Jazz à Vienne-ის ანტიკური თეატრის სცენა იმ ორ გამორჩეულ აფრიკელ არტისტს დაეთმო, რომელთა სახელები დღეს თანამედროვე აფრიკული მუსიკის სიმბოლოდ იქცა. ერთი მალიდან, მეორე ბენინიდან. ერთი თაობით განსხვავებული, მაგრამ ერთი საერთო იდეით გაერთიანებულები.

ჯერ ფატუმატა დიავარა გამოჩნდა (Fatoumata Diawara) სცენაზე, შემდეგ კი ანჟელიკ კიჯო (Angélique Kidjo). ეს არ იყო უბრალოდ ორი კონცერტი. ეს იყო ორი ცხოვრების ისტორია, ორი ქალის ბრძოლა და ორი განსხვავებული მუსიკალური ენა, რომლებიც საბოლოოდ ერთ იდეამდე, იმედამდე მიდიოდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორებმა საღამო „აფრიკის დიდი ხმების“ სახელით წარადგინეს და მართლაც, ორივე არტისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათი მნიშვნელობა დიდი ხანია სცილდება მუსიკალურ ინდუსტრიას.
ფატუმატა დიავარა, – ქალი, რომელმაც საკუთარი ისტორია სიმღერად აქცია
ფატუმატა დიავარა იმ იშვიათ ხელოვანთა შორისაა, ვისთვისაც ხელოვნება პირადი ბიოგრაფიის გაგრძელებაა. ანტიკურ თეატრში ბოლო გამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ამ შესანიშნავ სცენას.
1982 წელს კოტ-დ’ივუარში, მალელი მშობლების ოჯახში დაბადებული გოგონა ჯერ მსახიობობასა და ცეკვას დაეუფლა, თუმცა 19 წლის ასაკში საფრანგეთში გაიქცა, რადგან ოჯახი მის იძულებით გათხოვებას გეგმავდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განსაზღვრა მისი მომავალი.

დღეს, მისი მუსიკა და სიმღერები იმ ათასობით გოგონას ხმად იქცა, რომლებიც ჯერ კიდევ იძულებითი ქორწინების, ძალადობისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საფრთხის წინაშე დგანან.
მისი შემოქმედება დასავლეთ აფრიკული მანდინგური ტრადიციისა და თანამედროვე ჟღერადობის გამორჩეული სინთეზია. ბამბარას ენაზე შესრულებული სიმღერები აერთიანებს ჯაზს, ბლუზს, როკს, ელექტრონულ მუსიკასა და აფრიკულ რიტმებს. სწორედ ამიტომ ფატუმატას მუსიკა ერთდროულად ძალიან ფესვგამდგარი და სრულიად თანამედროვეა.

2026 წელს ფატუმატამ კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგა. ის გახდა პირველი აფრიკელი ქალი, რომლის სახელზეც Epiphone-მა სპეციალური SG მოდელის გიტარა გამოუშვა. თავად მუსიკოსმა კი თქვა: „ეს გიტარა ჩემს მალურ ფესვებსა და ჩემს ხმას ატარებს. მინდა, მან სხვა ქალებსაც აჩვენოს, რომ მათი ისტორიებიც მსოფლიო სცენას ეკუთვნის.“
ანჟელიკ კიჯო, – როდესაც მუსიკა ადამიანებს აერთიანებს
თუ ფატუმატა დიავარა საკუთარ ისტორიას გვიყვება, ანჟელიკ კიჯო მთელი კონტინენტის ისტორიას გვამღერებს. ის 2022 წელს წარსდგა ბოლოს ანტიკური თეტრის სცენაზე მსმენელის წინაშე.
1960 წელს ბენინში დაბადებული მომღერალი ბავშვობიდანვე თეატრის სამყაროში იზრდებოდა. დედა მსახიობი და ქორეოგრაფი იყო, ამიტომ სცენა მისთვის ბუნებრივი გარემო გახდა.
1983 წელს, ბენინის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, კიჯომ ქვეყანა დატოვა და პარიზში გადავიდა. იქ დაიწყო გზა, რომელმაც იგი მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად აქცია. დღეს მას ხუთი „გრემი“, ასობით საერთაშორისო ჯილდო და მსოფლიოს უდიდესი საკონცერტო დარბაზების გამოცდილება აქვს.

მისი მუსიკა არ ცნობს ჟანრულ საზღვრებს. აფრიკული ტრადიცია, ჯაზი, ფანკი, სოული, R&B, სალსა, ლათინოამერიკული რიტმები და როკი მის შემოქმედებაში ერთ მთლიანობად იქცევა.
მისი 2026 წელს გამოსული ახალი ალბომი HOPE!! სიმბოლურად იმედს ეძღვნება. ალბომი დედის, ივონის, ხსოვნას მიეძღვნა და, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანია „ადამიანებს სიხარული დაუბრუნოს, რადგან სწორედ სიხარულია ის ძალა, რომელიც რთულ დროს გვაძლებინებს.“
ფატუმატა დიავარა მრავალი წელია საჯაროდ საუბრობს ქალთა უფლებებზე, განათლების მნიშვნელობაზე და იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ. საკუთარი გამოცდილება მისთვის აქტივიზმის საფუძველი გახდა.
ანჟელიკ კიჯო კი უკვე ათწლეულებია UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია. მის მიერ დაფუძნებული Batonga Foundation აფრიკის ქვეყნებში გოგონების განათლებას აფინანსებს. კიჯო ასევე აქტიურად მონაწილეობს კლიმატის ცვლილების, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო კამპანიებში. სწორედ ამ საქმიანობის გამო ჟურნალმა TIME-მა იგი მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
ფატუმატა დიავარას მუსიკა უფრო ინტიმურია. იგი თითქოს თითოეულ მსმენელს ცალ-ცალკე ესაუბრება. მისი ხმა სევდას, სიჩუმესა და იმედს შორის მოძრაობს. ანჟელიკ კიჯო კი სტიქიას ჰგავს. რამდენიმე წუთში შეუძლია მთელი დარბაზი ააცეკვოს და ერთ დიდ გუნდად აქციოს. სწორედ ამიტომ მას ხშირად „აფრიკის ყველაზე ენერგიულ ხმას“ უწოდებენ.

ამ საღამოს დასრულების შემდეგ ანტიკური თეატრი მხოლოდ კონცერტის მოგონებას არ შეინახავს. ის შეინახავს ორი ქალის ისტორიას, რომლებმაც საკუთარი პირადი ბრძოლა მილიონობით ადამიანის საერთო იმედად აქციეს. სწორედ ამიტომ ფატუმატა დიავარა და ანჟელიკ კიჯო დღეს მხოლოდ მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავები არ არიან, ისინი იმ ეპოქის კულტურული ელჩები არიან, სადაც ხელოვნება ყველაზე ძლიერად მაშინ ჟღერს, როცა ადამიანის თავისუფლებას ემსახურება.
ავტორი: Gia Gogatishvili
