„თურმე რამდენი რამეა შესაძლებელი, როცა გჯერა, როცა გინდა, როცა იცი“, – ამბობს ჩემი რესპონდენტი და იმ ცხოვრებაზე მიყვება, რომელიც თავისივე აღმოჩენილმა ახალმა სამყარომ მთლიანად შეუცვალა და გაულამაზა, მერე კი თავადაც სხვების გზამკვლევად აქცია.
ეკატერინე იაგუშ-არაბული 22 წელია, გერმანიაში ცხოვრობს და დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს ხელმძღვანელობს. ამ პროექტით და მისი უშუალო დამსახურებით ბევრმა ქალმა იმაზე ბევრად უკეთესი ცხოვრება მიიღო, ვიდრე ჰქონდა…

ამ და სხვა საინტერესო დეტალებს, ეკას სამოტივაციო გვერდს და ქალებისთვის საჭირო ინფორმაციას ინტერვიუში გაეცნობით.
უბრალოდ, გამოგვყევით…
მაშ ასე,
ეკატერინე და ქალები წარმატების გზაზე.
– როგორ დაახასიათებდით თქვენს თავს, ვინ არის ეკა?
– ეკა არის ქალი, რომელიც სულ ახლის ძიებასა და კვლევაშია. ბოლო 5-6 წელი იმით ვარ დაკავებული, რომ ჩემში რაღაც ახალი აღმოვაჩინო. როგორც წიგნის ფურცლები, ერთიდან მეორეზე რომ გადადიხარ და საინტერესო აღმოჩენებს აკეთებ, აი, ასეთი ინტერესით მივუყვები ჩემი ცხოვრების გზას. ძიებაში ვარ – აბა, კიდევ რა შემიძლია? რა მიზნები მაქვს? აბა, კიდევ რა მინდა?… და რაც უფრო მეტი მიზანი, ინტერესი და შესაძლებლობა ჩნდება შიგნიდან, და ამის უფლებას ვაძლევ თავს, უფრო მეტი რამ იცვლება ჩემს სამყაროში გარედან.
– და ეს პროცესი როგორია?
– საინტერესო! მაგრამ მხოლოდ ამის თქმა ცოტა მოკრძალებული მგონია – საინტერესოც და აღმაფრთოვანებელიც!.. თან იმდენად, რომ გენანება დაღამება, დაძინება. გინდა, მალე გათენდეს, მალე ადგე და ისევ ამ საოცარ პროცესში ჩაერთო – იმოქმედო, წაიკითხო, საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტი რამ აღმოაჩინო. რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები ერთ რამეში, – რამდენადაც მისცემ შენს თავს განვითარების უფლებასა და საშუალებას, მით უფრო მეტი გზა გაგეხსნება.
– როგორც ვიცი, სხვა ქალებსაც ეხმარებით და აძლიერებთ.

– დიახ, მარტოხელა ქალების პროფესიულ განვითარებაზე ვმუშაობ, ერთ-ერთ პროექტს ვხელმძღვანელობ. ამ პროექტის მიზანია მარტოხელა დედების დახმარება, მათ განათლებაზე ზრუნვა, დასაქმება, რათა დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარი ფულის გამომუშავება შეძლონ. ასევე, შინაგანად გაძლიერდნენ. ზოგი ისეთი ტვირთით მოდის და იმდენად დათრგუნულია, ვერც კი წარმოიდგენს იმ ცვლილებას, რაც ელოდება, მაგრამ ერთობლივი მუშაობის შედეგად ისინი ვითარდებიან და რადიკალურად ცვლიან ცხოვრებას. დათრგუნულები მოდიან და მხარგაშლილები მიდიან. ეს კი იმდენად დიდი ბედნიერება და საოცარი განცდაა, რომ ენერგიით მავსებს. საერთოდ ხომ ასეა, რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტ ენერგიას იღებ მერე თავად…
– ცხოვრების ამ ეტაპამდე როგორ მიხვედით? გერმანიის შესახებ მომიყევით, რამდენი წლის წინათ ჩახვედით, როგორ განვითარდა მოვლენები და დღეს ვისთან ერთად ცხოვრობთ?
– მყავს ძალიან ლამაზი ოჯახი, შესანიშნავი მეუღლე, რომელიც გერმანელია და ჩვენი შვილი კონსტანტინე.
გერმანიაში 2000 წელს წამოვედი, ერთი წლით, როგორც ოპერი. მერე აქ უნივერსიტეტში ჩავაბარე, დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სამედიცინო სფეროს მიმართულებით ( „Master of Public Health“) და ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა. რაც შეეხება პიროვნულ ზრდასა და განვითარებას, ეს ჩემთვის უცხო იყო. ერთხელაც ხელში ჩამივარდა წიგნი „საიდუმლო“. აი, ამ წიგნმა მოახდინა ჩემში გარდაქმნა და დაიწყო ცვლილებები.
მაჩვენა, რომ თურმე ყველაფერი შესაძლებელია; რომ არსებობს სამყარო, რომელსაც არ ვიცნობ და უნდა გავიცნო. ამას მოჰყვა უამრავი სხვა წიგნი. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი რამ გავაცნობიერე. თურმე რამდენი რამეა შესაძლებელი, როცა გჯერა, როცა გინდა, როცა იცი… თურმე რამდენი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული. მთავარია, ისურვო, მოინდომო, ენერგია ჩადო, იმოქმედო…

– ცვლილებები მალევე მოხდა?
– კი, ძალიან მალე აისახა ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე. როცა უცხოელი გერმანიაში მუშაობ, იმ სამსახურში, სადაც ირგვლივ ყველა გერმანელია, გამუდმებით იმაზე ფიქრობ, რამე არ შეგეშალოს, რადგან იცი, ამას გერმანელები დიდ ყურადღებას აქცევენ. სულ სტრესში ვიყავი, – ვაიმე, რაღაც სიტყვა შეცდომით არ დავწერო, შეცდომით არ ვთქვა. სულ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ ყველაფერი სწორად და საუკეთესოდ გამეკეთებინა. ეს სტრესული მდგომარეობა ენერგიას მაცლიდა…
ახალმა ცოდნამ შესაძლებლობები გამიხსნა. უკვე აღარ ვიყავი დაძაბული, სტრესიც სადღაც გაქრა და საკუთარი თავის წარმოჩენა დავიწყე. ასე დაიწყო ჩემი კარიერული აღმასვლა და ფინანსურად გაძლიერება. დღეს კი უკვე იგივე სამსახურში ერთ-ერთ მთავარ პოსტზე ვარ.
– ანუ ეს შედეგი წიგნებით მიიღეთ?
– წიგნებს მოჰყვა სხვადასხვა ტრენინგი, მერე ქოუჩთან მუშაობა… პირველი ტრენინგი გერმანიაში გავიარე, ეს იყო ცხრაკვირიანი სწავლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გერმანულენოვან სპიკერთან ლაურა მალინა ზაილასთან (Rise Up&Shine Uni). ამის შემდეგ ქართულ სივრცეში თამარ კვარაცხელია აღმოვაჩინე და მის პროექტში – „ზრდის ფაქტორში“ ჩავერთე, პარალელურად გვქონდა პირადი სესიებიც. თამარი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, ბევრი რამ დამალაგებინა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქოუჩი ყველას უნდა ჰყავდეს. არა აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების რომელ ეტაპზე ხარ, ქოუჩის ყოლა აუცილებელია.
– მაინც რა მოგცათ ქოუჩთან მუშაობამ?
– ბევრი რამ. დავამუშავეთ მშობლების, ბავშვობის თემები. ბავშვობაში ჩემს ძმასთან მქონდა პრობლემები და ეს ბავშვობისდროინდელი პრობლემა სულ თან გასდევდა ჩემს ცხოვრებას. ჩემი ძმა ჩემზე უფროსია და ჩემზე უფროს კაც თანამშრომლებთან სულ წინააღმდეგობაში ვიყავი. ქოუჩსესიების შემდეგ კი უცნაური რამ მოხდა. იმ პერიოდში მენეჯერის პოსტზე მამაკაცი იყო. ერთ დღესაც დამიბარა და მითხრა: ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა, დიდი ნდობაც მაქვს, ვიცი, რომ შეძლებთ და დაკისრებულ მოვალეობას საუკეთესოდ გაართმევთ თავს, ამიტომაც ამ პროექტს თქვენ გაბარებთ და მენეჯერის პოსტზე თქვენ მოგიაზრებთო. გამიკვირდა და მაშინ ათასი რამ მოვიფიქრე უარის სათქმელად, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენიმე თვეში ისევ მე ამირჩიეს და ისევ ამ მამაკაცის რეკომენდაციით.
აი, ასეთი ძალა აქვს ქოუჩინგს. ჯერ შენ იცვლები, მერე კი შენს გარშემო ყველა და ყველაფერი.

დამოუკიდებლად ეს რთულია, რადგან ჩვენს მოუშუშებელ ჭრილობებთან საკმარისი წვდომა არ გვაქვს. ქოუჩს კი შეუძლია, იმ სიღრმეებში ჩაგვიყვანოს, რომლებშიც დამოუკიდებლად ვერ ჩავდივართ. მასთან ერთად კი უფრო მარტივად შეგიძლია, ჩასწვდე შენს ტკივილებს, გააანალიზო, დაამუშაო, გათავისუფლდე და შემდეგი ნაბიჯი გადადგა.
– თავადაც ამიტომ გადაწყვიტეთ ქოუჩობა? როგორც ვიცი, ამ კუთხითაც მიიღეთ პროფესიული განათლება…
– პროცესი, რომელიც მე გავიარე, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაროს იგივე გზა, ბევრმა მოიშუშოს ჭრილობები და ახალი, უფრო მყარი ნაბიჯები გადადგას.
სამსახურშიც ერთ-ერთ მიმართულებად ქოუჩინგიც მაქვს, მაგრამ საკმარის დროს ვერ ვუთმობ. პროექტის ხელმძღვანელი ვარ და უამრავი რამ მევალება. თუმცა, იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანთან ერთი ერთზე მუშაობა, რომ ვფიქრობ, მთლიანად ქოუჩინგში გადმოვინაცვლო და ეს საქმე უფრო დიდი დოზით ვაკეთო.
– როგორც ვიცი, სამოტივაციო გვერდიც გაქვთ – Women Empowerment-ქალები წარმატების გზაზე და ქართველ ქალებსაც დიდ სტიმულს აძლევთ.
– დიახ, ამ გვერდის მიზანი სწორედ ეს არის. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს უფრო გაბედული, წარმატებული… მინდა, რაც შეიძლება მეტ ქალს სჯეროდეს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. სჯეროდეს, რომ, რასაც მოისურვებს, ყველაფერი გამოუვა; რომ რასაც მიზნად დაისახავს, ყველაფერი მიღწევადია. ასე რომ არ იყოს, ეს ფიქრადაც არ მოვიდოდა ჩვენთან. მინდა კიდევ უფრო მეტად გაიხსნან და კიდევ უფრო მეტის უფლება მისცენ საკუთარ თავს. ასევე, ძალიან მინდა მზარდი შემოსავალი ჰქონდეთ და ფულთან სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ. მინდა, ფინანსები უფრო ქალების ხელში იყოს თავმოყრილი, რადგან მჯერა, ქალებს უფრო ეკოლოგიურად შეუძლიათ ფულის განაწილება.
აი, ამას ემსახურება ჩემი გვერდი „ქალები წარმატების გზაზე“. აქ გამოქვეყნებული პოსტებით, მესიჯებითა თუ ვიდეოებით მინდა ქალებმა ცხოვრება გაილამაზონ.დედებმა კარგი გაკვეთილები მიიღონ, რადგან შვილის აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შვილისთვის დედა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. რაც უფრო დაჩაგრულია დედა, მით უფრო დაჩაგრულია შვილიც და არცერთ შვილს არ უნდა დაჩაგრული დედა.

მინდა, იუნგის სიტყვები გაგიზიაროთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ წავიკითხე და მეხსიერებაში ჩამრჩა: ბავშვებისთვის ყველაზე მძიმე ტვირთი არის მშობლების შეუმდგარი ცხოვრება. ზოგჯერ ქალები თავიანთ არარეალიზებულობას შვილებს აბრალებენ, – შვილი რომ არ მყავდეს, ამას გავაკეთებდი და ასე არ ვიქნებოდიო! იმ დედას, ვინც ასე ფიქრობს, მინდა ვუთხრა: შენი უუნარობა შვილებს არ ჩამოჰკიდო. შენს შვილებს ის ტვირთი არ გადასცე და იმ შეგნებით არ გაზარდო, – თქვენ რომ არ ყოფილიყავით, მე ვიქნებოდი ვიღაც! სინამდვილეში ეს ასე არ არის, შენ ის ხარ, ვინც იქნებოდი, მაშინაც კი, თუ შვილები არ გეყოლებოდნენ. შვილებს ნუ ვაქცევთ ჩვენი უმოქმედობის მიზეზად!
– რა არის თქვენი მთავარი მესიჯი ქალებისთვის?
– მთავარია, ყოველთვის გვახსოვდეს – ყველაფერი შესაძლებელია! ყველაფერი მიღწევადია! ყველაფერი ჩვენს ხელშია!
და კიდევ იცით, რა არის მნიშვნელოვანი და მთავარი? – ქალური ენერგია, რომელსაც ხშირად ვთრგუნავთ ჩვენში.
არ შეგვიძლია საკუთარი თავის მიღება, ნდობა და ამის ნაცვლად ვცდილობთ, მამაკაცური ენერგიითა და ბრძოლით მივიღოთ და მოვიპოვოთ ის, რაც გვინდა. არადა შეიძლება, რომ ქალმა უბრძოლველად, ქალური ენერგიით მიაღწიოს ძალიან ბევრს. აი, ეს გვავიწყდება უმთავრესად. უბრალოდ, უნდა იცოდე, როგორ აღმოაჩინო, გამოიყენო და აამუშაო ეს ქალური ენერგია შენს სასარგებლოდ.
– არ გიფიქრიათ, ამ თემებზე სემინარები ჩაგეტარებინათ?
– ჯერ თავად ვსწავლობ ძალიან საინტერესო გერმანელ ტრენერთან, რომელიც შამანური ოჯახიდან მოდის. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით კურსი მეც წავიყვანო. მინდა ქალებისთვის პოდკასტები ჩავწერო, სადაც მნიშვნელოვან თემებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ. ახლო მომავალში ონლაინტრენინგებსაც ვგეგმავ ქალებისთვის, სადაც ქალურ ენერგიებს ჩავუღრმავდებით, იქნება ცოტა ქარიზმა და ცოტა სტრატეგია.
– გერმანიამ რა შეცვალა თქვენში?

– ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, წინა ცხოვრებაში ნამდვილად გერმანელი ვიყავი-მეთქი. ზოგადად, ენებს ძალიან რთულად ვითვისებ, მაგრამ გერმანული გამონაკლისი იყო, ისე ვისწავლე, როგორც მშობლიური ენა. გერმანიამ გერმანელი გამხადა ბევრ რაღაცაში.
– მაინც რაში?
– ვარ პასუხისმგებლობის მქონე და პუნქტუალური, ჩემი ქმარი არ არის ასე. ვამბობ, – ის არის ქართველი და მე გერმანელი-მეთქი, არადა რეალურად პირიქითაა. არ არსებობს, სადმე დავიგვიანო. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მიჭირს ადაპტირება. ერთი მხრივ მომწონს ქართული სილაღე, მაგრამ მეორე მხრივ… აი, თუნდაც, როცა რიგში დგახარ, ვიღაც მოვა და წინ დაგიდგება, ვითომც არაფერი…
გერმანიაში უფრო მეტი წესრიგია. მომწონს გერმანელების სიყოჩაღეც. აქ ადრე იწყებენ ცხოვრებას, სკოლა და ბაღი 8 საათზე იწყებს მუშაობას, ზოგი სამსახური – 6-ზეც. ამ მხრივაც კარგად შევეწყვე, მიყვარს დილით ადრე ადგომა.
– გერმანიაში 22-წლიანი ცხოვრების შემდეგ, თქვენი გადმოსახედიდან, ქართველებს უკეთესი ცხოვრებისთვის რა გვჭირდება ყველაზე მეტად?
– ისეთივე სიყოჩაღე, როგორიც გერმანელებს აქვთ. აქ ბავშვი 14 წლიდან გაზეთებს დაატარებს, რომ შემოსავალი ჰქონდეს. ასევე, ბავშვობიდან აჩვევენ და ასწავლიან ფულის მართვას. ამიტომ კარგად იციან, როგორ გადაანაწილონ ფული. აქ მუშაობას არ უკადრისობენ. სტუდენტობის პერიოდში ჩემ ირგვლივ ყველა მუშაობდა, ზოგი კაფეში, ზოგი სად, რომ თავიანთი ფული ჰქონოდათ და მშობლებზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულები. ეს ჩვენ ძალიან გვაკლია.
ნიჭიერები ვართ, მაგრამ გვიყვარს სხვების ცხოვრებით ცხოვრება და ამაში დროის დაკარგვა. ეს სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, საქართველოში უმეტესად სხვების ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი.
ქალებს აკლიათ თვითრწმენა. შინაგან თავისუფლებას ვუსურვებდი ყველა ქალს და საკუთარ თავში იმის აღმოჩენას, რასაც გარეთ ეძებს.
როცა თვითკმარი ხარ, უფრო მეტი თავდაჯერებულობა გაქვს, უფრო მაღალი თვითშეფასება და არ გჭირდება გარეგნულად ყველაფრის შეცვლა, რომ ამით მოაწონო თავი ვინმეს.
მთავარია შინაგანი და არა გარეგანი. მთავარია, იყო თვითკმარი და ამას ასხივებდე.
გადადით ეკას გვერდზე, მოიწონეთ და მიიღეთ უამრავი საინტერესო რჩევა