მედიკამენტზე განსხვავებული ფასი აქვს. ფასები წინასწარ მოიძიეთ და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ, რომელი მედიკამენტის რომელ აფთიაქში ყიდვა სჯობს. არჩევისას დანახარჯების შესამცირებლად ფასდაკლების დღეებიც ნუ დაგავიწყდებათ. შეგახსენებთ, დიდ, ქსელურ აფთიაქებში ფასდაკლების დღეები, როგორც წესი,  სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევია.

შეჯამება

გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასად მიღების უფლება. მოიძიეთ ძვირადღირებული, ბრენდული მედიკამენტის გენერიკული ანალოგი. გაითვალისწინეთ, რომ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე ფარმაცევტი ვალდებულია, ამ შემადგენლობის სამი ყველაზე დაბალფასიანი და, ამავე დროს, ხარისხიანი მედიკამენტი შემოგთავაზოთ. ისარგებლეთ ჯანდაცვის შესაბამისი პროგრამებით და წინასწარ მოიძიეთ ქსელურ აფთიაქებში მედიკამენტების ფასებზე ინფორმაცია. ფასების შედარების საფუძველზე გადაწყვიტეთ, სად სჯობს წამლის შეძენა. არსებული ინფორმაცია საჭირო მედიკამენტის შეძენისას თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment