fbpx

26 წლის მეფუტკრე გურიიდან

ავტორი დეა თავბერიძე
4 ნახვა

26 წლის მეფუტკრე მინდა გაგაცნოთ, რომელიც სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოვაჩინე. მისთვის მეფუტკრეობა ცხოვრების წესად 14 წლიდან იქცა. მამის მაგალითმა შთააგონა და მერე, დროთა განმავლობაში თავადაც შეიყვარა ეს საქმე. ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლა ფუტკრებთან ურთიერთობა და მათი მოვლა… დააგროვა გამოცდილება…

ჰოდა, დღეს უკვე დიდი მეურნეობის მფლობელია, რომელიც ასობით სკას აერთიანებს და სხვადასხვა სახეობის პროდუქტს აწარმოებს.

გაიცანით ჩვენი დღევანდელი სტუმარი – 26 წლის მეფუტკრე გურიიდან, ლაშა მჟავია.

– ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ მეფუტკრეობა?

– პირველი და მთავარი მიზეზი მამაჩემია, რომელიც ისე უვლის ფუტკრებს, როგორც საკუთარ ოჯახს და შვილებს. მისგან მოდის ჩემი სიყვარული ამ საქმისადმი. მეორე მიზეზი არის თავად ფუტკრის მიმართ ინტერესი, სააზროვნო საქმეა, – ექიმიც ხარ, გლეხიც, ფიზიკური მუშაც, დოქტორიც და დირექტორიც.

მამაჩემმა მასწავლა „კომუნიკაცია“ და ფუტკრებთან საუბარი, — შეიძლება უცნაურად და ცოტა არაბუნებრივადაც ჟღერს, მაგრამ სკას რომ სახურავს ავხდი ფუტკრის ბზუილით ვხვდები იქ რა ხდება და რა სამუშაო არის საჭირო.

– რა არის ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო მეფუტკრეობაში?

– ყველაზე რთული ზაფხულში, მზისგულზე მუშაობაა. მეფუტკრეებს სპეციალური ტანსაცმელი გვაცვია და მთლიანად შეფუთულები ვართ, რაც მაღალი ტემპერატურის დროს საკმაოდ რთულია.

ყველაზე სასიამოვნო კი გაზაფხულის ბოლოა, აკაციის ყვავილობის პერიოდი — მზიანი ამინდი და კარგი ფუტკარი.

– რამდენი სკა გაქვთ და რა ტიპის პროდუქტს აწარმოებთ?

– ჩვენი მეურნეობა 800-ზე მეტ სკას მოიცავს. ვაწარმოებთ 6-ზე მეტ სახეობის თაფლს, ასევე — ცვილს, პროპოლისს, ყვავილის მტვერს და ჭეოს.

–  ფუტკრებს თუ დაუკბენიხართ?

– 14 წლის ვიყავი პირველად მამაჩემმა ფუტკარში რომ წამიყვანა დასახმარებლად, როგორ მახსოვს ის დღე, მგონი ფუტკარს არც ჰქონდა ნაკბენი მაქამდე, კაი ბლომად დამნესტრეს, ყველა დანესტვრაზე მამაჩემი მეუბნებოდა – ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო… ასე მამხნევებდა, ბოლოს გამოვექეცი, აღარ შემეძლო… მერე მივეჩვიე დროდადრო.

საერთოდ ფუტკრის ქცევა დიდწილად დამოკიდებულია გარემოსა და ადამიანის განწყობაზე. ისინი ინსტიქტებით მოქმედებენ და ხისტ მოძრაობას საფრთხედ აღიქვამენ. თუ მშვიდად ხარ, ფუტკარიც მშვიდად მუშაობს.

იყო შემთხვევაც, როცა დაახლოებით 50-მა ფუტკარმა ერთდროულად მიკბინა რამდენიმე წამში – ჩემი შეცდომა იყო. თუმცა, ორგანიზმი უკვე მიჩვეული მაქვს და რეაქცია არ მქონია.

– ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე როგორია?

– ყოველი დღე სასიამოვნოა, როცა ფუტკრებთან ხარ. განსაკუთრებით გაზაფხულზე – როცა ბუნება ცოცხლდება, ყვავილები ხარობს და მზიანი ამინდია… ბუნებაში ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

დღეს მეფუტკრეობა ჩემი მთავარი საქმეა, აქ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. მიყვარს ფუტკარი და მათზე ზრუნვა.

უფრო მეტიც მეფუტკრეობა ჩემთვის მეგობრობის და ურთიერთობის ენციკლოპედიაა…

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

–  მეურნეობის გაფართოებას ვგეგმავთ, გვინდა, რომ 2000-მდე ოჯახს გადავცდეთ. ეს ჩვენი უახლოესი მიზანია.

– რას ეტყოდით ადამიანს, ვისაც მეფუტკრეობის დაწყება უნდა?

ფუტკარს არ უყვარს:

•         დალევა

•         დაგვიანება

•         სიჩქარე

•         ხმაური

•         უხეში მოპყრობა

ფუტკარს უყვარს სიმშვიდე, ზრუნვა და ყურადღება — ვინც ამას გაითვალისწინებს, წარმატებასაც მიაღწევს.

– თქვენი აზრით, ქართული თაფლი რით არის განსაკუთრებული?

– საქართველოს უნიკალური ბუნება და მრავალფეროვანი ფლორა ანიჭებს ჩვენს თაფლს განსაკუთრებულ გემოსა და ხარისხს.

– ყველაზე დიდ მოტივაციას ვინ ან რა გაძლევთ?

– ყველაზე დიდ ძალას და მოტივაციას ჩემი პატარები მაძლევენ, მათ გამო ვარ დღეს ის ვინც ვარ. 

ტკბილი გურია

ლაშა მჟავია 511172830

მსგავსი სტატიები

Leave a Comment