ალექსანდრე ჩომახიძის წარმატების ისტორია
ვინც სოციალური მედიამარკეტინგით დაინტერესებულია ყველამ იცის ალექსანდრე ჩომახიძის Facebook-ჯგუფი, რომელიც დღეს პროფესიონალ და დამწყებ მარკეტერებს აერთიანებს, ჰყავს 13 000-ზე მეტი გამომწერი და ძალიან ბევრ მსურველს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ჩვენი სტუმარი სწორედ ამ ჯგუფის შემქმნელი ალექსანდრე ჩომახიძეა. როგორც ამბობენ, ის საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი მარკეტერია, თავისი საქმის პროფესიონალი და განსაკუთრებული ცოდნითა და უნარებით გამორჩეული.
ეს დღეს… თუმცა წლების წინათ მშობელთა კრებაზე მისულ ალექსანდრეს დედას მასწავლებელმა განუცხადა: თქვენი ბიჭი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევსო.
არ გაამართლა მასწავლებლის შეფასებამ – მრავალმხრივ ნიჭიერი გამოდგა მის მიერ დაწუნებული მოსწავლე, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ…
გამომყევით, საინტერესო ინტერვიუ გელოდებათ.
– ალექსანდრე, თქვენ მიერ შექმნილი FB-ჯგუფით დავიწყოთ, რომელიც ძალიან აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული ჯგუფია. რამდენად რთულია ამ სტაბილურობის შენარჩუნება? მარტო მართავთ თუ გეხმარებათ ვინმე?
– ძალიან რთულია, სტატისტიკურად დღეში დაახლოებით 100-150 პოსტი შემოდის, აქედან ბევრი იფილტრება. მაგალითად, არასოდეს ვაქვეყნებთ ვაკანსიას, რომელიც ანონიმურად იდება, არ წერია, რომელი კომპანიაა და არ აქვს მითითებული ხელფასის მოცულობა. ამაზე ხშირად წუწუნებენ და არის ხოლმე უკმაყოფილება, მაგრამ, ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. ბოლო 6 თვეა, მეგობარი მეხმარება. დეტალებში რომ გარკვეულიყო, ჩემი სტუდენტი გავხადე, ყველაფერი ვასწავლე და ახლა ერთად ვმუშაობთ.
– ვინც არ იცის, მათთვის – რა არის ციფრული მარკეტინგი, პირადად თქვენ როდის დაინტერესდით და რას აკეთებთ?
– ციფრული მარკეტინგით 2008 წელს დავინტერესდი, მაშინ 14 წლის ვიყავი. მაგ პერიოდში რატომღაც ყველა იურიდიულზე აბარებდა და მე როცა ეს გავაჟღერე, ჩემი მასწავლებელი სკამიდან გადაყირავდა, ახლაც იცინის, მგონი.
მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული მარკეტინგი ტრადიციულისგან, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ჩვენ გვიწევს რეკლამის განთავსება არა ფიზიკურად, არამედ ვირტუალურად, თუ აქამდე ქუჩაში ბანერის განთავსებით შემოვიფარგლებოდი, ახლა ტექნიკური ცოდნაც მჭირდება, რომ სწორ ადამიანს ვაჩვენო ეს ვირტუალური რეკლამა.
მე ჩემს თავს ედვერთაიზერს ვუწოდებ. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ალგორითმებით და როდესაც რამე პლატფორმაზე ვიწყებ მუშაობას, ვსწავლობ ალგორითმს. ამაზე მარტივი ახსნა მაქვს ხოლმე, – თუ მანქანის მართვა სწორად იცი, ყველანაირად გამართულად ივლი. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, როგორ მივმართო რეკლამა სწორ აუდიტორიაზე. დამკვეთს ვეუბნები: თუ კარგ კონტენტს მომაწვდი, გარანტიას მოგცემ, რომ ამ რეკლამას ის ადამიანი ნახავს, რომელსაც შენი პროდუქტი აინტერესებს.
– კარგი კონტენტის შესაქმნელად, ედვერთაიზერის გარდა, კიდევ ვინ გვჭირდება?
– პირველ რიგში, გვჭირდება პროფესიონალი! გუნდში უნდა იყოს ისეთი ედვერთაიზერი, რომელიც სწორ რეკლამას გაუშვებს, სწორ ადამიანს აჩვენებს და უაზროდ არ დაგვიხარჯავს თანხას. ასევე ის, ვინც პოსტებს დადებს და კომენტარებს უპასუხებს; დიზაინერი, რომელიც სწორ დიზაინს შექმნის; კოორდინატორი, რომელიც სარეკლამო ტექსტების ავტორსა და დიზაინერს დააკავშირებს , მათთან ერთად კარგ კონტენტს შეკრავს და რეკლამას გაუშვებს. კი, ბევრი ადამიანია საჭირო, მაგრამ კარგი შედეგისთვის აუცილებელი!
– ალექსანდრე, როგორც ვიცი, ხალხმა გულწრფელობით და თამამი განცხადებებით გაგიცნოთ, ღიად საუბრობდით და აზიარებდით იმ ცოდნას, რომელზედაც სხვები დუმდნენ…
– კი,როცა ჯგუფში კითხვა ისმებოდა, რაც კი ვიცოდი, ყველაფერს ვამბობდი და სხვებსაც იმავეს მოვუწოდებდი. ბევრის კომენტარი მინახავს: ეს არის პასუხი, მაგრამ, თუ უფრო მეტის გაგება გინდა, გადაიხადე ფულიო. რა თქმა უნდა, ყველას შრომა დასაფასებელია, მაგრამ კომენტარის წერისას, ვფიქრობ, ფული არ უნდა მოითხოვო, მთლიანად უნდა დაწერო პასუხი. ყოფილა 6000-სიტყვიანი პასუხი დამიწერია (იცინის), დეტალურად ამიხსნია ყველაფერი და მაგაზე გაგიჟებულან, – რატომ აკეთებს ასეო.
მაგალითად, ვეწინააღმდეგებოდი ლაიქებისა და ფოლოვერების შეძენას. ცუდია ეს. ამაზე რომ დავიწყე საუბარი, თავიდან ძალიან მერჩოდნენ, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მეტი გზა არ ჰქონდათ და ახლა იმათაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, ცუდიაო, ანუ დამეთანხმნენ.
დასაწყისში სხვადასხვა ჯგუფში რჩევების მიცემა რომ დავიწყე, ყველა ჯგუფმა დამბლოკა, ჩვენს კონტენტს აღარ კითხულობენო. ამაზე მაგრად გავბრაზდი (იცინის) და, ჩემს სასტუმროს ვხსნი-მეთქი, ვთქვი. წავედი და ჯგუფი დავარეგისტრირე.
საერთოდ არ მინდოდა, ხალხს გავეცანი, მაგრამ ამ ყველაფერმა მოიტანა… სხვების წარმოდგენაში, ალბათ, ვარ ადამიანი, რომელიც მთლიანად კომპიუტერზეა გადართული, რჩევებს იძლევა და მთელი დღე ონლაინსივრცეშია… ცოტა სხვანაირი ტიპი ვარ, ჩემს მხარეს არ ვაჩენ საერთოდ. დანარჩენი ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან.
უბრალოდ, უსამართლობას ვერ ვიტან და ხშირად, როცა ჩემს სფეროში ან სხვაგან ვინმეს ატყუებენ, პირდაპირ ვეჯახები და ვააშკარავებ. თავს ვერ ვიკავებ, როცა ვიცი, რომ თაღლითობენ, ამით სხვას ვნებენ და ფულს აკეთებენ.
– უნდა გითხრათ, რომ ერთმა ფაქტმა ძალიან გამაკვირვა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გაქვთ საავტორო კურსი, ხშირად ამბობთ, რომ ონლაინსივრცეში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ძალიან ბევრი მასალა, შეგიძლიათ ნახოთ, ისწავლოთ და ზედმეტად ფული არ გადაყაროთო. რაღაცნაირი მიდგომაა, არ აკეთებენ ასე ადამიანები.
– ამას სულ ვიტყვი, ონლაინ ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მთავარია თვითმენეჯმენტი და სურვილი. მენტორის აყვანას მაშინ ვამართლებ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ერთ ადგილზე გაჩერდა და ვეღარ ვითარდება, მაგრამ დასაწყისში ჯობია, რაღაც დონემდე თვითონ ისწავლოს, რათა შეძლოს სწორი მენტორის შერჩევა. ჩვენს ქვეყანაში კომპიუტერული განათლება ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ მარტივად ტყუვდებიან და ფულს რაღაც სისულელეში ყრიან. მენტორის შერჩევის კუთხითაც, აუცილებელია, გაარკვიო, ეს ადამიანი ამ მიმართულებით მუშაობს თუ არა. თუ ამ მიმართულებით არ მუშაობს და ციფრულ მარკეტინგს ასწავლის, ე.ი. აფერისტია. ის უბრალოდ ფულს აკეთებს.
– თქვენი კურსები ძირითადად საქველმოქმედოა. რატომ?
– სულ მქონდა სურვილი, რომ კარგი მასწავლებელი ვყოფილიყავი, უბრალოდ ცოდნა გამეცა, არ მინდოდა, ეს კომერციული საქმიანობა ყოფილიყო და ფული იმაში ამეღო, რისი კეთებაც მსიამოვნებდა. ამიტომ დასაწყისში სრულიად უფასოდ ვატარებდი გაკვეთილებს, უბრალოდ ბმულზე ვდებდი ხოლმე იმ ადამიანის მონაცემებს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. შემდეგ გადავწყვიტე, კურსი გამეკეთებინა და ამ კურსს ყოველ წელს ვაახლებდი, რათა სრულყოფილი გამეხადა. ამ კურსებიდან შემოსული თანხის 70 % ქველმოქმედებაში მიდიოდა, დანარჩენი – საშემოსავლოსა და ხარჯებში. ახლა უბრალოდ დავიღალე და დავასრულე კურსები.
– ალექსანდრე, მართლა უთხრა თქვენს მშობლებს მასწავლებელმა, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევსო?
-კი ბატონო. საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, არ მომწონდა, რასაც გვასწავლიდნენ, მაგრამ სულ ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მესწავლა და იმდენი გამეკეთებინა, რომ კლასიდან კლასში გადავსულიყავი. სამაგიეროდ ჩემთვის საინტერესო წიგნებს ვკითხულობდი, მომწონდა „მოგზაურობა“ კოსმოსის სამყაროში…
ერთი მასწავლებელი ძალიან მერჩოდა, ალბათ ერთადერთი ვიყავი კლასში, რომელიც მასთან არ დადიოდა დამატებით გადამზადებაზე და ეს აბრაზებდა. ჩემს დროს, სამწუხაროდ, ხელითაც გვეხებოდნენ მასწავლებლები, რაც საშინელება იყო. ერთხელ პრაქტიკანტებმა ფურცლები დაგვირიგეს და გვითხრეს, დაწერეთ, რამდენად გიყვართ თქვენი მასწავლებელიო. მე პირდაპირ დავწერე, – ყურს მიწევს და არ მიყვარს-მეთქი. ეგ წაიკითხა და, ალბათ, უფრო გაბრაზდა.
ერთხელაც მშობელთა კრებაზე დედაჩემისკენ ხელი გაიშვირა და, – შენი შვილი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს, ჰა-ჰა, მენაგვე თუ გამოვაო… დედა ტირილით გავარდა კრებიდან, მეც ძალიან ვინერვიულე. ბავშვობაში გულში რომ ჩაგრჩება და სულ რომ გახსოვს, ის ისტორიაა. ბევრმა მითხრა, – იმიტომ გახდი ასეთი წარმატებული, რომ მაგაზე ხარ გამწარებულიო. არა, მე ისეთი მშობლები მყავს, ისე გამზარდეს, გულში ბოღმას არასოდეს ვიტოვებ. უბრალოდ, იმ მიმართულებით წავედი, რომელიც ძალიან მიყვარდა. კარმის მჯერა, ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. იმ ადამიანს კი ღმერთმა გაუმარჯოს. ალბათ, იმასაც თავისი ტკივილი ჰქონდა და გაუცნობიერებლად გადმოჰქონდა ჩვენზე.
– თქვენი ისტორიიდან გამომდინარე, რას ეტყოდით მასწავლებლებს?
– ერთ-ერთი მასწავლებლის ინტერვიუ წავიკითხე, ბოლო გამოცდის შემდეგ წერილი გაუგზავნა ყველა მშობელს: შეიძლება თქვენი შვილი არტისტი გამოვიდეს და მათემატიკა ან ფიზიკა საერთოდ არ დასჭირდეს, ნუ ჩაუკლავთ ნიჭს, არ არის საჭირო, რომ ყველაფერი იცოდესო. მე მათემატიკაში სუსტი ვიყავი და როცა უნივერსიტეტში პირველი ლექცია მათემატიკის გვქონდა, გავიფიქრე, – იმიტომ ჩავაბარე აქ, მათემატიკა არ მესწავლა-მეთქი. სოსო ფოჩხუა იყო ლექტორი, გამოვიდა და ისე კარგად ამიხსნა, რომ ის წელიწადი სტიპენდიით დავამთავრე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უხსნი ბავშვს…
მთავარი, რასაც მასწავლებლებს ვეტყოდი, – იმედს ნუ ჩაუკლავთ ბავშვებს, ნუ ეტყვით, შენ არაფერი გამოგივა, არაფერი გეშველება. მასწავლებელმა, პირიქით, მოტივაცია უნდა მისცეს ბავშვს ყველაფერში.
მე მყავდა ერთი საოცარი მასწავლებელი, დალი ქუთათელაძე, მამაჩემსაც ასწავლიდა, ასაკში იყო და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დღემდე ვგიჟდები ამ ადამიანზე, ისეთი კარგი მასწავლებელი იყო.
– თავად რა გაძლევთ მოტივაციას?
– ახლა დაახლოებით სამ კომპანიაში ვმუშაობ. სხვათა შორის, ხშირად ამბობენ, ალექსანდრე ჩომახიძე ფბ-ში მუშაობსო. ეს არ არის სიმართლე. წელს გავხდით მეტას საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები და მეტას ერთ-ერთ პარტნიორ კომპანიაში ვარ.
მოტივაციას რა მაძლევს? შენების შეგრძნება მაქვს, როდესაც რაღაცას ვაკეთებ და კომპანია წინ მიდის. ეს არის ჩემი „დრაივი“ მუშაობისას. მეორე ყველაზე მთავარი მოტივაცია ჩემი სტუდენტების წარმატებაა, რაც ძალიან მახარებს. მათი დიდი ნაწილი მაგარ კომპანიებში მუშაობს და ამით ვამაყობ. შემიძლია, გაუჩერებლად ტაში დავუკრა თითოეულს. სტივ ჯობსს ვეთანხმები, – თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ერთი დღეც არ იმუშავებო. ასეა ჩემს შემთხვევაშიც… და ისევ და ისევ ქველმოქმედება, ყოველთვის ვცდილობ, ვინმეს დავეხმარო. ყველაზე მთავარი, რასაც ცხოვრებაში მივხვდი, არის ის, რომ, რაც მეტს გავცემ, მით უფრო მეტს ვიღებ. და სამყაროსთან ხელგაშლილი ვარ, როგორც შემიძლია, რა თქმა უნდა.
– ალექსანდრე, თურმე გიტარისტიც ყოფილხართ
– კი, მაგ კუთხით დღემდე ვმუშაობ, ჩემს ტრეკებს ონლაინ ვყიდი. გიტარაზე დაკვრა 9 წლისამ დავიწყე. ოჯახშიც იყო ინტერესი მუსიკის მიმართ, ბებიასა და ბაბუას თავისი ბენდი ჰქონდათ, მამაჩემიც უკრავდა გიტარაზე, საქსოფონსა და ვიოლინოზე, დედა – პიანინოზე. მუსიკა ჩემი განუყრელი ნაწილია. ერთადერთი, ნოტები არასოდეს მიყვარდა, დღემდე სმენით ვაწყობ ყველაფერს. 2008 წელს ჩემი ერთ-ერთი ტრეკის ნაწილი თურქეთში, „პინკ ფლოიდის“ კონცერტზე გაუშვეს. როდესაც ვიდეო გამომიგზავნეს, ლამის გავგიჟდი, შოკი იყო ეს ჩემთვის. ბავშვობაში „ნიჭიერშიც“ გავიმარჯვე ამ კუთხით, მერე ჩემი ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და რაღაც პერიოდი გულს ვერ ვუდებდი მუსიკას, მერე ისევ თავიდან დავიწყე დაკვრა. წელს, ვფიქრობ, დრამზეც დავიწყო და სახლში სტუდიას ვაწყობ.
– რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან მინდა სიმშვიდე. ბევრს გაუკვირდება, 29 წლის არის და უკვე დაიღალაო. ბოლო 8 წელია, ის მომენტი არ მქონია, დასასვენებლად რომ მიდიან და ტვინს თიშავენ. ცხოვრებამ მოითხოვა ასე. ჩემი მიზანია, იმდენი შევძლო, რომ ოჯახსაც დავეხმარო და სხვა ბევრსაც. ჩემი ცოლი მეხუმრება, ვიღაც რომ მოვიდეს და მანქანა გთხოვოს, შეიძლება აჩუქოო (იცინის). კიდევ მაქვს ერთი მიზანი, მინდა მიწის ნაკვეთი მქონდეს და რაღაცები დავრგო და გავზარდო. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, არ გავჩერდე და სულ რაღაც სასარგებლო ვაკეთო. თუ სასარგებლოს აკეთებ, მოტივაციაც გაქვს. მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რაც კიდევ უფრო დაეხმარება საზოგადოებას.
– ალექსანდრე, ოჯახზეც მითხარით რამე.
– მყავს მეუღლე, თამარ კობახიძე, და შვილი, დაჩი. მე ძალიან ცელქი ვიყავი ბავშვობაში. წელს კი მამაჩემმა აღიარა, დაჩი შენზე ცელქიაო. მზე და მთვარე ამომდის დაჩიზე. ჩემი ცოლის შემდეგ მივხვდი, შვილის სიყვარული რა დიდი სიყვარული ყოფილა და ჩემს მშობლებს როგორ ძალიან ვყვარებივარ.
თამუნას ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ, ვმეგობრობდით და სულ მინდოდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მერე რაღაც გზები აირია, მე სხვაგან წავედი… მაგრამ სულ მახსოვდა. ერთ დღესაც ძალიან მომინდა, მომეძებნა. მახსოვს, ვაკეში ვიყავი, ფეხით მოვდიოდი საბურთალოზე და გამწარებული ვეძებდი ფბ-ზე. როგორც იქნა, ვიპოვე და ეგრევე მივწერე, – შენ ხარ, ვისაც ვეძებ? და თვითონაც მომწერა, – კი, მე ვარო. რამდენიმე თვეში შეყვარებულები გავხდით, მერე ხელი ვთხოვე, თან ძალიან უცნაურად, მანქანაში, კორონას პერიოდში, მერე დაჩი გაჩნდა, რომელიც ორივეს გვაგიჟებს.
– ანუ თამუნა ბავშვობის სიყვარულია?
– კი, ნამდვილად ასეა. შუალედში სხვა ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სულ ეს ადამიანი მყვარებია.
– რამდენად გრჩებათ დრო ოჯახისთვის?
– სამსახურში გაფრთხილებული მყავს ყველა, თათბირზეც რომ ვიყო და დავინახო, ჩემი ცოლი რეკავს, უნდა ვუპასუხო. იმიტომ არა, რომ ეს რაღაც ახირებაა. ძალიან დაკავებული ვარ დროის კუთხით, მაგრამ როდესაც ჩემებს რამე სჭირდებათ, ყველაფერს გადავდებ. არ მინდა, ისეთი მამა ვიყო, რომელიც მხოლოდ სამსახურის მერე ხედავს შვილს. ამიტომ ძალიან ჩართული ვარ. რაში მჭირდება მუშაობა და ფული, თუ ჩემს ოჯახთან ერთად არ გავატარე დრო.
დეა თავბერიძე
გადადით ბმულზე გამოიწერეთ ალექსანდრეს ბლოგი და გაეცანით საინტერესო მასალებს