fbpx

სოფო ფოცხვერაშვილის კიდევ ერთი ჯილდო და წიგნი გერმანულ ენაზე

ავტორი ნინო გონგაძე
102 ნახვა
0 კომენტარი
1

შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი სოფო ფოცხვერაშვილი რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო პრემია „ივერიამ“ უკვე მეორედ დააჯილდოვა. კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ხალხისგან დაფასებას და სიყვარულს უკვე დიდი ხანია გრძნობს, ეს აბედნიერებს და მოტივაციას აძლევს, რომ არ გაჩერდეს.

ძალიან მალე შვეიცარიაში, გერმანულ ენაზე დაიბეჭდება სოფო ფოცხვერაშვილის ერთ-ერთი საბავშვო მოთხრობა „როკი“.  

უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო მოთხრობებისა და ლექსების წერა ქალბატონ სოფოს 10 წლის წინ, შვილიშვილის დაბადებამ გადააწყვეტინა, მანამდე დიდებისთვის წერდა.

– ქალბატონო სოფო, ახლახანს, უკვე მეორედ, გადმოგეცათ საერთაშორისო პრემია “ივერია”. რომ გვითხრათ, რა პრემიაა ეს და რისთვის გადმოგეცათ?

– გაზეთ “ივერიას” პირველი ნომერი ილია ჭავჭავაძემ 3 მარტს გამოსცა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, უკვე ათი წელია, ყოველ 3 მარტს, ეს ფესტივალი ნუგზარ ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით იმართება. შარშან ყვარელში ჩატარდა, წელს თბილისში. ასეთი პრინციპია, ყველა მონაწილე თავის ნაწარმოებს წინასწარ აგზავნის, ჟიური იხილავს და ავლენს გამარჯვებულს. ჩემი გაგზავნილი მოთხრობა, რომელმაც გაიმარჯვა – “ფესვების იმედით”, ცოტა ემიგრანტული და ალეგორიულია. მოთხრობაში საუბრობს ბებერი ხე, რომელშიც მე მოვიაზრები. წელს ამ ფესტივალის საიუბილეო ათი წლისთავი იყო.

-რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?

-გამომდინარე იქედან, რომ მე წერა გვიან დავიწყე, ძალიან ბევრს ნიშნავს. მე უკვე ასაკში ვარ და ამ ასაკში სულ პატარა მადლობა და ჯილდო რომ მივიღო, ჩემთვის აღმაფრენაა. კარგი მოტივაციაა, დიდი სტიმული და შემართებაა ხვალინდელი დღისთვის.

-რამდენი წიგნის ავტორი ხართ და რამდენი ხანია, რაც წერთ და ბეჭდავთ ლექსებსა და მოთხრობებს?

-ამჟამად ხუთი წიგნის ავტორი ვარ, ორი გამოცემის პროცესშია. წერა მას შემდეგ დავიწყე, რაც შვეიცარიაში წავედით, ეს იყო 27 წლის წინ. ან ძალიან უნდა გაუხარდეს ადამიანს, ან ძალიან გამწარებული იყოს, კალამი რომ აიღოს ხელში. ჩემს შემთხვევაში ეს იყო განცდები და ნოსტალგია. აი, მაშინ დავიწყე ჩვენთვის, უფროსებისთვის წერა. შემდეგ მეგობრებმა მირჩიეს რომ წიგნი გამომეცა. რაშიც ბაღათერ არაბული დამეხმარა და გამოვეცით ლექსების კრებული “ნოსტალგია” უფროსებისთვის. 2013 წელს კი, როცა ჩემი შვილიშვილი დაიბადა, უკვე საბავშვო, მხიარულ და ხალისიან შემოქმედებაზე გადავერთე.

-როგორი მკითხველები არიან ბავშვები და რას ნიშნავს იყო საბავშვო მწერალი, ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა?

-თავიდან არ მიფიქრია რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ დღეს უკვე გამოსაცემ მასალას ათასჯერ ვამოწმებ. იცით რატომ?! უფროსი შეცდომას გაპატიებს და ბავშვი არა. ერთი შეცდომაც რომ დაიჭიროს ბავშვმა ავტორის მიმართ ინტერესს კარგავს. აღარ ენდობა. ამიტომ დიდი სიფრთხილით ვამოწმებ, ვასწორებ, რამე არ გაიპაროს, რაღაცაში არ დამიჭირონ პატარებმა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბავშვებს ჩემი წიგნები მოსწონთ. ამ წიგნებს ძალიან კარგი ილუსტრაციები აქვთ და ბავშვები ამით უფრო ინტერესდებიან. მშობლები მადლობებს მწერენ. ზოგმა ლექსი ისწავლა და მშობელმა ის გამომიგზავნა. ეტყობა ასაკსაც აქვს მნიშვნელობა, უბედნიერესი ადამიანი ვარ როცა ასეთ და ამდენ მადლობას ვღებულობ.

-რა განწყობა გჭირდებათ საბავშვო ლექსის დასაწერად?

-განწყობას ძალით ვერ შევიქმნი და ვერ მოვიგონებ, უნდა დავინახო, რომ აღვწერო. ჩემი ყველა ლექსი და მოთხრობა ნამდვილი ისტორიაა. ეტყობა იმიტომ მეწერება ადვილად, ვერ და არ ვიგონებ.

-რაც ყველაზე აღსანიშნავი და დასაფასებელია, თქვენს წიგნებს საკუთარი ფინანსებით გამოსცემთ და უსასყიდლოთ გადასცემთ ხოლმე ბავშვებს და ბიბლიოთეკებს.

-დიახ, ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში. სათვისტომოების მიერ მოწყობილ სპეციალურ საღამოებზე, სადაც ჩვენს ემიგრანტებს ვჩუქნი საბავშვო წიგნებს. ცოტა ხნის წინ, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაც გავგზავნე წიგნები. ასევე გავგზავნე ფერეიდანში. სკოლებშიც, ბაღებშიც ბევრჯერ მიმიტანია და მიჩუქებია ჩემი წიგნები. მოკლედ, ამ მხრივ კარგი ბებო ვარ.

-ქალბატონო სოფო, როგორც აღნიშნეთ, 27 წელია ემიგრაციაში ხართ. როგორია შვეიცარიიდან დანახული საქართველო?

-იმ წლებს თუ შევადარებ როცა ჩვენ წავედით, ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯია. ხალხმა ალღო აუღო ცხოვრებას, რთულად, მაგრამ მაინც გააქვთ თავი. რომ შევადარო, შვეიცარიაში წესსა და კანონს ადამიანები ზედმიწევნით იცავენ და ცხოვრებაც ამიტომ არის მოწესრიგებული. აქ ვიცით, მაგრამ მაინც ვაშავებთ. ცოტა გული მტკივა, ევროპელობა გვინდა, მისკენ მივილტვით, მაგრამ, ის, რაც დაწესებულია, იმის დაცვა არ უნდა ხალხს.

-რამე მსგავსება არის ამ ორ ქვეყანას შორის?

-ამ ორ ქვეყანას შორის მსგავსება ძალიან დიდია. 4-5 წლის წინ, ხნიერი შვეიცარიელები მყავდა სტუმრად. დასავლეთშიც წავიყვანე, მთაშიც ბარშიც, ძალიან მოეწონათ ჩვენი ბუნება. მოუვლელობა აღნიშნეს იმათაც, გული დამწყდა და შემრცხვა. მსგავსება არის ბუნებაში, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ იმათი უფრო მოვლილია. ხალხის რა მოგახსენოთ, ხალხი მაინც ჩვენი სჯობს.

-რა სიხშირით ჩამოდიხართ საქართველოში და რას აკეთებთ მაშინ, როცა ნოსტალგია შემოგიტევთ?

-სიმართლე გითხრათ, მონატრება ადრე უფრო მქონდა. ახლა, ამ სოციალურმა ქსელებმა ისე დაგვაახლოვა ერთმანეთს, ისეთი დიდი მონატრება არავის აღარ აქვს. როგორც კი მომენატრება და როგორც კი საქმე გამომიჩნდება წიგნებთან დაკავშირებით, მაშინვე სიხარულით მოვრბივარ საქართველოში. წელიწადში ორ-სამჯერ ჩამოვდივარ. ახლაც ერთი კვირით ვარ ჩამოსული.

-თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-ძალიან მალე, შვეიცარიაში, გერმანულ ენაზე გამოვა ჩემი მოთხრობა “როკი”, ეს არის ისტორია ძაღლზე. გამომცემლობამ თვითონ აიღო პასუხისმგებლობა, რომ წიგნი გერმანულენოვან ქვეყნებში გაიყიდება (შვეიცარია, ავსტრია, გერმანია). ხელშეკრულების თანახმად “როკი” ფრანკფურტის ბაზრობაზეც მოხვდება. “როკი” საქართველოში უკვე დაბეჭდილია ხუთ ენაზე იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ენოვან სკოლებში სწავლობენ, ვისაც რომელ ენაზე ექნება სურვილი, იმ ენაზე წაიკითხავს. ასევე მინდა ირლანდიაში ჩასვლა ჩემი წიგნებით, ეს წლები პანდემიამ გაგვაჩერა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება…

ავტორი: ნინო გონგაძე

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი