ორმოცი წლის ასაკში, შემთხვევით არჩეულმა პროფესიამ მას დიდი წარმატება, ადამიანებს კი ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხალისი მოუტანა. იყო ბევრი შრომა, წვალება… ბოლო კი ტკბილი და დაფასებული. საქართველოში მას დღეს კლასიკური ჰირუდოთერაპიის ფუძემდებელს ეძახიან.
„წურბელებით მკურნალობას მომავლის მედიცინას ვუწოდებ, პანაცეას, რომელსაც მკურნალობის ვერცერთი მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს, წურბელა ყველაფერს კურნავს, თუ დროულად მივმართავთ კლასიკურ ჰირუდოთერაპიას“, – ეს დასკვნა ოცწლიანი გამოცდილების და პროფესიულ ანგარიშზე ასობით მადლიერი პაციენტის არსებობის შედეგად გაჩნდა.
„ჟოლო“ გთავაზობთ საინტერესო, საჭირო და სასარგებლო ინტერვიუს – დღეს ჩვენი რესპოდენტია ჰირუდოთერაპევტი, საქართველოს ჰირუდოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნატურალური მედიცინის და სპა ტექნოლოგიების ცენტრ „ჰირუდას“ ხელმძღვანელი მანანა ოქრომჭედლიშვილი.

– ქალბატონო მანანა, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების განვლილ გზაზე, რატომ დაინტერესდით ჰირუდოლოგიით (წურბელებით მკურნალობა)?
– ჰირუდოლოგის პროფესია, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორმოცი წლის ასაკში ავირჩიე. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით, მკურნალობა საკმაოდ ცნობილ და კარგ ექიმებთან დავიწყე. მათ ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ოპერაცია შემომთავაზეს, ბოლოს კი მითხრეს, – უკაცრავად, ვეღარაფერს გიშველითო.
ოპერაციებმა ჰორმონალური დარღვევები გამოიწვია, ბოლოს ჩემმა ექიმმა მითხრა, – რაც შემეძლო ყველა რესურსი ამოვწურე და ვერ გშველი, ახლა ხალხურ მკურნალს შემოგთავაზებ, რომლის მომსახურებითაც მე თვითონ ვსარგებლობო. მისი რჩევით, ჯანმრთელობა რომ შემენარჩუნებინა, სასწავლებლად წავედი მოსკოვის ტრადიციული მედიცინის ინსტიტუტში, სადაც ხალხური მედიცინის ბევრი მიმართულება შევისწავლე, მათ შორის იყო ჰირუდოთერაპიაც. ასე მომანიჭა ხალხურმა მკურნალმა მეორე სიცოცხლე. მხოლოდ ჩემთვის ვისწავლე…
მოსკოვში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ დავბრუნდით თბილისში. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, გავკოტრდით. სახლ-კარის გაყიდვა მოგვიწია, ქუჩაში დავრჩით. სწორედ ამ დროს, გამახსენდა ჰირუდოლოგის პროფესია და მოდი, ვცდი- მეთქი. ეს იყო ნულიდან კი არა, მინუს უსასრულობიდან დაწყებული მცდელობა ფეხზე დავმდგარიყავით მე და ჩემი ოჯახი. მაშინ რეკლამაც არ მქონდა, მაინც საოცრად კარგად აეწყო აუცილებლობით და დიდი სიყვარულით დაწყებული მადლიანი საქმიანობა – ერთ პაციენტს მეორე მოჰყავდა… ოჯახებში მისვლა-მოსვლით დავიწყე, მერე პატარა კაბინეტი გავაკეთე, შემდეგ გავთამამდი, კლინიკა „ჰირუდა“ დავაფუძნე და მისი პოპულარიზაციისთვის დავიწყე ზრუნვა, რადგან არავინ არაფერი იცოდა კლასიკური ჰირუდოთერაპიის შესახებ. მოკლედ, ჩემი საქმე საკმაოდ კარგად წავიდა, ყველა ფინანსური პრობლემა მოვიგვარეთ. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც ცუდად გავხდი და ამ თერაპიას მივმართე, თან შევისწავლე… მადლიეი ვარ იმისაც – ფინანსურმა ჩიხმა რომ მაიძულა – ის, რაც ჩემთვის ასე სასარგებლო აღმოჩნდა, სხვა ადამიანებისთვისაც შემეთავაზებინა. ეს იყო ჩემი მეორედ დაბადება!
– რა საოცრებების მოხდენა შეუძლიათ წურბელებს და ვინ არიან თქვენი პაციენტები?

– როგორც გითხარით, წურბელას საოცრებები პირველად ჩემს თავზე გამოვცადე, შემდეგ ოჯახზე, მეზობლებზე… ეს მეთოდი ბებიების მეთოდისგან სრულიად განსხვავდება. უამრავი მეცნიერის დიდი სურვილი იყო ეს თერაპია კლასიკურ მედიცინად ექცია. ყველა ზონა, წერტილი, ყველა დაავადებისთვის მიზანმიმართული მეთოდი და ტექნიკაა შემუშავებული. პირადად მე, უკვდავების წამალს დავარქმევდი.
როგორც მედიცინაშია ცნობილი (უბრალოდ ამაზე არავინ საუბრობს), ნებისმიერი დაავადების აღმოცენებას, დიაგნოზის მიუხედავად, მხოლოდ ერთადერთი მიზეზი აქვს,- ეს არის უჯრედის დონეზე, ტოქსინების გამოყოფის სისტემისა და საკვების მიწოდების პროცესის მოშლა. ეს დარღვევა ნებისმიერ დაავადებას იწვევს. „მოშლა“ გულისხმობს იმას, რომ სისხლძარღვებში სისხლმა ვეღარ გაიარა, ანუ ეს სისხლი იყო ,,უხარისხო’’- ანუ ბლანტი, ცუდად ,,გაფილტრული“, ან სისხლძარღვები ქოლესტერინით ისეა დაცობილი, შევიწროვებული,(ძირითადად კაპილარული სისტემა), რომ შიგნით სისხლი ვეღარ გადის და უჯრედი მშიერი დარჩა. ასევე ჩაიკეტა ლიმფური სისტემა, როგორც ჩვენს სახლებში კანალიზაცია, ვეღარ გამოდის ცხოველმყოფელობის პროდუქტები ორგანიზმიდან და უჯრედი ,,იხრჩობა ე.წ. ნაგავში’’. წურბელის ნერწყვში არსებულ უნიკალურ ფერმენტებს საოცარი თვისება აქვს გაასუფთავოს გზები, რომლებსიც უჯრედებამდე მიიტანს საკვებს და გამოიტანს ტოქსინებს. გახსნის გზებს და გაასუფთავებს სისხლს, რომელიც საკვებია უჯრედისათვის. გასუფთავებული სისხლი რომ ჩუხჩუხით
მიდის უჯრედთან, თუ ის არ არის სრულიად მკვდარი, როგორც ხე, რომელსაც ფოთლები გაუხმა, მაგრამ ფესვები ისევ აქვს, წყალს რომ დაუსხამ და გაიფურჩქნება, ზუსტად ასე იფურჩქნება შემდეგ ადამიანის ორგანიზმი.
– შედეგი 100 %- ით დგება, თუ დაავადების სიმწვავეს გააჩნია?
– თუ დაავადება ახალი დაწყებულია, შედეგი ძალიან სწრაფად დგება. შეიძლება ერთ პროცედურაზე ადამიანმა იგრძნოს, რომ არაფერი აღარ აწუხებს, მაგრამ თუ ეს ქრონიკული პროცესია, უჯრედები ძალიან
დაზიანებულია და უკვე ორგანოებიც არის ჩათრეული, ამას თუ სახსრებიც დაემატა, ამ დროს ბევრი პროცედურა და მცდელობა დასჭირდება. თორემ თუ ადამიანს თვითრეგულაციის რესურსი აქვს,
არ არის ძალიან გამოფიტული, არ ჭირს ჰემოფილია დრო დაჭირდება, მაგრამ შედეგი ყველა შემთხვევაში დგება, იმის შესაბამისად, როგორია თავად პაციენტის განწყობა და დისციპლინა – პაციენტი
ბოლომდე მიიყვანს კურსს თუ შუა გზაზე მიატოვებს -შედეგსაც შესაბამისს მიიღებს, მაგრამ უშედეგოდ ერთი სეანსიც კი არ ჩაივლის!

– რა ასაკიდან ხდება წურბელებით მკურნალობა?
– დაბადებიდან. მაგალითად,თუ ბავშვი ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით ან სამშობიარო ტრავმით დაიბადა, მაშინვე რომ ერთი წურბელა კუდუსუნზე და ერთი კისერთან დაასვა,
პრობლემები აღარ დაყვება. ამჟამადაც ვმკურნალობთ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვს(არა ქართველს, რა თქმა უნდა-ჩვენ გვეცოდება, ბავშვი რომ ტირის პროცედურისას, ,,სხვებმა“ კი იციან-სჯობია ცოტა იტიროს ახლა, რომ მერე სიცოცხლის სულ სხვა ხარისხი
ჰქონდეს) და საოცარი შედეგები გვაქვს. საშიში არცერთ ასაკში არ არის, უბრალოდ სწორ წერტილებში, სწორი ზომის წურბელა ბავშვის ფიზიოლოგიის მიხედვით ზუსტად უნდა შეარჩიო.
– ჰირუდოთერაპიას იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო საშუალებად ასახელებთ.
– დიახ. დიდი ხანი არ არის, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენი კუდუსუნის მიდამოში არის ღეროვანი უჯრედების დეპო. თუ გაააქტიურებ, იმუნიტეტი ახალი ძალით და ენერგიით იწყებს მუშაობას. ამიტომ ჩვენ მკურნალობას ყოველთვის კუდუსუნიდან ვიწყებთ, რომ იმუნიტეტის ყველა სისტემა წამოვშალოთ და მივცეთ ბრძანება, – ასეთი გასაჭირი გვადგას და მოგვხედე!
ჩვენ მხოლოდ გაწმენდით პროცედურებს ვაკეთებთ და იმუნიტეტის გააქტიურებას ვუწყობთ ხელს, დანარჩენს ორგანიზმი თვითონ ირეგულირებს. ორგანიზმმა ყველაზე კარგად იცის თავისი საჭიროებების შესახებ, შეუძლებელია, თუნდაც ყველაზე განსწავლული ადამიანი, ზუსტად ჩასწვდეს – რა უჭირს ამა თუ იმ
სრულიად ინდივიდუალურ, არავის მსგავს სისტემას – ეს მხოლოდ ორგანიზმმა იცის – საკმარისია გაიწმინდოს(აღდგეს) გამოყოფის, კვების, ფილტრაციის სისტემები, აღდგეს ტვინსა და უჯრედებს
შორის კავშირი (რაც აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი მიზეზია) , დღევანდელი კლასიკური მედიცინა მხოლოდ სიმპტომებს აქრობს, თერაპია რომ ნულის ფაზაშია დღეს, ამას დაავადებული ადამიანების რაოდენობის კატასტროფული ზრდა და ქირურგიის ზენიტში ყოფნა ცხადყოფს!
– გამიკვირდა, ჩამონათვალში სიმსივნურ დაავადებებთან და უშვილობასთან დაკავშირებით წურბელას სარგებელზე რომ წავიკითხე. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, სიმსივნური დაავადებების შეჩერება ხდება თუ განკურნება და უშვილობას რაც შეეხება, რა დიაგნოზის მქონე, მშობლად გახდომის მსურველებმა უნდა მოგმართონ?
– უშვილობაზე რომ მოგახსენოთ, – ბევრი ბაია გვყავს გაჩენილი, ულამაზესები, უჯანმრთელესები და უსაყვარლესები. ორივე სქესის უშვილობის პრობლემებს ვმკურნალობთ, მაგ: საკვერცხეების განლევა, მილების გაუვალობა, ჰორმონალური დარღვევები, კისტა-მიომები, ხანაც უცნობია უშვილობის მიზეზი-
ჯანმრთელი ადამიანი ვერ ფეხმძიმდება, ან რაღაც არ ჩანს გამოკვლევის დროს, წურბელასთვის ეს სულერთია, ის გახსნის, გაასუფთავებს, მილს ნადებს მოაშორებს, გაააქტიურებს კვერცხუჯრედს და ძალიან მარტივად დადგება ფეხმძიმობა. მამაკაცის სპერმაც წესრიგდება – წებოვნება, ჯანმრთელი სპერმატოზოიდების რაოდენობა – თუმცა ყველა ფორმის დაავადებულ სპერმას ვერ ვერევით. ქალბატონებში სტატისტიკურად უკეთესი შედეგები გვაქვს.

რაც შეეხება სიმსივნურ დაავადებას, ისევე როგორც სხვა ყველა დაავადება ფსიქოსომატურია, რომელიც აუცილებლად მოდის ჩვენი ფიქრებიდან და ბავშვობის ტრავმებიდან. რაღაცას ვერ ვხვდებით, სადღაც დავიკარგეთ -დაავადება ,,გატყობინებს“-
იფიქრე!!! ტვინი, რომელსაც ტოქსინებით გაჯერებული საკვები მიეწოდება სისხლის სახით, დამეთანხმეთ- მხოლოდ ტოქსიურ აზრებს და ფიქრებს შემოგთავაზებს. თუ ორგანიზმს გაასუფთავებ ამ
ტოქსიკური უჯრედებისგან და თან წურბელის ერთ-ერთი ფერმენტს -სეროტონინს ანუ ბედნიერების ჰორმონის- მელატონინის წინამორბედს მიაწოდებ-გაგიადვილდება შეიცვალო მსოფლმხედველობა, ყველაფერი დალაგდება. ყველა გამოჯანმრთელებული ადამიანი ხვდება რას არ აკეთებდა სწორად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, ვიღაცას არ ვაპატიე, მაწყენინა და გულით ვატარე, კონფლიქტში ვარ, სულ ვჩხუბობ, არ მომწონს რაც
ხდება. რატომ ხდება ეს, მაინცდამაინც მე რატომ მემართება და ა.შ. აი, ადამიანი რომ შეიგრძნობს თავს სამყაროს ნაწილად, რომ აბსოლუტურად ჰარმონიაში უნდა ვცხოვრობდეთ მასთან, არავინ განვიკითხოთ, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუ არ მომწონს მასთან ურთიერთობა უბრალოდ უნდა გავეცალო, ან ისეთი მივიღო როგორიც არის და ა.შ. ფსიქოლოგიაში უამრავი მიმართულებებია, რაზეც განსაკუთრებით ონკოლოგიურმა და დიაბეტიანმა პაციენტმა უნდა იფიქროს, – რისთვის მაქვს მე ეს
პრობლემა. სიმსივნური უჯრედები და წანაზარდებიც ჩვეულებრივ ტოქსინების, სოკოების გროვაა და წურბელას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია
– წერთ, რომ არ არსებობს განუკურნებელი დაავადებები, თუ ადამიანს ნამდვილად სურს ჯანმრთელობა…
– რა თქმა უნდა, ამას ათასჯერ გავიმეორებ, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ჩვენი პედაგოგები ასე გვასწავლიან. არსებობს ასეთი პარადოქსული მდგომარეობაც, ყველა დაავადებას, როგორიც არ უნდა იყოს, თავისი მეორადი სარგებელი აქვს, ასე ეძახიან ფსიქოლოგიაში, რომ მას ეს დაავადება რაღაცისთვის სჭირდება. ძალიან მარტივ
მაგალითს მოგიყვანთ: მაგალითად დედას ჰყავს ერთი შვილი და უნდა რომ ამ შვილმა მასთან იცხოვროს. მისი ქვეცნობიერი (თავად დედა არა), ეძებს საშუალებებს როგორ დატოვოს შვილი დედასთან.
დედა გახდება ცუდად და შვილი ვეღარსად ვეღარ წავა, დედას უნდა მოუაროს. ასეთი ქვეცნობიერი მეორადი სარგებელი აქვს ჩვენს ყველა დაავადებას.
ხერხემალზე შემიძლია მარტივად გითხრათ, ქართველი ქალბატონების უმრავლესობას ხერხემალი აწუხებს. ეს ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათზე უკეთესად ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, რომლებიც ფიქრობენ რომ ყველაფერი წესრიგში, იდეალურად და გაპიწკინებული უნდა იყოს. აი, ასეთ ადამიანებს ემართებათ ხერხემლის პრობლემები, რომლებმაც ვერ მოზომეს თავიანთი შესაძლებლობები, არ მისცეს არავის უფლება მისი საკეთებელი აკეთოს, რადგან ჰგონია რომ თვითონ ყველაზე კარგად გააკეთებს, ეს არის ჩვენი პრობლემა.

– წურბელებით მკურნალობას მომავლის მედიცინას უწოდებთ, პანაცეას, რომელსაც მკურნალობის ვერცერთი მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს.
– დიახ, ეს არქაული მედიცინაა და მომავალშიც იქნება, მე ასე ვფიქრობ. მთავარია წურბელა არ გადაშენდეს. ამის ძალიან დიდი საშიშროება დგას. უკვე ბუნებაშიც მათი პოპულაცია ძალიან შემცირდა, წითელ წიგნში არიან შეყვანილები. დადგა აუცილებლობა, – მათი მოშენებისთვის ფაბრიკის შექმნა, რასაცა ცოტა ხნის წინ შევუდექი- ეს რთული, რისკის შემცველი და შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ როგორც ყოველთვის, სირთულე გამოწვევაა ჩემთვის! მე ვერ წარმომიდგენია ამათ გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო.
– ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით, ამ ხალხური სამკურნალო საშუალებების უპირატესობა რა არის და თამამად შეიძლება თუ არა, მედიკამენტების წურბელებით ჩანაცვლება?
– ნამდვილად, თავისუფლად შეიძლება, ასეთი თამამი განაცხადი შემიძლია გავაკეთო. პაციენტები, რომლებიც ჩემთან მოდიან, იმდენად კარგად ხდებიან, რომ ყრიან დანიშნულ წამლებს. რაც შეეხება უპირატესობას, კლასიკური მედიცინის პრეპარატები მხოლოდ სიმპტომებს აქრობენ და დაავადება ისევ ისე მიმდინარეობს, ძირითადად, ეს არის ფარდა, რომელიც ჩამოეფარა სიმპტომებს. კლასიკური მედიცინის დარგები, როგორიც არის- ტრავმატოლოგია და ქირურგია, ეს შეუცვლელია და მაგას ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავანაცვლებთ. თუმცა ბევრი შემთხვევა მქონია საოპერაციოდ გამზადებული პაციენტი ოპერაციას გადარჩენილა ჩვენთან მკურნალობის შემდგომ. ისედაც ყველა ატყობს რომ თერაპია ძალიან უძლური გახდა, მარტო სიმპტომებს აყუჩებს, ამ მეთოდს კი ძირფესვიანად მკურნალობა შეუძლია, აი ეს არის განსხვავება. მეორეც, ქიმიური პრეპარატები თუ ერთ რამეს უხდება, აუცილებლად ტვირთად აწვება ღვიძლს, თირკმელებს, ყველა უჯრედს და ყველა სისხლძარღვს. ეს ქიმიური შენაერთები, სრულიად უცხოა ადამიანის ორგანიზმისთვის. წურბელას რა ფერმენტებიც აქვს, აბსოლუტურად ყველაფერი ცნობილია ადამიანის ორგანიზმისათვის. ყველა ამინომჟავა, ყველა ფერმენტი, არის ის, რაც ადამიანს სჭირდება, რაც უნდა ჰქონდეს და არა აქვს, წურბელა აწოდებს ამ ცოცხალ ფერმენტებს.
– „პროფესიონალი სპეციალისტის ხელში მოხვედრილი წურბელა საოცრებებს ახდენს. სრულიად უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სიცოცხლეს უბრუნდებიან“- წერთ თქვენს გვერდზე. ბევრი მიმართავს თვითმკურნალობას, ამ დროს რა შედეგი შეიძლება დადგეს?
– ჩვენი ბრძენი ბებიები მკურნალობდნენ წურბელებით და შედეგიანადაც. თუმცა დღევანდელ კლასიკურ ჰირუდოთერაპიას გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, იმიტომ რომ უკვე კარგადაა შესწავლილი მეცნიერულ დონეზე. თვითმკურნალობის შემთხვევაში შეიძლება რაღაცა დაიშავოს ადამიანმა, სასიკვდილოს არაფერს არ გამოიწვევს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. მერე იტყვის რომ წურბელა არ შველის, ყველაზე მეტად ამის დარდი მაქვს ხოლმე. ამიტომ ყველა წერტილის და ზონის ცოდნაა საჭირო, ამ შემთხვევაში, მას მართლა სასწაულის მოხდენა შეუძლია.
– დაახლოებით რამდენი პროცედურაა საჭირო, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით და რა არის ერთი პროცედურის ფასი?

– მინიმუმი შვიდი პროცედურაა, მაქსიმუმი თხუთმეტი. მე ვცდილობ ათ სეანსში ჩავეტიო. კვირაში ორჯერ, ან სამჯერ კეთდება. ზოგს ასეთი მეთოდი აქვს, უამრავ წურბელას ასვამს. მე ხუთი წურბელით ვმუშაობ, ზუსტად მიზანმიმართულ წერტილებში და სრულიად საკმარისია. სეანსის ფასები წურბელების ღირებულების მიხედვით იცვლება სეზონურად.
– სად უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა ადამიანებმა?
– ამჟამად უფრო მეტად ბაზალეთში ვარ, სადაც ჩემი კლინიკის დიდი ნაწილი გადმოვიტანე. ახლახანს აქ წურბელების ფაბრიკა გავაკეთე, რადგან მათი დეფიციტია და საჭიროებამ მოიტანა. ძალიან კარგი პირობები შევქმენი, სილამაზეში ვცხოვრობთ მე და ჩემი წურბელები. დიდი ყურადღება სჭირდებათ, საკმაოდ პრეტენზიული მოსავლელები არიან, თუ რამე შეგეშალა ისე დაიხოცებიან არც შეგეკითხებიან. ამიტომ მირჩევნია აქ ვიყო, კარგი სიტუაციაა, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე…
თბილისში კლინიკა „ჰირუდაში“ (ფანჯიკიძის პირველი შესახვევი, პირველი კორპუსი), პაციენტებს კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს ვიღებ, წინასწარ ჩაწერით და შეთანხმებით.
– თქვენს პროფესიულ ანგარიშზე ასობით განკურნებული ადამიანია. ბევრი მადლიერების გამომხატველი კომენტარი წავიკითხე თქვენს გვერდზე. რას ნიშნავს თქვენთვის ამდენი განკურნებული და მადლიერი პაციენტი?
– ეს ჩემთვის ნიშნავს ცხოვრების ნარკოტიკს. სულ ვაპირებ დავისვენო, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებ, ყოველ ადამიანს, რომელიც კლინიკაში შემოდის, სახეზე ეტყობა, რომ უკვე სულ სხვაა. კითხვაზე, – როგორ ხარ, კარგადო, რომ მიპასუხებს, ეს არის ჩემი ენერგიის უშრეტი წყარო. აღარ ვიღლები. ხუმრობით ვეუბნები, სულ თქვენი ბრალია რომ მე პენსიაში არ წავედი დასასვენებლად, გამიშვით- მეთქი 😊 ძალიან მიყვარს ადამიანები და ბედნიერებას მანიჭებს მათი კარგად გახდომა, ასეთი სენი მჭირს, თორემ ახლა ჩემი ბევრი მუშაობის აუცილებლობა აღარ დგას, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვმუშაობ.
– ჰირუდოთერაპიის საფუძვლების კურსი ჩამოაყალიბეთ, მოსწავლეებიც გყავთ და სერთიფიკატსაც გასცემთ. როგორ ხდება ამ კურსზე მიღება და უბრალოდ სურვილია ამისთვის საჭირო თუ სამედიცინო ცოდნაც?
– დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შემსწავლელი კურსებიც ჩამოვაყალიბე და ჰირუდოლოგთა ასოციაციაც შევქმენი. გავთამამდები და ვიტყვი, რომ საქართველოში დღეს, კლასიკური ჰირუდოთერაპიის ფუძემდებელს მეძახიან. ამჟამად მყავს ასზე მეტი მოსწავლე. კურსი ერთთვიანია და მიღება ხდება წინასწარი შეთანხმებით. სასურველია თუ სამედიცინო განათლება ექნება, თუმცა ჩვეულებრივ მსურველებსაც შეუძლიათ ისწავლონ. ამისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო, სადმე, ვიღაც ქალაქის ბოლოში ვაის რომ დაიძახებს და შენ მზად ხარ დაეხმარო, მხოლოდ ეს, დანარჩენი ადგილზე შეისწავლება. თუ შენი მიზანი მარტო შემოსავალია, მაშინ არაფერი გამოგივა, ადამიანის დახმარებაზე უნდა იყო ორიენტირებული. დიდი გულწრფელობაა საჭირო, არცერთი გადახრილი ფიქრიც კი არ გეპატიება. წურბელა ძალიან მაღალენერგეტიკული არსებაა, რომელსაც დიდი კავშირი აქვს სამყაროსთან. როცა ხელში გიჭირავს, თითოეული ჩვენი ფიქრი და განზრახვა, ძალიან სწრაფად გადაეცემა ჩვენს ინფორმაციულ ველს და მერე გვიბრუნდება ისე, როგორც გავეცით, ბუმერანგად.

– ორი წიგნის ავტორი ხართ – „ვიპოვოთ ბედნიერება – ეს აუცილებელია“ და „დაიბრუნეთ ჯანმრთელობა – ეს შესაძლებელია.“ რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და რაზე აკეთებთ აქცენტს ამ წიგნებში?
– მესამე წიგნიც დავწერე, ჯერ არ გამოსულა. აქცენტს ყოველთვის ვაკეთებ იმაზე, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ ვიღაცამ შეძლო და მე ვერ შევძლებ. თუ ჩვენ კარგად ვისურვებთ, ვიშრომებთ, ვისწავლით და რაც მთავარია გულწრფელები ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა. ადამიანებს უნდა შემოვუძახოთ რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ თავიანთ პრობლემებს არ უნდა გაექცნენ და რაც მთავარია საქართველოდან არ უნდა გაიქცნენ, ამაზე ძალიან ვწუხვარ. დიდი შრომის შედეგად აქაც შეიძლება ყველაფრის მიღწევა.
რასაც ჩავიფიქრებთ, აუცილებლად ეკოლოგიური უნდა იყოს, არავის არ უნდა აზიანებდეს, სიკეთე უნდა მოჰქონდეს სხვისთვისაც და შენთვისაც, სხვანაირად არაფერი გამოვა. ორივესთვის უნდა იყოს სასიკეთო და სასიამოვნო.
– თქვენი წიგნის ერთ-ერთი თავია, – როგორ გავხდეთ წარმატებული?! როგორ მივაღწიოთ წარმატებას რა არის ამისთვის საჭირო?
– ამისათვის ერთადერთი განზრახვაა საჭირო – მინდა ვიყო წარმატებული, ამის შემდეგ შესაბამისი ცოდნის შეძენა იმ მიმართულებით, რაშიც აპირებ წარმატების მიღწევას და მთელი რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნაბიჯების გადადგმა. გზად შემხვედრი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ცოტა ხანს შევჩერდეთ და ისევ გავაგრძელოთ, არ დავნებდეთ და რაც მთავარია ჩვენი გულის ხმას მოვუსმინოთ. გული ყოველთვის გვკარნახობს რა არის ჩვენი გასაკეთებელი. რაღაცაზე რომ შეგიფრთხიალდება, მერე გონებაც რომ ჩაერთოს და გითხრას, არა, რა სისულელეა, გულის შეფრთხიალებას არ უნდა უღალატო.
ვერ ვიტყვი რომ ჩემთან ადვილად მოვიდა წარმატება. მე სულ ვსწავლობ. მსოფლიოს ყველა ასოციაციის წევრი ვარ, რაც არის ხალხურ მედიცინაში. არ არსებობს წელიწადში სამჯერ რომ არ წავიდე და არ მოვისმინო ახალი რა ხდება. სხვანაირად შეუძლებელია, ერთ ადგილზე ვერ გაიყინები, უნდა ისწავლო ახალი, არ დაგეზაროს ამაზე საუბარი, ადამიანებს გააცნო ეს სიახლეები და… წარმატებას რა უნდა ძალიან მარტივია.


– რა არის ბედნიერება, სად ვიპოვოთ იგი და რა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის?
– ბედნიერება ჩვენს გულშია, ამიტომ გულში უნდა ვეძებოთ. ბედნიერება არის თავისუფლება, როცა გრძნობ როგორი თავის უფალი ხარ, – ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს.
რაც შეეხება საჭიროებას, ბედნიერებისთვის საბაზისო ყველაფერი უნდა გქონდეს – საცხოვრებელი, კომფორტი, სითბო, საკვები, ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის, უბრალოდ საჭიროა, გქონდეს განვითარების საშუალება, რომ წიგნები წაიკითხო, იმოგზაურო… საყვარელი საქმე უნდა იპოვო და აკეთო ძალიან დიდი სიყვარულით და გულწრფელობით და საკუთარ თავში იპოვო თავისუფლება. ეს არის ჩემთვის ბედნიერება, შეიძლება სხვისთვის სხვა რამე იყოს.
– გატაცებული ხართ ხატვით, თქვენი ნახატები ბევრი ფერით გამოირჩევა. როდის დაიწყეთ ხატვა და რა განწყობა გაღებინებთ ხელში ფუნჯს?
– ხატვით ჩემი გატაცება პანდემიის პერიოდს უკავშირდება. მანამდე არასოდეს დამიხატავს, ისიც არ ვიცოდი ხელში ფუნჯი როგორ დამეჭირა. ასე უცებ ავიღე საღებავი და ორმოცამდე ნახატი დავხატე, თითქოს მთელი ემოციები ამოვხატე. ჩემი შინაგანი განწყობა მკარნახობს ხოლმე რა დავხატო, ძირითადად ასეთი ფერადი ნახატების ხასიათზე ვარ.
ახლა ახალი გატაცება მაქვს ზუმბა ფიტნესი, ვვარჯიშობ თვითონაც გავხდი ლიცენზირებული ფიტნეს ტრენერი. ძლივს ჩავეტიე ასაკობრივ ლიმიტში)მინდა სხვებიც შთავაგონო, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და სიცოცხლე მოძრაობის გარეშე ინვალიდობაა აი, ასეთი სასაცილო გოგო ვარ. 😊
– თქვენეული რჩევა როგორი იქნება ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით?

– პირველი და ელემენტარულია მოძრაობა. მოძრაობის გარეშე არანაირი სიჯანსაღე არ იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა წყალს, მაქსიმალურად ეკოლოგიურ საკვებს(ფასტ ფუდები გამოვრიცხოთ). აუცილებლად ინტერვალურად, გარკვეულ საათებში უნდა ვიკვებოთ, საკვებს შორის არანაირი წახემსება, – ეს შემდეგ იწვევს ინსულინრეზისტენტობას. ყველაზე კარგად თავად ჩვენი ორგანიზმი გვკარნახობს რა უნდა მივიღოთ. რაღაცას რომ მივირთმევთ დავაკვირდეთ, როგორ მიიღო ეს ჩვენმა ორგანიზმმა? თუ კარგად მიიღო, ე.ი ეს მისი საკვებია. არ არსებობს რაღაც განსაზღვრული, რომელიც ყველასთვის კარგი, ან ყველასთვის ცუდია. ყველას აქვს თავისი ორგანიზმის მოთხოვნილება, რომელსაც თვითონ გვკარნახობს. საკვებს რომ დავხედავთ უნდა მივხვდეთ, – ამას მე ახლა ჩვეულებისთვის ვჭამ, თუ მართლა მსიამოვნებს?!
– ქალბატონო მანანა, კიდევ რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– განვითარების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, სულ ახალ რაღაცას ვიგონებ. პიროვნული ზრდა-განვითარება ყველა ასაკში აუცილებელია… ბევრი ვიკითხოთ და ბევრი ვუსმინოთ…
ჩემს სამომავლო გეგმებში ბევრი დასვენება და ცხოვრებით სიამოვნება შედის. გარდა ამისა, ისევ დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც დავჭირდები. გაჩერებას არ ვაპირებ.
ავტორი: ნინო გონგაძე